ვინ იყო სინამდვილეში დარია დუგინა და რა ავი ზრახვები აქვს ალექსანდრ დუგინს საქართველოს მიმართ

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ქართველი პუტინელების ფარისევლობა

 ავტორი: ნინო დოლიძე

 ქართველი პუტინელები დიდმა კაეშანმა მოიცვა - პუტინის მავარი პროპაგანდისტის, ქართველთმოძულე და რუსული ფაშისტური იდეების „პატრიარქის“, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარიას აფეთქების გამო, ჩვენებური რუსეთუმეები ცრემლებს ღვრიან და გაიძახიან, მამის გამო, შვილები პასუხს არ უნდა აგებდნენო. ისე, დარიას პასუხი მამის ცოდვებისთვის არ უგია ანუ თავად გარდაცვლილიც, როგორც ცნობილია, პირწავარდნილი ფაშისტი იყო, თუმცა ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ. ახლა, რაც შეეხება ისევ ქართველი პუტინისტების ტრაურს, თქვე მამაცხონებულებო, დუგინის იდეებით ნაკვებმა პუტინმა უკრაინაში, ლამის, ოთხასი უდანაშაულო ბავშვი რომ გამოასალმა სიცოცხლეს, ამის გამო, ცრემლი ყასიდად მაინც რატომ არ დაღვარეთ? რა, ქრისტე მხოლოდ დუგინას გარდაცვალების დროს გაგახსენდათ? მოდით, პირდაპირ გეტყვით და არ გეწყინოთ: თქვენი ეს ვიშ-ვიში, ტიპური ფარისევლობაა და მეტი არაფერი!

 ზოგადად, ვინმეს სიკვდილი ძალიან ცუდია. ასევე, ძალიან ცუდი და დიდი ბოროტებაა ტერაქტი, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რასაც ადამიანი დასთესს, იმასვე მოიმკის ანუ მამა-შვილი დუგინი ბოროტებასა და ღვარძლს თესდა და შედეგიც ასეთივე ღვარძლიანი და ბოროტი დადგა. ახლა, ვიღაცები გამოხტებიან და დაიწყებენ, მარია ბავშვი იყო (30 წლის) და რა ბოროტებას თესდაო. რას და, აი, ამას:

დარია დუგინა (პლატონოვა) დაიბადა მოსკოვში, 1992 წლის 15 დეკემბერს. 2015 წელს, დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და იქვე ჩააბარა ასპირანტურაში. სწავლის დასრულების შემდეგ, დარია დუგინა ცდილობდა, გაეგრძელებინა მამის საქმე და ხშირად კითხულობდა ლექციებს.

დარია დუგინა იზიარებდა მამის იდეებს და, გარდა ამისა, ახლოს იყო ევროპის მემარჯვენე პარტიების, განსაკუთრებით მარინ ლე პენის პარტიის მხარდამჭერებთან.

2021 წელს მიცემულ ერთ-ერთი ინტერვიუში, დარია დუგინამ მამის შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

„დიდი პატივია, ვიყო ასეთი ადამიანის შვილი. ღირსეულად ვატარებ ამ პატივს, ვამაყობ მისით და ცდას არ ვაკლებ, გავაგრძელო, როგორც მისი იდეები, ასევე, ბრძოლა ბოროტებასთან.

დარია დუგინა იყო ალექსანდრ დუგინის მიერ დაფუძნებული „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ პოლიტიკური მიმომხილველი.

პოლიტიკური მეცნიერებისა და ფილოსოფიის გარდა, დარია დუგინა ჟურნალისტიკითაც იყო დაკავებული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იგი უძღვებოდა გადაცემას სერგეი მარდანთან ერთად, რადიო „კომსომოლსკაია პრავდაში“.

დარია დუგინა (პლატონოვა) ცნობილი იყო, როგორც ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტიკური სატელევიზიო გადაცემების მონაწილე. ხშირად გამოდიოდა, როგორც ექსპერტი საფრანგეთის პოლიტიკის საკითხებში.

მისი კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის იდეების გავლენის შესწავლა ანტიკურ სამყაროზე. არაა გამორიცხული, რომ პლატონის იდეებისა და მისი პიროვნებისადმი განსაკუთრებულმა გატაცებამ უბიძგა დუგინას სოციალური ქსელებისთვის აეღო ფსევდონიმი პლატონოვა.

დარია დუგინა ცნობილი იყო, ასევე, უკრაინაში, ე.წ. რუსული სპეცოპერაციის აქტიური მხარდაჭერით. პირადად იცნობდა ე.წ. დონბასის სახალხო ლაშქრის მებრძოლებს.

2022 წლის ივლისში, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დარია დუგინას (პლატონოვას) სანქციები დაუწესა უკრაინაში კონფლიქტის შესახებ „დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“, - ვკითხულობთ ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება თავად უფროს დუგინს ანუ ალექსანდრს, რომელიც თანამედროვე რუსული ფაშიზმის მთავარი ფუძემდებელია, ყველაფერს  თავი რომ დავანებოთ, დუგინი ქართველთმოძულეობითაა ცნობილი და ამას მის მიერ, არცთუ დიდი ხნის წინ, „ალტ ინფოს“ ეთერში გაკეთებული განცხადებაც ცხადჰყოფს, რომლის თანახმადაც, 2008-ში, ის რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ ტანკები თბილისში შეეყვანა:

„როდესაც მე გამოვდიოდი წინადადებით, ტანკები შეგვეყვანა თბილისში, ეს არავითარ შემთხვევაში არ იყო მიმართული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. თუ რუსული ტანკები შევიდოდნენ თბილისში, ჩემი აზრით, სიტუაცია დღევანდელისგან ბევრად განსხვავებული არ იქნებოდა. დღეს საქართველო უფრო ნეიტრალურია. დიახ, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნატო-ს, ეს არის სასტიკი ბრძოლა გადარჩენისათვის, თუმცა არ ღირს რუსული ოკუპაციის დემონიზება... სინამდვილეში, საქართველოს დანაწევრების იდეა არასოდეს არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში. სხვა საქმეა, რომ იმისთვის, რათა საქართველო ერთიანი იყოს, მინიმუმ, ნეიტრალური უნდა იყოს. იგივე პრინციპი მოქმედებს უკრაინასთან დაკავშირებითაც.

სხვათა შორის, ინტერნეტმედიაში უკვე გაჩნდა ვერსია, რომ დუგინის ქალიშვილის აფეთქება, რომელზეც პასუხისმგებლობა „რუსეთის რესპუბლიკურმა პარტიამ“ აიღო, ოფიციალურმა მოსკოვმა კი ხელი კიევისკენ გაიშვირა, თავად რუსული სპეცსამსახურების მოწყობილია. კერძოდ, სახელდება „ეფ ეს ბე“. ეს ვერსია ფაქტებით არ არის გამყარებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, სავსებით დასაშვებია, რომ პუტინმა ახალი თამაში დაიწყო და დუგინა სასიკვდილოდაც ამიტომ გაწირა.

ასეა თუ ისე, დუგინას მკვლელობა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, რუსეთში, შესაძლოა, ახალი პროცესების დაწყების საბაბი გახდეს, ან უფრო სწორად, ეს პროცესები, შესაძლოა, უკვე დაიწყო.

და ბოლოს, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ნებისმიერი ტერაქტი და მკვლელობა დასაგმობია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულაც არ არის რელევანტური, რომ ზემოხსენებულ შემთხვევაზე საუბრისას, „ვეფხისა და მოყმის“ ბალადა გავიხსენოთ. სჯობს, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ცრუ მწუხარებასა და ნიანგის ცრემლების ღვრასაც თავი დავანებოთ!

ისე, ქართველო პუტინელებო, გულწრფელად თქვით: მოგეწონათ, „ალტ ინფოს“ ზურაბ მახარაძემ დუგინს სამძიმარი რომ გამოუცხადა? თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ, თქვენც ასე მოიქცეთ, მაგრამ როცა დუგინას გლოვობთ, ის ოთხასამდე უდანაშაულო ბავშვიც გაიხსენეთ, თქვენმა პუტინმა უკრაინაში რომ მოკლა!