როგორ გამოსძალა თაღლითმა საქმრომ ქალს ათი ათასობით დოლარი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კომუნისტების დროს ყველაფერი უფასო იყო. ყველაფერში კი საცხოვრებელს ვგულისხმობ - ბინას, რომელიც მოსახლეობას უფასოდ ეძლეოდა და თუ ოჯახი იზრდებოდა, იზრდებოდა ბინის ფართიც. ადამიანები მუშაობდნენ საწარმოებში, იდგნენ ბინის რიგში და იღებდნენ. მხოლოდ ლეონიდ ბრეჟნევის „გენსეკობის“ პერიოდში, საბჭოთა კავშირში, უფასო ბინა 170 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რაც უზარმაზარი ციფრია. ახლა კი, უფასო ბინები აღარ არის. სახელმწიფო საწარმოებიც რეალურად არ არსებობს, ყველაფერი კერძოა და არც ბინების რიგში დგანან ადამიანები, სახელმწიფო არ აშენებს უზარმაზარ მიკრორაიონებს, არ აშენებს მუქთა ბინებს და ყველას საკუთარი შემოსავლით უწევს საცხოვრებლის ყიდვა, რასაც ბევრი ვერ ახერხებს.

 

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, მაშინ მოხდა, როცა დედაქალაქში მშენებლობების ბუმი იყო. იმ პერიოდში, მშენებლობების ტემპი აგვისტოს ომმა დაამუხრუჭა, თორემ სწორედ მაშინ იყო, თბილისში ერთდროულად რამდენიმე ათეული კორპუსი რომ იგებოდა და გარდა იმისა, რომ მოსახლეობა იყო დასაქმებული, არც ისეთი ფასი ღირდა, როგორც ახლაა, მაგრამ ცხოვრება არა მარტო ჩვენთან გაძვირდა და ფასის მატებაც ლოგიკურია.

პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა ქალი მივიდა, რომელმაც სამართალდამცავებს უთხრა, რომ მისი მომავალი მეუღლე გაქრა და გაქრა მას შემდეგ, რაც სახლიდან დიდი ფულით გავიდა.

„ჩვენ თითქმის წელიწადია ერთად ვართ და ხელის მოწერასაც ვაპირებდით. მე ოროთახიანი ბინა მაქვს, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ახალ სახლში გადავსულიყავით, 100 კვადრატულის შეძენა გვინდოდა, მშენებელ კომპანიას მოველაპარაკეთ, 70% უნდა გადაგვეხადა, დანარჩენს მერე გადავიხდიდით, როცა ამ ბინას გავყიდდით. ჩემი მომავალი მეუღლე სწორედ ამ თანხით გავიდა სახლიდან და დარწმუნებული ვარ, გაიტაცეს, თანხა წაართვეს და ახლა სადმეა დაბმული“, - არეულად ლაპარაკობდა ქალი.

რა თქმა უნდა, საქმე აღიძრა და მამაკაცზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცავებმა მალე გაარკვიეს, რომ მისი მობილური სახლიდან გასვლის შემდეგ მალევე გამოირთო ანუ ლოკაციით მისი ძებნა გამორიცხული გახლდათ. ისიც გაირკვა, რომ დაკარგული ბინების გაყიდვების ოფისში არ მისულა და რაც მთავარია, ქალი ამტკიცებდა, ჩვენს გარდა არავინ იცოდა, რომ ფული იმ დღეს უნდა წაეღოო. უფრო ზუსტად, ქალი ამბობდა, მე არავისთვის მითქვამს და იმ უბედურს თუ წამოსცდა, არ ვიციო. ყველაფერი თავის ადგილზე მაშინ დადგა, როცა ქალს დაურეკეს და საქმროს გამოსყიდვის სანაცვლოდ, 50 ათასი მოსთხოვეს. ეს უზარმაზარი თანხა იყო, თუმცა...

„მე კარგი სამსახური მაქვს, აუცილებლად მომცემს ბანკი დიდ სესხს, ამას გარდა, ამ ბინას ხომ მაინც ვყიდდით. მთავარია, ჩემი საქმრო დავიბრუნო და დანარჩენი არ მაინტერესებს“, - მოთქვამდა ქალი და იმის მიუხედავად, რომ ძალოვნები ეუბნებოდნენ, ყალბ ფულს მოგცემთ, ის დადე მითითებულ ადგილზე, მერე კი, გამტაცებლებს აუცილებლად დავაკავებთო, სიყვარულით გადარეული ქალი თავისას არ იშლიდა, ნაღდი ფული უნდა მივიტანო, ჩემი საქმრო უნდა დავიბრუნო, თორემ იმას რომ რამე დაემართოს, თავს არ ვაპატიებ, ფულის გულისთვის საყვარელი ადამიანი როგორ დავკარგოო.

სამართალდამცავები დათანხმდნენ, რომ ქალს ნაღდი ფული დაედო, ჩასაფრება მოაწყვეს, მაგრამ ფულის ასაღებად არავინ გამოჩენილა. სამაგიეროდ, ქალს დაურეკეს და უთხრეს, რომ პოლიციელები შენიშნეს, რომ ის მათ ცუდად ეთამაშებოდა და საქმროს დაკარგავდა, თუ იგივეს გაიმეორებდა. პოლიციას ეჭვი გაუჩნდა, რომ რაღაც ისე არ იყო, რადგან მაქსიმალური კონსპირაცია მოახერხეს თითქოს და აგენტების გაშიფვრა მხოლოდ ნამდვილ პროფესიონალს შეეძლო. ის, რომ ქალის მატერიალური მდგომარეობის შესახებ გამტაცებლებმა კარგად იცოდნენ, გასაგები გახლდათ, ისინი მხოლოდ ბინის ფულს არ დასჯერდნენ და მეტი უნდოდათ. ფულის გადაცემის მეორე მცდელობაც კრახით დასრულდა, გამტაცებლები ისევ არ მივიდნენ და რაც მთავარია, ისევ დარეკეს, აქაოდა, პოლიციელები დავინახეთ და თუ კიდევ ერთხელ იგივეს იზამ, აღარ დაგირეკავთ, შენი საქმროს გვამის ადგილსამყოფელს შეგატყობინებთო. ქალს ნამდვილი ისტერიკა დაეწყო, სამართალდამცავები ლამის სცემა, აღარ გამომყვეთ, ჩემი საქმრო რომ მოკვდეს, ვერ გამაჩერებთ, ყველა ტელევიზიაში დავჯდები, გიჩივლებთ, არ გაპატიებთო. ძალოვნებმა პირობა მისცეს, რომ ქალს მარტო გაუშვებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, არ შეასრულეს - მას მხოლოდ ორი ოპერმუშაკი გაჰყვა, მათ შორის, ერთი ქალი, ორივე ახალგაზრდა. პოლიციელები შეყვარებულ წყვილს თამაშობდნენ და ისე ვნებიანად ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს, ვერავინ იტყოდა, თამაშობენო. ეს ლოგიკურიც იყო, საქმეზე სამართალდამცავებმა ცოლ-ქმარი გაუშვეს.

ქალმა ფული მითითებულ სამალავში დადო, იქაურობას სწრაფად გაშორდა, სკამზე ჩამომჯდარი მოსიყვარულე წყვილი კი მშვიდად აკვირდებოდა, ვინ მივიდოდა ფულის წასაღებად. ცოტა ხანში ძონძებში ჩაცმული მათხოვარი გამოჩნდა, ჯერ სანაგვეები ქექა, მერე იმ სამალავთან მივიდა, დიდხანს იწრიალა, ბოლოს კი იქაურობას ისე გაშორდა, არ დახრილა. ცოლ-ქმარი სწორედ იმ მათხოვარს გაჰყვა, იმის იმედად, რომ მან უბრალოდ ისევ იეჭვა, როგორც წინა შემთხვევებში და ფულს არ შეეხო. როცა მას დაეწივნენ და კარგად დააკვირდნენ, მიხვდნენ, რომ საქმე ნამდვილ მათხოვართან ჰქონდათ, შეუძლებელი იყო, იმ მცირე მონაკვეთში, ასე გასაცოდავებულიყო ადამიანი, ასეთი სუნი ჰქონოდა. უკან სამალავისკენ გაიქცნენ და ის ცარიელი დახვდათ. ისევ მათხოვარს მივარდნენ და განყოფილებაში ის მიიყვანეს.

„ვიღაც გოგო მოვიდა, უფროსო, 5 ლარი მომცა და მითხრა, ჯერ სანაგვესთან მიდი, იქექე, მერე იმის მოშორებით მიდი, ცოტა ხანს გაჩერდი, გაიხედ-გამოიხედე და მერე შენს გზაზე წადიო. თუ ამას გავაკეთებდი, კიდევ 5 ლარს დამიმატებდა, მაგრამ რომ წამოვედი, ამათმა დამიჭირეს“, - მშვიდად საუბრობდა მათხოვარი და უბანში, სადაც ის მათხოვრობდა, ბევრმა დაადასტურა, დიდი ხანია აქ არის, რა კრიმინალი და გატაცება, ძლივს დადისო.

ერთადერთი საგულისხმო, რაც მან თქვა, საქმეში ქალის გამოჩენა გახლდათ ანუ გამტაცებლები ერთი და ორი ადამიანი არ უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, საქმეში ქალიც იყო გარეული. ახლა ორი ვარიანტი რჩებოდა - თუ გამტაცებლებს ეჭვი ჰქონდათ, რომ გატაცებულმა იცნო, ცოცხალს არ დატოვებდნენ, თუ არადა, გამოუშვებდნენ. მოლოდინი უსაშველოდ გაიჭიმა, ცალკე ქალი ტიროდა და მთქვამდა, ცალკე პოლიციელი ცოლ-ქმარი ნერვიულობდა, პრაქტიკანტებივით მოგვატყუეს და გაგვაცურესო. გატაცებული იმ დღეს არ გამოჩენილა, მეორე დღეს კი ძალოვნებმა მოულოდნელი ინფორმაცია მიიღეს - კაცმა, რომელიც წესითა და რიგით გატაცებული იყო, თბილისი-ლარნაკას რეისზე ბილეთი იყიდა და კვიპროსში გაფრენას აპირებდა. ამას გარდა, მისი ბარათით, კიდევ ერთი ბილეთი შეიძინეს და ის ქალს ეკუთვნოდა. რა თქმა უნდა, სამართალდამცავები აეროპორტში წავიდნენ და „გატაცებული“ თანამგზავრთან ერთად დააკავეს.

„წლებია, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ ერთად ცხოვრება იმიტომ ვერ მოვახერხეთ, რომ ფული არ გვქონდა. მერე შემთხვევით, ეს ჩერჩეტი გოგო გავიცანი, უზარმაზარი ფული ჰქონდა და ისე შევუყვარდი, ყველა სურვილს მისრულებდა. როცა ვუთხარი,  ახალი ბინა ვიყიდოთ, უფრო დიდი, შენგან ბევრი შვილები მინდა-თქო, სულ გადაირია. სამშენებლო კომპანიას მე მოველაპარაკე, მე გავაზრდევინე ფასი ანუ რეალურად, იმ დღეს ბინის 100% მიმქონდა და სამშენებლოში ვუთხარი, ცოტა სულელი ცოლი მყავს, ამ ფულს დამიხარჯავს და ვითომ 70%-ს ვიხდი, სინამდვილეში, სრულად დაგიფარავთ-მეთქი. ისიც ვიცოდი, 50 ათასის შოვნა რომ არ გაუჭირდებოდა, ვიზები გავაკეთეთ, მხოლოდ ბილეთების ყიდვა იყო საჭირო, მაგრამ არ ვიცოდით, ფულის გადაცემა სადამდე გაიჭიმებოდა. არ გვეგონა, აეროპორტებს თუ შეამოწმებდით, მე ხომ გატაცებული ვიყავი და ამაზე გავთვალე“, - განაცხადა დაკავებულმა.

მართლაც, სამართალდამცავებმა აეროპორტები კი გააფრთხილეს, ყოველი შემთხვევისთვის ანუ ძებნა მთელ ბაზაში ჩააგდეს, მაგრამ ის, რომ გაცემულ ვიზებზე არ მოიკითხეს, ეს მათი მინუსი იყო. დაზარალებულს ფული სრულად დაუბრუნდა, კაცს კი თაღლითობისთვის 6 წელი მისცეს. პირობითით გადარჩა გოგონა, რომელიც, სხვათა შორის, მათხოვარმა ვერ ამოიცნო, არ დავკვირვებივარო, მაგრამ მას აღიარებითი ჩვენება უკვე მიცემული ჰქონდა.

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე