როგორ კეთდება ფული ტყეების გაჩეხვაში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შოვის ტრაგედია კიდევ კარგა ხანს არ მოშუშდება. მეწყერმა ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და ვაი, რომ მათ შორის ბევრი ბავშვია. სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე ბევრი ისაუბრეს, კიდევ უფრო მეტი წინ გველოდება, მაგრამ ის, რომ საქართველოში მეწყრული ზონები მომრავლდა, ტყეების გაჩეხვის ბრალი გვგგონია. არ ვამბობთ, რომ შოვის ტრაგედიაც ამან გამოიწვია, მაგრამ ტყეების რაოდენობა ყოველწლიურად რომ იკლებს, ფაქტია. ეს განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებზე ითქმის, სვანეთსა და რაჭაში, ყოველდღიურად, ათობით და ასობით ხე იჭრება და ეს იცის ყველამ, მოსახლეობიდან დაწყებული, ადგილობრივი თვითმმართველობით დამთავრებული, თუმცა არავინ რეაგირებს. დანაშაულს, რომელსაც ახლა გიამბობთ, შესაძლოა, საქართველოში ანალოგი არც კი აქვს, რადგან სამართალდამცავებმა ზუსტად იცოდნენ, ვინ რას აკეთებდა, მაგრამ დამნაშავეები მათ კანონის ძალით ესაუბრებოდნენ და სწორედ კანონის გამო, ძალოვნები ეჭვმიტანილთა დაკავებას ვერ ახერხებდნენ.

 

თითქოს, ყველაფერი ძალიან მარტივად დაიწყო - მოქალაქემ გარემოს დაცვის ცხელ ხაზზე დარეკა, ტყის შუაგულში მოტიტვლებული ადგილი ვნახე, ადრე გაუვალი ტყე იყო და ეგებ, რამე ზომები მიიღოთო. ადგილზე გარემოს დაცვის წარმომადგენლები გამოცხადდნენ და დარწმუნდნენ, რომ ტყე მართლაც გაჩეხილი იყო. შემოგარენის დათვალიერების შემდეგ, ანალოგიური ტყე-კაფი რამდენიმე ადგილზე კიდევ ნახეს. გამოდიოდა, რომ ვიღაც საგულდაგულოდ მუშაობდა და ტყიდან მასალას ეზიდებოდა. მოჭრილი იყო  წიფლისა და ცაცხვის ასწლოვანი ხეები. გარემოს დაცვის ადგილობრივი თანამშრომლები დაიბარეს და ლამის ტყავი გააძრეს, გინდათ თუ არა, დამნაშავეები იპოვეთო. რეინჯერებმა თავი დახარეს, ისეთ სიღრმეში არ შევდივართ, რადგან წარმოუდგენელი გვგგონია იმ ტერიტორიიდან ხე-ტყის გამოტანა, სამანქანო გზა 4-5 კილომეტრზეა და ხელით ამხელა მორებს ვინ ათრევს, ტყეში კიდევ სახერხი არ არისო. მიუხედავად ამისა, პატრულირება გაძლიერდა და შედეგი ორი დღის შემდეგ დადგა - რეინჯერები სამ ადამიანს მაშინ წაადგნენ თავს, როცა მათ წიფლის ხე წამოაქციეს. ყველაზე საინტერესოც აქ დაიწყო - კანონის მიხედვით, ერთი ხის მოჭრის გამო, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დგებოდა, მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა იყო, რაც გამოწერეს და შინ დამშვიდებულები წავიდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, იგივე ხალხი, იგივე ეგერებმა დააკავეს, ისევ წიფლის მოჭრაზე, მაგრამ ამჯერადაც, ის ოდენობა არ იყო, საქმე აღეძრათ და კვლავ ჯარიმით შემოიფარგლნენ. ასე გაგრძელდა ლამის ორი თვე.

„ტყის უკანონოდ მჭრელებმა გამოსავალი იპოვეს. ისინი ჭრიან და ეზიდებიან ზუსტად იმ ოდენობას, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. როცა მოჭრილ ხეს დააბინავებენ, შემდეგ ჭრიან ახალს და ასე გრძელდება 24-საათიან რეჟიმში. მთლიანობაში, მუშაობს 15-კაციანი ბრიგადა და კანონის გამო, მოკლებულნი ვართ, სხვა რეაგირება მოვახდინოთ. აუცილებელია, საკანონმდებლო ორგანომ კანონში ცვლილება შეიტანოს“, - ეწერა პატაკში, რომელიც რეგიონის გარემოს დაცვის უფროსმა სამინისტროს მისწერა.

მართლაც, უცნაური რამ ხდებოდა - თუ რეინჯერები მოახერხებდნენ და ტყის უკანონოდ მჭრელებს დააკავებდნენ, ჯარიმას უწერდნენ, თუ არა და გაჰქონდათ დღეში რამდენჯერმე მოჭრილი ხეები და ჰყიდდნენ. როგორც ხდება ხოლმე, რეგიონის უფროსის წერილი გადაიკითხეს და თაროზე შემოდეს. პარლამენტისთვის მიმართვა არავის უფიქრია და ეს არც მაშინ მომხდარა, როცა იგივე პროცესი უკვე სხვა რეგიონში დაიწყო და რაც მთავარია, იქაც პროცესს სწორედ ის პირი აკონტროლებდა, რომელიც სხვა რეგიონში. ვინ იყო ყველაფრის ორგანიზატორი? ძველი კრიმინალი, შემდეგ ბიზნესში წასული ადამიანი, რომელიც კრიმინალურ მიდგომებზე უარს არც ამჯერად ამბობდა და იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავები ბევრს ცდილობდნენ, მუშები აელაპარაკებინათ და ორგანიზატორის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე დაეთანხმებინათ, ყველა უარს ამბობდა, აქაოდა, მერე თქვენ ვერ გვიშველით, მოგვკლავენო.

პრობლემა მხოლოდ ხეების მოჭრა და გატანა კი არ იყო, არამედ, ამ ხეებისგან მიღებული ფიცრების გასაღებაც. როგორ და რა გზებით გაჰქონდათ ფიცრები, თავიდან ვერავინ ხვდებოდა, მერე კი გაარკვიეს, რომ დიდ ნაწილს მდინარეზე აცურებდნენ და უკან რეზინის ნავებით მიჰყვებოდნენ, რათა სადმე გაჭედილი ფიცრები გაეთავისუფლებინათ. სველი ფიცარი უკვე ახლომდებარე რაიონში მიჰქონდათ, სპეციალურ საშრობებში აშრობდნენ, იქიდან კი საბუთსაც წერდნენ და ძირითადად, აზიაში (ირანი, ჩინეთი) ჰყიდდნენ. პოლიცია საკუთარ უსუსურობას ვერ ეგუებოდა, მაგრამ ვერც კანონს არღვევდა. ტყეები კი იჩეხებოდა და მოსახლეობა ხელს, სწორედ სამართალდამცავებისკენ იშვერდა, აქაოდა, თქვენ „კრიშავთ“, თორემ აქამდე რატომ არ დაიჭირეთო. არადა, „კრიშა“ კი არა, ყელში ძვალივით ჰქონდათ გაჩხერილი ცალკე - პოლიციას და ცალკე - გარემოს დაცვას ტყის მჭრელების საქმე და ვერაფერს ახერხებდნენ. კანონმდებლობა კი აგვიანებდა და აგვიანებდა იმის მიუხედავად, რომ უკვე მეორე რეგიონის უფროსმა დაწერა, კანონია შესაცვლელი, თორემ ტყეების ნაცვლად, მინდვრები დაგვრჩებაო.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს განუკითხაობა სამ წელზე მეტხანს გაგრძელდა და ამ ხნის განავლობაში, მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმების ხარჯზე, კონკრეტულმა ჯგუფმა, ორ რეგიონში, 8 ჰექტარზე მეტი ტყე გაჩეხა და გაჩეხა ასწლოვანი ხეები, ისეთები, რომლებსაც უნდა მოფრთხილებოდნენ. კანონის შეცვლაზე მუშაობა ნელა მიდიოდა (თუმცა, მიდიოდა) და თითქოს, კანონმდებლები კატასტროფის მასშტაბებს ვერ ხვდებოდნენ. იმასაც ამბობდნენ, სწორედ საკანონმდებლო ორგანოდან „კრიშავენ“ კონკრეტულ პიროვნებებსო, მაგრამ ეს ინფორმაცია მაშინ არ დადასტურდა. ჰო, მაშინ, რადგან ახლა... ამაზე, ქვემოთ.

საქმე გამოცდილ გამომძიებელს ჩააბარეს და მან მიდგომა შეცვალა. საერთოდ აუკრძალა გარემოს დაცვის თანამშრომლებსაც და პოლიციელებსაც ტყის მჭრელების დევნა, ნებაზე მიუშვა და მხოლოდ პროცესის შორიდან დაკვირვება დაავალა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გამომძიებელმა ორ ოპერ-მუშაკს სპეც-დავალება მისცა. ისინი სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილები დადიოდნენ ტყეში ხან - სოკოზე, ხან - სანადიროდ, ხან - საქეიფოდ და ყველაფერს აკვირდებოდნენ, ითვლიდნენ, იწერდნენ. ჰო, იწერდნენ და სპეცოპერაციის დროც მოვიდა. სამართალდამცავების მხრიდან უყურადღებობით გათამამებულმა მჭრელებმა, გადაწყვიტეს, ერთი ტრაილერი ბოლომდე დაეტვირთათ და ადგილამდე ისე მიეტანათ. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გზად არავინ გააჩერებდა, რადგან რამდენიმე თვე იყო, არავინ გამოჩენილა. სპეცოპერაცია უხმაუროდ ჩატარდა და პირველ ეტაპზე, შვიდი კაცი დააკავეს, შემდეგ - ათი და ყველა მათგანზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ცუდი ის იყო, ციხის შიშითაც კი, არაცეთი დაკავებული საქმის ორგანიზატორს ხელს არ ადებდა.

საბოლოო ჯამში, სასამართლოს წინაშე, სწორედ 17 ბრალდებული წარსდგა და ერთის გარდა, ყველა მათგანს რეალური სასჯელი მიესაჯა, ორგანიზატორმა კი საქმიანობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა - როგორც იქნა, კანონში ცვლილება შევიდა. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას ანუ ის, რაც ზემოთ ვახსენეთ.

სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად, ტყის კონკრეტული მასივის გაჩეხვაზე ტენდერი ცხადდება. რა თქმა უნდა, ტენდერის პირობებში წერია, რომ ტყეს რეალურად სანიტარული გასუფთავება უნდა ჩაუტარდეს, ტყიდან დამპალი და გამხმარი ხეები უნდა გაიტანონ, მაგრამ მერე ისე ხდება, რომ ტენდერზე გატანილი ტყის ნაწილი მთლიანად „ხმელი და დამპალი“ აღმოჩნდება ხოლმე და იმ ადგილზე მინდორი ჩნდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვალდებულება აქვს, ახალი ხეები დარგოს და რგავენ კიდეც, მაგრამ იმავე ტენდერის პირობებში, ახლად დარგული ხეების მოვლა-პატრონობაც მითითებულია, მაგრამ არავინ პატრონობს და დარგული ნერგების 80%-ზე მეტი ხმება. ჰოდა, კონკრეტული რეგიონის მოსახლეობა ხელს საკანონმდებლო ორგანოს წევრისკენ იშვერს, აქაოდა, მისი დეიდაშვილი იგებს ტენდერებს და მთები, სადაც ადრე გაუვალი ტყეები იყო, ალპურ ზონას ჰგავს, ერთი ხეც აღარ არის დარჩენილი, მთლიანად „გადაპარსულიაო“. ისიც ზუსტად ვიცით, რომ არაერთმა მოქალაქემ ცხელ ხაზზე დარეკა, იჩივლა, შველა ითხოვა, მაგრამ საბუთებით ყველაფერი წესრიგშია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუშაობს და წერტილი.

ვერ გეტყვით, სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს, მაგრამ ბოლო დროს, მეწყრული უბნები რომ მომრავლდა, ფაქტია და ვერსად გავექცევით. ვერც იმას გავექცევით, რომ კანონის ძალით, ტყეები დღემდე იჭრება და ვინმეს ოფიციალურად რომ უნდოდეს ფიცრის შეძენა, თვეობით უწევს რიგში დგომა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მოუჭრელი ტყეები გაყიდულია და აზიის ქვეყნების წარმომადგენელ ბიზნესმენებს რიგი უდგათ. დავიჯეროთ, ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცის და ვერც ვერავინ, ვერაფერს ხვდება?!

 

 

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე