19 წლის გოგომ დედინაცვალი მოკლა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კორპუსის ამხანაგობა ჩვენში თითქოს ახალი ხილია. მართალია, რამდენიმე წელია, კორპუსებს ამხანაგობა აქვთ და თავმჯდომარეც ჰყავთ, მაგრამ რეალურად, ბოლომდე გათავისებული არავის აქვს ამ „თანამდებობის“ მნიშვნელობა და არც ის, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე, შესაძლოა, ერთ-ერთი გადამწყვეტი რგოლის შემსრულებელი იყოს ადგილობრივ თვითმმართველობაში.

„ჩემი მეუღლე დაიკარგა. ის სამი თვეა, რაც ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს და დარწმუნებული ვარ, მისი გაქრობა ამას უკავშირდება. მან თვითმმართველობაში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, კორპუსის საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებაში დასდო ბრალი, ყველა მაცხოვრებელი აიყოლია, სასამართლოში აპირებდა ჩივილს, სარჩელს თავად ამზადებდა და ეს იცოდა ყველამ, ამიტომ, გააქრეს. ალბათ, მოკლეს, სადმე გადააგდეს“, - პოლიციის განყოფილებაში მამაკაცი მივიდა, რომელიც ცოლს ეძებდა.

რა თქმა უნდა, ქალზე ძებნა მაშინვე გამოცხადდა და პარალელურ რეჟიმში, დაიწყო იმ საკითხის შესწავლა, რომელზეც ქმარი უთითებდა. მართლაც, ადგილობრივ თვითმმართველობას კორპუსის კუთვნილი ტერიტორია ჰქონდა გაყიდული და ძალიან დიდი ალბათობით, ამის გამო, თვითმმართველობაში ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსების პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, მაგრამ არც ის იყო გამორიცხული, რომ პასუხისგებაში მერი და მისი მოადგილეები მიეცათ. საქმეში ჩაერთო ანტიკორუფციული ბიუროც, მაგრამ როგორც კი საკითხის გასარკვევად მერიაში მივიდნენ, მიხვდნენ, მათ ქალის გაქრობასთან კავშირი არ ჰქონდათ.

„ვერ გეტყვით, რის იმედად აპირებდა ის ქალი ჩივილს, მაგრამ სანამ ამ კორპუსში გადმოვიდოდა, მანამდე ამხანაგობის თავმჯდომარე სხვა იყო, რომელსაც ოფიციალურად შევუთანხმდით, რომ კორპუსის საკუთრებაში არსებული მიწა გადაეცემოდა მერიას, სანაცვლოდ კი, მერიის კუთვნილ მიწაზე, კორპუსის მიმდებარედ, გაკეთდებოდა სკვერი. სკვერი გაკეთდა, მიწა გადმოგვეცა, ის აუქციონზე გაიყიდა და აგერ, მობინადრეთა ხელმოწერები თანხმობაზე. იმ ქალმა რამდენიმე მობინადრე აიყოლია, აქაოდა, არ ვიცოდით, ხელს რაზე ვაწერდითო, მაგრამ ეს სისულელეა. მერიის თანამშრომლებმა რამდენიმე შეხვედრა ჩაატარეს კორპუსის მაცხოვრებლებთან და სკვერში დასადგმელი სკამის ფერებიც კი შეათანხმეს“, - განაცხადეს მერიაში და საბუთებიც წარადგინეს.

შეუძლებელი იყო, ყველაფერი ეს, იმ კაცს არ სცოდნოდა, რომელიც ხელს მერიას ადებდა, მით უმეტეს, მერიის შეთავაზებაზე მისი ხელმოწერაც იყო, მაგრამ მან მხრები აიჩეჩა: „დაკარგული ჩემი მეორე ცოლია. პირველ ცოლს რომ დავშორდი, ხელი მაშინ მოვაწერე, მერე სხვა ცოლი მოივყვანე, ის ძალიან აქტიური ქალია, ამხანაგობის თავმჯდომარე გახდა და აგვიხსნა, რომ მოგვატყეს. მისი მჯეროდა და მჯერა“...

ქალის გაუჩინარების ამბავს ძალიან მშვიდად შეხვდა ის ბიზნესმენიც, რომელმაც აუქციონზე გამოტანილი მიწა იყიდა და იქ ბიზნეს-ცენტრი ააშენა. დოკუმენტებით მასაც ყველაფერი რიგზე ჰქონდა და ყოველი შემთხვევისთვის, სამართალდამცავებმა ყველა დოკუმენტი, როგორც ადვოკატებს, ისე მოსამართლესა და პროკურორს აჩვენეს. ყველამ ერთხმად თქვა, რომ ქალს საქმის მოგების შანსი არ ჰქონდა და შეუძლებელია, ეს იმავე ბიზნესმენსა და მერიას დაზუსტებით არ სცოდნოდათ. ამიტომ, ქალის გატაცება მათ არაფერში სჭირდებოდათ და აშკარად ეტყობოდათ კიდეც, რომ საქმის კურსში არ იყვნენ.

რამდენიმე მეზობელმა თქვა, მაგ კაცის პირველი ცოლი კარგი თავქარიანი ვინმე იყო, რომ დაშორდნენ, შვილიც კი არ წაიყვანა, ისიც კაცს შეატოვა და ისე წავიდაო. ამიტომ, მისი დაკითხვაც გადაწყდა და როცა ყოფილი ქმრის მოქმედი ცოლის დაკარგვის შესახებ შეიტყო, ბევრი იცინა, რა შტერი ყოფილა, ქმარი ვაჩუქე და ვერ შეირგოო. მერე სამართალდამცავებს მშვიდად უთხრა, მე რაც ქმარს დავშორდი, სამი კაცი გამოვიცვალე, გაჩერებას არ ვაპირებ, ათ ამდენს კიდევ გამოვიცვლი, ერთხელ გავჩნდი ამ ქვეყნად და ბოლომდე მინდა ვისიამოვნო, ამიტომ სულ ცალ ფეხზე მკიდია, ვინ დაიკარგა, ან არ დაიკარგაო. ძალოვნებმა გოგონაც დაკითხეს. 19 წლის გოგო ამბობდა, რომ დედინაცვალთან გადასარევი ურთიერთობა ჰქონდა, რომ ნამდვილ დედას ვერაფერი გაუგო, სახლიდან მისი წასვლის შემდეგ, ერთადერთხელ ნახა, შეხვდა, ესაუბრა, მაგრამ დედამ უთხრა, შენთვის არ მცალია და სჯობს, ჩემი არსებობა დაივიწყოო. ამიტომ, გოგონა მთლიანად დედინაცვალს ჩამოეკიდა და ახლა ისიც გაქრა.

განცხადების შეტანიდან მესამე დღეს, მუნიციპალიტეტთან ახლოს, ტყის ზოლში, გარდაცვლილი ქალის სხეული იპოვეს. ამოცნობის ჩატარება საჭირო არც იყო - მას ჯიბეში პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ედო და ეს სწორედ ის ქალი გახლდათ, რომელსაც სამართალდამცავები ეძებდნენ. რა თქმა უნდა, ამოცნობის პროცედურა ფორმალურად მაინც ჩატარდა და მამა-შვილმა ცოლი და დედინაცვალი ამოიცნეს. ექსპერტიზის დასკვნით, ქალი უცნაურად გარდაიცვალა - მას პირი სამედიცინო წებოვანი ლენტით აუკრეს, იმავე ლენტით შეუკრეს ხელები და ფეხები, რის შემდეგაც ტყეში დატოვეს. ქალი არაფერზე იყო მიბმული, მაგრამ ხელ-ფეხშეკრული ვერ მოძრაობდა და გზამდე გასვლა ვერ მოახერხა. ის უბრალოდ უჟანგბადობით გარდაიცვალა, სავარაუდოდ, ხოხვას ცდილობდა, ცხვირით კი ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადი ვერ მიაწოდა. ვიღაცამ ასე სასტიკად გაიმეტა ქალი, რომელიც რეალურად არავის არაფერს უშავებდა.

გამომძიებლებმა ის კაცი ნახეს, რომელმაც გვამი იპოვა - ჩვეულებრივი გლეხი, რომელიც ტყეში, სოკოს საკრეფად იყო წასული და თქვა, რომ საეჭვო არავინ და არაფერი დაუნახავს, როგორც კი ქალი დაინახა, პულსიც არ გაუსინჯავს, ფერზე მიხვდა, რომ მკვდარი იყო და მაშინვე პოლიციაში დარეკა. მისი წარსული მაინც გადაამოწმეს, მაგრამ საეჭვო ვერაფერი ნახეს. გამოძიება არათუ ჩიხში იყო შესული, არამედ, ხელჩასაჭიდიც არაფერი ჰქონდა. სამედიცინო წებოვან ლენტზე კი იყო სავარაუდო მკვლელის ორგანული ნიმუში, მაგრამ ვინ უნდა ეძებნათ, რატომ უნდა ეძებნათ... ექსპერტები ამ ნიმუშს უკირკიტებდნენ და მეოთხე დღეს, გამოძიებამ ფასდაუდებელი ინფორმაცია მიიღო - წებოვან ლენტზე არსებული ნიმუში მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ეკუთვნოდა. ქალი იყო მკვლელი? ეს რაღაც ახალი გალდათ. ეგებ, ვინმეს ცოლგაშვებული კაცი თვალში მოუვიდა, მან კი სხვისი მოყვანა ამჯობინა. მამაკაცი კიდევ ერთხელ დაკითხეს, მაგრამ მან მხრები აიჩეჩა, არავინ მეგულება ისეთი, ჩემზე რომ გიჟდებოდეს და მით უმეტეს, ამის გამო, ჩემი მეორე ცოლი მოეკლაო. მართლაც, ამის დაჯერება ცოტა რთული იყო და რაც მთავარია, გამომძიებლების ვერსიებს ცივი წყალი ექსპერტმაც გადაასხა - ეგებ, ლენტზე აღმოჩენილი ქალის ნიმუში სულაც აფთიაქარისაა, რომელიც შემთხვევით შეეხოო. წებოვანი ლენტის სისქე თუ განი რომ აჩვენონ ხოლმე კლიენტებს, ფარმაცევტებმა არცთუ იშვიათად იციან ლენტის ყუთიდან ამოღება, კლიენტისთვის ჩვენება... თანაც, ის ლენტი (ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი, ოდნავ ფართო „ლეიკოპლასტი“), პრაქტიკულად, ყველა აფთიაქში იყიდებოდა და ასე მყიდველის პოვნა გაჭირდებოდა. ჰოდა, ყველასთვის მოულოდნელად, პოლიციაში დაახლოებით, 80 წელს მიღწეული მამაკაცი გამოცხადდა და იმ საქმის გამომძიებელი იკითხა, რომელიც ტყეში ნაპოვნი ქალის საქმეს იძიებდა.

„მაინტერესებდა, მოახერხებდით თუ არა მკვლელის პოვნას. ვერ მოახერხეთ. ამდენხანს გელოდეთ და ვერ მოახერხეთ. არადა, მკვლელობის დღეს, მე ისინი ტყეში ვნახე, ის და მისი მკვლელი, ანგელოზისსახიანი მკვლელი. მერე ყველაფერს ტელევიზიით ვუყურე და მივხვდი, რომ ის ქალი, სწორედ მან მოკლა, ვინც ახლდა. არადა, რა ტკბილად საუბრობდნენ... რატომ ვიყავი ამდენ ხანს მშვიდად? იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, ის ვერსად გაიქცევა. არ ვიცი, ვინაა, მაგრამ მანახეთ იმ ქალის ძალიან კარგი ნაცნობი ახალგაზრდა ქალები, თუ გოგონები და მე მკვლელს ამოვიცნობ“, - ამბობდა მისული.

როგორც მისი მონაყოლიდან ირკვეოდა, მკვლელობის დღეს, მან გარდაცვლილი, ვიღაც ახალგაზრდა მანდილოსანთან ერთად, ტყეში ნახა, მაგრამ ეს ამბავი დაავიწყდა კიდეც, სანამ ტელევიზიით თვალი არ მოკრა კრიმინალურ ქრონიკას, რომელშიც გარდაცვლილ ქალზე საუბრობდნენ და სწორედ ის ქალი ამოიცნო. ლოგიკურად იმსჯელა და მიხვდა, რომ სწორედ მკვლელსა და მსხვერპლს გადააწყდა იმ დღეს, მაგრამ მაინც დაელოდა და როგორც თავად ამბობდა, გამოძიებას აცადა...

სამართალდამცავებმა განყოფილებაში მამა-შვილი დაიბარეს, სურდათ, ოქროს მოწმისთვის ორივეს მოესმინა და ეგებ, ქალის აღწერილობით მიმხვდარიყვნენ, ვისზე იყო საუბარი. როგორც კი მამა-შვილი ოთახში შევიდა, მოწმემ გაოცებისგან პირი დააღო, მერე კი გამომძიებელს მიუბრუნდა და ტაში დაუკრა - „არ მეგონა, თუ პირველივე ცდიდან გაარტყამდით, მკვლელი სწორედ ეს გოგონაა“... ყველამ პირი დააღო, მაგრამ ორიოდ საათში, ექსპერტიზამ დაადასტურა - წებოვან ლენტზე, სწორედ გარდაცვლილის გერის ბიოლოგიური კვალი იყო.

„მე მოკვლა არ მინდოდა, დასჯა მინდოდა და დასჯა იმისთვის, რაც მან გააკეთა. მას შემდეგ, რაც სახლიდან დედა გაიქცა, მამამ მთელი თავისუფალი დრო მე დამითმო ანუ ის, რაც ასე მაკლდა. სულ ერთად ვიყავით, მერე კი ეს გამოჩნდა და ყველაფერი აირია. მამას საერთოდ აღარ ვახსოვდი, მეტიც, მეუბნებოდა, ეგებ, სადმე ერთოთახიანი გიყიდო, ცალკე რომ იცხოვრო, უკვე ისეთ ასაკში ხარ, მეტი თავისუფლება გინდაო. არადა, მე მშობლები მჭირდებოდა, ის კი სახლიდან მაგდებდა. არ მეგონა, თუ მოკვდებოდა, მინდოდა, ამ ნაბიჯით მამისთვის თვალი ამეხილა“, - ტიროდა გოგონა, რომელსაც სასამართლომ გაუფრთხილებელი მკვლელობისთვის 6 წელი მიუსაჯა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე