2023 წლის ყველაზე გახმაურებული კრიმინალური ფაქტები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წლის ბოლოს ყველა უწყება აფასებს განვლილ პერიოდს და სტატისტიკას დებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წლიური სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია, მაგრამ ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ვახტანგ გომელაურის უწყებისთვის მსუბუქი წელი არ ყოფილა. პატრულის თანამშრომლები არ მალავენ, რომ 24-საათიან რეჟიმში უწევდათ მუშაობა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გომელაურის ხელქვეითებზე გადაიარა მარტის აქციებმაც, საიდანაც ისინი ღირსებით გამოვიდნენ და ვერავინ იტყვის, რომ უფლებამოსილებას გადააჭარბეს. უფრო პირიქით - კი არ გადააჭარბეს, ლამის, სიცოცხლე გაწირეს და ცოცხლად დაწვეს რამდენიმე მათგანი.

 

როცა 2023 წლის გახმაურებულ დანაშაულებებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მკვლელობები უნდა გავიხსენოთ. პირველ ცხრა თვეში, მკვლელობის 52 ფაქტი დაფიქსირდა (შსს-მ 47 გახსნა), მაგრამ ბოლო სამ თვეში, სამწუხაროდ, კიდევ არაერთი ადამიანი მოკლეს და რიცხვი ექვს ათეულს გადააჭარბებს. როგორც უნდა ვატრიალოთ, ისე გამოდის, რომ საქართველოში ყოველ მეექვსე დღეს, ერთ ადამიანს იმეტებენ სასიკვდილოდ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ 52 მკვლელობაში, 5 შემთხვევა დედებზე მოდის, რომლებმაც ახალშობილები განზრახ მოკლეს ანუ დაბადებული, ჯანმრთელი ბავშვები დახოცეს. ამას გარდა, პირველ ცხრა თვეში, მკვლელობის მცდელობის... 80 ფაქტი დაფიქსირდა ანუ ვიღაცას ვიღაცის მოკვლა სურდა და არ გამოუვიდა! საქართველოსთვის ეს ძალიან, ძალიან დიდი ციფრია და ვაი, რომ არცთუ იშვიათად, ოჯახის წევრები იმეტებენ ერთმანეთს. ახლა, იმის თქმა, რომ ყველაფერი სოციალური მდგომარეობისა და სიდუხჭირის ბრალია, არ შეიძლება და ახლავე აგიხსნით, რატომ:

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობას ისე არასოდეს ულხინდა, დაბეჯითებით რომ გვეთქვა, ერი და ბერი მაძღარია, არავის არაფერი უჭირსო, მაგრამ ოჯახის წევრებზე ხელის აღმართვა ბოლო წლების „მოდაა“ და სამწუხაროდ, ეს არავის უკვირს.

2023 წელს, სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი კრიმინალური შემთხვევა ოჯახური ძალადობის მუხლით დაფიქსირდა. არც ძალოვნები მალავენ, რომ გამოძახებების უმრავლესობა სწორედ ოჯახურ ძალადობაზე მოდის. ისინი ვალდებულნი არიან, რეაგირება მოახდინონ და მოსამართლეებიც თავს იზღვევენ, არ რისკავენ და მართალია, მცირე, მაგრამ მაინც რეალურ სასჯელს აძლევენ მოძალადეებს.

მეორე ადგილზე „ქურდული ტრადიციების“ მიმდევართა დაკავებაა. საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ ყველაფერს აკეთებენ, რომ აქ მყოფი ახალგაზრდები საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ, მსხვილი თუ მცირე ბიზნესისთვის ფულის გამოძალვა აიძულონ. ათიდან, თუნდაც ერთმა რომ გაამართლოს, ისინი თანხას იღებენ, რისკით კი, არაფერს რისკავენ - ქართველი სამართალდამცავები ევროპაში ვერ წვდებიან, აქ კი, დაკავებული ახალგაზრდების ადგილზე, ახლები სოკოებივით იზრდებიან.

ისიც სათქმელია, რომ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში, ძალიან გააქტიურდნენ აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდები“ და აზერბაიჯანელი საქმოსნების შევიწროვება დაიწყეს. მეტიც, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა გაჯიუტებულ ბიზნესმენს შესაშინებლად ეზოში ასაფეთქებელი შეუგდეს და მართალია, ყველა შემთხვევაში, საქმე უწყინარ, საახალწლო „ხლაპუშკასთან“ გვქონდა, მაგრამ ამ უწყინარმა ასაფეთქებელმაც დასახულ მიზანს მიაღწია. ისიც გემახსოვრებათ, მარნეულის ცენტრში მამაკაცი რომ ჩაცხრილეს იმიტომ, რომ ფული არ შეიწერა და ეს ნათელი მაგალითი იყო სხვებისთვის, მაგრამ მშვიდ ცხოვრებას მიჩვეული ბიზნესმენები მაინც ჯიუტობენ, დახმარებისთვის ძირითადად სამართალდამცავებს მიმართავენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც უხმოდ იხდიან ხარკს და ძალიან, ძალიან ცუდს აკეთებენ. სწორედ ამ ერთეულების მიერ გაღებული თანხა აძლევს იმედს მათ, რომლებიც ფულის შოვნის იოლ გზაზე არიან გადასულნი და ამიტომ მარტივი ლოგიკით - თუ იხდის ერთი, რატომ არ უნდა გადაიხადონ სხვებმაც?! ამიტომ არის, ურჩ ბიზნესმენებს მოკვლითა და ოჯახის წევრების დახოცვით რომ ემუქრებიან. შსს-ს თანამშრომელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა შემთხვევის დროს, როცა მათ მიმართეს, მოახერხეს და ბიზნესმენიც გადაარჩინეს, მისი ოჯახის წევრებიც და რაც მთავარია, დამნაშავეებიც დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს.

სამწუხაროდ, ცალკე საუბრის თემაა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. 2023 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მხოლოდ ფონიჭალაში, რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარეს და ათეულობით ნარკოდილერი დააკავეს. „ბარიგების“ უმრავლესობის წინააღმდეგ, ძალოვნებს უტყუარი მტკიცებულებები ჰქონდათ, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეცვლილა. გარდა იმისა, რომ ფონიჭალა თითქოს აუღებელ ციხესიმაგრედ და საქართველოს კოლუმბიად იქცა, საზღვრების გახსნამ და არაერთ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმმა ის მოიტანა, რომ დაკავებულ ნარკოდილერთა დიდი ნაწილი უკვე არა საქართველოს, არამედ, სხვა ქვეყნის მოქალაქეა. მათ შორის, აზიელები სჭარბობენ, იმ სახელმწიფოების წარმომადგენლები, სადაც ნარკოტიკის გაყიდვა სიკვდილით ისჯება, საქართველოში კი, სიკვდილით დასჯა არ არის. ნარკოლიბერალიზაციის შედეგები ყველაზე მწარედ სწორედ წელს ვიგემეთ - მომხმარებელთა ასაკმა კატასტროფულად დაიწია და რაც ყველაზე სამწუხაროა, მათ შორის ძალიან, ძალიან ბევრი გოგონაა. ამასთან ერთად, სამართალდამცავებიც მიეჩვივნენ, რომ დაკავებულ მომხმარებლებს მოსამართლეები ან პირდაპირ დარბაზიდან უშვებდნენ, ან - წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ხელწერილითა და ადმინისტრაციული ჯარიმით. ასეთმა მიდგომამ მომხმარებლებიც გაათამამა და „ბარიგებიც“. ჰო, მსუბუქი ნარკოტიკების გამყიდველები, რომლებმაც იოლი გამოსავალი და კანონში „ხვრელი“ იპოვეს.

