ორმაგი მკვლელობა თბისლისის ცენტრში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საბჭოთა კავშირის დროს, როცა 15 სახელმწიფოში მიმოსვლა ყოველგვარი ვიზის გარეშე შეგეძლო, კრიმინალები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ერთსა და იმავე რესპუბლიკაში დიდ ხანს არ გაჩერებულიყვნენ. თუ პირზე საკავშირო ძებნა ცხადდებოდა, ძებნილი მაქსიმალურად ცდილობდა, მიყრუებული ქვეყანი აერჩია, მაგრამ რად გინდა, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში ყურადღებას ძალაუნებურად იქცევდნენ. ამიტომ, კრიმინალების ნავსაყუდელი არცთუ იშვიათად საქართველოს ზღვისპირეთი ხდებოდა და განსაკუთრებით ზაფხულში, როცა აფხაზეთის სანაპიროებზე ასობით ათასი ტურისტი ირეოდა.

გამონაკლისი არც თბილისი იყო, დედაქალაქი, სადაც ბინის ქირაობა მარტივად შეიძლებოდა, მით უმეტეს, თუ უბნის რწმუნებულს თუმნიანს ჩაუკუჭავდი ჯიბეში. ერთი ეგ იყო, თუ იგივე უბნის რწმუნებული ეჭვს მიიტანდა, რომ იმალებოდი, აუცილებლად გადაამოწმებდა და კრიმინალის შემთხვევაში, არ დამალავდა. სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით, მარტივი კრიმინალი მოხდა დედაქალაქში 1984 წელს, მაგრამ ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მარტივად ნამდვილად არ იყო.

„დილის შემოვლის დროს, სამართალდამცავებმა სკვერში ორი გვამი იპოვეს. ერთიჩვენი თანამშრომელი, იმავე უბნის რწმუნებული იყო, მეორე კი - უცნობი პირი. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ თანამშრომელმა პიროვნება გააჩერა, მან გაისროლა, თუმცა გასროლა უბნის რწმუნებულმაც მოასწრო და ორივე გარდაიცვალა. ჩვენს კოლეგას ტყვია გულთან ახლოს ჰქონდა მოხვედრილი, დამნაშავეს - პირდაპირ შუბლში და ორივეს იარაღი ხელში ეკავა. მთავარი, რაც უნდა გაგვერკვია, ვინ იყო მეორე გარდაცვლილი და რას წარმოადგენდა“,-იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გვამების აღმოჩენიდან, დაახლოებით, ორ საათში, სამართალდამცავებმა უკვე იცოდნენ, რომ მეორე იმავე უბანში ორი თვის წინ დასახლდა, მაგრამ საიდან ჩამოვიდა, არავინ იცოდა, თუმცა უბნის რწმუნებულს კონტროლზე ჰყავდა და, როგორც ჩანს, რაღაცას მიაგნო და ეს „რაღაც“ მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მეორე დღეს კი ექსპერტიზის დასკვნამ საქმე თავდაყირა დააყენა.

„ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კრიმინალს ლამის მიბჯენით, ანუ მაქსიმუმ, 50 სანტიმეტრიდან ესროლეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის გასროლას ვერ მოახერხებდა. თუ ვივარაუდებდით, რომ მან მანამდე მოასწრო გასროლა და ჩვენი თანამშრომელი ნახევარ მეტრზე მიუშვა - ასროლინა, ოღონ შემდეგ, პოლიციელმა, დაახლოებით, 6 მეტრი გაიარა და დაეცა, არარეალური იყო. ვერცერთი ჭრილობით ისინი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ მოახერხებდნენ, ანუ იყო ვიღაც მესამე, ვისაც სურდა, რომ ყველაფერი ისე წარმოეჩინა, როგორც თავიდან ვივარაუდეთ. ჩვენი ექსპერტის დასკვნა სამინისტროს ექსპერტს გადავამოწმებინეთ და მანაც ერთი-ერთში იგივე გაიმეორა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

შედეგად, სამართალდამცავებმა იმ უბანში დაკითხეს ყველა, ვისაც კი საუბარი შეეძლო და აბსოლუტურად ვერაფერი გაარკვიეს. კაცი სახლიდან კვირაში ერთხელ და ისიც პროდუქტების გამო გამოდიოდა, დანარჩენ დროს შინ იყო. მხოლოდ „ხაზეიკამ“ გაიხსენა, ერთადერთხელ ეწვია ვიღაც კაცი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან მილიციის ფორმა ეცვა, მაგრამ უბნის რწმუნებული არ იყოო. ეს რაღაც ახალი გახლდათ, ანუ მას სხვა სამართალდამცავიც სტუმრობდა და სანამ აქაურები თავს იმტვრევდნენ, პასუხი ბელორუსიდან მოვიდა, სადაც გარდაცვლილი ამოიცნეს - ის წარმოშობით ბერძენი, დედით ქართველი, ბელორუსის მოქალაქე გახლდათ და იქ საწყობის ძარცვისთვის იძებნებოდა. საწყობიდან, დაახლოებით, ასი ათასი მანეთის საქონელი წაიღეს, რაც მაშინ უზარმაზარი ფული იყო. თბილისში მოკლული ბერძენი ბელორუსში მარტო რომ ვერ გაქურდავდა საწყობს, ადვილი მისახვედრი იყო და ისიც გასაგები გახლდათ, საიდან იცოდა ქართული და რატომ იცნობდა ასე კარგად თბილისს.

„ის, ვინც მას მილიციის ფორმით მიაკითხა, ყველა ვარიანტში, თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. ამიტომ, ფორმას კიდევ გამოიყენებდა და ჩემი თანამშრომლები გავაფრთხილე, ყველა ფორმიანისთვის ყურადღება მიექციათ, თუ უცხოს შენიშნავდნენ, მაშინვე გადაემოწმებინათ. ასე თუ ისე, სამართალდამცავები ერთმანეთს სახეზე მაინც ცნობდნენ და წესით, უცხოს გამოვლენა არ უნდა გასჭირვებოდათ. შედეგად, სამ დღეში ისე აირია ყველაფერი, რომ ვერც წარმოვიდგენდი. რამდენიმე ათეული მილიციელი მოიყვანეს გადამოწმებაზე და როცა გაცემული ბრძანება უკან უნდა წამეღო, რადგან ლამის მინისტრის დონეზე დამტუქსეს, შედეგი დადგა - რკინიგზის სადგურზე მორიგე თანამშრომლებმა უცნობ „კოლეგას“ საბუთები სთხოვეს, მან გაქცევა სცადა, სროლა ატეხა და ორმხრივი სროლის დროს ისიც დაიჭრა და ერთი ჩვენი თანამშრომელიც“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

დაჭრილი ასევე, ბელორუსის მოქალაქე აღმოჩნდა. თავიდან დაკითხვაზე ყველაფერი უარყო, მაგრამ „ხაზეიკამ“ ამოიცნო და მისი თითის ანაბეჭდები ბელორუსში გაქურდულ საწყობში ნაპოვნ ანაბეჭდს დაემთხვა. შესაბამისად, დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და იმის გარანტიით, რომ სასჯელის უმაღლეს ზომას არ მიუსჯიდნენ, ჩვენება მისცა.

„ნქურდალის კლიენტი გვყავდა, ხელი დავიცალეთ და საქართველოში წამოვედით. ჩემმა „პადელნიკმა“ აქაურობა კარგად იცოდა, მაგრამ ერთად მაინც არ დავსახლდით. მილიციელის ფორმა ბელორუსიდან წამოვიღე და თან მეგობარს ვუთვალთვალებდი. ერთ დღეს აფთიაქში ვირთხის წამალი იყიდა და მივხვდი, ჩემი მოწამვლა სურდა, თანაც ის უბნის რწმუნებული მუდმივად აკონტროლებდა და ეს ცალკე საფრთხე იყო. მეგობარს შეხვედრა სკვერში დავუნიშნე და თან უკან გავყევი. ჩემს წინ სწორედ უბნის რწმუნებული მიდიოდა, ისიც უთვალთვალებდა. ადგილამდე რომ მოვიდა, ჯერ უბნის რწმუნებულს ვესროლე, მერე - „პადელნიკს“ და ყველაფერი ისე მოვაწყვე, თითქოს ერთმანეთი დახოცეს“, - ეს არის ამონარიდი ჩვენებიდან.

სასამართლომ დაკავებულს მაინც დახვრეტა მიუსაჯა, თუმცა შემდეგ, სასჯელი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალა. 12 წლის შემდეგ, დაკავებული ამნისტიით გათავისუფლდა და ბელორუსში დაბრუნდა.

ბათო ჯაფარიძე