როგორ გახდა სტუდენტური მოძრაობის აქტივისტი ლელო-ს გენერალური მდივანი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც ე.წ. რუსული კანონის გამო, რუსთაველზე ახალგაზრდობა საპროტესტოდ გამოვიდა, ყველა, ვისაც პოლიტიკური ალღო გააჩნია, მიხვდა, რომ პოლიტიკაში ახალი თაობის შემოყვანა ანუ ახალი სისხლია საჭირო... მართალია, ერთგვარად, ეს ყბადაღებული საკითხია, რადგან წლებია, ამის აუცილებლობაზე მიდის საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს, ე.წ. პოლიტელიტას, ფესვგადგმულ პოლიტსახეებს უჭირთ საკუთარი ამბიციების უკან გადაწევა და წინ ახალი თაობის, სუფთა წარსული მქონე ადამიანების წამოწევა. თუმცა, ფაქტია, ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოების პულსი იგრძნეს, რასაც ბოლო დროის ნიუსებიც ცხადჰყოფს. ასე, მაგალითად, პარტია ლელო-ს გენერალურ მდივნად აირჩიეს ირაკლი კუპრაძე, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც საზოგადოებამ ჯერ კიდევ სტუდენტური მოძრაობა - „აუდიტორია 115“-დან გაიცნო.

„ვერსია“ გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი კუპრაძესთან:

- რამდენიმე დღის წინ, პარტიის პოლიტსაბჭომ გენერალურ მდივნად ამირჩია. პირველ რიგში, ეს მძიმე ტვირთია პასუხისმგებლობის კუთხით, რადგან რეალურად, ეს ნიშნავს მთელი პარტიული სტრუქტურისა და პოლიტიკის მართვის პროცესის, იმ საკითხების აღსრულებას, რაზეც პარტია თანხმდება.

უპრეცედენტო ფაქტია, როცა ახალგაზრდა პოლიტიკოსს ეძლევა შესაძლებლობა, იყოს წამყვანი პოზიციის მატარებელი. ეს იყო ერთგვარი ნიშანი, რომ ლელო მზადაა, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი არა ფასადურად, არამედ, რეალურად დაუთმოს ახალ სახეებს, ახალგაზრდებს. ეს დაკვეთაა საზოგადოების მხრიდანაც და გვახსოვს მარტის პირველ რიცხვებში, როცა დაიწყო საპროტესტო აქციები, მთელი საზოგადოება საუბრობდა, რომ ახალგაზრდების მონაწილეობა, ნდობის განახლება, სახალხო სახეების არსებობა პოლიტიკაში უნდა ყოფილიყო გამაჯანსაღებელი. ლელო დროულად ადაპტირდა ამ საკითხისადმი და ამ გადანაცვლებით, სწორედ ეს დაკვეთა შეასრულა პარტიაში.

- გადანაცვლებაში რა იგულისხმება?

- პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა დავით უსუფაშვილი და მთელი ძალისხმევა მიმართა საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც არის და იქნება ლელო-ს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი. პარლამენტში ბევრი დამოუკიდებელი დეპუტატები გაჩნდნენ, რომლებთანაც კოორდინაციისა და ერთი ძალის ცენტრის არსებობა იქნება მნიშვნელოვანი. ამის შესაძლებლობა და გამოცდილება აქვს დავით უსუფაშვილს, რათა შეძლოს ამ დეპუტატებთან კოორდინაცია მარტივი მიზნის გარშემო - ეს არის ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, 12-პუნქტიანი გეგმის საკითხი და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ორგანიზება. მთავარი საკითხია, რომ მათ შორის, ჩვენს პარტიას, პირველ რიგში, სჭირდება სახალხოობა, ხალხის წიაღიდან ამომავალი პრობლემების გაჟღერება, ამის კარგად ცოდნა, რადგან შენ უნდა იყო ყველაფერ ამის ნაწილი და მე მართლა ამ წიაღის ნაწილი ვარ... ახლა სამომავლო მუშაობაა დასაგეგმი, რომელიც გულისხმობს მთელი პარტიის სტრუქტურულ რეფორმას, რეგიონალური ორგანიზაციების ყველა ქალაქსა თუ სოფელში არსებობას, მაგრამ სწორ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებიც უნდა იყვნენ მართლა გულანთებული ადამიანები, უნდოდეთ ეს ქვეყანა რუსეთში კი არა, ევროპაში წავიდეს და მათ ამისთვის რაღაც უკეთებიათ.

სწორად უნდა ასახოს პოლიტიკურმა პარტიამ მოქალაქეების, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერების დამსახურებები.  ჩვენ სხვა ეტაპზე გადავედით რეგიონალური აქტივობების მხრივ და ეს დამატებით იმედს აჩენს, რადგან უკვირთ ადამიანებს არასაარჩევნო რეჟიმში პოლიტიკური ლიდერების სტუმრობა სოფლებსა და რაიონებში. ეს ნდობის განახლებას ექვემდებარება.

მეორე საკითხია ახალი სახეების შემოყვანა პოლიტიკაში, რაც შეუძლია მხოლოდ მათთან შინაარსობრივად დაახლოებულ ადამიანებს. ამის შესაძლებლობა მექნება, რომ დავითანხმო საინტერესო ახალგაზრდები და დავარწმუნო, რომ პოლიტიკის კეთება მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მათ ვთავაზობთ პლატფორმას, სადაც დიდი რანგის პოლიტიკოსები ეუბნებიან, მოდი და ფონად დამიდექი კი არა, არამედ, შენ იყავი წამყვანი ამ პროცესშიო.

- როცა პასუხისმგებლობასა და ტვირთზე საუბრობ, რას გულისხმობ ანუ რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ამ პოზიციიდან დაინახე?

- ყველაზე რთული ნდობის აღდგენაა პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებას შორის, რადგან ეს ნდობა გაცვეთილია მრავალწლიანი პოლიტიკური ბრძოლით, იმედის გაჩენითა და შემდეგ, ვერგამართლებით. ეს ეხება საარჩევნო პროცესებს, იმ ტიპის პირობების შესრულებას, რაც დამოკიდებულია ხელისუფლებაში მოსვლასთან. ამ ნდობას სჭირდება გამართლება.

ჩემთვის მართლა დიდი ბედნიერება იყო, როცა ვკითხულობდი გამოხმაურებას სამოქალაქო სექტორიდან, მედიასივრციდან, აქტივისტებიდან - ყველა მხრიდან გულშემატკივრობა და მხარდაჭერა დავინახე, რაც ჩემთვის იმედის ნაპერწკალი იყო. გულწრფელად გეტყვი, ეს შიშის საფუძველიცაა, რადგან როცა ასეთი მენეჯერულ-სტრუქტურული და პოლიტიკური საქმის ჩაბარება გიწევს, საკმაოდ რთულია, შეინარჩუნო და გაზარდო, გააღვივო ეს ნდობა - როცა დიდი მოლოდინი იქმნება, ამის გამართლება ბევრად რთულია. ამიტომ, გველოდება ბევრი შრომა, ბრძოლა, გულწრფელი საქმიანობა და მოქალაქეების დარწმუნება, რომ სწორია პოლიტიკის კეთება, მართალი ადამიანები აკეთებენ პოლიტიკას და პოლიტიკა ბინძური მხოლოდ მაშინაა, როცა მასში ხელებს ბინძური ადამიანები აფათურებენ.

- ახლა გარდამტეხი მომენტი დგას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მარტის მოვლენებში აქტიურად იყავი ჩართული, აქციებში მონაწილეობდი... როგორი გეგმა გაქვს, რა უნდა გააკეთო, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს?

- ეს მართლა ისტორიული შანსია, რომელიც უკრაინული ფაქტორებიდან გამომდონარე მიეცა საქართველოს და ეს შანსი ახლავე გამოსაყენებელია. ამ შანსის გამოყენება შეიძლება რანდენიმე მიმართულებით. „ქართული ოცნება“, ცალსახად, არ აპირებს ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებულად წარმართვას, მაგრამ მისი იძულება ევროინტეგრაციის პროცესის ბოლომდე მისაყვანად შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე გზით. ეს არის საზოგადოებრივი ზეწოლა, ოპოზიციის მიერ გაწეული სამუშაოები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, რაც აიძულებს „ოცნებას“, შეასრულოს ქართველი ხალხის დაკვეთა. ეს ხალხის დაკვეთა იმიტომაა, რომ ყველა კვლევა და მონაცემი მიუთითებს, საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობის არჩევანი არის ევროინტეგრაციის გზა, რაზეც აქტიურად რეაგირებს და როცა საკითხი ევროპას ეხება, საზოგადოება ყოველთვის ახერხებს პარტიების გარეშე გაერთიანებას, ქუჩაში გამოსვლას და საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებას, რაც ზოგჯერ შეიძლება ცოტა ბრაზიანიც იყოს, მაგრამ ეს ეხება მათი ქვეყნის, შვილების მომავალს; განათლების საკითხს; სოციალურ უზრუნველყოფას და ა.შ., რასაც ისინი ხედავენ მხოლოდ ევროპაში. რუსეთში კი ხედავენ გაუბედურებულ პოლიტიკურ ტერორს და სიღარიბეს, რაც ნათლად ჩანს.

- ირაკლი, 9 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას შეურთებდით?

- ოპოზიციური პარტიების კოორდინირებული მუშაობა და ერთობა საყოველთაო, ევროვნული მნიშვნელობის საკითხების გარშემო მნიშვნელოვანია, მაგრამ 9 აპრილის აქციას არ შევუერთდებით მარტივი მიზეზის გამო - სწორედ ეს კოორდინაცია არ ყოფილა, როცა დაანონსდა 9 აპრილს ღონისძიება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.  

- ირაკლი, ჯერ კიდევ „აუდიტორია 115“-დან მახსოვხარ, როცა ზურგჩანთამოკიდებული სტუდენტი სამოქალაქო აქტივობას იწყებდი... გაიარე ეს გზა და ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახდი. რას ეტყვი ახლანდელ სტუდენტობას, ახალ თაობას... რა ძალა აქვთ და რა როლი უნდა ითამაშონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა-განვითარებაში?

- სტუდენტების, ახალგაზრდების აქტიურობა გადამწყვეტია, რადგან ეს თავისუფალი, ჩარჩოებმორღვეული ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა არასდროს, არც ერთ კონიუნქტურაში არ ჯდება და არ მიდის კომპრომისზე საკუთარ თავსა თუ სიმართლესთან. მათი მონაწილეობა პოლიტიკაში არის მნიშვნელოვანი, რათა შეცდომებისგან დააზღვიონ ძველი პოლიტიკური სახეები, რომლებმაც ამ 30 წლის განმავლიბაში, ბევრი კომპრომისი გასწიეს. ამ კომპრომისებმა კი დააზიანეს ქართული პოლიტიკური ველი და სანდოობა პოლიტიკისადმი. ახალგაზრდებს აქვთ ამ უკომპრომისობის, სიმართლისა და საკუთარი პრონციპების დაცვის უმაღლესი მაჩვენებელი, რისი დეფიციტიცაა ქართულ პოლიტიკაში. მათ უნდა ესმოდეთ, რომ თუ ისინი დარჩებიან ისეთივე გულწრფელები და სამართლიანები, როგორებიც არიან საუნივერსიტეტო აუდიტორიებში, მაშინ ქართული პოლიტიკა გახდება ჯანსაღი, მათ შემოაქვთ სინათლე პოლიტიკურ ველში. ამიტომ ამ პრინციპით ვმოქმედებ, ისევ ზურგჩანთით დავბაჯბაჯებ სხვადასხვა რეგიონში და შეუძლიათ, შემოგვიერთდნენ, დაგვაკვირდნენ, ნახონ და ამ ურთიერთდაპირისპირების პროცესიდან შევძლოთ, გადავიდეთ კონკრეტული პროექტების, პროგრამების, იდეების განხილვაზე. იდეების დაპირისპირების ეტაპზე როცა გადავალთ, ცხადი გახდება, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი გაიზარდა და არ მიდის ერთმანეთისთვის წინა წლების გახსენება, არამედ, კამათია საქმეზე, სადაც მთავარი ადამიანი და ამ ქვეყნის მომავალია, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა ევროპაში ხედავს.  

 

ავტორი: თათია გოჩაძე