რატი ბრეგაძე გაქცეული პატიმრების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძე,  "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

"სამივე პატიმარი არის უკვე განთავსებული შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და მათ, რა თქმა უნდა, როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი, დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი... ერთადერთი რაც შემიძლია ამ ფაქტზე გითხრათ, ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, ისინი თბილისთან ძალიან ახლოს დავაკავეთ. ერთი ადამიანი ცოტათი ადრე, ორი ოდნავ მოგვიანებით"

მისივე თქმით, სამივე დაკავებული სრულწლოვანია.

როგორც იუსტიციის მინისტრი განმარტავს, ბრალის დამტკიცების შემდეგ, დაკავებულებს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე ბრეგაძე ადასტურებს, რომ დაკავებულებს შორის პენიტენციური უწყების თანამშრომელია და განმარტავს, რომ მისი დაკავების მიზეზს გამოძიება დაადგენს.

"ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ მათ შორის დაკავებული არის ჩვენი ერთი თანამშრომელი, ეს ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, მიმდინარეობს გამოძიება და მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას. შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას ვარ მოკლებული," - ამბობს რატი ბრეგაძე.

როგორც ბრეგაძე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ამბობს, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ გაქცეულ პატიმრებს ხელი სხვა ადამიანებმაც შეუწყვეს, ისინიც დადგებიან პასუხისმგებლობის ქვეშ.

"მესმის თქვენი ინტერესი, თუმცა ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას მუშაობაში. რადგან, შესაძლოა, მათ შორის სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს.

თუ გამოვლინდება, ხელშემწყობი იქნება ეს, თუ სხვა პირი, რა თქმა უნდა მათ მიმართაც დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა", - განმარტავს იუსტიციის მინისტრი.