რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია - არჩილ გამზარდიას შეფასებები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„როგორ მოჩანს ერთი შეხედვით ჩვენი პოლიტიკური პარტიები და მინიმუმ, რა უნდა გაითვალისწინონ ხელისუფლებასთან ბრძოლაში?

ნაციონალური მოძრაობა - ყველაზე გამოცდილი, კვალიფიციურად სტრუქტურირებული პარტია, რომლის ოპოზიციაში პირველობის მიზეზი ის წარსულია, რაც მის აწმყოსა და მომავალს უშლის ხელს. პარტია ვერ შორდება წარსულს, რადგან წარმატების მიზეზი წარსულია და ვერ ქმნის ამის გამო აწმყოსა და პერსპექტივებს, რადგან ძველ სტრატეგიაზე დგას და ახალს ვერ ქმნის. არადა, ამ პარტიაში მყოფი ადამიანების ნაწილს აქვს ის, რაღაც განსაკუთრებული, რაც თითქმის სხვა არცერთს, შინაგანი კავშირი და ბმა თავიანთ საქმესთან.

ლელო - პარტია, რომელიც საკმაოდ ბევრ კვალიფიციურ სპეციალისტს ფლობს. არიან სულ მოძრაობაში, თითქოს ყველა მიმართულებით მუშაობენ, მათი პოზიციები ნაკლებად დემაგოგიურია სხვებთან შედარებით, რაც მათ შეფასებებსა და მცდელობებს მეტად ანიჭებს საქმიან შინაარსს, თუმცა... პარტია უსახურია, არის და არ არის ერთდროულად. მიუხედავად ხშირი გამოჩენისა, ის მაინც უჩინრად და უსიცოცხლოდ მოჩანს. მათი რეპუტაცია ვერ ეწევა რეპუტაციულ პოტენციალს, რაც მათ პერსპექტივას ამცირებს.

გირჩი (მეტი თავისუფლება) - ერთ-ერთი იშვიათი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ არის ან ნაკლებადაა ავტორიტარული. განსაკუთრებით ფლობს შემოქმედებით, თავისუფალი აზროვნების და პოლიტიკურად წესიერ ადამიანებს, რომლებიც პატივისცემას იმსახურებენ, მაგრამ... ეს პარტია ვერ სტრუქტურირდება ამომრჩევლის ცნობიერებაში საკმარისად, ვერ ვითარდებიან პოლიტიკურ წონად, კრეატიული პოლიტიკური კლუბის განცდას უფრო ტოვებს, ვიდრე ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ პერსპექტივას.

გირჩი - პარტია, რომელიც  ცდილობს არ ტრიალებდეს პოლიტიკურ უპირატესობათა აფილირების სივრცეში, არ რადიკალიზებდეს, იტოვებდეს თანამშრომლობის უნარს ყველასთან, რაც ნაკლებად დემაგოგიურ და პოლიტიკურად ზედაპირულს ხდის პარტიას, პოლიტიკურ შინაარსში კი თეორიულად უპირატესი მხარეა, მაგრამ... პარტიის თეორიული შესაძლებლობა ვერ ეწევა პრაქტიკულ სამომხმარებლო მოთხოვნებს, ვერ ქმნიან საკმარის რეპუტაციას და ჯამში, ვერ ქმნიან საჭირო პრესტიჟს ვერც კონკურენტებში, ვერც საერთო სამომრჩევლო სივრცეში.

საქართველოსათვის ანუ გახარიას პარტია - ჩემი თვალით დანახული ამ  პარტიის უპირატესობა ორ საყრდენზე დგას, ერთი მხრივ, გამოცდილ მოხელეთა გამოცდილებასა და დღემდე საჭირო კომუნიკაციაზე სამოხელეო სივრცეში და მეორე, სხვებთან შედარებით, სწორად შერჩეულ პირველად სამიზნე აუდიტორიასთან, ამას გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დამფუძნებლისა და ლიდერის პოლიტიკური არტისტიზმი. ეს ფაქტორები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უქმნის დღემდე ამ პარტიას, თუმცა, სხვა მხრივ, ჩემი გადასახედიდან, ამ პარტიაში ვერ ვხედავ ვერც პოლიტიკურ შინაარსს, ვერც გრძნობით ელემენტებს, პარტია აგებულია ანგარიშებზე და არა პოლიტიკურ იდეაზე ან შინაარსზე.

ევროპული საქართველო - პარტია, რომელიც ჩემი გადასახედიდან, ყველაზე მეტ ადეკვატურობას ინარჩუნებს პოლიტიკური პროცესების შეფასებაში და საჭირო პოლიტიკური ქცევების თუ პერსპექტივების თეორიული წინაპირობებისა და ასპექტების შექმნაში, რაც ამ პარტიის შინაარსს და დღის წესრიგს ქმნის გამორჩეულს, თუმცა... ჩემი აზრით, ამ პარტიის მთავარი სისუსტე მის პერსონიფიცირებულ ასოცირებასთანაა, რომელსაც, ერთი მხრივ, წარსული ძალაუფლების ლანდები დაჰყვება, მეორე მხრივ, ზოგიერთი ლიდერის არაარჩევითი/არამოთხოვნილებითი ფსიქოტიპი, ასევე მათი დეკლარირებული პოზიციები, ვფიქრობ, ნაკლებად ტოვებს მათივე შინაგანი შინაარსის განცდას, რის გამოც პარტია ვერ იწვევს ადამიანურ ნდობას, რაც პოლიტიკური პერსპექტივის მთავარი საფუძველია.

მოკლედ, ეს არის ჩემი ზოგადი და ზედაპირული მიმოხილვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საქმიანობისა, თუ რომელიმე მათგანი გარკვეულ ასპექტებს გაითვალისწინებს, ისევ მათ, შესაბამისად, ჩვენც წაგვადგება“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ოპოზიციური პარტიების ახლანდელ მდგომარეობას.

 

ამასთან, გამზარდია „ვერსიასთან“ საუბრისას ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას, შესაძლოა, რაღაც განსაკუთრებული ფუნქცია არ შეეძინა, მაგრამ ოპოზიცია, საკმაოდ დიდი ხანია, ორ ძირითად პრინციპზე პოზიციონირებს - კოალიციური მთავრობის თემა და კანდიდატის სტატუსის საკითხი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა და ვერ მიიღებდა ამ სტატუსს:

„სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციას კომპლექსური მიდგომები არ ჰქონდა, როგორც სახელმწიფოს, ისე ადამიანებთან მიმართებაში, ეს ფაქტორი თუ გამოეცალა ხელიდან, უფრო ნაკლებ სივრცეს მისცემს, თუ არ იმუშავეს ეფექტურად საიმისოდ, რომ არჩევნებამდე პერიოდში, რაღაც სხვა შინაარსი შესძინონ საკუთარ პოზიციონირებას. ეს იმიტომ, რომ რაც უნდა თქვან და რაც უნდა ჩვენი პარტნიორების პოზიციები იყოს, უბრალოდ, დეკლარირებული დიპლომატიისა, იქ ყოველთვის აღნიშნულია, რომ ხელისუფლება წარმოადგენს მოსახლეობას მაშინ, როცა თუნდაც მძიმე შენიშვნების ფონზე აღიარებდნენ მაინც ასეთ ხელისუფლებას. მე პირადად, როგორც მოქალაქეს, შეიძლება სულ სხვა პოზიცია მქონდეს, მაგრამ ევროპული მიდგომა ასეთია - წარმომადგენლობითი ორგანო არის ადამიანებისა, ძირითადი ამომრჩევლისა ხელისუფლება და იქ აღნიშნულია სწორედ ის პირობები, რომ მათი გადასახედიდან რაღაც შესრულდა, რაღაც - არა და როდესაც დათქმებით აძლევენ სტატუსს, ეს თავისთავად გულისხმობს დადებითი მოლოდინის დამოკიდებულებას ხელისუფლებასთან. მოგვწონს თუ არა, ეს ასეა და მორჩა.

ამას გარდა, ხელისუფლებას აქვს ფართო პროპაგანდისტული სივრცე, სადაც ჩვენი პარტნიორების ციტატებიდან დაწყებული - რა და როგორ შესრულდა...

მაგალითად, გავიხსენოთ, ერთი პერიოდი იყო საუბარი საერთაშორისო იზოლაციისკენ სვლაზე ხელისუფლებისა და სრული პირობები იყო ამისა, მაგრამ შემდეგ პროცესი ისე წავიდა, რომ ახლა იზოლაციის თემა გაქრა. ამიტომ, მსგავსი მიდგომები ოპოზიციურმა პარტიებმა ბევრად უფრო ფართო პროფილიანი თუ არ გახადეს, რა თქმა უნდა, ნაკლებ სასაუბრო სივრცეს დაუტოვებს და ამით ისევ მმართველი პარტია ისარგებლებს“.

არჩილ გამზარდია მეორე ფაქტორის - კოალიციური მთავრობის საკითხის შესახებაც საუბრობს:

„ვნახეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების დროს, ამ თემის ფართო გაშლამ განსაკუთრებული ეფექტი ვერ მოიტანა და ამიტომ თუ მთლიანობაში ახალ ეფექტურ გადაკვეთებს ვერ იპოვის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, მათ შორის, დომინაციური პარტიები, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს მმართველო პარტიის წისქვილზე დაასხამს წყალს. მგონი, ეს იცის კიდეც ოპოზიციამ“.

არჩილ გამზარდია ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ დაპირისპირებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ ცალკეული ექსპერტების შეფასებით, ნაციონალური მოძრაობა ხელს უშლის ოპოზიციას, თუმცა ის ამ პოზიციას არ იზიარებს და იქვე აზუსტებს, რომ ერთის ხარჯზე, მეორის სასურველობა არ ჩანს:

„ოპოზიციას მთლიანობაში ხომ ასე მოსდის, ხელისუფლების შეფასებას საკმაოდ დიდი ნაწილი მოსახლეობისა, შეიძლება, ხშირად იზიარებდეს, მაგრამ საარჩევნო შედეგი ასე ხომ არ დგება ანუ ის, რომ მმართველი პარტია არ არის სასურველი, თავისთავად, ოპოზიციას ხომ არ ხდის სასურველს და შიდა კონკურენციის პირობებში ის, რომ ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს კიდევ უფრო დეზორიენტირებულს გახდის, ეს ხომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს უფრო სასურველს ვერ გახდის? ეს ოპოზიციური პარტიების ძალიან სერიოზული შეცდომაა, რომ უტრიალებენ მხოლოდ სხვების წინააღმდეგობას და არა საკუთარი თავის შექმნას. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, იმ პროპორციით, რაც არსებობს ძალთა ბალანსს შორის, მაინც დომინანტური იქნება ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში.

არ დაგვავიწყდეს ჩვენი საარჩევნო კოდექსი, რომელიც გულისხმობს 5%-იან ბარიერს და მეორე მხრივ, ბარიერს ქვემოთ არსებული პარტიების „ულუფების“ ხმებად გამარჯვებული პარტიისთვის მიცემას... ანუ ახლაც IRI-მ რა შედეგებიც დადო, მეტ-ნაკლებად, „ქართული ოცნება“ მაინც მკვეთრ უპირატესობაში რჩება, რადგან თუ შევხედავთ სხვების ხმებს, რომლებმაც შეიძლება 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახონ, ის დაანგარიშდება მმართველი პარტიისთვის და ნაციონალური მოძრაობა ისე მარტივად ვერ დასუსტდება, რომ სხვა პარტიებმა სამმაგი წარმატება მიიღონ რანდენიმე თვეში. ასე არ ხდება... გახარიას პარტიას, პირობითად, 9% აქვს, მაგრამ ეს ნიშნული, ასე მარტივად, 27% ვერაფრით გახდება და ვერც ლელოსი და ვერც სხვა დანარჩენის... ამიტომ, თუ ნაციონალური მოძრაობა ელექტორალურად მკვეთრად შემცირდა, ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს - თუ კი მელიას გაუშვებენ პარტიიდან, მას აქვს პოტენციალი, რომ გარკვეული ბარიერის გადამლახავი შესაძლებლობა შექმნას. ეს მოხდება ნაციონალური მოძრაობის ელექტორალური ცვლილების ხარჯზე თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის ოპოზიციური ხმებია და სხვებს ამით არ დააწინაურებს“.

ავტორი: თათია გოჩაძე