შემზარავი ისტორია - როგორ მოიტაცა გავლენიანმა მამამ შვილის გადასარჩენად ობოლი ბიჭი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კრიმინალური ამბავი, რომელსაც ანალოგი არ აქვს

არაერთხელ დაგვიწერია, რომ კომუნისტების დროს, გავლენიან ჩინოვნიკებსა და მათი ოჯახის წევრებს ყველაფრის უფლება ჰქონდათ და ყველაფერში, მართლაც, ყველაფერი იგულისხმებოდა. მათ შეეძლოთ, ჩაეფარცხათ ნებისმიერი საქმე, წვრილმანი ხულიგნობიდან დაწყებული, კაცის მკვლელობით დამთავრებული. მთავარი მხოლოდ ის გახლდათ, რამდენად სჭირდებოდა პარტიულ ნომენკლატურას ესა თუ ის ჩინოვნიკი და რამდენად დიდი თანხა შეჰქონდა კონკრეტულ პირს „შავ სალაროში“, რომელიც ზემდგომებს შორის ნაწილდებოდა და ასე განსაჯეთ, „შემოწირულობის“ ნაწილი მოსკოვშიც კი მიდიოდა - ცენტრალურ ხელმძღვანელობას რაღაცებზე თვალი რომ დაეხუჭა. მარტო ის რად ღირს, რომ ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილი, გალინა ბრეჟნევა, რომელიც ბრილიანტებზე იყო გადარეული, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ნებისმიერ საიუველირო მაღაზიაში შედიოდა, 10 და 15 ათასი მანეთის ღირებულების ოქროულსა და ბრილიანტებს აისხამდა, ფულს არ იხდიდა, მაგრამ თავად ბრეჟნევს ვერავინ ეუბნებოდა, რომ ასეთი ოდენობის თანხა იყო გადასახდელი. ეს ყველაფერი მარტივად ჩამოიწერებოდა ხოლმე, ხოლო ოფიციალურად „ნაყაჩაღარი“, სიმთვრალეში, გალინა ბრეჟნევას შეეძლო, დაქალისთვის ეჩუქებინა, ან საყვარელი მამაკაცისთვის (მათ საკმაოდ ხშირად იცვლიდა) ეფეშქაშა.

 

ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, ანალოგი საქართველოში არ აქვს, თუმცა, როგორც კი ყველაფერი გახმაურდა, იგივე რამ ჩინოვნიკებმა რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და თურქმენეთშიც გააკეთეს. არადა, ყველაფერი ძალიან ბანალურად და თითქოს მარტივად დაიწყო.

ახალგაზრდა გოგო გზაზე გადადიოდა, როცა მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. გოგონა მსუბუქად დაშავდა, ფეხზე მაშინვე წამოდგა და როცა მანქანიდან გადმოსული ახალგაზრდა დაინახა, გადაირია. მძღოლი ფხიზელი აშკარად არ იყო და გოგონას აქეთ დაუწყო ჩხუბი, რას დახტიხარ გზებზე, ვერ ხედავ, მანქანით მოვდივარო. დაზარალებულმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა, მილიციაში გიჩივლებო და თან მანქანის ნომერს დააკვირდა. ამ ყველაფერს ათამდე გამვლელი უყურებდა, მაგრამ ავტომობილის სერიასა და ნომერს რომ შეხედეს, მიახლოება ვერ გაბედეს. „ბლატნოი“ ნომრები მაშინაც მოდაში იყო და სამართებელივით ჭრიდა. თუმცა, გოგონას შორს წასვლა არ ეწერა. როგორც კი მუქარა გაიგონა, ბიჭმა მანქანიდან სამართალდამცავების შეიარაღებაში არსებული ხელკეტი ამოიღო და ახალგაზრდა ქალს უმოწყალოდ გაუსწორდა, შემდეგ კი ისევ ავტომობილში ჩაჯდა და როცა იქაურობას ტოვებდა, წაქცეულ გოგოს ორივე ფეხზე გადაურა. მილიციაში მხოლოდ ერთმა ადამიანმა დარეკა, მანაც ქუჩის ტელეფონიდან, სახლიდან ვერავინ გაბედა და კიდევ გავიმეორებთ, რომ მაშინ 70-იანი წლების მიწურული იყო ანუ პერიოდი, როცა წესით, სოციალისტურ სახელმწიფოს ყველაფერი საუკეთესოდ უნდა ჰქონოდა და მოსახლეობას მსოფლიოში ყველაზე ბედნიერად ეგრძნო თავი.

ძიება დიდხანს არ გაგრძელებულა, ბიჭი დამნაშავედ სცნეს და საქმე სასამართლოს გადასცეს. გოგონა, რომელიც მამით ობოლი გახლდათ, გაოცებულიც კი იყო, გავლენიანი ჩინოვნიკის შვილი ასე მარტივად რომ გაიმეტეს ციხისთვის, მაგრამ სასამართლოზე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - მოსამარლემ ბრალდებული შეურაცხადად სცნო და ფსიქიატრიულში იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა. ეს იმდენად სასაცილო განაჩენი იყო, გოგონამ და დედამისმა გააპროტესტეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. შემდეგი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი აღარ მიიღო, აქაოდა, ექიმების დასკვნა გვაქვს და ამ დასკვნას ვერავინ შეცვლისო. მთელი უბედურება კი ის გახლდათ, რომ შემთხვევის შემდეგ, დაზარლებული ეტლს მიეჯაჭვა და ექიმები ვერ ამბობდნენ, ოდესმე, შეძლებდა თუ არა ისევ გავლას. ისე ჩანდა, რომ ოჯახი განაჩენს შეეგუა, მაგრამ მომხდარიდან სამი თვის თავზე, დაზარალებულსა და მის დედას ნამდვილი შოკი ელოდათ. დედა საღამოს შვილს ეტლით ასეირნებდა, როცა ერთ-ერთი რესტორნიდან სწორედ ის ბიჭი გამოვიდა, რომელიც წესით, ფსიქიატრიულში უნდა ყოფილიყო და ემკურნალა. ბიჭი ისევ მთვრალი გახლდათ, როცა გოგონა დაინახა, დააკვირდა, აშკარად იცნო, შემდეგ კი ქედმაღლურად უთხრა - „აგერ, ჩემი დარიგება გაგითვალისწინებია, შენც ტრანსპორტით დადიხარ და არა ფეხით!“ დედა-შვილი მაშინვე პროკურატურაში წავიდნენ და იმდენი მოახერხეს, საქართველოს მთავარ პროკურორთან მიღებაზე ჩაეწერნენ და შეხვდნენ კიდეც.

პროკურორმა დედა-შვილს გულდასმით მოუსმინა, დახმარებას დაპირდა, შემდეგ კი, პარტიულ ელიტასთან გაარკვია, რამდენად შორს წასვლა შეეძლო და რისი უფლება ჰქონდა. ზემდგომებმა უთხრეს, რომ თუ რაიმეს მოქექავდა, შეეძლო, ბოლომდე წასულიყო, ოღონდ სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ არ უნდა დაეყენებინა ანუ სასამართლო ხელშეუხებელი იყო, მაგრამ თუ არ სრულდებოდა მოსამართლის მითითება, უნდა დასჯილიყო ფსიქიატრიულის ხელმძღვანელობა და ის ადამიანები, რომლებსაც კონტროლი ევალებოდათ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე. პროკურატურა საქმეს შეუდგა. მთავარმა პროკურორმა მოკვლევა პატიოსნებითა და პრინციპულობით გამორჩეულ კადრს დაავალა.

პირველ რიგში, პროკურორი ფსიქიატრიულში მივიდა. იმის მიუხედავად, რომ პროკურორის დანახვაზე ფსიქაიტრიულის მთავარი ექიმი კინაღამ შიშით მოკვდა, თავის დაჭერა მოახერხა და როცა კონკრეტულ პაციენტზე ჰკითხეს, შვებით ამოისუნთქა - რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილება სრულდება და თქვენთვის საინტერესო პიროვნება ადგილზეაო. პროკურორმა მასთან გასაუბრება მოისურვა, მაგრამ უარი უთხრეს, ისეთ მდგომარეობაშია, გამორიცხულია, ადეკვატური პასუხები გაგცეთო. მაშინ, პროკურორმა მისი ნახვა მოისურვა და უპრობლემოდ ანახეს. ფსიქიატრიულის პაციენტის ნახვის შემდეგ, პროკურორმა ზემდგომს შემდეგი უპატაკა - „მე ვნახე ბრალდებული, რომელიც მკურნალობას გადის ფსიქიატრიულ კლინიკაში. ჩემი დაკვირვებით, გამორიცხულია, რამდენიმე დღის წინ, ამ ბიჭს სიარული შეძლებოდა. ის არის ფსიქიატრიულის ნამდვილი პაციენტი და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მას ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება“.

