იანვარში ლაშა შუშანაშვილისა და ტარიელ ონიანის პირისპირ შეხვედრა იგეგმება

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ახალი წელი ყველასთვის ახალი წელია, მათ შორის, კრიმინალური სამყაროსთვის. სხვათა შორის, არაერთხელ ყოფილა, რომ საშიში დამნაშავეები, რომლებსაც წლების განმავლობაში ეძებდნენ, სწორედ ახალ წელს დაუკავებიათ, რადგან ამ დღეს გული ყველას სახლისკენ მიუწევს და ცდილობს, ოჯახის წევრებთან გაატაროს. ახალ წელს ხშირად ემთხვევა პატიმრების შეწყალება, მეტიც, „უდო“-ს კომისიაც კი ამ დღეს ამთხვევს პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებას...

 

ახალ წელს ახლობლებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში შეხვდება ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ლაშა შუშანაშვილი. ის საბერძნეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს. მოულოდნელად, ალბათ, უფრო კრიმინალური სამყაროსთვის, თორემ, თავად „ლაშა ბალშოის“ ადვოკატები მისი დაკავების პირველივე დღიდან ცდილობდნენ დახსნას. სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც შუშანაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 6 წელი გაატარა. როგორც გვეუბნებიან, ეს იყო მისი შეგნებული ნაბიჯი და ის თავად „დაეჭერინა“ სწორედ ბერძენ სამართალდამცავებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ შუშანაშვილი საფრანგეთის პოლიციას დაეკავებინა.

„ძმებმა, კახა და ლაშა შუშანაშვილებმა საფრთხე სწორედ მაშინ იგრძნეს, როცა მათი დაკავება მოხდა. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ საფრანგეთის პოლიციას ძმებზე ნადირობა ჰქონდა გამოცხადებული და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მათ ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. საბოლოო ჯამში, ლაშამ მოახერხა და ის საბერძნეთის პოლიციამ დააკავა, კახა კი, სამწუხროდ, ფრანგებს ჩაუვარდა ხელში, მან უბრალოდ ქვეყნის დატოვება ვეღარ მოახერხა. შედეგად, კახა შუშანაშვილს ისე მოექცნენ, როგორც ტერორისტს, რადგან ფრანგებმა ჩათვალეს, რომ ამ დონისა და გავლენის კრიმინალი მანამდე არასდროს ჰყავდათ დაკავებული. მეტიც, მას ისე ექცევიან, თითქოს მართლა ტერორისტი იყოს, ამყოფებენ ცალკე საკანში, არ აძლევენ სრულ სამედიცინო დახმარებას და მისი ყოფა წამებასთან არის გაიგივებული, მაგრამ ამას არავინ არ იმჩნევს - არც საქართველოს ხელისუფლება, არც საფრანგეთის და არც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ორგანიზაცია. კახა შუშანაშვილი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ეს იცის ყველამ, აბსოლუტურად ყველამ, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს“, - გვეუბნება საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელიც ძმებ შუშანაშვილებს კარგად იცნობს.

რას მოუტანს კრიმინალურ სამყაროს ლაშა შუშანაშვილის გათავისუფლება? პირველ რიგში, იმას,რომ მის გვერდით რუსთაველი და თბილისელი „კანონიერი ქურდები“ გაერთიანდებიან, რაც ძალიან არ მოეწონება ქუთაისურ კლანს და მათ ლიდერს, ტარიელ ონიანს. ზოგადად, მას შემდეგ, რაც ონიანი თავისუფლებაზე გამოვიდა, აშკარად დასუსტდა ის დაჯგუფება, რომელიც ზახარ კალაშოვისა და ლაშა შუშანაშვილის გვერდით მოიაზრებოდა. მართალია, ასე თუ ისე, კალაშოვი ცდილობდა, თავისი დაჯგუფება ციხიდან ეკონტროლებინა, მაგრამ ერთია ციხეში მყოფი კაცის სატელეფონო ზარები და მეორე - თავისუფლებაზე მყოფი ტარიელ ონიანის მოქმედებები. ჰოდა, ახლა წონასწორობა სწორედ შუშანაშვილის თავისუფლებამ უნდა აღადგინოს. ჩვენი ინფორმაციით, თავისუფლებაზე მყოფ ლაშას მისი უახლოესი მეგობარი კალაშოვი უკვე ესაუბრა და საუბრის თემა ამინდის პროგნოზი რომ არ იქნებოდა, ცხადია.

ის, რასაც ახლა დავწერთ, შესაძლოა ძალიან, ძალიან ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ეს არის მწარე რეალობა. დავიწყოთ იმით, რომ „კანონიერი ქურდების“ ფენომენი საბჭოთა გადმონაშთია, საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა და მათ გავლენა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ჰქონდათ. იყო ქცევის სხვა წესები და ქურდები თითზე დასათვლელები იყვნენ. მერე, 90-იანებში, ზოგმა ფულით მიიღო სტატუსი, ზოგმა - ნაცნობობით და ნათესაობით და ძველი „კანონიერი ქურდები“ მათ „აპელსინებს“ ეძახდნენ. სწორედ ამ „აპელსინებმა“ შემოიტანეს და დაამკვიდრეს ახალი წესები. მათ არ „უტყდებოდათ“, რომ ჰქონოდათ ბიზნესი, ფულს შოულობდნენ ნებისმიერი მიმართულებით, იქნებოდა ეს აზარტული თამაშების ბიზნესის კონტროლი, პროსტიტუციის კონტროლი, თუ ნარკოტიკების გასაღების „დაკრიშვა“.  შედეგად, „კანონიერი ქურდი“ აღარ ასოცირდებოდა ღირსებასთან, სიმართლესთან და ნელ-ნელა ისინი დაემსგავსნენ იმ მაფიოზებს, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში მრავლად იყვნენ. ამის მიუხედავად, აბსოლუტურად ყველა „კანონიერი ქურდი“, პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შენარჩუნებას ცდილობდა და ეს გასაგებიცაა - მის საზღვრებს გარეთ, ყოფილი საბჭოეთის მოქალაქეები თუ აღიარებენ ქურდად, თორემ დანარჩენი სამყაროსთვის ისინი რიგითი კრიმინალები, ან კრიმინალური დაჯგუფებების ლდიერები არიან, ზუსტად ისეთები, როგორებიც მანამდეც მრავლად იყვნენ ევროპაში და მომავალშიც მრავლად იქნებიან. ამასთან ერთად, ყველა გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ უკვე თავად აწესებს კანონებს, ისინი ზად არიან, ტელეკამერების წინ უარყონ ტიტული, თქვან, რომ ტერმინს - „კანონიერი ქურდი“ ვერ იგებენ და ამ ტიტულთან არანაირი კავშირი აქვთ. მერე, როცა ამის შესახებ ჰკითხავენ, თავს იმართლებენ, მაშინ ასე სჭირდებოდა „ქურდულსო“ და საკმარისია, რომელიმე ახალბედა ქურდმა იგივე გააკეთოს, მაშინვე ტიტულის გარეშე დარჩება. ძველი ტრადიციებით, ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელი ქურდები თუ ცხოვრობენ და მოქმედებენ, თუმცა ისინიც ნელ-ნელა, იძულებული ხდებიან, ფეხი აუწყონ თანამედროვე ცხოვრების წესს და ბევრ რამეზე უარის თქმა თავის გადარჩენისთვის უწევთ.

იგივე, ლაშა შუშანაშვილი ერთ-ერთია იმ ძველთაგან, ვინც ტრადიციებს მკაცრად იცავს, მაგრამ ახლებისაც „ესმის“ და ისიც კარგად იცის, მის ერთ სიტყვას, როგორი გავლენა აქვს კრიმინალურ სამყაროში. ციხეში ყოფნის შემდეგ, ახლა სწორედ მისი გადასაწყვეტია, „კანონიერი ქურდები“ დაზავდებიან თუ ომი გაგრძელდება. ჰო, მისი, რადგან შუშანაშვილს თავისუფლად შეუძლა ხელის ერთი აქნევით ან დაქნევით, როგორც ომის დაწყება, ისე მშვიდობის ჩამოგდება. იმის მიუხედავად, რომ ტარიელ ონიანი არანაკლებ გავლენიანია, მას აუცილებლად მოუწევს, შუშანაშვილის მოსაზრეები გაითვალისწინოს და ონიანმა ისიც კარგად იცის, რომ ლაშას ზურგს შაქრო კალაშოვი უმაგრებს, რომელსაც გავლენა არა მარტო თბილისელ ქურდებზე, არამედ, რუს და უკრაინელ „კოლეგებზეც“ აქვს. ვარაუდობენ, რომ უკვე მომავალი წლის იანვარში, ან დიდი „სხოდკა“ გაიმართება, რომელსაც შუშანაშვილი და ონიანიც დაესწრებიან, ან კრიმინალური სამყაროს ეს ორი „გენერალი“ ერთმანეთს პირისპირ შეხვდება და გავლენის სფეროების გადანაწილებაზე ისაუბრებენ. ასეა თუ ისე, ევროპაში მყოფი ქართველი კრიმინალები არ მალავენ, რომ მოვლენები საინტერესოდ უნდა განვითარდეს და დაძაბულობა, როგორც ერთ, ისე - მეორე ბანაკში, პიკს აღწევს. ისიც სათქმელია, რომ შუშანაშვილს საკუთარი თავისა და გავლენების გარდა, ძმის, კახა შუშანაშვილის ბედიც საფიქრალი აქვს და ის არც ადამიანურ და არც ფინანსურ რესურსს არ დაიშურებს იმისთვის, რომ როგორმე კახა ფრანგული პოლიციის კლანჭებიდან დაიხსნას.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ამიტომ ამბობენ, რომ ქურდული სამყაროდან ონიანის, შუშანაშვილისა და კალაშოვის წასვლის შემდეგ (უკვდავი არავინაა და თუნდაც ეს ნახევარი საუკუნის შემდეგ მოხდეს), ცნება „კანონიერი ქურდი“ ფასსაც დაკარგავს და წონასაც. სწორედ ამ სამ ადამიანზე დგას დღეს ეს ყველაფერი. ამასთან ერთად, ზემოთ ჩამოთვლილი სამეულის ოჯახის წევრებიც აპროტესტებენ, რომ მათ, როგორც ე.წ. „კანონიერი ქურდების“ შვილებად იცნობენ და ცდილობენ, როგორმე, მამები კრიმინალურ სამყაროს დააშორონ, მაგრამ როცა 60 წელს ხარ გადაცილებული და მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე რამეს აკეთებ, ძნელია, ყველაფერზე ხელი აიქნიო თუ ჩაიქნიო და გვერდზე გადგე. არ შეუძლიათ ამ ადამიანებს სხვანაირად, არ შეუძლიათ იმიტომ, რომ ასე იცხოვრეს, იდეის გამო იყვნენ იქ, სადაც არიან და ახლა, სამივეს სურს, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი წერდა „არსენა მარაბდელში“, „კაცურად ნათრევი სიცოცხლე, საფლავშიც კაცურად ჩაათრიონ“.

ისე, ზემოთ იდეა ვახსენეთ და დღევანდელი ქართული რეალობაც მწარეა - პატიმრების აბსოლუტური უმრავლესობა ოჯახური ძალადობისთვის იხდის სასჯელს, მეორე ადგილზე კი, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მხილებული პირები არიან, რომლებსაც საუკეთესო შემთხვევაში, 7-წლიაანი სასჯელი აქვთ მისჯილი. კვირა კი არა, ლამის, დღე არ გავა, ამ ბრალდებით ძალოვნებმა ვინმე არ დააკაონ და სამწუხაროდ, ეჭვმიტანილთა შორის, აბოსლუტური უმრავლესობა ახალგაზრდა, 20-22 წლის ბიჭები არიან, რომლებსაც მთავარ მიზნად ე.წ. „კანონიერი ქურდობა“ დაუსახავთ და მიზნისკენ ჯიუტად, თუნდაც ციხის გავლით მიდიან. არადა, გარეთ 21-ე საუკუნეა და წესით, თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე, მოსახლეობის 0.01% უნდა ფიქრობდეს კრიმინალურ მომავალზე, მაგრამ ეს ციფრი გაცილებით დიდია და ესეც სავარაუდოდ, ძველი გავლენების დამსახურებაა.

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე