რა ქონებას ფლობს პარლამენტარი ირაკლი ზარქუა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოკრძალებული ქონებრივი დეკლარაცია - დეპუტატის მეუღლის სახელზე გაფორმებული ბინები თბილისში

„მავნებელი ხართ, თქვენ, ქალბატონო ყოფილო ელჩო და მინდა, ეს პირდაპირ გითხრათ. თქვენ, თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ, სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით. ძალიან ვწუხვარ, ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას. ვწუხვარ, თქვენ, თქვენი საქმიანობით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზარდეთ. ალბათ, თქვენ იყავით ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო, რადგან საქართველოსა და მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა ქაოსი და არეულობა და არც მეორე ფრონტის გახსნა. მე მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვით გამეცილებინეთ, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ასე მოხდა... ასე რომ, Goodbye, my darling“, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ამერიკის შეერთებული შტატების აწ უკვე ყოფილ სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა.

ზოგადად, ბოლო დროს, ირაკლი ზარქუა სწორედ ასეთი, მკვეთრი განცხადებებით გამოირჩევა. ამის გამო, ის ოპოზიციური ფლანგის ერთ-ერთი სამიზნეა - ხან სახელმწიფო ტენდერებიდან „ატკატებში“ სდებენ ბრალს, ხან მეტყველებას უწუნებენ, ხან იუმორს და ხან ტაქტსა და ზრდილობას. „ვერსია“ სწორედ ირაკლი ზარქუას ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა, მაგრამ ვიდრე ბიოგრაფიასა და ქონებას გაგაცნობთ, გეტყვით, რომ ცნობილი დიზაინერი, ნანა ზარქუა მისი დაა, ხოლო პოპულარული სპორტსმენი, ალექსანდრე ამისულაშვილი - სიძე.    

ჯერ ბიოგრაფიით დავიწყოთ. ირაკლი ზარქუა 1982 წლის 16 იანვარს, წალენჯიხაში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით, არის ეკონომიკისა და ბიზნესის მაგისტრი.

2003-2006 წლებში, ირაკლი ზარქუა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წევრი იყო; 2006-2009 წლებში - თიბისი ბანკის ოპერატორების ცენტრალიზებულად დამუშავების განყოფილებას ხელმძღვანელობდა; 2011-2014 წლებში - სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა; 2017-2018 წლებში - თბილისის საკრებულოს ქონებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა; 2018-2020 წლებში - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ; 2020 წლიდან, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო ბლოკიდან: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, საარჩევნო ფორმა - პარტიული სიით.

რაც შეეხება ქონებას, საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს, 2022 წლის 26 დეკემბერს შეავსო. დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ჰყავს მეუღლე - მარინე თავართქილაძე და ორი ქალიშვილი - ნინო და ანასტასია.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მარინე თავართქილაძემ, როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა, უხელმძღვანელა შოთა რუსთაველის ეროვნულ-სამეცნიერო ფონდის პროექტს, საიდანაც შემოსავლის სახით, 15 348 ლარი მიიღო. გარდა ამისა, მარინე თავართქილაძე სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორიცაა და შემოსავლის სახით, 14 112 ლარი მიუღია. პარალელურად, დეპუტატის მეუღლე „თიბისი დაზღვევის“ დეპარტამენტის უფროსიცაა, საიდანაც შემოსავლის სახით, 67 852 ლარი მიუღია. რაც შეეხება თავად ირაკლი ზარქუას, მას, როგორც საკანომდებლო ორგანოს წევრსა და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, შემოსავლის სახით, 48 559 ლარი მიუღია.

ქონებრივ დეკლარაციაში არაა მითითებული, კონკრეტულად რა ქონებას ფლობს ირაკლი ზარქუა, ან ჰყავს თუ არა ავტომობილი. სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, 2021 წელს შევსებულ დეკლარაციასაც გავეცანით, საიდანაც ვიგებთ, რომ თბილისში, ირაკლი ზარქუას საკუთრებაში, ბინა არ აქვს. სამაგიეროდ, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მის მეუღლეს, მარინე თავართქილაძე, 2014 წელს, თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე, 100 000 ლარად შეიძინა 80.27 კვ.მ. ფართობის ბინა, რომლის 100%-იან წილსაც თავადვე ფლობს.

რაც შეეხება ავტომობილს, 2021 წლის ბოლოს შევსებული დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ირაკლი ზარქუას ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა - Toyota  Camry, რომელიც 2015 წლის გამოშვებაა. დეპუტატმა ავტომობილი 2021 წელს, 8 000 აშშ დოლარად შეიძინა.

2020 წლის ბოლოს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2012 წელს, მარინე თავართქილაძეს 100 000 ლარად შეუძენია 74 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადვეა.

ავტორი: მაკა რუხაძე