უცნაური ოჯახური კონფლიქტი და ყოფილი ცოლის აღიარება

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როდის ბერდება მამაკაცი? - ალბათ, მაშინ, როცა ქალისადმი ინტერესს კარგავს. ყოველ შემთხვევაში, მამაკაცების უმრავლესობა სწორედ ასე ფიქრობს და ხამამაღლაც ამბობს. არის მამაკაცთა კატეგორია, რომელიც ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე თანამგზავრს ირჩევს, ჯერ ერთი ქალი მოჰყავს ცოლად, მერე - მეორე, მესამე, მეოთხე, შემდეგ ყველაფერი ეს ჩვევაში გადასდის და არც ცოლის მიტოვება უჭირს და ამისგან არც ტრაგედიას ქმნის. ვერ გეტყვით, რა სჯობს, მთელი ცხოვრება პარტნიორის ძიებაში გაატარო, თუ ერთთან იყო (თუნდაც ყველაფრის ფასად), მაგრამ ადამიანების კატეგორია ხან ისე იქცევა, ხან - ასე და ჩვენ მსაჯულებად ნამდვილად არ გამოვდგებით.

თბილისის ერთ-ერთი რაიონის უფროსი გამომძიებელი სილამაზის სალონში თმას იჭრიდა, როცა იქ ასაკოვანი კაცი შევარდა და სტილისტს ლამის თმაში სწვდა, გინდა თუ არა, ჩემი ფული დამიბრუნეო. ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, კაცი არ ეშვებოდა და საბოლოოდ, ყველაფერი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. რა თქმა უნდა, გამომძიებელი საქმეში ჩაერია, მხარეები დააშოშმინა, შემდეგ განყოფილებაში დარეკა და ორივე იქ წაიყვანა.

„ამ ქალმა გუშინ ფული მომპარა, დიდი ფული, ათი ათასზე მეტი“, - ამბობდა კაცი, ქალი კი, გაოცებული იყურებოდა, შე უბედურო, ათი ათასი საიდან უნდა გქონოდა, ან თუ გქონდა, როგორ უნდა მომეპარა, მთელი საღამო ჩემს წინ ეგდე და როგორ ავიღებდიო, მაგრამ კაცი ამბობდა, ოთახიდან სამზარეულოში გავედი, უკან რომ დავბრუნდი, არც ქალი დამხვდა და არც ფულიო.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ასაკოვანი კაცი სალონში მომუშავე ქალს სამი თვის განმავლობაში ხვდებოდა, ცოლად მოყვანასაც აპირებდა, თუმცა იმ საღამოს დაიბარა და მოულოდნელად გამოუცხადა, რომ მათ შორის ყველაფერი მორჩა. ჰოდა, ამიტომ გამწარდა და ფული მომპარაო, ამტკიცებდა მამაკაცი, მაგრამ იმასაც ამბობდა, არ იცოდა, ბევრი ფული რომ მქონდა, არც სამალავი იცოდა და საკვირველია, სამზარეულოში ერთი წუთით რომ გავედი, ყველაფერი როგორ მოახერხაო. თავის მხრივ, ქალი ჰყვებოდა, შეურაცხყოფილი ვიყავი, სამზარეულოში რომ გავიდა, ერთი გემრიელად დავაფურთხე მის ზალაში, კარი გამოვიხურე და წამოვედიო. გამომძიებლები შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად მამაკაცის სახლში წავიდნენ. მას სამოთახიანი ბინა ჰქონდა ნაქირავები, „ხაზეიკა“ კი, იმავე სართულზე, ერთოთახიანში ცხოვრობდა.

„ცოლიც მყავდა, შვილებიც და შვილიშვილებიც მყავს, მაგრამ ჩემი ცოლი დაბერდა, მე კი სიცოცხლე მწყურია. ამიტომ, მას დავშორდი და ცალკე გადმოვედი. ყველაფერი მათ დავუტოვე, საერთოდ ყველაფერი, მარტო ჩემი ტანსაცმელი და ფული წამოვიღე. ის ფული, რომლის არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა და სწორედ ამ ფულით ვცხოვრობდი. მეგობარ ქალს ვეძებდი, რომელიც ჩემთან ერთად, წლები იცხოვრებდა,. რამდენჯერმე მეგონა, რომ ვიპოვე, მაგრამ ყველა ჯერზე შევცდი. ახლაც მეგონა, რომ ეს ქალი იყო ის, ვისაც ვეძებდი, თუმცა სკოლის მასწავლებელი გავიცანი და მივხვდი, რომ სწორედ მასთან მინდა დარჩენილი ცხოვრების გატარება“, - განაცხადა დაზარალებულმა.

საქმის ძებისას კიდევ ბევრი რამ გაირკვა. მამაკაცი ჯიუტად, მაგრამ მაინც აღიარებდა, რომ სახლში ათამდე ქალი სტუმრობდა და რაც მთავარია, ყველაფერს მისი „ხაზეიკა“ უყურებდა და იტანდა.

„რა თქმა უნდა, ვიტანდი, რადგან კარგი გადამხდელია და მეორეც, ისეთ ასაკშია, ადრე თუ გვიან, დაასრულებდა ამ პროცესს, ასაკი თავისას იზამდა. ამიტომ, მშვიდად ვუყურებდი ყველაფერს და იმ დღესაც, როცა ფული დაკარგა, კარგად მესმოდა, როგორ ეჩხუბებოდა იმ სტილისტს, წადი ჩემი ცხოვრებიდან, სხვა ქალი შემიყვარდა, ის უნდა მოვიყვანო ცოლადო. მერე ისიც გავიგონე, როგორ გაიჯახუნა იმ ქალმა კარი და ბოლოს, ეს კაცი რომ აყვირდა, ფული მომპარა იმ უნამუსომო. ისე, მანამდე სტუმრად ის მასწავლებელი ჰყავდა, ცოლად რომ უნდა მოიყვანოს. მოკლედ, მე აქ ცოცხალი ბრაზილიური სერიალი მაქვს და რატომ უნდა ვიყო მდგმურით უკმაყოფილო“, - განაცხადა „ხაზეიკამ“.

გამომძიებლებმა დაზარალებული კდიევ ერთხელ დაჰკითხეს - აინტერესებდათ, როცა მასწავლებელი გაისტუმრა, მაშინ შეამოწმა თუ არა ფულის სამალავი, რაზეც კაცმა ყვირილი დაიწყო, როგორ კადრულობთ და მასწავლებელს ცილს სწამებთ, მის შემოწმებას არც ვაპირებ, სანთელივით წმინდააო. ძალოვნებმა მისი შესწავლა მაინც დაიწყეს - სკოლაში 25 წელი ასწავლიდა, უპატიოსნესი ქალის სახელი ჰქონდა, გათხოვილი არასდროს ყოფილა და ახლა, ასაკში მზად იყო, საკუთარი ბედი სწორედ ამ კაცთან დაეკავშირებინა. ქალს ფინანსურად არ უჭირდა, გარდა იმისა, რომ სკოლაში იღებდა ხელფასს, კარგი რეპეტიტორის სახელიც ჰქონდა, ამიტომ აბიტურიენტები ბუზებივით ეხვეოდნენ და მასთან მოხვედრა ჩაწყობით ხდებოდა. ამის მიხუედავად, ოპერმუშაკები ცდილობდნენ იმის გარკვევას, ხომ არ აპირებდა რაიმე დიდი შენაძენის გაკეთებას, მაგრამ საპირისპირო გაიგეს - ქალი სასესხებლად 5 ათასს ეძებდა. ის დასაკითხად წაიყვანეს.

„ჰო, ფულს ვეძებ, კი ვერ ვხვდები, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, რადგან ფული უახლოეს მეგობრებს ვთხოვე, მაგრამ არა უშავს, სამომავლოდ გამომადგება, ჭკუის სასწავლებელი იქნება. ფული კი იმისთვის მინდა, რომ ჩემს საყვარელ მამაკაცს ვაჩუქო, ძალიან ნერვიულობს და არ მინდა, რომ თანხაზე იფიქროს“, - განაცხადა ქალმა.

მისი ჩვენება არცთუ დამაჯერებელი იყო, მაგრამ გამოძიებას სამხილი არ ჰქონდა. ამ ამბავში საინტერესო ის გახლდათ, რომ მამაკაცს საკუთარი ფულის კუპიურების ნომრები ჰქონდა ამოწერილი, როცა უსაქმოდ ვიყავი, სახლში მარტო, არ ვიცოდი, რა მეკეთებინა, ნომრებს ვიწერდი, დრო გამყავდა და მერე, როცა ხურდას მომცემდნენ, ვათვალიერებდი, შემთხვევით, ჩემივე ფული ხომ არ დამიბრუნდა უკანო. ამ პროცესს დრო მალე გაჰყავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე მეგობარი ქალი გაიჩინა, აღარ ეცალა, მაგრამ კუპიურების ნომრები შენახული ჰქონდა. იმის ფიქრი, რომ ნომრები ბანკებისთვის გადაეგზავნათ, იმათ შეემოწმებინათ, რომელიმე მაღაზიიდან ხომ არ მიიღეს აღნიშნული ნომრების კუპიურები, სისულელე იყო. ჯერ ერთი, ეს უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვდა და მეორეც, რომ აღმოეჩნათ კონკრეტული მაღაზია, მერე გამყიდველს უნდა გაეხსენებინა, ვინ მიაწოდა კუპიურა, რაც წარმოუდგენელი იყო. მით უმეტეს, რომ მაღაზიები ბანკებში ფულს კვირაში ერთხელ, ან ორჯერ აბარებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამყიდველს არა მარტო კუპიურა, არამედ ის დღეც უნდა გაეხსენებინა, როცა აღნიშნული შემთხვევა მოხდა.

ყველაფერი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივად გაირკვა - განყოფილებაში „ხაზეიკამ“ დარეკა და გამომძიებელს უთხრა, ვიცი, ვინც მოიპარა თანხა, ამ საღამოს მოდით და ყველაფერს თქვენს თვალწინ დავამტკიცებო. რა თქმა უნდა, სამართალდამცავები საღამოს მამაკაცის ბინაში იყვნენ, სადაც „ხაზეიკა დახვდათ და ის მშვიდად ამბობდა, დაველოდოთ, ქურდი თავის ფეხით მოვაო. ცოტა ხანში, კარზე მასწავლებელმა დააკაკუნა.

„ახლა, ბატონო გამომძებლებო, კეთილი ინებეთ და ამ მასწავლებლის ჩანთა გაჩხრიკეთ. იქ ნახავთ კუპიურებს, რომელთა ნომრებიც დაემთხვევა დაკარგული კუპიურების ნომრებს“, - განაცხადა „ხაზეიკამ“. მასწავლებელმა გაოცებისგან პირი დააღო და თავის ხელით წამოაპირქვავა ჩანთა, საიდანაც სხვადასხვა ნივთებთან ერთად, გარკვეული თანხაც გადმოიყარა. კუპიურების ნომრები მართლაც დაემთხვა. მამაკაცი აიწურა, მასწავლებელს გული წაუვიდა, „ხაზეიკა“ კი გამარჯვებული სახით, ამაყად იმზირებოდა.

„დღეს სკოლაში ვიღაც ქალმა მომაკითხა, მითხრა, რომ მის შვილს რეპეტიტორი სჭირდებოდა და ისიც მთხრა, სამი თვის ფულს წინასწარ მოგცემ, ოღონდ უარი არ მითხრაო. ფული რომ მჭირდება, კი იცით, ისიც იცით, რისთვის მჭირდება და უარი ვერ ვუთხარი. მერე „ხაზეიკამ“ დარეკა სკოლაში, მითხრა, მოდიო და მოვედი“, -განაცხადა მასწავლებელმა.

გამოდიოდა, რომ სახლის მეპატრონემ ზუსტად იცოდა, რომ ქალს მოპარული კუპიურები ექნებოდა, მაგრამ როგორ და რაც მთავარია, ვინ იყო ის ქალი, ვინც მასწავლებელს ფული შეაჩეჩა?

„მდგმურის ყოფილი ცოლი ჩემი ახლო მეგობარია. ის ხშირად მოდიოდა ჩემთან, ქმრის ამბებს კთხულობდა, დარწმუნებული იყო, რომ ადრე თუ გვიან, ქმარი დაუბრუნდებოდა, მაგრამ მერე, როცა დარწმუნდა, რომ ის დაბრუნებას არ აპირებდა, გამწარდა და თქვა, ნახავს, რა დღეში ჩავაგდებო. როცა ფული დაეკარგა, მას ვუთხარი, ასეთი ამბებია-მეთქი და ვიცი, ფული ვინც მოიპარა, ქურდს დაგაჭერინებო. დღეს სწორედ მისი მითითებით გავაკეთე ყველაფერი“, - მხრები აიჩეჩა „ხაზეიკამ“, რომელმაც აბიტურიენტსა და მასწავლებლისთვის შეჩეჩებულ კუპიურებზე არაფერი იცოდა. სხვა რა გზა იყო, ძალოვნებმა ახლა დაზარალებულის ყოფილი ცოლი დააკავეს, თან მის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს და მთელი თანხა იპოვეს.

„დიახ, ამ ბებერ ულაყს მე მოვპარე ფული, რადგან ის ჩვენი ერთბლივი შრომით იყო ნაშოვნი. ჩემს დაქალს მეორე ბინის გასაღები მუდმივად კედელზე ეკიდა, ერთ დღეს მოვიპარე, ასლი დავამზადებინე და ისევ დავაბრუნე. როცა ჩემი ქმარი სახლში არ იყო, ფული მაშინ ავიღე და მერე ის სკანდალი მოხდა. მინდოდა, ამ მასწავლებელსაც დაშრებოდა და შინ დაბრუნებულიყო“,-განაცხადა ცოლყოფილმა.

სასამართლო პროცესები კარგა ხანს გაგრძელდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ფულის ნახევარი ყოფილ ცოლს ერგო, კაცმა კი მასწავლებელი ცოლად მაინც მოიყვანა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე