ფულადი დახმარება სტიქიით დაზარალებულებს და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს - პრემიერის განცხადება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მინდა ყველას მივულოცო სასწავლო წლის დაწყება. მოგეხსენებათ, რომ დღეს დაიწყო ოფიციალურად უკვე სწავლა და მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ჩვენს პატარებს, ჩვენს პირველკლასელებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და მთლიანად საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამაზე.


„აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შარშან დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ასეულობით სკოლის, 880 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას და რომელიც უკვე დაწყებულია. დაკონტრაქტებულია და რამდენიმე ასეული სკოლის რეაბილიტაციის, მშენებლობის პროცესი დაწყებულია, როგორც აღვნიშნეთ. ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, მილიარდი ლარი დაიხარჯება.
ასევე, ჩვენ დავიწყეთ 1000-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაც, რომელიც ასევე მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტია. ეს არის წლების მიხედვით გადანაწილებული. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მოტივაცია, მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები, ჩვენი მოსწავლეები სწავლობდნენ ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში, ბაღებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ. იცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო სკოლებში, ბაღებშიც, ყველგან. რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ბოლო 10 წელიწადში ძალიან ბევრი სკოლა აშენდა, ასევე ბევრი რეაბილიტირდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, ამიტომ, ეს საკითხი გადაწყვეტილია და მიმდინარეობს ძალიან კარგი ტემპებით“, - აღნიშნა პრემიერმა.


ჩემი გადაწყვეტილებით, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა დაავალა განათლებისა და ფინანსთა მინისტრს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. 

„ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია, ჩვენი სტუდენტების სწავლა-განათლება. უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა, რომელზეც ახალი მინისტრი მუშაობს აქტიურად. მინდა შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუს შეჩერებული სტუდენტების საკითხი. მე მოვიკითხე ეს ინფორმაცია და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში.

ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება, ამიტომ, მინდა, მე მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მივმართო ჩვენს მინისტრებს, დავავალო განათლებისა და ფინანსთა მინისტრს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს მიეცეთ საშუალება, რომ ამ დავალიანების ჩამოწერის შემდეგ კვლავაც შეძლონ მათ, გააგრძელონ სწავლა “, - განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერის თქმით, ყველა მოქალაქე, ვისაც სახლი ან დაენგრა ან ვისი სახლიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად, ყველას განსახლება მოხდება.

„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას, ამიტომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე ოცი ათასი ლარის ოდენობით. და ასევე მინდა ვთქვა, რომ გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა, იმ სახლებში გაჩერება შეუძლებელია, არ შეიძლება იქ ცხოვრება, ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ეს მოქალაქე, ვისაც სახლი ან დაენგრა ან ვისი სახლიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად, ყველას განსახლება მოხდება, უკლებლად ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ან ახალი სახლი ან ჩვენ შევუძენთ ან ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს, ესეც მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, რომ არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მოვაგვარებთ მათ პრობლემებს, დანარჩენი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სალიკვიდაციო სამუშაოები რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა მიმდინარეობს”, - განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერის თქმით, უკვე მესამე წელია მთავრობა დაგეგმილ ბიუჯეტს ცვლის და ზრდის.

„ჩვენ წლევანდელი ბიუჯეტი დავგეგმეთ საკმაოდ კონსერვატიულად, ეს იყო 5%-იან ზრდაზე გათვლილი, მაგრამ სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგტად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკორექტირებთ ბიუჯეტს, შეგვაქვს ცვლილებებ, 500 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი.

ამის თაობაზე ბატონი ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, თუ როგორ გადანაწილდება აღნიშნული 500 მილიონი. აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ უკვე მესამე წელია ჩვენ დაგეგმილ ბიუჯეტს ვცვლით და ვზრდით. 2021-ში ასე მოხდა, ჩვენ ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი, ასევე შარშან, 2022 წელს და ასევე წელს, 500 მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება მოვახერხეთ ბოლო წლებში, იგივე, რაც მე ჩამოვთვალე, სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა. რა თქმა უნდა, ამას ვერ შეძლებდა სახელმწიფო, 880 სკოლა, 1000-ზე მეტი ბაღი, სოციალური დახმარებები გავზარდეთ, თითოეულ სოციალურად დაუცველ ადამიანზე 200 ლარის ოდენობით გაიცემა დახმარება, ეს არის წელიწადში 500 მილიონ ლარზე მეტი, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი. ხელფასები გავუზარდეთ პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველა საჯარო მოხელეს. პოლიციელებს და ჯარისკაცებს 40%-ით გაეზარდათ ჯამში ხელფასები. ეს პროცესი რა თქმა უნდა გაგრძელდება, იანვარში კიდევ გაეზრდება ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი. ჯამში პოლიციას და ჯარს გამოუვა 50%-იანი ზრდა ბოლო სამ წელიწადში და საჯარო მოხელეებს 30%-იანი ზრდა.

ჩვენ ასევე დავაფინანსებთ სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც აქტიური ტემპებით მიმდინარეობს. იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება თუ ჯანდაცვა. იგივე გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები, რომლებიც გაიგზავნებიან უცხოეთში, უმაღლესი დონის კლინიკებში. უკვე დაწყებულია პროცესი და ამას მინისტრი აკონტროლებს და ხელმძღვანელობს. ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, განათლების მიმართულებით, ეკონომიკის, ჯარის მიმართულებით. ჩვენ დაკორექტირებულ ბიუჯეტს წარვუდგენთ პარლამენტს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ახალ, 2024 წლის ბიუჯეტზე. ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. უკვე მქონდა რამდენიმე შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან და მის გუნდთან, ასევე ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც განვიხილეთ ბიუჯეტის პირველი ვერსია და თვის ბოლოს, დაახლოებით 29 სექტემბერს წარვუდგენთ პარლამენტს. გვექნება საინტერესო სიახლეები, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო ვერსია, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ოქტომბერში წარვუდგენთ განახლებულ ვერსიას პარლამენტს და ნოემბერში უკვე მესამე ვერსიას წარვუდგენთ პარლამენტს“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი.

„ეს პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, შემცირების პროცესი დავიწყეთ და თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. დეფიციტი არის, რა თქმა უნდა, შემცირებული, აღარ გავიმეორებ, ყველას მოგეხსენებათ კარგად, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ჩვენი სახელმწიფოს რეზერვები, ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკა არის წელს, ვიდრე იყო 10 წლის წინ.

„ასევე მინდა ვთქვა, რომ რაც სასიხარულოა, ბოლო 10 წელიწადში, ჩვენ გუშინ გვქონდა სამუშაო შეხვედრა და ბოლო 10 წელიწადში ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია. მე ამასწინათ დავაანონსე, ვთქვი ამის თაობაზე, მოგაწოდეთ ინფორმაცია, გაათმაგებულია და სულ სხვა ეკონომიკა არის წელს, ვიდრე იყო 10 წლის წინ. კომერციული ბანკების აქტივები, შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ თითქმის 14 მლრდ ლარი იყო 2012 წელს და დღეს არის 70 მილიარდზე მეტი.70 მილიარდი, ეს, რა თქმა უნდა, სულ სხვა ეკონომიკაა, საერთოდ სხვა მოცემულობაა. ამიტომ არის, რომ იგივე დეპოზიტები ვახსენე, თუ იყო 2 და 3 მილიარდი 2012 წელს, ახლა არის 22 მილიარდი დოლარში, ლარში, ჯამურად 48 მილიარდი. ეს არის შედეგი ჩვენი გუნდის, ჩვენი მმართველი პარტიის დაწყებული პოლიტიკის, რამაც ეს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები მოიტანა. ეს არის მშვიდობის და სტაბილურობის ნაყოფი. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენთან, კიდევ ვიმეორებ, არავითარ ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი არ და ვერ იქნებოდა. მე მახსოვს, კიდევ შევახსენებ ყველას, რომ დეფოლზე იყო საუბარი 3 წლის წინ, როდესაც ჩვენს მთავრობაში მოხდა ცვლილებები და ასეთი მდგომარეობა გვაქვს მეგობრებო. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერმა.


 

პრემიერის თქმით, თვის ბოლომდე ყველაფერი იქნება გაკეთებული და მიზეზი აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ.

„ გუშინ ჩვენ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვალისწინებულია 12 რეკომენდაციით. ასევე ჩვენ პარტიასთან, პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ მომავალ კვირაში ყველა ის პუნქტი, რომელზეც საუბარი გვქონდა ბატონ ბორელთან და მის გუნდთან, ევროკომისიასთან, ყველა ამ პუნქტზე ექნება ჩვენს გუნდს მმართველ პარტიას რეაგირება. მაქსიმუმს გავაკეთებთ. იმ კვირაში ეს პროცესიც ჩაიხურება. ვფიქრობ, მაქსიმუმ თვის ბოლომდე. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. ამიტომ, მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ. კიდევ ვიმეორებ, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მითუმეტეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, შედარებით, უკრაინა, მოლდოვა. კარგად ვიცით, რა ხდება ამ ქვეყნებში. ჩვენ არავის ვედრებით, მაგრამ, ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, მითუმეტეს, იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შექმნილია მთელს მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში და ევროპის კონტინენტზე და იმ შედეგების, იმ მიღწევების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ დსა პარლამენტმა მთავრობასთან ერთად მივაღწიეთ“, - განაცხადა პრემიერმა.