შეიცვლება თუ არა თურქეთის პოლიტიკა საქართველოსთან, ერდოღანის დამარცხების შემთხვევაში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თურქეთი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. ერთმანეთს რეჯე აი ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან. არჩევნების პირველ ტურში, მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა უმრავლესობა მიიღო, თუმცა გამარჯვებისთვის საჭირო რაოდენობის - 50%-ის შეგროვება ვერ შეძლო. 28 მაისს, თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა 20-წლიანი მმართველობის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელისუფლებაში.

რას უნდა ველოდოთ მეორე ტურში, რა ვითარებაა თურქეთში და შეიცვლება თუ არა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში? -  ვერსიათურქოლოგ სანდრო ბაკურაძეს ესაუბრა.

- ბატონო სანდრო, არჩევნების მოახლოებამდე როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ხალხს ერდოღანის პარტიის მიმართ და რას გვეუბნება ამომრჩეველზე ეს შედეგები?

- მიწისძვრის, ეკონომიკური კრიზისისა და არაერთი სისტემური პრობლემის გამო, შეიძლება ითქვას, ერდოღანის ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პარტიები საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური კრიზისის პირობებში იმყოფებოდნენ. ამის გამო, ერდოღანი იძულებული გახდა, სხვადასხვა ულტრამემარჯვენე პარტიებთან შეეკრა კოალიცია. მიუხედავად ოფიციალური საპრეზიდენტო სისტემისა, ის ძალიან გახდა ამ ჯგუფებზე დამოკდებული და მათ გარეშე ნაბიჯს ვერ დგამს.

რაც შეეხება არჩევნებს, ყველა სახის კვლევა აჩვენებდა, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელი იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სერიოზული ეჭვია გაყალბებაზე და ცენტრალურმა სააარჩევნო კომისიამ მიკერძოებული და პრობლემური შედეგები აჩვენა, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ოპოზიციის უმეტესობამ იმდენად ცუდად მართა საარჩვენო პროცესი, ისეთ შემთხვევაშიც, თუ გაყალბების ფაქტები დადასტურდება, ოპოზიციას ამის დამტკიცება გაუჭირდება. როგორც აღმოჩნდა, იმ დაპირებების მიუხედავად, რასაც ისინი გასცემდნენ არჩევნების წინ, მათმა უმეტესობამ ვერ მოახერხა უბნების ოქმების საკმაო ნაწილის დროზე შეგროვებაც კი. ოპოზიციამ სერიოზული რეპუტაციული დანაკარგი მიიღო. ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა მწვანეთა მემარცხენე პარტია, თუმცა ქვეყნის მასშტაბით, ეს პოლიტიკური ძალა არ არის იმხელა, რომ საერთო რეალობა და საზოგადოების განწყობა შეცვალოს.

- მიწისძვრამდე რა ფაქტორები განაპირობებდა მმართველი პარტიის რეიტინგის კლებას და ქვეყანაში სიტუაციის ასე გაუარესებას?

- ინფლაცია და ეკონომიკური სისტემის ცუდი მართვა, რომელმაც საქმე იქამდეც კი მიიყვანა, რომ დღეს, თურქეთში, არსებობს პარალელური სავალუტო კურსი. ამას ემატება სერიოზული სახაზინო კრიზისი, რომლის კომპენსირებაც გაურკვეველი წარმოშობის ფულით ხდება. ასევე, საბანკო საპროცენტო პოლიტიკა, რომელიც ინფლაციაზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, გაურკვეველი იმპორტ-ექსპორტის პოლიტიკა და ა.შ.

მიწისძვრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით, დაზარალებულ რეგიონებში ხელისუფლებამ დიდწილად შეინარჩუნა თავისი პოზიციები, ზოგიერთ შემთხვევაში, გაამყარა კიდეც. მაგალითად, ჰათაიში გართულებული იყო იმ ადგილებში ჩასვლა, სადაც რეგისტრირებულნი არიან. მართალია, ბევრმა მათგანმა საცხოვრებელი ადგილი დატოვა, მაგრამ სხვადასხვა დეტალების გამო, საარჩევნო რეგისტრაციის ადგილი არ შეუცვლია. თურქეთში სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ფასიც გაზრდილია, ამიტომ ბევრმა საარჩევნო უბანზე მისვლა ვერ მოახერხა.  მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ დიდი შედეგი მოიპოვა, დაზარალებულთა მიგრაციის გამო, ხელისუფლების პროცენტული მაჩვენებელი გამყარდა. სხვა რეგიონებში, ყველაფერთან ერთად, იმუშავა იმანაც, რომ ხელისფულებამ აქტიურად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი და პროპაგანდა, რომლის მიხედვითაც, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებდა, დაზარალებულები კომპენსაციასა და საცხოვრებელ ფართებს ვეღარ მიიღებდნენ.

- ოპოზიციას რა დაპირებები აქვს, ძირითადად, რა გზავნილებით ცდილობ ამომრჩევლის გულის მოგებას?

- არჩევნების დღემდე, ოპოზიციამ საკმაოდ კარგად მართა პროცესი, აქცენტები იყო ოპოზიციური ალიანსის მომცველობა-ინკლუზიურობაზე, ეფექტიან საჯარო მმართველობასა და გაკრვეული კეთილდღეობის საკანონმდებლობლო დონეზე დაბრუნებაზე. ასევე, სოციალური სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე, თუმცა პრობლემა ისაა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის იმ გაგებით „ვესტერნიზებული“, რა გაგებითაც ოპოზიციის საშუალო და მაღალი კლასის უმეტესობა. მათთვის დასავლური კანონის უზენაესობის ცნებები რეალურად არაფერს ნიშნავს და ზოგიერთ შემთხვევაში, არსებულ სტატუს-კვოსთან შედარებით, უარყოფითი მოვლენაც შეიძლება იყოს.

- როგორი რეპუტაცია აქვს ერდოღანის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუ?

- ის ძველი, სტაჟიანი ბიუროკრატია, რეპუტაციით, მეტწილად, პატიოსანი - კარგი ადმინისტრაციული გამოცდილებით, თუმცა მის ამომრჩევლებშიც კი, უმეტესობას არ სწამს, რომ გააჩნია არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო პოტენციალი. ეს საკმაოდ დიდი სისუსტეა მისთვის. რბილი, მეოჯახე, პატიოსანი კაცის სახელი არ ქმნის ისეთი ლიდერის იმიჯს, რომელიც, თუნდაც, გაყალბებისა და სხვა კრიზისის შემთხვევაში, შეძლებს ხალხის ხმების დაცვას, საპროტესტო აქციების ორგანიზებასა და მართვას, რაც უარყოფითად აისახება მის გრძელვადიან პერსპექტივებზე. ვინაიდან ოპოზიციის სტრატეგია იყო საზოგადოების სხვადასხვა წრის გაერთიანება, ამ დეტალებს ნაკლები ყურადღება მიექცა.

- მისი გაამრჯვების შემთხვევაში, არის თუ არა რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი?

- შეიცვლება ფსევდოკონსერვატიული ნორმების თავსმოხვევა, შედარებით დასტაბილურდება ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ერდოღანის ხელისუფლების პოლიტიკა მთლიანად პოლარიზაციაზე იყო დაფუძნებული და ამან არა მხოლოდ საზოგადოების სხვადასხვა წრეში დაპირისპირება, არამედ, სერიოზული საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

- რა მოლოდინი გაქვთ მეორე ტურში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველმა ტურმა ერდოღანის უპირატესობა აჩვენა?

- რეალურად თუ შევხედავთ, ერდოღანის უპირატესობა ბევრად უფრო ნაკლები იყო, უბრალოდ, არჩევნების ღამეს, ოპოზიციის მიერ სიტუაციის ცუდად მართვის შედეგად, სხვაგვარად მოხდა ყველაფერი.

რაც შეეხება მეორე ტურს, ვფიქრობ, ერდოღანის გამარჯვების შანსი მეტია, რადგან მთავარი მიზეზი ოპოზიციის არაორგანიზებულობაა. ნებისმიერ შემთხვევაში, არ მგონია, დიდი სხვაობა იყოს, თუ ოპოზიცია ისევ არაორგანიზებულობას გამოიჩენს, გამარჯვების შანსი ნაკლებად ექნება.

- ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოსთან ურთიერთობებში თუ შეიცვლება რამე და რა მხრივ?

- რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, ზოგიერთი მიმომხილველი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რადგანაც ქილიჩდაროღლუს საპარლამენტო ფრაქციის თავჯდომარე, ენგინ ოზქოჩი ეთნიკური აფხაზი და სოხუმის ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია, თითქოს, ეს დიდ გავლენას მოახდენს თურქეთის ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე, აღიარებს აფხაზეთს და ა.შ. ეს ტყულია! თურქეთში, აფხაზეთის მხარდაჭერა არის ინდივიდუალურ დიასპორულ დონეზე არსებული მოვლენა და ზოგად პარტიულ და სახელმწიფო პოლიტიკაზე ნაკლებად ახდენს გავლენას. თურქეთი აფხაზეთს  არ აღიარებს, რადგან ამჟამად მას სატრანზიტო და ენერგოდერეფნის ფუნქციების გამო საქართველოსთან ურთიერთობების დაძაბვა არ უღირს. შესაბამისად, რამე რადიკალურ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.

ენგინს რაც შეეხება, მიუხედავად ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა, ის არ მოიაზრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრად, არამედ, მისი კანდიდატურა შინაგან საქმეთა, ან ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზეა ნავარაუდები.

- რას ფიქრობთ, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესახებ, რა ფორმით და რა გზავნილებით მუშაობს რუსული პროპაგანდა თურქეთში

- რუსული პროპაგანდა ერდოღანის აქტიურ მხარდამჭერად გვევლინება, ვინაიდან მისი ხელისუფლების არსებობის პირობებში, თურქეთი გააგრძელებს ორაზროვან პოლიტიკას და ნატოს შიგნით ერთიანობის იმიჯის შექმნის დაბრკოლებას, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანსა და პუტინს შორის, ბევრ საკითხზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ოპოზიციასთან შედარებით, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ამყარებს საარჩევნო კამპანიას და დიდი ალბათობით ასეც მოიქცევა, რუსეთისთვის ერდოღანი უფრო მისაღები კანდიდატია.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი