ცნობილი ბიზნესმენი დის საქმრომ სასიკვდილოდ დაჭრა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დედ-მამიშვილებში ძმებს სხვანაირი ურთიერთობა და სიყვარული აქვთ, დებს - სხვაგვარი და ამბობენ, ყველაზე ძლიერი გრძნობა და-ძმას შორისააო. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ დები ძმებზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და პირიქით - ძმებს და ყოველთვის სუსტ სქესად მიაჩნიათ, ამიტომ ცდილობენ, დაიცვან, განსაკუთრებულად იზრუნონ მასზე...

 

მუხათგვერდში აგარაკების აშენება ახალი დაწყებული იყო, როცა ერთ-ერთმა ახლადგამომცხვარმა, წარმატებულმა ბიზნესმენმა მართლაც ლამაზი სახლი აიშენა  და გადავიდა კიდეც საცხოვრებლად - სუფთა ჰაერია, თბილისურ ხმაურს მოცილებული ვარო. ჰოდა, სწორედ საკუთარ სახლში, როცა სპორტისთვის მოწყობილ პატარა ოთახში ვარჯიშობდა, ესროლეს. სახლიდან რამდენიმე ძვირფასი ნივთი გაქრა. რომ არა მეზობელი, რომლსაც საღამოს, საავადმყოფოში ავტომობილით წასვლა დასჭირდა, უგონოდ მყოფი ბიზნესმენი, ალბათ, სისხლისგან დაიცლებოდა. მეზობელმა რომ დაუძახა და არ გაიხედა, ეზოში შევიდა, სადაც კარი დაკეტილი დახვდა, ფანჯარაში შეიხედა და როგორც კი იატაკზე, სისხლში მცურავი ახალგაზრდა კაცი დაინახა, წამით არ დაფიქრებულა, ფანჯარა შეამტვრია, მამაკაცის უგონო სხეული მისსავე მანქანაში ჩადო და სავადმყოფოსკენ გააქანა. სულზე მიუსწრო - ექიმებმა გადარჩენა კი მოახერხეს, მაგრამ ბიზნესმენი კომაში იყო და ბოლომდე იმის თქმა, ნამდვილად გადარჩებოდა თუ არა, არავის შეეძლო. ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და მთავარ ეჭვმიტანილად... ის მეზობელი გამოცხადდა, რომელმაც დაჭრილი იპოვა.

სამართალდამცავებს საამისო მიზეზიც ჰქონდათ - ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სახლის კარი გასაღებით იყო გაღებული, შიგნიდან კი უკვე მეზობელმა გააღო, როცა ფანჯარა ჩაამტვრია და სახლში შევიდა. ჰოდა, ძიების ვერსიით, მეზობელმა მამაკაცს ესროლა, შემდეგ ნივთები გაიტანა, შემდეგ ფანჯარა ჩაამტვრია და ვითომ სახლში იქიდან მოხვდა. პოლიციის ვერსიით, მეზობელს არ ეგონა, რომ დაჭრილს საავადმყოფომდე ცოცხალს მიიყვანდა, მაგრამ არ გაუმართლა, რადგან ბიზნესმენი გადარჩა. მოკლედ, მეზობელი დააკავეს, ექსპერტიზამ კი დაასკვნა, რომ კაცს კარაბინის ტიპის თოფიდან ესროლეს და რამდენიმე დღეში იმასაც იტყოდნენ, ვის სახელზე იყო კარაბინი გაფორმებული.

ბიზნესმენის ცოლ-შვილი იმ დროს თბილისის ბინაში იყო. თბილისში იყო მისი დაც, რომელსაც ორ კვირაში ქორწილი უნდა ჰქონოდა და საქმროსთან ერთად, საავადმყოფოში ათენებდა. ცოლს ნამდვილი შოკი ჰქონდა, არ იცოდა, რა ექნა, ფიქრობდა, რომ მის ქმარს ბიზნესის გამო დაესხნენ თავს, რადგან მტერი არ ჰყავდა და პოლიციას შვილების დაცვას სთხოვდა. ძალოვნებმა დაცვა იმ პალატასაც დაუყენეს, სადაც დაჭრილი იწვა და ექიმების გარდა, იქ შესვლა ყველას აუკრძალეს, ოჯახის წევრებსაც კი. დაკავებული მეზობლის ბინიდან ვერაფერი ამოიღეს, მის თითებზე კი ექსპერტიზამ დენთის კვალი იპოვა, რამაც ეჭვები უფრო გაამყარა, მაგრამ მამაკაცი ამტკიცებდა, წინა დღეს, ჩემი საკუთარი თოფი გავისროლე, სახლთან  ტურები მოვიდნენ და მეშინოდა, ქათმები არ შეეჭამათო. რა თქმა უნდა, ძიებას ამ ვერსიის არ სჯეროდა და არ სჯეროდა იმიტომ, რომ მეტი ეჭვმიტანილი ფიზიკურად არ ჰყავდა. დაკითხეს ცოლიც:

„ჩემი ქმარი ოჯახზე გადაყოლილი იყო. ყველაზე მეტად, დაზე ნერვიულობდა, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მან გათხოვება გადაწყვიტა. ამბობდა, ყოველდღე რომ ვეღარ დავინახავ, შეიძლება, გავგიჟდეო. განსაკუთრებულად უყვართ ერთმანეთი. სხვაობა 12 წელია, ჩემი ქმრის გაზრდილია და და არის, თუ შვილი, ვერც გაიგებთ, ბავშვივით ექცევა ხოლმე. მტერს რაც შეეხება, ვერ ვიხსენებ, რომ ოდესმე, მინიშნებით მაინც ეთქვას რამე შესაძლო საფრთხეზე. უფრო ქურდობის ვერსია მგონია. მართალია, სულ 2-3 ათასის ნივთებია წაღებული, მაგრამ ვიღაცისთვის ესეც საქმეა, თანაც იმ დღეს ჩემი ქმარი მანდ არ უნდა ყოფილიყო, ბოლო მომენტში თქვა, ავალ, სახლს დავხედავ და დავრჩებიო“.

სულ ეს იყო, რისი თქმაც მეუღლეს შეეძლო.

ოთხი დღის შემდეგ, ექსპერტიზამ დასკვნა დადო და კარაბინის მფლობელის სახელი და გვარიც თქვა. სამართალდამცავები მითითებულ მისამართზე გავიდნენ. კარი ახალგაზრდა კაცმა გააღო, როცა პოლიცია დაინახა, არც აღელდა, არც შეეშინდა, მშვიდად იკითხა, რა ხდებაო, მაგრამ როცა ჰკითხეს, თქვენი კუთვნილი კარაბინი სად არისო, გაეცინა და... ძალოვნებს კარი ცხვირწინ მიუხურა. პოლიციამ ისევ დააკაკუნა, ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა იარაღიც ამოიღო და მამაკაცის გაოცებული სახე რომ დაინახეს, ბინაში შესვლის ნებართვა ითხოვეს.

„თქვენ მართლა ხომ არ გადაირიეთ? ორი კვირის წინ, სანადიროდ ვიყავი, მაქვს ნადირობის უფლება, მაქვს თოფის საბუთი, ყველაფერი მაქვს და ვიღაც იდიოტმა ეგერმა თოფი ჩამომართვა, არასწორად არის საბუთი გაფორმებულიო და ახლა ველოდები, როდის დამიბრუნებენ. ახლა კიდევ თქვენ მოხვედით და იმ თოფზე მეკითხებით, რომელიც ორი კვირაა, გარემოს დაცვის დეპარტამენტში უნდა იყოს“, -უკმაყოფილება არ დამალა ახალგაზრდა კაცმა და თოფის ჩამორთმევის ქვითარიც ანახა, რომელზეც... ეგერის ხელმოწერა არ იყო. ახალგაზრდა კაცმა კეფა მოიფხანა, იმ დღეს ციოდა, მეც როლინგში მქონდა სახე დამალული და იმასაც, შეიძლება ვერც ვიცნო, მაგრამ ოფიციალური ფორმა ეცვა და საბუთიც მანახა, თუმცა არ დავკვირვებივარო.

გამომძიებლები გარემოს დაცვის დეპარტამენტში გაემგზავრნენ და გაარკვიეს, რომ კარაბინი არავის ჩაუბარებია ანუ გამოდიოდა, რომ იმ კაცს არც არავინ წაართვა რამე. ისევ ახალგაზრდასთან დაბრუნდნენ, მისი თითებიდანაც აიღეს სინჯი, სახლიც გაჩხრიკეს, მაგრამ არც სინჯმა აჩვენა დენთის კვალი და ბინაშიც, კარაბინიც ტყვიების გარდა, ვერაფერი იპოვეს. რაც მთავარია, მკვლელობის მცდელობის მომენტისთვის, ახალგაზრდას უტყუარი ალიბი ჰქონდა - სამხატვრო აკადემიაში ნატურის ნაცვლად იდგა 4 საათი და სტუდენტები ხატავდნენ. მთავარ ეჭვმიტანილად ისევ მეზობელი მოიაზრებოდა, თუმცა ექსპერტიზამ საინტერესო რამ თქვა - სახლის კარი, შესაძლოა, არა მთავარი გასაღებით, არამედ „დუბლიკატით“ იყოს გაღებული, ცოტა ნაკაწრები აქვსო. ვის შეიძლებოდა ჰქონოდა გასაღების ასლი? სახლის გასაღები სულ სამი იყო - ერთი - დაჭრილს, მეორე - მეუღლეს, მესამე - დას ჰქოდნა. მეუღლეს „დუბლიკატის“ გაკეთება არ დასჭირდებოდა, ქმრისთვის მკვლელი რომ დაექირავებინა, გასაღებს ათხოვებდა და სანამ პოლიცია რამეს გაიგებდა, გამოართმევდა კიდეც. დას ძმა თან ჰყვებოდა, სიძემაც იცოდა, რომ კარგი სამსახური გარანტირებული ექნებოდა და დისთვის ნაჩუქარ 4-ოთახიან ბინაშიც ლაღად გაშლიდა ფრთებს...