მთავარი პროკურორი გაოცდა - ის წამითაც კი არ უშვებდა აზრს, რომ დედა-შვილმა იცრუა, მაგრამ ასევე დარწმუნებული იყო, რომ არც ხელქვეითი იკადრებდა ტყუილს ანუ დაზარალებულებმა მართლა ნახეს ის ბიჭი და... პროკურორმაც მართლაც ნახა ფსიქიატრიულში, წამლებზე მყოფი ბიჭი, რომელსაც რეალურად, ამ ქვეყანასთან არაფერი აკავშირებდა და თავისი სამყარო ჰქონდა. ერთადერთ ვარიანტად ის რჩებოდა, რომ მშობლებმა გაიგეს დაზარალებულები მთავარ პროკურორამდე რომ მივიდნენ, შვილი წაიყვანეს ფსიქიატრიულში და რამდენიმე დღეში წამლებით ისე გაჭყიპეს, რომ ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს. თუმცა, ეს საერთო სურათში არ ჯდებოდა - მამა ერთადერთ შვილს ყველაფრის უფლებას აძლევდა და ასე უბრალოდ არ გაიმეტებდა.

პროკურატურამ აგენტურული ქსელი აამუშავა და სამ დღეში ზუსტად იცოდნენ, რომ მათთვის საინტერესო ახალგაზრდა მამის მეგობრის სახლში ცხოვრობდა და ფსიქიატრიული დაავადებების არაფერი ეტყობოდა. მეტიც, მასთან ყოველ საღამოს ადიოდნენ მეგობრები და გვარიანი ღრეობაც იმართებოდა. მაშინ, ვინ იყო ბიჭი ფსიქიატრიულიდან? მთავარი პროკურორი, შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, მოქმედებაზე გადავიდა და ფსიქიატრიულში საპროკურორო შემოწმებით შევიდა, ჩინოვნიკის ბიჭი კი დააკავეს. ბიჭები ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ, გაჭრილი ვაშლივით არა, მაგრამ სურათით რომ გენახათ, ამოცნობა აშკარად გაჭირდებოდა. ფსიქიატრიულის ექიმმა ხელები გაასავსავა, მე არაფერი ვიცი, ორი თვის წინ, მამამ და დედამ მოიყვანეს ეს ბიჭი, საბუთებიც მაჩვენეს და თავადაც ხედავთ, რომ აშკარად ჩვენი პაციენტიაო. ახლა, ან მამა უნდა ალაპარაკებულიყო, ან ძალოვნებს უმძიმესი და ხანგრძლივი სამუშაო ელოდათ. ჩინოვნიკმა გარანტია მიიღო, რომ მას არ დაიჭერდნენ, მაგრამ სამსახურიდან გაუშვებდნენ და მისი შვილიც, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, 5 წელზე მეტს არ მიიღებდა.

„ჩემი შვილი არაერთხელ დავიხსენი უსიამოვნო ისტორიიდან, მაგრამ ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანდა. ერთხელ, ქუჩაში ეს ბიჭი დავინახე, ჩემს შვილს ძალიან ჰგავდა, იმდენად, რომ თავიდან შვილი მეგონა. გავიგე ვინ იყო და რას წარმოადგენდა. დედა ზრდიდა, მამა გარდაცვლილი ჰყავდა და მისი მისამართი დავიმახსოვრე. როცა შვილი ყველაზე დიდ უსიამოვნებაში გაეხვა და ციხე რეალურად დაემუქრა, ექიმებთან ჩავაწყვე და ფსიქიკურად დაავადებულის სტატუსი მისცეს. ჩემმა მძღოლმა და მისმა ძმამ ეს ბიჭი მოიპარეს, ნაცნობმა ექიმებმა შესაბამის კონდიციამდე მიიყვანეს და როგორც ჩემი შვილი, ისე ჩავაბარე ფსიქიატრიულში. იმის მიუხედავად, რომ შვილს 6 თვე სახლიდან გამოსვლა ავუკრძალე, არ დამიჯერა და დაზარალებულსაც გადაეყარა. რა უნდა მექნა? ერთადერთი შვილი მყავს და კარგია თუ ცუდი, ჩემი შვილია“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა.

მოპარული ბიჭის დედა მალე იპოვეს. ქალს შვილის დაკარგვაზე განცხადება ჰქონდა დაწერილი და მილიციას ყოველდღე აკითხავდა, ახალი ხომ არაფერია, მაგის გარდა, არავინ მყავსო. საბედნიეროდ, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ბიჭი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. დამნაშავე 5 წლით ციხეში გაისტუმრეს, ჩინოვნიკი კი... მხოლოდ ექვსი თვით დაასვენეს, შემდეგ მეზობელ რესპუბლიკაში, მართალია, ადრინდელზე ნაკლებ, მაგრამ მაინც საკმაოდ გავლენიან თანამდებობაზე დანიშნეს, თუმცა მისთვის ყველაფერმა აზრი მას შემდეგ დაკარგა, რაც პატიმრობის მესამე წელს, მისი შვილი ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე