მკვლელობა თბილისის საავიაციო ქარხანაში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა მოხდა ავღანეთში, რის გამოც ქართველ მებრძოლზე შური იძიეს

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც ისეთი აქვს ჩადენილი, რასაც მხოლოდ საკუთარ თავს უყვება, ან საკუთარ თავთანაც არ აღიარებს და ამ ისტორიის დავიწყებას ცდილობს. წარსულის აჩრდილები ხშირად გვახსენებენ თავს, მათგან გათავისუფლებას ბევრი ცდილობს, მაგრამ ყველას არ გამოსდის...

 

პრაქტიკულად, ყველამ იცის თბილისის საავიაციო ქარხნის შესახებ, მაგრამ შესაძლოა, ძალიან ცოტას თუ გაუგია, რომ ქარხანა 1941 წელს, მას შემდეგ გაიხსნა, რაც ტაგანროგისა და სევასტოპოლის საავიაციო ქარხნები თბილისში იქნა ევაკუირებული. ევაკუაციის შემდეგ, ძალიან მალე, ქარხანამ წარმოებაში გაუშვა პირველი მოიერიშე თვითმფრინავი „ლაგგ-3“. სამამულო ომის პერიოდში, ქარხანა „იაკ-3“ და „ლა-3“-საც აწარმოებდა. ომის დასრულების შემდეგ იყო რეაქტიული მოიერიშე „იაკ-15“, „იაკ-17“ და „იაკ-23“. სავარაუდოდ, ბევრმა ისიც არ იცის, რომ თბილისის საავიაციო ქარხანა ყველაზე მსხვილი მანქანათმშენებელი კომპანიააა კავკასიაში...

მოკლედ, 1986 წელს, თბილისში მოკლეს მამაკაცი, რომელიც მანამდე, სწორედ აღნიშნულ ქარხანაში მუშაობდა. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ობიექტთან ჰქონდათ საქმე, მკვლელობა განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანეს. გაჩნდა ვარაუდი, რომ ქარხნის ყოფილ მუშას, შესაძლოა, რამე ინფორმაცია გამოსტყუეს და ამის შემდეგ „გაასაღეს“. დაიკითხნენ ქარხნის ხელმძღვანელები, გაარკვიეს მიზეზი, რის გამოც ის გაათავისუფლეს, თუმცა საინტერესო ვერაფერი გაიგეს.

„ის დარაჯად მუშაობდა. ავღანეთში მსხაურობდა, დაიჭრა, დაინვალიდდა და ამიტომ, დარაჯად მივიღეთ. თავად ითხოვდა, აქ მინდა მუშაობა, მფრინავი ვიყავი და თვითმფრინავებს ახლოდან მაინც შევხედავ, ამათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო, თუმცა მუდმივად სვამდა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დალევა არ მოიშალა და ამიტომ, ობიექტის სერიოზულობიდან გამომდინარე,  გავათავისუფლეთ. ეს, დაახლოებით, ერთი წლის წინ მოხდა და მას შემდეგ არასდროს გვინახავს. მეტიც, ქარხანაში შესვლის უფლებაც კი არ ჰქონდა, მხოლოდ გარე პერიმეტრს დარაჯობდა და ამიტომ, გამორიცხულია, რამე სცოდნოდა“, - ასეთი იყო ქარხნის ოფიციოზის პოზიცია.

ქარხნიდან წამოსვლის შემდეგ, ის ინვალიდის პენსიით ცხოვრობდა, თუ ამას ცხოვრება ერქვა. ძირითადად, ნასვამ მდგომარეობაში, კორპუსის ეზოში, სკამზე იწვა, ან სახლში, ღია კარში ეძინა და არავის აწუხებდა. მეზობლების თქმით, მასთან ხშირად დადიოდა ჯარის მეგობარი, რომელიც ცდილობდა, როგორმე ალკოჰოლისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. სამართალდამცავებს მეგობრის მოძებნა არ გასჭირვებიათ, თუმცა მან მხრები აიჩეჩა, წარმოდგენა არ მაქვს, ვის შეიძლებოდა მოეკლა, არავის არაფერს უშავებდა, ავღანეთში კი ამის გარდა, იმდენი იბრძვის, ყველას რომ ასე დაერიონ, სად წავალთო. მეტიც, გარდაცვლილი და მისი მეგობარი მფრინავები იყვნენ, ძირითადად, ჯარისკაცები ან ადგილობრივი მოსახლეობა გადაჰყავდათ, მოიერიშეებზე ორ-სამჯერ თუ ისხდნენ და მტრებიც არ უნდა ჰყოლოდათ, თანაც გარდაცვლილი პარაშუტის თოკით იყო გაგუდული, მარყუჟი გაუკეთეს და მოახრჩვეს. დიდ წინააღმდეგობას, ალბათ, ვერ გასწევდა, რადგან ექსპერტიზის დასკვნით, ალკოჰოლის საკმაო დოზა ჰქონდა მიღებული.

ძიებას ხელში, პრაქტიკულად, არაფერი ჰქონდა, ვერც ნათესავებმა, ვერც მეგობრებმა, თუ მეზობლებმა გაიხსენეს თუნდაც ერთი კონფლიქტი, რომლის გამოც შესაძლებელი იქნებოდა მისი მოკვლა, მაგრამ საინტერესო ის გახლდათ, რომ სახლის ჩხრეკის დროს, ბინაში ქალის სამი კაბა და ბლუზა იპოვეს. არადა, გარდაცვლილს არც ცოლი ჰყავდა და მეგობარ ქალზე საუბარი ხომ ზედმეტი იყო. ვის უნდოდა გალოთებული და ინვალიდი კაცი, რომელსაც პენსიის გარდა, შემოსავალი არ ჰქონდა.

ტანსაცმლის მფლობელი ქალი მალე იპოვეს - ერთ-ერთმა მეზობელმა ბებომ „საიდუმლოდ“ თქვა, მაგის ბინიდან, ზედა სართულზე რომ ლამაზი ქალი ცხოვრობს, ის გამოვიდა ერთხელ და მაგას ისეთი ეჭვიანი ქმარი ჰყავს, შეიძლება, სწორედ იმას მოეკლაო. გარდაცვლილის ბინაში ნაპოვნ ქალის ტანისამოსზე თმის რამდენიმე ღერიც აღმოაჩინეს და ექსპერტს არ გასჭირვებია იმის დადასტურება, რომ თმა სწორედ მეზობლის ქალს ეკუთვნოდა. ის დაკითხვაზე დაიბარეს.

„არ ვმალავ, რომ ეჭვიანი ქმარი მყავს და საკმარისია, სახლში ტრანსპორტის ან სხვა რამის გამო, თუნდაც ხუთი წუთი დავაგვიანო, ქმარი სასტიკად მცემს. სადმე ხომ უნდა დავმალულიყავი ხოლმე? ჩვენს მეზობელს კარი მუდმივად ღია ჰქონდა, ამიტომ, იქ ვიმალებოდი და ქმარი ვერ ხვდებოდა. ქმარი კი არა, მეზობელიც ვერ ხვდებოდა, ალბათ, სულ ეძინა და სანამ გაიღვიძებდა, მე მივდიოდი. კაბებიც იმიტომ ჩავიტანე, ხანდახან ქმარი შემომახევდა ხოლმე და გარეთ რამით ხომ უნდა გავსულიყავი? კარადაში გარდაცვლილს არაფერი ჰქონდა, იქ არ იხედებოდა და ამიტომ, ჩემი კაბები ხელუხლებელი მხვდებოდა. იცოდა თუ არა ქმარმა, სადაც ვიმალებოდი? მეზობლის გარდაცვალებამდე, ერთი დღით ადრე გაიგო“, - განაცხადა ქალმა და ასე გაუჩნდა გამოძიებას მთავარი ეჭვმიტანილი - ეჭვიანი ქმარი, რომელსაც მარტივად შეეძლო ეფიქრა, რომ მისი ცოლის საყვარელი, სწორედ ვეტერანი ლოთი იყო. მამაკაცი დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა შუა დაკითხვის დროს ისეთი რამ მოხდა, რამაც ქმარი, უბრალოდ, გაამართლა.

დაკითხვა ნახევარი საათის დაწყებული იყო, როცა მილიციის განყოფილებაში გარდაცვლილის მეგობარი მოვარდა და განაცხადა, სადარბაზოში ჩემი მოკვლა სცადეს, გაგუდვა უნდოდათ, მეზობელმა გამოიხედა შემთხვევით, ის დამეხმარა, თორემ  ახლა მკვდარი ვიქნებოდიო. მასაც პარაშუტის თოკით კლავდნენ და მასაც ზუსტად ისე, როგორც მანამდე - მისი მეგობარი. იმ დროისთვის მთავარი ეჭვმიტანილი დაკითხვაზე იმყოფებოდა, შესაბამისად, თავდასხმას ვერ შეძლებდა და ესეც არ იყოს, ჯარის მეგობრების მკვლელობას ფესვები აუცილებლად შორეულ ავღანეთში უნდა ჰქონოდა, თანაც ჩანდა, რომ სიკვდილს გადარჩენილი ყოფილი ჯარისკაცი გაჩუმებას აღარ აპირებდა.

„ჩემი მეგობარი ბრძოლაში არ დაინვალიდებულა. ჩვენ ადგილობრივი მაცხოვრებლები ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე უნდა გადაგვეყვანა. ორივე უნდა წავსულიყავით და ამ დროს, ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსანი სამხედრო მოგვადგა, მთლად გენერალი არ იყო, მაგრამ გავლენით გენერლებს სჯობდა. მან თვითმფრინავში, მგზავრებთან ერთად, სამი ყუთი ამოიტანა და გვითხრა, იმ ქალაქში რომ ჩახვალთ, ამ ყუთებს ჩემი ხალხი წაიღებსო. მერე, ისე მოხდა, რომ მე გული ამერია, მწვავე მოწამვლა დამიდგინეს და ჩემი მეგობარი მარტო გაფრინდა. ფრენის დროს, ერთ-ერთ მგზავრს მშობიარობა დაეწყო და დანიშნულების ადგილის ნაცვლად, გარდაცვლილმა თვითმფრინავი სხვაგან დასვა. იქ მშობიარეს დახმარება კი აღმოუჩინეს, მაგრამ თვითმფრინავის ბარგიც შეამოწმეს და იარაღი აღმოაჩინეს, არალეგალური იარაღი. ჩემი მეგობარი არაფრის თქმას აპირებდა, თუმცა აწამეს, ისე აწამეს, რომ დაინვალიდდა და თქვა, ვინც აიტანა ტვირთი თვითმფრინავში. მერე რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ის კაცი გაქრა და მას შემდეგ აღარ მინახავს“, - განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა პილოტმა.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში უშიშროების კომიტეტიც იყო ჩართული, საჭირო კაცის სახელისა და გვარის გაგება პრობლემა არ ყოფილა. მეტიც, ისიც გაირკვა, რომ აღნიშნული პიროვნება საქართველოში ორი კვირის წინ ჩამოვიდა და მასზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. მკვლელი მესამე დღეს, სომხეთში დააკავეს და ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს.

„ამ ორი იდიოტის გამო, ცხოვრება დავკარგე. გგონიათ, საბჭოთა ჯარმა დამიჭირა და გამაქრო? არა, იქაურებმა წამიყვანეს, მათ, ვინც უზარმაზარი თანხა გადამიხადეს იარაღის სანაცვლოდ, ამან კიდევ, ვიღაც დედაკაცის გამო, თვითმფრინავი სხვაგან დასვა. ამ ხნის განმავლობაში მონა ვიყავი, ჩვეულებრივი მონა და გაქცევა ახლაღა მოვახერხე, მაგრამ გაქცევის დროს, თვალი დავკარგე. ერთი წელი დამჭირდა მკურნალობისთვის და იმის გასააზრებლად, ვინ უნდა დამესაჯა. გული დამწყდა, მეორე რომ ვერ მოვკალი. ის ბორტზე არ იყო, მაგრამ მგონია, რომ გული ნერვიულობით აერია და თვითმფრინავში რომ ყოფილიყო, სხვაგან დაშვების ნებას არ მისცემდა“, - განაცხადა დაკავებულმა.

ამის მიუხედავად, მისი საქართველოში გასამართლება ვერ მოხერხდა. მოსკოვმა მისი ექსტრადიცია განახორციელა, აქაოდა, მასთან კითხვები ჩვენს უშიშროებასაც აქვს, საერთოდ არ ვიცოდით, თუ ცოცხალი იყო, თორემ სამშობლოს ღალატისთვის, აქამდეც დავაკავებდითო...  

ავტორი: ბათო ჯაფარიძე