პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრა ვერც დღეს შედგა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არც დღეს დადგა.

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი დღესაც არ შედგა, საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია კვლავ არ გაიარა.

 

ტაბლოზე მხოლოდ 52 ხმა დაფიქსირდა, შესაბამისად, კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, კენჭი ვერც სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ეყარა.

 

საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში „რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა.

 

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა.

 

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი არც 18 და 19 აპრილს არ შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის წინ რეგისტრაციას არ გადის. შესაბამისად, კენჭი ვერ ეყარა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.