უერთდება თუ არა ოპოზიცია 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას - პარტიების პოზიცია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვალ, 21 დეკემბერს, 18:00 საათზე რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერი აქცია იმართება, რომლის შესახებაც ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ანონსი ფეისბუქგვერდზე განათავსა. „ვერსია“ დაინტერესდა, უერთდება თუ არა ოპოზიცია აღნიშნულ აქციას, რისთვისაც პოლიტიკურ პარტიებს დავუკავშირდით...

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია 21 დეკემბრის აქციაზე არ მიდის:

„როდის ყოფილა აქამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას ვუერთდებოდი?! შესაბამისად, არც ახლა ვაპირებ და გამონაკლისს არ ვუშვებთ. თუმცა, წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კოლეგებს“.

„ლეიბორისტული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ქუმსიშვილის პოზიცია კი ასეთია:

„არ ვუერთდებით, ზოგადად, მოთხოვნების  მიმართ სოლიდარულები ვართ და მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პატიმრობა არის, რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება, მაგრამ აქციაში არ ვმონაწილეობთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ აქციის ორგანიზატორები არ ვართ და შესაბამისად, აქციის პროცესებსაც არ ვმართავთ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ოპოზიციაც კონკრეტულ სამოქმედო გეგმებს გვთავაზობს. რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ გარკვეული წარმატებები იქნეს მიღწეული, ამას არ ითვალისწინებს ოპოზიცია. ამისთვის საჭიროა, რომ პარლამენტის და საკრებულოს ბოიკოტირება იყოს და არ გაპრავდეს გაყალბებული არჩევნები - ამას არ ითვალისწინებენ და შესაბამისად, ჩვენ თავს ვიკავებთ აქციაზე მისვლისგან. თუმცა მოთხოვნაში სოლიდარულები ვართ“.

„ვერსია“ ასევე დაუკავშირდა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ პრესცენტრს, რათა გაგვეგო უერთდებოდა თუ არა ზურაბ ჯაფარიძის პარტია მიხეილ სააკაშვილის მხადასაჭერ აქციას. პრესცენტრში განგვიმარტეს, რომ არ უერთდებიან აქციას, თუმცა მიზეზის დასახელებისგან თავი შეიკავეს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრა, ლელა ქებურიამ „ვერსიასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ აქციას არ უერთდებიან:

 „აქციას არ ვუერთდებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია“

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:

„პარტიული არ არის ეს ღონისძიება, როგორც ვიცი. პარტიებს არ ეპატიჟება არავინ , ინდივიდუალურად ვისაც უნდა მივა აქციაზე . ეს არის აქცია, რომელსაც მართავს ჩვეულებრივად საზოგადოება, ვისაც უნდა მივა, ვისაც უნდა არ მივა“