სკოლებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სუსი სწავლობს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სოციალურ ქსელში, მათ შორის ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 აპრილს, თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე იგეგმება თავდასხმა.

ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე რუსულ ენაზე ვრცელდება.

"პირდაპირ ვამბობთ, სად წავალთ... ამ სკოლებში ჩავცხრილავთ ბავშვებს. 20-ნი ვართ, პოლიციის არ გვეშინია. ვერ დაგვიჭერენ"...

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უწყება საქმის კურსშია, გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება რამდენიმე ხნის წინ დაიწყო და მიმდინარეობს მუშაობა. "ამ დროისათვის აღმოჩენილი არაფერია", - გვეუბნებიან სუსში.

მათივე განცხადებით, ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღი იქნა აღმოჩენილი, ყალბია.

გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საქმის კურსშია განათლების სამინისტროც: „ამ საკითხზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ“, - გვითხრეს უწყების პრეს-სამსახურში.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია ზოგიერთ სკოლაში სწავლის გაუქმების შესახებ, რასაც ამ დროისათვის, არ ადასტურებს განათლების სამინისტრო.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მშობლებს სკოლების ადმინისტრაციებიდან აფრთხილებენ, რომ 22 აპრილს ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.

სოციალურ ქსელებში ინფორმაცია, რომ 22 აპრილს თბილისის რამდენიმე სკოლაში „ტერორისტული თავდასხმა“ იგეგმება, 21 აპრილს, საღამოს გავრცელდა.

მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ზუსტად სამი თვის წინ გავრცელდა ბათუმშიც.

მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ცრუ შეტყობინებები ეხებოდა ბათუმში, სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებს. არ დაკონკრეტებულა სულ რამდენი შენობა შეამოწმეს.

2024 წლის 21 იანვარს, აჭარის ადგილობრივი მედია იტყობინებოდა, რომ სამართალდამცველები, კინოლოგების ჩართვით, ამოწმებდნენ ბათუმის ყველა დიდ სავაჭრო ცენტრს, „ბათუმი პლაზას“, „ბათუმი მოლს“, „გრანდ მოლს“, „მეტრო სითის“ და „აგროჰაბს“. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ცრუ შეტყობინებები უკავშირდებოდა ბათუმის 5 საჯარო სკოლასაც.

ბათუმელები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ - პანიკის გამო, მშობლებმა ბავშვები 22 იანვარს სკოლებში აღარ გაუშვეს.

სუსის განცხადება

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

"მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა." - ნათქვამია განცხადებაში.