პოლიციის განყოფილებაში კერძო დეტექტივი მივიდა, დაჭრილის სახელი და გვარი ახსენა და შემდეგ თქვა, გამომძიებელთან მსურს საუბარიო. გამომძიებელი კერძო დეტექტივს ბოლო იმედად ჩაებღაუჭა. შინაგანად ისიც გრძნობდა, რომ მეზობელი არაფერ შუაში იყო და ტყუილად ჰყავდა გამოკეტილი.

„დაჭრილმა ბიზნესმენმა ერთი თვის წინ დამიქირავა, ერთი პიროვნებისთვის უნდა მეთვალთვალა. თვალთვალის შედეგად დავადგინე, რომ ეს პირი, ერთდროულად, რამდენიმე ქალს ხვდებოდა, ერთ მათგანზე დაქორწინებას აპირებდა, დანარჩენებს კი ატყუებდა და ბოლოს, ორთან კონფლიქტიც მოუვიდა, ერთ-ერთი შუა ქუჩაში, ღამით, სცემა კიდეც. ერთ ქალთან შვილიც ჰყავდა და გავიგონე, ერთ-ერთი შეხვედრისას როგორ ჰპირდებოდა, ცოლს მოვიყვან, ორ-სამ წელიწადში დავშორდები, მილიონერად დაგიბრუნდებიო“, - განაცხადა დეტექტივმა და მაგიდაზე... დაჭრილი ბიზნესმენის სასიძოს სურათი დადო.

სწორედ ამ დროს, გამომძიებლის კაბინეტში ერთ-ერთი ოპერმუშაკი შემოვარდა და ბოლო ხმაზე იყვირა - გარემოს დაცვის სამინისტროში ეგერად დაჭრილის სასიძო მუშაობსო. ეჭვის შეტანა აღარ შეიძლებოდა, მის დასაკავებლად ოპერჯგუფი მაშინვე გავიდა და... იმ დროს დააკავეს, როცა საავადმყოფოს დერეფანში, დაჭრილის დას ანუგეშებდა, გადარჩება, აბა, რას იზამს, ხომ იცი, მაგარი კაცია, ერთი ტყვია რას დააკლებსო?! როცა მას ბორკილებს ადებდნენ, დაჭრილის და ბოლო ხმაზე კიოდა, ძმა ხომ წამართვეს, ახლა საქმროს რატომ მართმევთო?! სანამ განყოფილებამდე მივიდოდნენ, დაკავებული თითქოს ძალიან გაოცებული იყო, მუდმივად იმას იმეორებდა, სისულელეს აკეთებთ, მაგრამ როცა კერძო დეტექტივის ჩვენება გააცნეს, ცოტა მოტყდა, ხელიდან აღებული სინჯის შემდეგ, დენთის კვალის არსებობაც დადასტურდა და სხვა გზა აღარ იყო - დაკავებულმა კარაბინის ადგილსამყოფელიც დაასახელა.

„მთელი ცხოვრება მინდოდა, ადამიანურად მეცხოვრა, მაგრამ უფულობის გამო, ეს არ გამომდიოდა. მდიდარ ქალს ვეძებდი, თუმცა სიყვარულით ის მიყვარდა, ვისთანაც შვილი მყავს. ეს გოგო ვიპოვე, მეგონა, ყველა პრობლემა მოგვარდა, მაგრამ ერთი კვირის წინ, ჩემმა მომავალმა ცოლის ძმამ დამიბარა და მითხრა, ათ დღეს გაძლევ, ჩემი დის ცხოვრებიდან ისე გაქრი, გული არ ეტკინოს, თორემ შენს ცოლ-შვილს გავაცნობო. მივხვდი, ყველაფერი წყალში მეყრებოდა, ამიტომ მისი მოშორება გადავწყვიტე. გასაღების „დუბლიკატი“ გავაკეთე და მომენტს ველოდი, როცა მუხათგვერდში მარტო ავიდოდა. ეს მომენტიც ჩამივარდა, ვესროლე კიდეც, მაგრამ მკვლელი არ ვარ, მეორე და მესამე აღარ მისვრია. მივხვდი, უდიდესი შეცდომა დავუშვი. რაღაც ნივთები ანგარიშმიუცემლად მოვაგროვე და წამოვედი, ყველაფერი ქურდებს რომ დაბრალებოდათ. რაც შეეხება კარაბინს, შემთხვევით გადავეყარე მონადირეს, შარი მოვდე და, პრაქტკულად, წავართვი, არც გამიფორმებია სამსახურში. მეგონა, ვერ მიპოვიდით, ჩადენილს ვნანობ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არ მომიკლავს“, - განაცხადა სასიძომ.

სასამართლომ დაკავებულს მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ მოპოვება-შენახვა-ტარებისთვის, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბიზნესმენი სიკვდილს გადარჩა, მისი და კი წლების შემდეგ... ძმის იტალიელ პარტნიორს გაჰყვა ცოლად.

 

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე