როგორ მიიყვანა გერმა დედინაცვალი თვითმკვლელობამდე - მისტიკური კრიმინალური ამბავი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სუიციდი, ალბათ, ყველაზე ტრაგიკული შემთხვევაა, როცა ადამიანი სიცოცხლეს ასრულებს. სუიციდამდე მისვლა მარტივი არ არის და ხშირად გაიგონებთ, ასეთი ადამიანები უნებისყოფოები არიანო, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული ძალა მაინც სჭირდება, რომ საკუთარი ნებით დაასრულო ყველაზე ძვირფასი, რაც გაგაჩნია - სიცოცხლე. არა, გეთანხმებით, რომ ბევრისთვის შვილების სიცოცხლე უფრო ძვირფასია, მაგრამ ეს შენია, პირადი და ამაზე დიდი არაფერი გაქვს. სამწუხაროდ, სუიციდი საქართველოში იშვიათი შემთხვევა არაა და ბოლო დროს, აღნიშნული ფაქტი ლუდომანებში მომრავლდა. აზარტულ თამაშებს აყოლილი და ყველას ვალებში ახლართული პირები თვითმკვლელობამდე ხშირად მიდიან. ასეთ დროს, სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იღძვრება და იშვიათად, ვინმე რომ დააკავონ. ყველას თავისი ტრაგიკული ისტორია აქვს, რომელიც ერთმანეთს არასდროს ჰგავს.

ხუთიოდე წლის წინ, დასავლეთ საქართველოში, ერთი შეხედვით, ბანალური შემთხვევა მოხდა - 45 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, აივანზე ავიდა და გადმოხტა. ამის თვითმხილველი ათამდე ადამიანი იყო, რომლებმაც დაინახეს, როგორ იდგა დაახლოებით 10 წამი ქალი აივანზე, როგორ საუბრობდა მობილურით და შემდეგ როგორ გადმოხტა. რაღა თქმა უნდა, გაჩნდა ვერსია, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში, ვიღაცას განსაკუთრებულ რამეზე ესაუბრებოდა და სწორედ იმ ვიღაცას უნდა სცოდნოდა მიზეზი, რა მოხდა სინამდვილეში. როგორც წესი, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა და  პირველ რიგში, გამომძიებლებმა იმ ტელეფონის ნომრის მფლობელის ვინაობის გარკვევა სცადეს, რომლიდანაც ქალს დაურეკეს. ნომერი გარდაცვლილის მეოღლეზე აღმოჩნდა გაფორმებული, მაგრამ... ქალის მეუღლე, ექვსი თვის წინ, ავარიაში დაიღუპა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი ტელეფონით სხვა სარგებლობდა. გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ წყვილი უშვილო იყო, თუმცა მამაკაცს პირველი ქორწინებიდან 20 წლის ბიჭი ჰყავდა.

„6 წლის ვიყავი, მამა სახლიდან რომ წავიდა. ურთიერთობა თითქმის არ მქონია, იმის მიუხედავად, რომ მამა ცდილობდა ჩემთან სიახლოვეს, ამის უფლებას დედა არ მაძლევდა, მეუბნებოდა, რომ მამა ცუდი კაცი იყო და 6 წლის ასაკში, ასეთი რაღაცების დაჯერება მარტივია. მერე და მერე, როდესაც გავიზარდე, მამასთან ურთიერთობა, ასე თუ ისე, დავალაგე, მის მეუღლესაც დავუახლოვდი. ყველაფერ ამას დედისგან მალულად ვაკეთებდი და ახლაც, როცა მამა გარდაიცვალა, დედინაცვალთან ხშირი ურთიერთობა მქონდა, მოვდიოდი, ვცდილობდი, დავხმარებოდი. ამას მეზობლებიც დაადასტურებენ. რაც შეეხება მამას ტელეფონს, ის გასვენების მერე მოვიკითხეთ და ვერ ვიპოვეთ“, - განაცხადა გარდაცვლილის გერმა.

ქალის მეგობრებმა და მეზობლებმაც დაადასტურეს, რომ გარდაცვლილს გერზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. მეტიც, ამბობდა, ნეტავ, ჩემთან გადმოვიდეს საცხოვრებლადო, მაგრამ... მთავარი, რაზე საუბარსაც ყველა ერიდებოდა, გამომძიებლებისთვისაც დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. ქალი ამტკიცებდა, რომ ქმრის მობილური რეალურად კი არ დაიკარგა, არამედ ის ქმარმა საიქიოში წაიღო და იქიდან ურეკავდა. ის დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ქმრის ხმა ესმოდა და რაც მთავარია, მამაკაცი ისეთ დეტალებს იხსენებდა, რომლებიც მხოლოდ მათ იცოდნენ. სამართალდამცავებმა გერის დაკითხვა კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს და მან ყოყმანის შემდეგ დაადასტურა, რომ მამამისი არა მარტო დედინაცვალს, არამედ... მასაც ურეკავდა.

„თავიდან, როცა დედინაცვალმა მითხრა, მამაშენი მირეკავს და მესაუბრებაო, სიგიჟედ ჩავთვალე. აბა, როგორი დასაჯერებელია, რომ გარდაცვლილი საიქიოდან რეკავს. მამის ცხედარი რომ არ მენახა, ვიფიქრებდი, ცოცხალია-მეთქი და როცა არ მჯეროდა, დედინაცვალი მიბრაზდებოდა. შემდეგ კი, ზარი ჩემს ტელეფონზეც გაისმა. ხელის კანკალით ვუპასუხე და მამა მესაუბრა, ისეთი რამ მითხრა, რაც მართლა მარტო ჩვენ ვიცოდით და სხვამ არავინ. ამიტომ დავიჯერე, რომ ის იყო და სწორედ მან მთხოვა, დედინაცვლისთვის ყურადღება მიმექცია. შესაძლოა, ყველაფერი ეს სიგიჟედ გეჩვენებათ, მეც ასე ჩავთვლიდი, თავად რომ არ ვიყო ამ ყველაფრის მოწმე თუ მონაწილე“, - განაცხადა ბიჭმა.

რა თქმა უნდა, გამომძიებლებისთვის ყველაფერი სრული სიგიჟე იყო და ბიჭის მონათხრობი არავინ დაიჯერა, მაგრამ ქალის რამდენიმე მეზობელმა და მეგობარმა იგივე დაადასტურა, ის დარწმუნებული იყო, რომ ქმარს ესაუბრებოდა და ძალიან ბედნიერიც გახლდათო. ადვილი მისახვედრი იყო, რომ ქალის უბედურებით ვიღაც სარგებლობდა, მაგრამ ვინ? სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, მამამ შვილი ბინაში ჩაწერა, ერთადერთი მემკვიდრეც ის ჰყავდა და რაც მთავარია, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ქალმა ანდერძი შეადგინა, რომლის მიხედვითაც ბინას გერს უტოვებდა, აქაოდა, შემთხვევით, ჩემმა რომელიმე ნათესავმა რამე პრეტენზია რომ არ გამოთქვასო. ბიჭმაც იცოდა ამის შესახებ და  ვინაიდან უძრავ ქონებაში (რომელიც საკმაოდ დიდი იყო და ძვირი ღირდა) მოცილე და მოწილე არ ჰყავდა, ქალის სიკვდილში ინტერესი არ უნდა ჰქონოდა.

საქმეში სპეციალისტები ჩაერთვნენ და დაადგინეს, რომ ზარი ტელეფონზე ყოველთვის ერთი და იმავე წერტილიდან ხორციელდებოდა, შემდეგ ტელეფონი ითიშებოდა და მას ან იქვე ტოვებდნენ, ან თან მიჰქონდათ. ბიჭსაც სწორედ იმ წერტილიდან ურეკავდნენ. სამართალდამცავებმა ადგილი დაათვალიერეს და მიხვდნენ, რომ იქაურობა შემთხვევით არ იყო შერჩეული - ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო და შემთხვევით თუ გაივლიდა ვინმე. ქალის სიკვდილის შემდეგ, ტელეფონი აღარ ჩართულა და გამომძიებლებს არც ჰქონდათ იმედი, რომ ჩაირთვებოდა.

პარალელურად, ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა, რომელმაც ქალის სხეულში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული წამლების კვალი აღმოაჩინა. ბიჭმა მხრები აიჩეჩა, არასდროს დამინახავს, დედინაცვალს რამე წამალი მიეღოსო და მეგობრებმაც დაადასტურეს, წამალი არც ჩვენი თანდასწრებით დაულევიაო. რაც მთავარია, აბსოლუტურად ყველა პრეპარატი რეცეპტით იყიდებოდა და მოკვლევის მიუხედავად, ვერ იპოვეს კლინიკა და ექიმი, რომელსაც გარდაცვლილის სახელზე აღნიშნული პრეპარატი ექნებოდა გამოწერილი. გამოდიოდა, რომ მას ვიღაც არალეგალურად ამარაგებდა, მაგრამ რატომ და რისთვის? გამომძიებლებმა ქალის ბინა გაჩხრიკეს და წამლის კვალს ვერ მიაგნეს. წამლის კვალი არ იყო არც ქალის ჩანთაში, არც - ჯიბეებში, არც - ლოგინის გვერდით, ტუმბოზე.

„იქნებ, ქალი საკუთარი ნებით არ იღებდა წამლებს და მას საჭმელში, ან სასმელში ურევდნენ, რათა გონება უფრო დაბინდვოდა და მეტად დაეჯერებინა, რომ საიქიოდან მართლაც ქმარი ურეკავდა?! ასეთ შემთხვევაში, თვითმკვლელობამდე მიყვანაც არ იქნებოდა რთული, რადგან ფსიქოტროპულების ზემოქმედების ქვეშ, ქმარს ტელეფონით რომ „ეთქვა“, ჩემთან წამოდიო, შესაძლოა, ქალი დათანხმებულიყო და გადამხტარიყო“, - ასეთი იყო გამოძიების მორიგი ვერსია და სამართალდამცავებმა... ბიჭის სახლის ჩხრეკა გადაწყვიტეს.

იმას, სადაც ბიჭი ნამდვილ დედასთან ერთად ცხოვრობდა, სახლს ნაკლებად უწოდებდით. ეს უფრო მიწური იყო, უფანჯრო ოთახით, საერთო საპირფარეშოთი და ჩაშავებული კედლებით. ძალოვნებმა ყველაფერი გულდასმით შეისწავლეს და ფსიქოტროპული აბების სამალავსაც მიაგნეს. როცა ბიჭმა დაინახა, რომ პოლიციელებმა აბები იპოვეს, დედას ცრემლიანი თვალებით შეხედა და მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა - მაპატიე! ძალოვნებმა ბიჭი დააკავეს.

„როცა მამამ მიგვატოვა, ახალი ბინა მიღო და იმ ბინაში საყვარელი გადაიყვანა, მე და დედა კი, ამ მიწურში გამოგვკეტა. ყველას იდეალური ეგონა მამაჩემი, რეალურად, ყურადღებას არ გვაქცევდა, ფეხებზე ვეკიდეთ. როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ მოქმედების დრო იყო და ჩემი კუთვნილი უნდა მიმეღო. მამაჩემის სიკვდილი ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა, მინდოდა, იმ ქალს დაშორებოდა და დედაჩემს დაბრუნებოდა. მეგონა, რომ მის საყვარელს შევაბამდი, მაგრამ მისმა სიკვდილმა ყველაფერი არია და შემდეგ ეს გეგმა მოვიფიქრე, ერ-ერთ ფილმში მქონდა ნანახი. მამას წარსულზე ბევრს ვეკითხებოდი, მაინტერესებდა, რა სისუსტეები ჰქონდა მის საყვარელს, ამიტომ ბევრი რამ ვიცოდი და მათ შორის, ინტიმური დეტალებიც. მერე მამას ტელეფონი მოვიპარე, გამოვიყენე და გაგიჟება დავუწყე, თანაც ფსიქოტროპულებს ვახმარდი. საბოლოო ჯამში, შედეგი მივიღე, მინდოდა, ახალ სახლში დედა გადამეყვანა, დედა, რომელმაც სიმწრით გამზარდა და ერთოთახიან ჯურღმულს თავი ვერ დააღწია. რაც შეეხება ზარს, მეგობარს ვთხოვდი, ჩემს ტელეფონს დაგიტოვებ, დავრეკავ და ზარი რომ შემოვა, უბრალოდ უპასუხე-მეთქი. მივდიოდი, ვრეკავდი და მეგობარი პასუხობდა. შემდეგ, 15-20 წუთი, უბრალოდ ჩართული ტელეფონები იდო ერთ ადგილზე, მერე კი უკან ვბრუნდებოდი“, - განაცხადა ბიჭმა.

თვითმკვლელბამდე მიყვანის მუხლით, მას სასამართლომ 6-წლიანი სასჯელი შეუფარდა, ბინა კი... ბინა, როგორც ერთადერთ მემკვიდრეს, ბიჭის ბიოლოგიურ დედას ერგო.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე