„ძიალოგი“ ეშმაკთან - რა გზა განვლო სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობიდან საქართველოს პრეზიდენტობამდე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართულ პოლიტიკაში მის გამოჩენას არც მეტეორის ჩამოვარდნის ეფექტი ჰქონია და არც - ცუნამის, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ხანმოკლე აჟიოტაჟი მაინც გამოიწვია, რაც მისი პერსონით კი არა, უფრო სტატუსით იყო გამოწვეული ანუ მანამდე მსოფლიო პოლიტიკას არ ახსოვდა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე და დიპლომატი მეორე ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირი გამხდარიყო. ისე, ზოგმა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ეს ახირება იმთავითვე „ქაჯობად“ მონათლა და ისიც იწინასწარმეტყველა, რომ სალომე ზურაბიშვილის ნაციონალურ მთავრობაში გამოჩენა „ვარდების რევოლუციის“ „ჩე გევარას“ ძვირი დაუჯდებოდა. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს პროგნოზი ახდა - გამოხდა ხანი და, საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილმა და „ფრანციცულად“ განათლებულმა სალომემ, რომელიც თავს სახელოვანი წინაპრებით იწონებდა და იწონებს (ჩვენში დარჩეს და, სხვა საამაყო, პრაქტიკულად, არაფერი აქვს), სააკაშვილი ლამის ცოცხლად დამარხა.

 

საერთოდ, ისინი, რომლებიც მეტ-ნაკლებად ახლოს იცნობენ, ამბობენ, რომ ზურაბიშვილი არაპროგნოზირებადია ანუ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველთვის იქ თხრის, სადაც უნდა გათხაროს. ჰოდა, პრეზიდენტობის მეხუთე წელს, სალომე ზურაბიშვილმა სწორედ იქ გათხარა, სადაც უნდა გაეთხარა ანუ ძველი პროგნოზი ახდა და ქვეყნის მთავარსარდალი მმართველ გუნდს, პრაქტიკულად, ღიად დაუპირისპირდა. ზოგადად, ამ ორი პოლიტსუბიქეტის უთანხმოება წელს არ დაწყებულა. გასულ წელსაც იგრძნობოდა, რომ ზურაბიშვილსა და მმართველ გუნდს შორის ისეთი იდილია აღარ არსებობდა, როგორიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევების წინ იყო.

რატომ აიცრუეს ერთმანეთზე გული? - ეს ცალკე საუბრის თემაა. დღეს, „ვერსია“ სალომე ზურაბიშვილის წარსულს კიდევ ერთხელ გაგაცნობთ, რადგან ყველფერი ახალი, ხომ, კარგად დავიწყებული ძველია.

თავდაპირველად, ე.წ. ფრანგი დიპლომატის ოფიციალურ დოსიეს გავეცნოთ.

როგორც ქართული „ვიკიპედია“ იუწყება, „სალომე ზურაბიშვილი 1952 წლის 18 მარტს, პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ოჯახში დაიბადა. 1972 წელს, დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს - კოლუმბიის უნივერსიტეტი, 1981 წელს კი - პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა. დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1974 წელს, რომში (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანის თანამდებობით. 1977-1980 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივნის თანამდებობაზე. 1980-1984 წლებში იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელი. 1984-1988 წლებში - ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი; 1988-1989 წლებში - ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველი მდივანი. ასევე, კონვენციური შეირაღების შემცირების საკითხში საფრანგეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი; 1989-1992 წლებში - ნჯამენაში (ჩადი) საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი; 1992-1993 წლებში - ბრიუსელში, ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პოლიტიკური მრჩეველი; 1993-1996 წლებში - ბრიუსელში, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის  მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 1996-1998 წლებში - პარიზში, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი.

1997-1998 წლებში მუშაობდა პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაში; 1998-2001 წლებში - პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების დეპარტამენტის სტრატეგიის საკითხთა სამმართველოს უფროსად; 2001-2003 წლებში - პარიზში, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო, სტრატეგიულ საკითხთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორად.

2003-2004 წლებში იყო საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; 2004-2005 წლებში - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2005-2006 წლებში - „სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის“ ლიდერი; 2006-2010 წლებში - პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი; 2006-2016 წლებში - საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი; 2010-2015 წლებში - გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორი“.

არაოფიციალური ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პირველი კომუნიკაცია გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ანუ იმ დროს დამყარდა, როცა ქალბატონი ზურაბიშვილი გაერო-ში მუშაობდა. ამბობენ იმასაც, რომ თავის დროზე, ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო უწყებაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებს კურირებდა, თუმცა ეს არაოფიციალური თანამდებობა იყო. თუ ამ ვერსიას გავყვებით, მაშინ გამოდის, რომ მან რუსული ენა, როგორც იტყვიან, საყველპუროდ მაინც უნდა იცოდეს, თუმცა როცა საქართველოს საგარეო უწყებას ჩაუდგა სათავეში და შეხვედრებს ლავროვთან მართავდა, ხაზგასმით აღნიშნა, რუსული არ „მეკერკებაო“ და ამიტომ, რუს კოლეგასთან თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობდა. ეს ჟესტი, შესაძლოა, დადებით შტრიხადაც ჩაითვალოს, მაგრამ მაშინვე ითქვა, რომ აქცენტის რუსულის არცოდნაზე გაკეთებით, ზურაბიშვილი თითქოს წარსულს მალავდა ანუ არ სურდა, საზოგადების გარკვეულ ნაწილს გასჩენოდა კითხვა, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მას რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან?

დღეს ქალბატონი ზურაბიშვილი არათუ თავს იწონებს, არამედ, სასაცილოდაც არ ჰყოფნის, როცა რუსეთის რეზიდენტს ეძახიან. მისი და კრემლის თანამშრომლობის ოფიციალური დოკუმენტები, ცხადია, არ არსებობს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ანუ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა, ინტერნეტში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ 1991-92 წლების თბილისის სისხლიანი მოვლენების დროს, ქალბატონი ზურაბიშვილი „პუტჩისტების“, ესე იგი, სიგუა-კიტოვან-იოსელიანის მეხოტბე იყო და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ილაშქრებდა. ამ ტრიოს უკან კი, მოგეხსენებათ, რუსეთი იდგა.

ამის შესახებ პირველი ცნობა „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ გაავრცელა და სოციალურ ქსელში დაწერა:

„აი, ვის შემოტენვას ცდილობენ პრეზიდენტად: სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას დამხობის შესახებ - „სამხედრო საბჭო და დროებითი მთავრობა წარმოადგენს გამსახურდიას დიქტატურასთან მებრძოლ და დემოკრატიის აღმდგენ ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს. დემოკრატიისათვის ბრძოლა გულისხმობს დიქტატორისა და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას, ამ ბრძოლაში აჯანყებაზე ლეგიტიმური და კანონიერი ფორმა კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონებია. ვერავინ დასწამებს ცილს სამხედრო საბჭოს, რომ მან არ შესთავაზა დიქტატორს (გამსახურდია) თავისი ნებით გადადგომა, რომ უარეყო ხელისუფლების უზურპაცია და აღედგინა დემოკრატიული წყობა, მაგრამ დიქტატორმა (გამსახურდია) არ ინდომა ეს და დაიწყო სისხლიანი ანგარიშსწორება, სროლა დაიწყო, რითაც სავსებით დაადასტურა თავისი არაკანონიერება. ამის შემდეგ, ერთადერთი კანონიერი და სამართლიანი გზა რჩებოდა - სამხედრო აჯანყების გზით დიქტატორის (გამსახურდია) დამხობა“, - ჟურნალი „ივერია“, 1992 წელი“.

„ვერსიამ“ ინტერნეტში ჟურნალ „ივერიის“ შესახებ ინფორმაცია მოიძია. ინტერნეტსაიტზე - simartle.altervista.org - ვკითხულობთ:

„სალომე ზურაბიშვილისა და ჯანრი კაშიას გველურ ჟურნალში - „ივერია“ მრავლადაა საქართველოს ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების მიმართ ცილისმწამებლური გამოხტომები და არაორაზროვნად ჩანს ჟურნალის რედაქტორებისა და ავტორების ანტიეროვნული და ანტიქართული ქმედება“.

აქვე, მოყვანილია ზვიად გამსახურდიას მიერ, 1991 წლის 2 თებერვალს, „რადიო „თავისუფლების“ ქართულ რედაქციასთან ნათქვამი ფრაზა:

„საქართველო მტრების ხელშია, მოსისხლე მტრების ხელშია.

გესმით, კრემლის აგენტურის ხელშია. პირველ რიგში, კაშია, ლაშქარაშვილი, კლიმიაშვილი და აი, ესენი დათარეშობენ ეთერში და მსოფლიოს წამლავენ“...

ამონარიდი ზემოხსენებული საიტის წერილიდან:

„წარმოდგენილი სტატიები დაწერილია უშუალოდ ანტიქართული პუტჩის წინა ხანებში (მათშია მოწოდება პუტჩისადმი) და უშუალოდ პუტჩის მომდევნო პერიოდში (მათშია უპირობო და სრული მხარდაჭერა კრიმინალური გადატრიალების შედეგად მოსული სისხლიანი სამხედრო საბჭოსადმი).

ჟურნალ „ივერიას“ გამოსცემდა ძირგამომთხრელი ორგანიზაცია „ქართულ-ევროპული ინსტიტუტი“, რომელიც პარიზში, საბჭოთა გლობალისტური წრეების მიერ დაარსდა და რომელსაც არაკაცი ჯანრი კაშია ხელმძღვანელობდა. ეს სამკაციანი „ინსტიტუტი“ მთლიანად ქართული ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციით იყო დაკავებული.

ეს უცილობელი დამტკიცებაა იმისა, რომ სიგუა-კიტოვან-იოსელიანის ბანდას რუსეთი კი არ ამოძრავებდა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, წარმართავდა დასავლეთი და დასავლეთში ჩანერგილი ისეთი არაკაცები, როგორებიცაა კაშია-ზურაბიშვილის წყვილი!

სალომე ზურაბიშვილსა და ჯანრი კაშიას იმ პერიოდის საქმიანობა სწორედ ისაა, რაც დეკლარაციაში წოდებულია „შინაგანი და გარეგანი ანტიეროვნული ძალების მიერ მოწყობილ სამხედრო სახელმწიფო გადატრიალებად“. ისინი იყვნენ ამ გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორები, სულისჩამდგმელები და იდეოლოგები.

კიდევ ერთი, დოკუმენტური დასაბუთება იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელი და მეთაური ჯანრი კაშია იყო და ასეთადაც რჩება:

„- თქვენ განაცხადეთ, რომ ქართველ ხალხთან ერთად აპირებთ მუშაობას საქართველოს საკეთილდღეოდ. როგორი ორგანიზაციული ფორმა ექნება ამ ერთობას.

- ეს რთული საკითხია. ახლა ჯანრიც ჩამოვიდა და ერთად დავიწყებთ ჯერ კონსულტაციებით, რომ ვნახოთ, ვინ არის ის ხალხი, რომელსაც ერთნაირად ესმის დღევანდელი სიტუაცია და ვისაც სურს, ვიმუშაოთ. ჯერ ვიმუშავებთ საზოგადოებრივ დონეზე. პოლიტიკური პარტიის შექმნა ჯერ არ არის აუცილებელი. მე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებსაც შევხვდები, მაგრამ, უბრალოდ, როგორც ადამიანებს. მე მექნება შეხვედრები არასამთავრობოებთან, აკადემიაში, უნივერსიტეტში, პრესის წარმომადგენლებთან. საზოგადოების ამოქმედება უფრო საჭიროა დღეს, ვიდრე ორგანიზაციების შექმნა. ხვალ შეიძლება ეს ეტაპიც მოვიდეს. მოძრაობაზეც რომ ვილაპარაკოთ, ამასაც უნდა რაღაც სტრუქტურა, ამას ფინანსებიც სჭირდება. დღეს ჩვენ არაფერი გვაქვს და უფინანსებოდ არავითარი მოძრაობა არ არსებობს. ვისაც სურს ჩვენთან ყოფნა, ყველასთვის კარი ღიაა“. („რეზონანსი“, #285, ორშაბათი, 24 ოქტომბერი, 2005 წელი).

დაინტერესებულ მკითხველს შევახსენებთ: ყოველგვარი დაფინანსების გარეშე და სასტიკი დევნა-შევიწროების პირობებში, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ნამდვილად ეროვნულმა და ნამდვილად სახალხო მოძრაობამ დაამარცხა უმძლავრესი კომუნისტური ურჩხული.

დასკვნა: თუ რამე მოძრაობას ძლიერი შინაგანი მოტივაცია გააჩნია - მას დაფინანსება არ სჭირდება, ხოლო ფსევდომოძრაობები კი შინაგანი მოტივაციის უქონლობას, ფინანსური მოტივაციით ანაცვლებენ!“

სხვათა შორის, ამავე საიტიდან ირკვევა, რომ ჟურნალ „ივერიაში“ სალომე ზურაბიშვილი ფსევდონიმით წერდა და მისი ფსევდონიმი „სალომე ქართველი“ გახლდათ. ჟურნალს კი, თურმე, მისი აწ განსვენებულუ მეუღლე, ჯანრი კაშია რედაქტორობდა...

საქართველოს „გავარდებიდან“ ზუსტად ორი წელია გასული. მართალია, ორი წელი ისტორიისთვის არაფერია, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქართველ „ვარდოსნებს“ ქვეყანაში თავიანთი წესები დაემყარებინათ ანუ 2005 წლის შემოდგომისთვის უკვე წართმეულია კერძო ქონება და... გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილია პრემიერი ზურაბ ჟვანია... 2005 წლის 19 ოქტომბერს, იმჟამინდელი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი სალომე ზურაბიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრობიდან ითხოვს.

„ვარდოსნები“ სალომე ზურაბიშვილს, ალბათ, უწყინარ ევროპელად თვლიდნენ, მაგრამ „მიშას ბანაკი“ პირველად სწორედ მან შეაზანზარა - 20 ოქტომბერს, თბილისში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ყველაზე მასშტაბური აქცია გამართა და იპოდრომზე შეკრებილ საზოგადოებას ამცნო, დამოუკიდებელ პოლიტიკურ კარიერას ვიწყებო.

„საქართველოში ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან!“ - მიმართა მაშინ ზურაბიშვილმა ხალხს... ერთი წლის შემდეგ კი, ოპოზიციური პარტია „საქართველოს გზა“ ჩამოაყალიბა.

რაც შეეხება „ეშმაკთან ძიალოგს“, ეს ფრთიანი ფრაზა ზურაბიშვილმა 2009 წელს, ე.წ. საკნების აქციების დროს წამოისროლა:

„დღეს ეშმაკის ენა არის ძიალოგი. გვისისინებს ეშმაკი, ძიალოგიო, ძიალოგიოოოო, წამოდიო, ძიალოგზეო... წადი ეშმაკო, წადი! ფუი, ეშმაკო!“

ქართული პოლიტიკიდან არც ქაჯები წასულან და არც - ეშმაკები. შესაბამისად, ზურაბიშვილის „სხარტულებს“ აქტუალობა არ დაუკარგავს. მეტიც, მის ძველ „სიბრძნეებს“ ახლებიც დაემატა - „ანალისტები“, „განძრევა“ და ასე შემდეგ...

სიტყვამ მოიტანა და, მიხეილ სააკაშვილი დღეს, ალბათ, ნანობს, რომ თავის დროზე, არც ტვინი „განძრია“ და არც „ანალისტებს“ ჰკითხა, სხვა ქვეყნის მოქალაქისა და ელჩის, ზურაბიშვილის საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელად დანიშვნა კარგი გადაწყვეტილება იყო თუ არაო. არადა, ამ კითხვას ქართული მედია მაშინ ხშირად სვამდა. ..

ასე იყო თუ ისე, სალომე ზურაბიშვილი საგარეო მინისტრი გახდა და „ვარდების“ მთავრობაში ინტრიგებიც დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, ითქვა, რომ მინისტრად დანიშვნის დღიდან, ზურაბიშვილმა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე აითვალწუნა. პერიოდულად ჩნდებოდა ცნობა, რომ ზურაბიშვილი-ბურჯანაძე ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ, თუმცა თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ბურჯანაძესთან დაპირისპირება უარყო და განაცხადა, მე და ნინო დები ვართო.

სამაგიეროდ, უპორტფელოდ დარჩენილმა ზურაბიშვილმა ინტერვიუში, რომელიც ერთ-ერთ ქართულ გამოცემას 2005 წლის პირველ დეკადაში მისცა, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პრემიერი გაიხსენა და მიანიშნა, რომ მის წინაღმდეგ „შავ პიარს“, თითქოს, ცხონებული ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა:

„ჟვანიასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს წინააღმდეგ დაწყებული კრიტიკები ჟვანიამდე მიდიოდა. სხვათა შორის, მისგან ისიც ვიცოდი, რომ პრეზიდენტს ჩემი გაშვება მოსთხოვა, ამ გუნდში არ ჯდებაო. ისე, ბოლომდე ვერ გავარკვიე, ხელს რაში ვუშლიდი... მოკლედ, იანვრის შუა რიცხვებში, ერთმანეთს შევხვდით, საკმაოდ ღია საუბარი გვქონდა, შევთანხმდით, რომ დაძაბულობა უკან დაგვეტოვებინა და ერთად მუშაობა დაგვეწყო.

- „ერთად მუშაობის დაწყება“ რას ნიშნავდა?

- იმ მომენტში დავიჯერე, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაცია და ნატო-ში გაერთიანება მართლა პრიორიტეტები იყო, საამისოდ კი სამოქმედო გეგმის მომზადება იყო საჭირო. სხვათა შორის, ამის მერე შევამჩნიე, რომ როცა საშუალება ჰქონდა, ზურა ჟვანია ყოველთვის ამბობდა, ნახეთ, საგარეო საქმეთა მინისტრი რა კარგად მუშაობსო. მოკლედ, რა სიტყვაც მომცა, შეასრულა.

ამის შემდეგ გავიდა ორი კვირა თუ ორკვირანახევარი და მისი გარდაცვალება რომ გავიგე, ძალიან დიდი სინანულის გრძნობა გამიჩნდა, რადგან ის საქმე, რაზეც შევთანმხდით, ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და ჩვენგან, შეიძლება, კარგი ტანდემიც გამოსულიყო. ახლა, თუ ისევ გარედან შეფასებაზე გადავალთ, ფაქტია, ჟვანიას გარდაცვალების მერე რაღაც ბალანსი დაირღვა, რომელიც პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებობდა. ორივეს თავისი როლი ჰქონდა და ეს ბალანსი მერე ვერ შენარჩუნდა, რადგან ნოღაიდელი რამის დამაბალანსებელი კი არა, უფრო შემსრულებელია. ბალანსი აუცილებელია, მაგრამ დღეს ეს არ არსებობს ანუ პრეზიდენტი და პარლამენტი ერთად არიან, პრემიერი კი არ ითვლება.

- თქვენი საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვიღაცებს თქვენი და ჟვანიას ტანდემის შეეშინდათ. ყოველ შემთხვევაში, თქვენი გადაყენება ზემოხსენებულ ლოგიკაში რაღაცნაირად ჯდება...

- არ ვიცი... ეს თქვენი დასკვნებია... ისე, ასეთი პარალელები ყოველთვის მაცდურია, რადგან ნამეტანი ლოგიკური და ბევრის მთქმელია. მოკლედ, პარალელებს ვერიდები“...

სალომე ზურაბიშილს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, თავის დროზე, გარკვეულ ნეპოტიზმშიც ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ საგარეო უწყებაში, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე შვილებისა და ოჯახის ახლობლები დანიშნა. ამ მხრივ კი ყველაზე მეტად პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აქტიურობდა, რომელიც აცხადებდა:

„ზურაბიშვილის მინისტრად მოსვლის პერიოდში, საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 ძალიან ნიჭიერი ახალგაზდრა მუშაობდა, რომელთაც ზურაბიშვილი სულ რამდენიმე დღეში დაერია და ქუჩაში გაყარა, მათ ნაცვლად კი საეჭვო პროფესიის მქონე ადამიანებით დააკომპლექტა სამინისტრო. ამის შემდეგ, ზურაბიშვილი საელჩოებს დაერია. მან ყოველგვარი დიპლომატიური ტაქტის გარეშე გამოაძევა ალექსანდრე ჩიკვაიძე, რომელიც ზურაბიშვილზე ცოდნით ათჯერ მაღლა იდგა და, საერთოდაც, ნომერ პირველი დიპლომატი იყო“.

ერთი სიტყვით, სალომე ზურაბიშვილის მხოლოდ პოლიტიკური კი არა, პირადი ბიოგრაფიაც ერთობ მრავალფეროვანი და, გარკვეუწილად, იდუმალიცაა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე გაუგებარია, რატომ გაუჩნდა განვითარებული საფრანგეთის მოქალაქეს სურვილი, რომ განვითარებად საქართველოში პოლიტიკური თანამდებობა მიეღო? იყო თუ არა ეს დიდი პოლიტიკური თამაშის შემადგენელი ნაწილი? - ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ, რიგითი მოკვდავნი, ალბათ, ვერასოდეს მივიღებთ. თავად ზურაბიშვილი კი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში აცხადებდა:

„პოლიტიკაში მოსვლა არასდროს მდომებია... სააკაშვილმა რომ შემომთავაზა, ბევრი ვიუარე და ვეხვეწე, თანახმა ვარ დახმარებაზე, მაგრამ სჯობს, მინისტრის ან პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩევლის ადგილზე დამნიშნოთ-მეთქი. იპოდრომის მერეც, რომელიც თავისით მოეწყო, არ ვაპირებდი პოლიტიკაში გადასვლას და შევქმენი საზოგადოებრივი მოძრაობა. პარტიად გარდავიქმენით მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა სხვანაირად არ შეიძლებოდა.

...მე და ჩემი მეუღლე რომ დავშორდით, დიპლომატიური მისიით აფრიკაში, ჩადში წავედი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. მე და ჩემი შვილები იქ სამი წელი ვცხოვრობდით. მაშინ იქ ომიც იყო. ქუჩები, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ქვიშა იყო ყველგან.

იქიდან რომ დავბრუნდი, მერე გავყევი ჯანრის. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული. დიდი ტკივილის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვცხოვრობდი. ის მხოლოდ მეუღლე კი არა, ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო... საერთო შვილი არ გვყავს, მაგრამ მის შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, სულ ვამბობდით, რომ გაფართოებული ოჯახი გვქონდა... მის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. წიგნში - „საქართველოს ტრაგედია 2003-2008“, რომელიც დავწერე, ყველაფერზეა ლაპარაკი, რაც 2003-დან 2008 წლამდე ხდებოდა. აქედან რუსეთი რას გამოიყენებს და რას - არა, არ ვიცი. ტალიავინის ანგარიშიც სათავისოდ გამოიყენეს რუსებმა და სააკაშვილმა. მიშამ თქვა, მე გამამართლესო, რუსებმა კი, ეს დასკვნა ჩვენთვის სასარგებლოაო. ასე რომ, იმის მიხედვით, ვინ როგორ წაიკითხავს, ნებისმიერი ტექსტის გამოყენება შეიძლება. ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ, რაც იმ წიგნში აღვწერე, სრული სიმართლეა. ეს არის ის, რაც გავიარე, ვიფიქრე და ვნახე ხელისუფლებაში ყოფნისას. არგუმენტი, სიმართლის თქმა არ შეიძლება, რადგან შეიძლება მტერმა გამოიყენოსო, ჩემთვის მიუღებელია. სიმართლე იმისთვის გვჭირდება, რომ შეცდომები გავითვალისწინოთ და მომავალში აღარ გავიმეოროთ.

- მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ თქვენს წიგნში მოხვდა საიდუმლო ინფორმაციაც.

- არ ვიცი, რას მედავებიან. წიგნში ვწერ 2004 წელზე, როდესაც ცხინვალზე პირველი შეტევა იყო. ესეც რუსების პროვოცირებული იყო და მაშინაც გაიყო მთავრობაში აზრი. ნაწილს მიაჩნდა, რომ შეიძლებოდა ცხინვალის პრობლემის სწრაფი ოპერაციით გადაჭრა, მეორე ნაწილს (რომელშიც მეც ვიყავი) კი მიაჩნდა, რომ ეს სახიფათოა. ვამბობდით, რომ შესაძლოა, ლოკალურად რაღაც მოვიგოთ, მაგრამ საერთაშორისო მხარდაჭერას დავკარგავთ. ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჩემი თანდასწრებით არც მიღებულა, რადგან ასეთი საკითხების გადაწყვეტა უშიშროების საბჭოზე კი არა, სხვა დონეზე ხდებოდა.

- სად და ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს?

- არავინ იცის. ჩვენ ხომ რეალურად არ გაგვაჩნია უშიშროების საბჭო. დღესაც საბჭოს სხდომაზე პატიჟებენ ოპოზიციონერებს, რომლებიც გუშინ, ჩემსავით, რუსეთის აგენტებად იყვნენ მონათლულნი. მათ სხდომაზე იწვევენ, მაგრამ საჭიროდ არ მიაჩნიათ, ან ბოდიში მოუხადონ, ან საქმეები შეწყვიტონ მათზე. რა უშიშროების საბჭოა ის, რომელიც კამერების წინ ტარდება?

დღეს სიმართლე ოპოზიციასაც სჭირდება. ოპოზიციამ თუ არ დაინახა, სად რა შეგვეშალა, რა საფრთხე გვემუქრება და შელამაზებული სურათით ვიმსჯელეთ, რომელიც რეალობასთან ახლოსაც არ არის, ვერაფერს მივაღწევთ. ასევეა ქვეყანაც. გვინდა, საქართველო გამოვიდეს უმძიმესი კრიზისიდან? გვინდა, რომ სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობის აღდგენის შანსი გაჩნდეს? გგონიათ, ეს სიმართლის გარეშე მოხდება? თუ ოსებსა და აფხაზებს ვეტყვით, ყველაფერში მართლები ვიყავითო, გგონიათ, მოხერხდება ჩვენი ურთიერთობა?

- მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა სეპარატისტ ლიდერებთან ლამის დანაშაულად და ქვეყნის ღალატად ცხადდება.

- თავი დაანებონ მოღალატეებსა და უცხოეთის აგენტებზე ლაპარაკს. დემოკრატიულ ქვეყნებში აგენტებზე არავინ ლაპარაკობს. ეს ტოტალიტარული რეჟიმების ხელწერაა. სააკაშვილს ვურჩევდი, თავი დაანებოს ამ თემებზე ლაპარაკს, რომელიც ბრალმდებელზე უფრო მეტყველებს, ვიდრე ადრესატზე. რუსული ბაზები ჩემი მინისტრობის დროს გავიდა საქართველოდან და სააკაშვილმა ისევ დააბრუნა. აქედან გამომდინარე, ვინ არის ჩვენ შორის რუსეთის აგენტი?“

კიდევ ერთი, საინტერესო დეტალი: სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტების სურვილი 2013 წელსაც ჰქონდა. როგორც მაშინდელი მედია იუწყებოდა, ის „ქართული ოცნების“ ლიდერებს კონსპირაციულად შეხვდა და შესთავაზა, ჩემზე კარგ კანდიდატს ვერ იპოვით და პრეზიდენტად „დამნიშნეთო“, მაგრამ სალომეს ოცნება მაშინ არ ახდა. როგორც იტყვიან, ბოლო სერიაში, ზურაბიშვილი პრეზიდენტი მაინც გახდა. მთავარსარდლობის პირველ ეტაპზე, მმართველი გუნდი მას კბილებით იცავდა, ოპოზიცია კი რეზიდენტსა და რუსების კადრს ეძახდა. ახლა ვითარება შეიცვალა - ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს დაუტკბა, მმართველი გუნდი კი გაებუტასავით. ხელისუფლების მიმდევრებმა პრეზიდენტი კიდევ ერთხელ, მწვავედ, ორი დღის წინ იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ოპერის თეატრში სხვადასხვა სოციალური ფენისა და პოლიტიკური გემოვნების ქალბატონებს შეხვდა. ისე, უცნაურია, რომ ამ შეკრებაზე გაზეთ „ვერსიის“ მთავარი რედაქტორი, მაია ფურცელაძე არ მიიწვიეს და ეს მაშინ, როცა ოპერაში, როგორც იტყვიან, გუშინდელი ჟურნალისტები მრავლად იყვნენ... 

 

ავტორი-ნინო დოლიძე