ესპანეთში ფოსტით ბომბების გაგზავნას სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვა ხელმძღვანელობდა:NYT

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დასავლეთის სახელმწიფოთა საგამოძიებო სტრუქტურები მიიჩნევენ, რომ 2022 წლის ბოლოს, ესპანეთში, ფოსტით ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნას სავარაუდოდ, კოორდინაციას უწევდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო. ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს გამოცემა New York Times-ი.

გამოცემის წყაროთა თანახმად, ბოლო პერიოდში გამომძიებლების ყურადღება კონცენტრირებულია რუსეთის ულტრა-მემარჯვენე დაჯგუფებაზე, „რუსულ იმპერიულ მოძრაობაზე“, რომელსაც პარტნიორები ჰყავს მთელ ევროპაში. ამ დაჯგუფების წამყვანი წევრები იმყოფებოდნენ ესპანეთში, სადაც პოლიციმ დაადგინა მათი კავშირები ადგილობრივ, მკვეთრად მემარჯვენე ორგანიზაციებთან.

გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ „რუსულ იმპერიულ მოძრაობას“ კოორდინაციას უწევს რუსეთის სამხედრო დაზვერვა. აშშ-ში ეჭვობენ, რომ ოპერაციაში ჩართული იყვნენ დაზვერვის სამმართველოს 161-ე, ელიტური სპეცდანაყოფის ოფიცრები. New York Times-ის წყაროთა ცნობით, გამომძიებლებს ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ იმის ნიშნები, რომ ოპერაცია უშუალოდ კრემლის მიერ იყო სანქცირებული.

2022 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ესპანეთში უკრაინის და აშშ-ის საელჩოებმა, პრემიერ-მინისტრის ოფისმა და თავდაცვის სამინისტრომ მიიღეს საფოსტო გზავნილები ასაფეთქებელი მოწყობილობებით. კონვერტის გახსნისას მსუბუქად დაშავდა უკრაინის საელჩოს თანამშრომელი. სხვაგან საფოსტო პაკეტები უსაფრთხოდ გააუვნებელყვეს.