სიმონიანი, სოლოვიოვი და პესკოვი - კრემლის დეზინფორმაციის და პროპაგანდის მთავარი მოთამაშეები

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კრემლის იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი დეზინფორმაცია და პროპაგანდაა, რაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხშირია შემთხვევები, როცა საზოგადოების დაყოფის, ერთმანეთისადმი დაპირისპირების და მცდარი აზრის გავრცელებით, კრემლი სხვა ქვეყნების არჩევნებში ერევა, დაძაბულობას აღვივებს სენსიტიურ თემებზე ზემოქმედებით და ქმნის ერთგვარ ნიადაგს დესტაბილიზაციისთვის.

ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, კორპორაცია "რენდის" სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კრემლი იყენებს საბჭოთა, რეფლექსური კონტროლის და მართვის თეორიას. ვრცლად იხილეთ აქ

თუმცა, დღეს ვისაუბრებთ არა იმაზე, თუ როგორ მუშაობს პრაქტიკაში კრემლის დეზინფორმაციის და პროპაგანდის მანქანა, არამედ იმაზე, თუ ვინ ქმნის მას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლის დეზინფორმაციის კამპანიის მთავარ მოთამაშეებად მარგარიტა სიმონიანს, დიმიტრი პესკოვსა და ვლადიმირ სოლოვიოვს მიიჩნევს. პესკოვიც, სოლოვიოვიც და სიმონიანიც ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულთა სიაში არიან და არა მხოლოდ ამერიკის.

#1 სიმონიანი
მარგარიტა სიმონიანი - კრასნოდარში, რუსეთში 1980 წლის 6 აპრილს დაიბადა და დღეს პუტინის კარზე ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. 42 წლის სიმონიანი ჯერ კიდევ მცირე ასაკიდან აქტიურად იყო ჩართული კრემლის პროპაგანდასა და დეზინფორმაციაში, რაც მას „რუსეთის სახელმწიფო მედიში წარმატებაში დაეხმარა“.

„დახელოვნებული ტყუილის მართლად წარმოჩენასა და ღიმილში“ - ასე მოიხსენიებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სიმონიანს ერთ-ერთ ბოლო ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა.

„სახელმწიფო მედიაში წარმატებისთვის, ინდივიდმა უნდა გააძლიეროს და განამტკიცოს კრემლის ხაზი. ეს გაკვეთილი კი სიმონიანმა მცირე ასაკშივე ისწავლა“

მარგარიტა სიმონიანი პროფესიით ჟურნალისტია, ის ჯერ კიდევ 2000-იან

„დახელოვნებული ტყუილის მართლად წარმოჩენასა და ღიმილში“
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მარგარიტა სიმონიანზე
წლებში ჩეჩნეთში რუსეთის ომს აშუქებდა. მისი რეპორტაჟები სხვადასხვა შემფასებლების მიერ პროპაგანდისტულად შეფასდა, მალევე სიმონიანი ჯერ კიდევ 25 წლის ასაკში რუსეთის ინგლისურენოვანი პროპაგანდისტული არხის „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელად დაინიშნა. ცნობისთვის: „რაშა თუდეის“ მაუწყებლობა ბევრ დასავლურ ქვეყანაში დაბლოკილია, არხი შეზღუდვით გადაიცემა სოციალურ ქსელებშიც, რადგან რეპორტაჟები პროპაგანდის და დეზინფორმაციის ნიშნებს შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ სიმონიანი „რაშა თუდეიში“ პოზიციებს ამ დრომდე ინარჩუნებს პარალელურად კი იკავებს გამოცემა „როსია სეგოდნიას“ და „ტვ ნოვოსტის“ მთავარი რედაქტორის თანამდებობებს. სიმონიანი რუსეთში საერთაშორისო განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელიცაა.

„მარგარიტა სიმონიანი პუტინის ერთგული პროპაგანდისტია“ - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

დღეს სიმონიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მისი პროტეჟე კრემლში ალექსეი გრომოვი იყო. სიმონიანი ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად ჩნდება საზოგადოების წინაშე და ღია დაპირისპირებაში შედის ყველასთან, ვისაც კრემლის პოლიტიკა არ მოსწონს.

სიმონიანი განსაკუთრებით 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ გააქტიურდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

სიმონიანის პროპაგანდისტული განცხადებების მაგალითები:

მარგარიტა სიმონიანმა უკრაინაში რუსეთის ომს 19 ივნისს „სამოქალაქო ომი“ უწოდა და დაამატა, რომ რუსეთი მხარს უჭერს ეთნიკურ რუსებს „რუსოფობების“ წინააღმდეგ ბრძოლაში. (*დეზინფორმაცია)

სიმონიანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის და პუტინის მთავარ კრიტიკოსსა და პოლიტიკურ მეტოქეს, ალექსეი ნავალნის „ნეონაცისტებად“ მოიხსენიებს და მათ გასამართლებას სასიკვდილო განაჩენით მოითხოვს. ამავე პოზიციას იკავებს სოლოვიოვიც.

სიმონიანის ოჯახი:

აღშანიშნავია, რომ კრემლის დეზინფორმაციასა და პროპაგანდისტულ საქმიანობაში ჩართულია სიმონიანის ოჯახის წევრებიც. მათ შორისაა მისი ქმარი, ტელეწამყვანი ტიგრან კოსაიანი, რომელმაც ჯერ კიდევ 25 აპრილს თქვა, რომ „უმადურ“ ყაზახეთში შესაძლოა იგივე მოხდეს, რაც უკრაინაში ხდება, თუ ყაზახეთი კრემლის პოლიტიკას არ გაიზიარებს.

კოსაიანი, რუსეთში ამერიკული კომედიური ჟანრის ღამის შოუს წამყვანია და აღსანიშნავია, რომ გადაცემის სახმატვრო ხელმძღვანელად მისი მეუღლე, მარგარიტა სიმონიანია გაფორმებული. ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წელს ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა, როცა მათ 2-წლიანი გამოძიება დაასრულეს. ნავალნის გუნდის მიერ გამჟღავნებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ სიმონიანიც და კოსაიანიც სახელმწიფო რესურს იყენებენ, ხოლო გაწეული საქმიანობისთვის უდიდეს შემოსავალს იღებენ, საუბარია მილიონობით რუბლზე თვიურად.

სწორედ ამ და ბევრი სხვა ფაქტის გამო, მარგარიტა სიმონიანი, როგორც პუტინთან დაახლოებული პირი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და კანადამ სანქციების სიაში შეიყვანა. ყაზახეთმა კი სიმონიანის მეუღლეს კეოსაიანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, ყაზახეთის სუვერენიტეტის შეურაცხყოფისთვის.

#2 სოლოვიოვი
ვლადიმირ სოლოვიოვი - 58 წლის ტელეწამყვანი დღეს „შეიძლება ითქვას „ყველაზე ენერგიული კრემლის პროპაგანდისტია“. ის 1963 წლის 20 ოქტომბერს მოსკოვში დაიბადა. სოლოვიოვი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა, თუმცა, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, მისი საქმიანობის მთავარ აზრს ყოველთვის რუსული პროპაგანდის გაძლიერება წარმოადგენდა.

სოლოვიოვი მუშაობდა კრემლში და არის გამოჩენილი ტელე-რადიო წამყვანი, რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რადიოსა და ტელევიზიის. მისი გადაცემების დიდი ნაწილი დეზინფორმაციას შეიცავს, რის გამოც სხვადასხვა სოციალურ ქსელში მისი გადაცემები და არხები ხშირად იბლოკება. სოლოვიოვს სულ ახლახანს დაუბლოკეს „იუ-თუბ“ გვერდიც, სადაც მას ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

„გუგლმა“ განმარტა, რომ სოლოვიოვთან დაკავშირებული არხების დაბლოკვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონტენტი შეისწავლეს და გაარკვეს, რომ გადაცემების შეინაარსი „ძალადობის წაქეზებას“ ახდენდა.

სოლოვიოვმა ამ თემაზე საკუთარ გადაცემაში ისაუბრა და ისე როგორც მისი თითქმის ყველა გადაცემა, ისიც გაჯერებული იყო ლანძღვით და გინებით.

დამოუკიდებელი გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ხელმძღვანელი და ნობელის პრემიის ლაურეატი დიმიტრი მურატოვი, ჯერ კიდევ წლების წინ ამბობდა, რომ სოლოვიოვის ძირითადი მუშაობის მეთოდი „სიძულვილის ენა, ყვირილი, პირადი შეურაცხყოფა და დამცირებაა“. აღსანიშნავია, რომ 5 სექტემბერს რუსეთის სასამართლომ გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ დახურა.

სოლოვიოვის გადაცემის პროდიუსერი დინა აირაპეტოვა და მარგო კრჟიჟევსკაია არიან. გადაცემის სტუმრების შერჩევა, ეთერებიდან გამომდინარე ერთი ნიშნით ხდება „ადიდონ კრემლი“ და თავს დაესხან დასავლეთს.

იქიდან გამომდინარე, რომ სოლოვიევს „იუ-თუბ“ ანგარიში დაუბლოკეს, ახლა ის განსაკუთრებით აქტიურობს სოციალურ ქსელ „ტელეგრამზე“.

სოლოვიოვი პუტინის კარზე დიდი გავლენით სარგებლობს, 2013-14 წლებში ის ღირსების ორდენითაც დააჯილდოვეს. როგორც კრემლში ამბობენ ჯილდო მას „მაღალი პროფესიონალიზმისა და ყირიმის რესპუბლიკაში

„[სოლოვიოვი] ყველაზე ენერგიული კრემლის პროპაგანდისტია“
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
მოვლენების გაშუქების ობიექტურობისთვის“ გადაეცა. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა, მას შემდეგ რაც უკრაინაში რევოლუცია მოხდა და ქვეყნიდან პრორუსი მმართველი ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვში გაიქცა.

ბოლო პერიოდში სოლოვიოვის განცხადებები კიდევ უფრო გამძაფრდა. ის პირდაპირ ეთერში სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში დასავლელი მაღალი დონის პირველ პირებს ლანძღავს და ავრცელებს დეზინფორმაციას. ამის დემონსტრირებისთვის გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს.

2022 წლის 16 მარტს სოლოვიოვმა თქვა, რომ უკრაინელები თავად კლავენ საკუთარ სამოქალაქო პირებს, რათა შეაფერხონ რუსეთი, რომელიც მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავს. რეალურად, ფაქტებით არის დადგენილი, რომ რუსეთი ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს, იქნება ეს სკოლები, საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები თუ საავადმყოფოები. ამის შესახებ საუბრობენ მოწმეები, მონაყოლს კი ფოტო და ვიდეო მასალა ადასტურებს.

2022 წლის მარტში სოლოვიოვმა ასევე თქვა, რომ ამერიკა რუსი ბავშვებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. რაც ასევე არასწორი განცხადებაა, რადგან სანქცირებულ პირთა სია საჯაროა და მისი ხილვა ყველას შეუძლია. ამერიკის პრეზიდენტმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კი არაერთხელ თქვეს, რომ სანქციები უწესდებათ კრემლის მაღალი თანამდებობის პირებს, მათთან დაახლოებულ ოლიგარქებს და პირებს, რომლებიც რუსეთის ელიტად მოიხსენიებიან.

უკრაინაში ომის დაწყებამდე, სოლოვიოვი კიდევ ერთ კრემლის ნარატივს აქტიურად აჟღერებდა, რომ დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და უკრაინა რუსეთზე თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა როგორც მისი სხვა ბევრი განცხადება ესეც სიცრუედ შეფასდა. ფაქტები ცხადყოფს, რომ რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში და არცერთ სახელმწიფოს მათ შორის უკრაინას, რუსულ ქალაქებზე იერიში არ მიუტანია.

პუტინთან დაახლოებული სოლოვიოვის ქონება მილიონებად არის შეფასებული და ამას არც თავად მალავს. ამბობს, რომ ფლობს ქონებას იტალიაშიც, რომელიც ევროკავშირმა წელს ჩამოართვა, თუმცა არ განმარტავს, როგორ ან რატომ იყიდა ევროპაში ძვირადღირებული ვილა, როცა „დაუღალავად შრომობს ევროპული ღირებულებების განადგურებისთვის“ ხოლო ევროპულ ქვეყნებს „რუსოფობიაში“ ადანაშაულებს.

#3 პესკოვი
დიმიტრი პესკოვი დღეს კრემლის პრესსპიკერია. ის დაიბადა 1967 წლის 17 ოქტომბერს, ქ. მოსკოვში. დღეს პესკოვი 54 წლისაა. ის ათობით წელია სისტემაში მუშაობს და სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა თანამდებობას იაკვებდა. მათ შორის იყო ორჯერ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ერთხელ იკავებდა კრემლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობასაც. სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობის პარალელურად, პესკოვმა დიდი ქონებაც დააგროვა როგორც რუსეთში, ასევე დასავლეთის ქვეყნებში.

„პესკოვი ცხოვრობს ფუფუნებაში, როგორც სახელმწიფო მოხელე. 2008 წლიდან მოყოლებული ის ჯერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შტაბის უფროსის მოადგილე იყო, ხოლოდ შემდეგ სპიკერად დაინიშნა და ემსახურება დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის გავრცელებას“- წერია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ პესკოვი ცნობილია, როგორც „მოწამვლების დამალვის ექსპერტი“.

„ამბობენ, რომ სიცრუე უმადური საქმეა, პესკოვის შემთხვევაში ეს ნამდვილად არ მუშაობს“
- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე დიმიტრი პესკოვის შესახებ ჩანაწერში ნათქვამია, რომ 2008 – 2022 წლებში პესკოვმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებში კრემლის როლის დაფარვაში, იქნებოდა ეს ლიტვინენკოს პოლონიუმით მოწამვლის საქმე, ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის საქმე თუ 2020 წელს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლის საქმეები. ეს მაშინ, როცა ოფიციალურმა და დამოუკიდებელმა წაროებმა დაადგინეს, რომ ყველა ამ საქმეში კრემლის პირდაპირი პასუხისმგებლობა იკვეთებოდა.

„პუტინის მსახურება პესკოვისთვის მომგებიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი კარიერა საჯარო სამსახურს უკავშირდება, ის და მისი ოჯახი ახლა მულტიმილიონრები არიან,“- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის სტატიაში.

პესკოვი საერთაშორისო საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა, რადგან ძირითადად ის ახმოვანებს მოსკოვის პოზიციებს და ხშირად აძლევს ინტერვიუებს დასავლურ მედიასაშუალებებს.

პესკოვი თვეების განმავლობაში ჯერ ამტკიცებდა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დაწყებას არ გეგმავდა და ამის არაერთი ვიდეო თუ აუდიო მასალა არსებობს დასავლურ მედიაში.

ის 2022 წლის 24 თებერვლამდე ამტკიცებდა, რომ „რუსეთი იქნებოდა უკანასკნელი ქვეყანა ევროპაში, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებაზე იფიქრებდა“. პესკოვი დასავლეთის ლიდერების განცხადებების შეფასებისას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომის მზადებას უკავშირდებოდა, ამბობდა, რომ ეს იყო: „პროვოკაცია“, „დაძაბულობის უსაფუძვლო გაღვივება“, „დასავლური ისტერია“, უპასუხისმგებლო და ყალბი“, „მანიაკალური ინფორმაციის სიგიჟე“ .

მანამდე თუ პესკოვის განცხადებებში სიცრუის გამოვლენას დრო და ხანგრძლივი გამოძიება სჭირდებოდა, უკრაინაში რუსეთის ომის შემთხვევაში ეს სწრაფად შეიცვალა, რამაც მისი განცხადებების სანდოობა კიდევ უფრო შეარყია. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვაც. რომელიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე დასავლელ ჟურნალისტებს მიმართავდა და სთხოვდა, ეთქვათ, როდის აპირებდა რუსეთი ომის დაწყებას, რადგან შვებულების დაგეგმვას აპირებდა. თუმცა, ზახაროვა ცალკე საუბრის თემაა.

კვლავ პესკოვს რომ დავუბრუნდეთ, თუ ომამდე კრემლის პრესსპიკერი ამტკიცებდა, რომ რუსეთი უკრაინაში ომს არ გეგმავდა, შემდეგ მოუწია აეხსნა, რომ ეს არა ომი, არამედ „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“. პესკოვი ცდილობს კრემლს ააცილოს პასუხისმგებლობა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარ დანაშაულებებზე, სადაც რუსი სამხედროების სისასტიკის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული და ფაქტები უკვე გადაგზავნილია საერთაშორისო სასამართლოში. თუმცა, როგორც ადრე, დღესაც პესკოვი ფაქტებს ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ „არცერთ ადგილობრივ მცხოვრებს [ბუჩაში], რუსეთის ოკუპაციის პირობებში არ განუცდია ძალადობრივი ქმედებები“.

სწორედ ამ და სხვა საქმიანობის გამო და თანხების წარმომავლობაში ეჭვის შეტანის საფუძველზე, პესკოვი სანქცირებულთა სიაში მოხვდა. 3 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პესკოვს სანქციები დაუწესა. კრემლის პრესსპიკერს სანქციები დაადო ავსტრალიამ, კანადამ და ევროკავშირმა.

მოგვიანებით, 11 მარტს, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა პესკოვის ოჯახის წევრებსაც. ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი ამბობს, რომ დაუდასტურებელია ხარჯები, რომლითაც პესკოვმა მილიონობით დოლარის დაგროვება შეძლო. სახელმწიფო დეპარტამენტი კი განმარტავს, რომ „საჯარო მოხელის ხელფასით ამ თანხების დაგროვება ნაკლებად წარმოსადგენია და შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს პუტინთან კავშირით, უკანონოდ მიღებულ თანხებს“.

პესკოვი ამტკიცებს, რომ მან შეძლო 10 მილიონ დოლარზე მეტი უძრავი ქონების დაგროვება, ძვირადღირებული მანქანების შეძენა. ის და მისი ოჯახი ასევე ახერხებს იმოგზაუროს კერძო თვითმფრინავებითა და იახტებით.

„ამბობენ, რომ სიცრუე უმადური საქმეა, პესკოვის შემთხვევაში ეს ნამდვილად არ მუშაობს“ - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.

კრემლის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სახეები მხოლოდ სიმონიანი, პესკოვი და სოლოვიოვი არ არიან. ასეთები ათეულობითაა და ჩვენ მათ შესახებ ინფორმაციას მომავალშიც შემოგთავაზებთ.

 

წყარო:ამერიკის ხმა