მარტივად რომ აგიხსნათ, კანონმდებლობით არ ისჯება, თუ პირს 4 გრამამდე „მარიხუანა“ აქვს ანუ ითვლება, რომ ეს ოდენობა პირადი მოხმარებისთვისაა. 4 გრამით კი შესაძლებელია შვიდი ღერი სიგარეტის „შეკეთება“ და ნარკოდილერები ღამის კლუბებთან სწორედ ამ შვიდი ღერით მიდიან, ხელს დაიცლიან, შემდეგ „საწყობს“ აკითხავენ, მერე უკან ბრუნდებიან და ასე. თითო ნარკოდილერი, ღამის განმავლობაში, 20-მდე რეისს აკეთებს და დროში რომ ეტეოდნენ, უფრო მეტსაც გააკეთებდნენ. მსუბუქი ნარკოტიკი იყიდება ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, რაც შეეხება უფრო მძიმე ნარკოტიკს... სამწუხაროდ, ინტერნეტ-აპლიკაციების საშუალებით, არც მათი შეძენაა პრობლემატური, მთავარია, ფული გქონდეთ, თორემ აგერ, 1 გრამი „მეტადონი“, ლამის, 2 000 ლარამდე ფასობს. რაც ყველაზე საინტერესოა, მძიმე ნარკოტიკების გამსაღებლები, ძირითადად, საზღვარგარეთ ცხოვრობენ და იქიდან აკონტროლებენ სიტუაციას, აქ პოულობენ ახალგაზრდებს, რომლებიც მზად არიან, ნარკოტიკები გრამ-გრამობით, სხვადასხვა ლოკაციაზე დადონ, შემდეგ ამ ლოკაციის ფოტოები და ზუსტი მონიშვნა დილერს გადაუგდონ და სანაცვლოდ 50 ლარი მიიღონ. ჰო, 50 ლარი და თავად განსაჯეთ, რაოდენ დიდია ახალგაზრდებისთვის ცდუნება, რომ ასე მოიქცნენ - დღეში 10 ლოკაცია რომ მონიშნონ, 500 ლარი გამოდის და... რა თქმა უნდა, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას სამართალდამცავები მარტივად აკავებენ, ვიდეოთვალებისა და გზებზე დაყენებული კამერების მიხედვით, ახალგაზრდების საეჭვო ქცევას ძალოვნები სწავლობენ, შემდეგ მათ უთვალთვალებენ და პირდაპირ ფაქტზე აკავებენ.

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, მიმდინარე წლის საწყის 9 თვეში, სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 272-ია გახსნილი და ამ 412 შემთხვევიდან, 154 - გაუპატიურების ფაქტი იყო. ჰო, დღევანდელ რეალობაში, 154 ადამიანს თავში აზრად გაუპატიურება მოუვიდა. 16 წლის მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით 86 პირი დააკავეს, მაგრამ ამათგან აბსოლუტური უმრავლესობა ცოლად მოყვანის მიზნით იყო და კარგია, რომ პოლიცია ამასაც ებრძვის. როგორმე უნდა შეიგნოს ხალხმა, რომ არასრულწლოვანთან ოჯახის შექმნა და სექსუალური ცხოვრება მისაღები არ არის და 16 წელს მიუღწეველი გოგო თუ ბიჭი, ბავშვია, მოზარდია და არაფერი გაეგება ოჯახური ცხოვრების.

საწყის 9 თვეში, საქართველოში 3 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და დაშავებულებზე რომ არაფერი ვთქვათ, ოფიციალური მონაცემებით, 207 ადამიანია გარდაცვლილი. ისე გამოდის, რომ დღეში, ლამის, ერთ ადამიანს ვკარგავთ ავტოსაგზაო შემთვევების დროს და რატომღაც გვგგონია, რომ ჯარიმების ოდენობა კი არ უნდა გაიზარდოს, არამედ, მართვის მოწმობებზე უნდა გამკაცრდეს კონტროლი. უფრო კონკრეტულად კი, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა მართვის მოწმობის სამუდამო ჩამორთმევით უნდა დაისაჯოს და თუ ასეთი პირი საჭესთან კიდევ დაჯდება და დააკავებენ, მის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრას და რეალური სასჯელი მისცეს. აი, მერე ძალიან, ძალიან ბევრი დაფიქრდება, ღირს თუ არა ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომა და როცა ერთს, ორს, ათს და ასს დასჯიან, შედეგი აუცილებლად დადგება. წლის განმავლობაში, სიჩქარის ორჯერ გადაჭარბებაზეც მართვის მოწმობის ორი წლით ჩამორთმევა უნდა დაწესდეს და მერე აღარ იქროლებენ და არ შეუქმნიან საფრთხეს როგორც საკუთარ თავს, ისე - სხვებს.

დასასრულ - სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს ვესაუბრე და წუწუნებდა, ახალ წელს მიწევს მორიგეობა, შარშანწინ ვიყავი და კინაღამ გავგიჟდი, იმდენი ბავშვი მივიყვანეთ საავადმყოფოში თითების ტრავმით, უხარისხო პიროტექნიკა ბავშვებს ხელში უფეთქდებათ, ან გადაგდებას ვერ ასწრებენ და ცალკე შარია, როცა პიროტექნიკის გამოყენებას მთვრალები ცდილობენო.

ბედნიერი შობა-ახალი წელი გქონოდეს, საქართველო!

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე