ანა ნაცვლიშვილი: „შეთანხმებიდან შერიგებამდე დიდი გზაა“ - რა მოხდა პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კვირის თემა

 თათია გოჩაძე

 საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - შეარიგოს ყველა პოლიტიკური ძალა, რომლებიც დღემდე ერთმანეთთან დაპირისპირებულნი არიან. საყოველთაო შეთანხმების პროცესი 16 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში დაიწყო და ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მიიწვია... სალომე ზურაბიშვილს ესტუმრნენ მმართველი ძალის წარმომადგენლები და ოპოზიცის ნაწილი, რადგან „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „დროამ“, „ევროპულმა საქართველომ“ ზურაბიშვილთან მისვლა საჭიროდ არ ჩათვალეს. საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის აღნიშნულ წამოწყებას მიესალმება... პრეზიდენტის საშობაო მიღებაზე იმყოფებოდა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილიც, რომელსაც „ვერსია“ ესაუბრა:  

 

- ქალბატონო ანა, რა მიზნით ესტუმრეთ პრეზიდენტს და რას გულისხმობს საყოველთაო შეთანხმება?

- პირველ რიგში, ამ საკითხზე საუბრისას ვეთანხმები ტერმინს - „შეთანხმება“ და არა - „შერიგება“, რადგან შეთანხმებიდან შერიგებამდე დიდი გზაა გასავლელი. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ მარტივი არც შეთანხმების მიღწევა იქნება და არ მაქვს მოლოდინი, რომ სწრაფი, იოლად გასავლელი გზა გველის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს საჭიროა, ამიტომ მეც და „ლელოც“ მზად ვართ, ამ პროცესში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

მივედით პრეზიდენტთან მიღებაზე და გახსნილი ვართ ამ პროცესის მიმართ იმიტომ, რომ ყოველდღიურად (რაც საჯაროდ ჩანს ან არ ჩანს), მთელი არსებით მონაწილე ვარ იმ ჩიხური ვითარებისა, რომელიც პოლიტიკასა და ქვეყანაშია. ჩვენი ქვეყანა შევიდა ჩიხში და აქედან გამოსავლის ძიება არა მხოლოდ სასურველია, არამედ, სწორედ ესაა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა. არ ვიცი, როგორ წარიმართება ეს პროცესი, მაგრამ უნდა ვცადოთ, კეთილსინდისიერად, გამჭვირვალედ და ინკლუზიურად, რაც მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი პროცესის წარსამართად.

-  საზოგადოებას აინტერესებს, რა საკითხების შესახებ აპირებთ პოლიტიკური ძალები შეთანხმებას...

- როგორც პრეზიდენტმა დააანონსა, ეს უნდა იყოს ინკლუზიური ფორმატი და ამას მივესალმები. ეს განსაზღვრავს ჩვენს მოტივაციას, რადგან ეს არ უნდა იყოს ვიწრო ჯგუფის გადასაწყვეტი საკითხი, მათ შორის, მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის შეთანხმების თემა. აქ მოიაზრება ფართო საზოგადოებრივი შეთანხმება. პოლიტიკოსებს პერსონალური წყენა თუ გვაქვს ერთმანეთთან, ამხელა პროცესის დაწყება იმის გამო, რომ ვინმე ვინმესთან გაბუტულია, ხომ არასერიოზულად ჟღერს? - ეს არაა განზრახვა. აგიხსნით, რატომ არ მიმაჩნია, რომ ეს პროცესი მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის უნდა წარიმართოს: იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ბევრი მტკივნეული გამოცდილება დაგროვდა და ამის შედეგად, უპირველესად, ამ ქვეყნის მოქალაქეები დაზარალდნენ. ეს ზიანი იყო მორალური, მატერიალური ან ორივე ერთად, ყველაზე დიდი ზიანი კი პერსპექტივის დაკარგვაა. ადამიანებმა ამ ქვეყანაში პერსპექტივა ვეღარ დაინახეს და გაიქცნენ... ასევე, ესაა სტატუსი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა კარგავს ყოველი გაცდენილი დღით, წინ ვერ ვდგამთ ნაბიჯს. არც უფლება აქვთ პოლიტიკოსებს, ერთმანეთს რაიმე აპატიონ, ჩვენ პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ, რა უნდა იყოს მოქმედების წესები - სახელმწიფო რის ირგვლივ შენდება; რა მიზნები აქვს; რა სტატუსი გვინდა ჰქონდეს საქართველოს 21-ე საუკუნეში; საგარეო და ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებს როგორ ვპასუხობთ; მსგავს საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ, თორემ ვინმე თუ ვინმესთან გაბუტულია, მოაგვაროს თავისით...

შერიგება არ იქნება დანაშაულთან, კორუფციასთან, ადამიანის უფლებების დარღვევასთან. არსებობს მტკივნეული გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გაიარა საზოგადოებამ და კონკრეტული დაზარალებულები არსებობენ. ამ ადამიანებს უნდა აღუდგეთ შელახული ღირსება და უფლებები. უნდა მოხდეს ყველაფრის აღიარება, რაც ჩემთვის, ამ პროცესში წამყვანი საკითხია. ამ ხალხის ხმა უნდა იყოს წამყვანი, რადგან მას ეკუთვნის პასუხი.

- იმას გულისხმობთ, რომ გარკვეულმა პარტიებმა ადამიანებს, უბრალოდ, ბოდიში მოუხადონ მიყენებული ზიანისთვის?

- არ ვგულისხმობ, რომ რომელიმე პარტიამ ბოდიში მოიხადოს და ამით ყველაფერი დამთავრდეს. სახელმწიფოს პასუხი აქვს გასაცემი სამართლებრივი მექანიზმებით, დარღვეული უფლებებისთვის კომპენსაცია აქვს გასაცემი და ეს თემები ასე მარტივად ვერ ჩაივლის, რადგან სინამდვილეში, შეთანხმება ვერ შედგება, თუ ვერ შევჯერდებით ფაქტებზე, მათ შეფასებაზე და ადამიანებს არ გაუჩნდებათ სამართლის განცდა წარსულთან მიმართებაში. გუშინ რაც მოხდა, ჩემთვის ესეც წარსულია.

ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩემთვის მოტივაციის წყაროა, ისაა, რომ არა მხოლოდ უნდა გავიაზროთ ასეთი გამოცდილება და დაზარალებულებმა მიიღონ ის, რაც ეკუთვნით, არამედ, უნდა გავიაზროთ, რატომ ხდებოდა ყველაფერი.

ანატომია სისტემური დანაშაულების, პრობლემებისა და გავიაზროთ, როგორ შევქმნათ მექანიზმები, რომ იგივე შეცდომები არ განმეორდეს და მუდმივად არ გვქონდეს განცდა, რომ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ, უკვე მერამდენედ.

- ამ მექანიზმების შექმნის პროცესში რას გულისხმობთ?

- ახალი ველოსიპედი კი არ უნდა გამოვიგონოთ. სახელმწიფო ინსტიტუციებმა ეს წარსულის მტკივნეული გამოცდილება უნდა გააანალიზონ და ისე ავაშენოთ მყარი ინსტიტუციები, რომ ახალი დაზარალებულები აღარ მივიღოთ იმავე ტიპის დანაშაულზე. ეს იქნება რთული და ხანგრძლივი პროცესი და გზადაგზა კონკრეტული შედეგები უნდა გამოჩნდეს.

- პრეზიდენტთან შეხვედრაზე ამის პერსპექტივა დაინახეთ? ხელისუფლება და ოპოზიცია შეძლებთ ერთ მაგიდასთან საუბარს?

- მესმის და რა თქმა უნდა, ეს კითხვა არსებობს, რის მიღმაც საზოგადოებაში სკეპტიკური განწყობებია, რომელსაც აქვს არსებობის უფლება, თუმცა ვიტყოდი, რომ ერთი შეხვედრით, ვერც კი-ს გეტყვით და ვერც არა-ს. პრეზიდენტის სურვილი და მზაობა ნამდვილად დავინახე, თუმცა ეს კონკრეტულ ნაბიჯებში დროულად უნდა გადაიზარდოს.

ძალიან მძიმე საკითხებს უნდა შევეჭიდოთ და ერთი-ორი შეხვედრა ამას ვერ შეცვლის. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს პროცესი დაიძრას და გადაიდგა პირველი ნაბიჯი. იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ, რომ ექსტრაორდინალური გამოსავალი გვჭირდება, თორემ ნორმალურ ვითარებაში, ასეთი რამ არ არის ხოლმე საჭირო.

მესმის, დღეს ბევრ ადამიანს არ სჯერა ამ პროცესის, რაც ლოგიკურია, რადგან იმდენად დაპირისპირებული და გათიშული ვართ ერთმანეთისგან... ასეთი დაქსაქსულები რომ ვართ და ასე წარმოუდგენელი რომ არის გაერთიანება, ამიტომ გვჭირდება ეს პროცესი, თორემ გერმანელებსა და ბელგიელებს ეს სულაც არ სჭირდებათ...

- მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოპოზიცია არაა ერთიანი ამ სულისკვეთებაში, ენმ, დროა, ევროპული საქართველო არ მივიდნენ პრეზიდენტის მოწვევაზე. როგორ აფასებთ, ოპოზიცია ამ საკითხში თამაშის წესებზე ვერ თანხმდება?

- რაც შეეხება სხვა პარტიებს, ვერ დაგეთანხმებით, რომ იდეის მიმართ დახურული პოზიცია აქვთ, პირიქით... სხვათა შორის, პრეზიდენტმაც თქვა და ეს მნიშვნელოვანი პასაჟი იყო - თუ ვინმემ მოსვლა არ ჩათვალა საჭიროდ, ჩემი კარი მათთვის არ იხურებაო. ელენე ხოშტარიას პოზიციაც ვნახეთ და მას აქვს ინტერესი ამ პროცესში ჩართულობაზე.

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ვფიქრობ, მესამე პრეზიდენტის დამოკიდებულება იყო იმაზე მეტად ადეკვატური, ვიდრე ზოგი, გარეთ მყოფი ადამიანისა და მგონია, რომ სწორად შეაფასა ყველაფერი.

ზოგადად, თუ ეს პროცესი სწორად წარიმართება, მასში ჩართვის მზაობა და სურვილი გაფართოვდება. არ მაქვს მოლოდინი, რომ მარტივი იქნება და ყველა სიხარულით შეხვდება ამ პროცესის ყველა ასპექტს, მაგრამ ამაშია სწორედ გამოსავალი.

აქვე, აღვნიშნავ, რომ „ტრადიციული სამართალი“ ჩემთვის მეცნიერული კვლევის საგანია. დისერტაცია ამ თემაზე მაქვს დაწერილი და არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ, მეცნიერულადაც ვიცნობ ამ დარგს, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებებიც ვიცი. ამ პროცესში ნესბისმიერი მხარე, რომელიც ვერთვებით, მზად უნდა ვიყოთ, რომ რაღაცები, რაზეც გვქონდა გარკვეული წარმოდგენა, შეიძლება შევცვალოთ ანუ კომპრომისებზე და შეთანხმებებზე ვიაროთ. შეიძლება მოგვიწიოს საკუთარი სასტარტო პოზიციების გადახედვა, მაგალითად, საქართველოს ისტორიის რომელიმე ფაქტთან დაკავშირებით, თორემ ყველამ თუ ის თქვა, მე ასე მჯერა და პოზიციას არ შევიცვლიო, მაშინ ეს პროცესი არ გამოვა. არის საზოგადოებები, სადაც შეთანხმებებს მიაღწიეს გარკვეულ საკითხებზე და ასევე, შეთანხმდნენ იმაზე, რომ რაღაცებზე ვერ თანხმდებოდნენ. პირობითად, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ვთანხმდებით, რომ ჯერჯერობით, ვერ ვთანხმდებით. ესეც კი წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე დაუსრულებელი კამათი რაღაცებზე, რომელიც გვაკარგვინებს ენერგიას, რასაც სინამდვილეში, ქვეყნის შენებას უნდა ვახმარდეთ, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.