რა მიზნით მოიპარეს ლუგარის ლაბორატორიიდან მასალები და მიდის თუ არა კვალი კრემლამდე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამირან სალუქვაძე: „რუსეთის უტიფრობას საზღვარი არ აქვს!“

მას შემდეგ, რაც საქართველოში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა ისაა, კორონასტატისტიკის გაზრდის გამო, ქვეყანა ხელმეორედ ხომ არ ჩაიკეტება? ამასობაში კი ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა ხორციელდება და მართალია, ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ ამ კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას. რატომ უნდა სჭირდებოდეს რუსეთს საქართველოში მდებარე ლაბორატორიის ინფორმაციის უკანონოდ მითვისება? _ ამას, ქართველ სამართალდამცავებთან ერთად, აშშ-ის ფედერალური ბიუროც გამოიძიებს. მანამდე კი „ვერსია“ უსაფრთხოების ექსპერტ ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

 

_ ბატონო ამირან, რუსეთს ლუგარის ლაბორატორიიდან ინფორმაციის უკანონოდ მითვისება რისთვის უნდა სჭირდებოდეს? 

_ წლებია, რუსეთი ლუგარის ლაბორატორიას საქართველოს სოციუმზე ზემოქმედებისა და, ასევე, საკუთარი მოსახლეობის დასაშინებლად იყენებს. გარე „საფრთხობელების“ შექმნა რუსეთის ტრადიციული ხერხია. სამწუხაროდ, ამაში ჩვენი ყოფილი თანამოქალაქეც, ძებნილი ექსმინისტრი (იგორ გიორგაძე) არის ჩართული, რომელიც რუსულ თოქ-შოუებში მასალებს აფრიალებს ხოლმე. ამას საარჩევნო კამპანიაც ემატება და ყველაფერი ეს, ჩვენს შიდა პროცესებში ერთგვარი ჩარევაა. 

მოკლედ, საქართველოში არიან ადამიანები, რომელთა პოლიტიკურ განწყობებზეც ყველაფერი ეს გავლენას ახდენს და ამ კუთხით, პოლიტიკური ძალებიც მოიზარებიან. 

აქვე შევეხები ალექსეი ნავალნის მოწამვლას. დროში დამთხვევა, ალბათ, ზუსტად ამას ემსახურება. 

_ ანუ? 

_ რუსეთი ამბობს, როცა რუსეთიდან გავამგზავრეთ, ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამლული არ იყოო ანუ თუ „ნოვიჩოკით“ მოწამვლა დადასტურდება, ამას მოსკოვი გერმანულ მხარეს დააბრალებს, რაც ძალიან სასაცილოა, რადგან გერმანიაში კომაში მყოფი ადამიანი გაგზავნეს. 

ზუსტად ამის გასამართლებლად დასჭირდათ ლუგარის ლაბორატორიის თემა, რომ თითქოს „ნოვიჩოკს“ რუსეთი კი არა, არამედ, საქართველოში აშშ აწარმოებს ანუ მოპარული მასალები ამისთვის სჭირდებათ, რათა ამ მასალებს გიორგაძის შეთითხნილი მასალები მიაწებონ და არაა გამორიცხული, „ნოვიჩოკის“ თემაც შეთხზან, მაგრამ სინამდვილეში, „ნოვიჩოკის“ დედაც და მამაც რუსეთია! 

მოკლედ, ეს გაყალბების ჩვეულებრივი მეთოდია. 

_ ყველაფერ აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას გაორმაგებული სიფრთხილე მართებს, არა? 

_ ამ ფაქტების გამოძიება მოხდება _ პარტნიორები დაგვეხმარებიან, რადგან ამ თემაში მათი ინტერესიცაა, თუმცა რუსეთის უტიფრობას საზღვარი არ აქვს. 

ამ კიბერშეტევით, პრაქტიკულად, აღიარებას აწერენ ხელს ანუ ერთი მხრივ, ამბობს, არაა მოწამლული „ნოვიჩოკითო“ და ამ დროს, ეტყობა, იცის, რომ მოწამლულია და ეძებს ისრების გადასატან მიმართულებას, რაც აბსურდია. 

_ ბატონო ამირან, რუსეთს, ასევე, უკავშირდება ბელორუსში მიმდინარე მოვლენებიც. როგორ ფიქრობთ, ლუკაშენკო უკან დაიხევს? 

_ ლუკაშენკო უკან რომ არ დაიხევდა, პირველ დღესვე დავწერე. უკან არც რუსეთი დაიხევს. ძალიან ბევრია მოსახლეობაზე დამოკიდებული _ თუ აქტიური წინააღმდეგობა გაგრძელდა, ხალხი თავისას გაიტანს, თუმცა ლუკაშენკომ ოპოზიციის არათანმიმდევრული და ნაჩქარევი განცხადებებით დრო გაიყვანა და თუ ოპოზიციამ ტაქტიკა არ შეცვალა, არ ველოდები, რომ უახლოეს პერიოდში იქ რაიმე სერიოზულად შეიცვლება. იქაური ოპოზიცია, საქართველოსგან განსხვავებით, პრაქტიკულად, განადგურებულია! 

_ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ემთხვევა. ჩვენთვის უკეთესი დონალდ ტრამპის გამარჯვება იქნება თუ ჯო ბაიდენის? 

_ ასეთ არჩევანს არ ვაკეთებ. სახელმწიფოსთან მყარ ღირებულებებზე დაყრდნობილი ურთიერთობები უნდა გვქონდეს. აშშ-ში ისეთი საარჩევნო სისტემა აქვთ, რომ პროგნოზის გაკეთებაც საკმაოდ რთულია. წინა არჩევნების დროს, საბოლოო შედეგებამდე, ჰილარი კლინტონი ლიდერობდა, მაგრამ არჩევნები დონალდ ტრამპმა მოიგო. დღეს აშშ-ში საკმაოდ მძიმე პროცესებია, მსგავსი პერიოდულად ყოფილა, თუმცა გადაუტანიათ. 

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად მოთოკავს მოქმედი პრეზიდენტი პროცესებს და დაამშვიდებს პოლიტიკურ ვითარებას. ამას ემატება პანდემია, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე. 

_ მსოფლიოს მოვლენების ფონზე, საქართველოს საარჩევნო კამპანიას როგორ აფასებთ _ პანდემია არჩევნებზე რა როლს ითამაშებს? 

_ ალბათ, პანდემია ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ზაფხულში აქტივობა არ იყო, მაგრამ საკმაო გააქტიურებასაც ველოდები და მიუღებელი მეთოდების გამოყენებასაც. 

მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ პროგრამებით ინტელექტუალების შეჯიბრი იყოს, თუმცა იაფფასიანი და ძალიან პოპულისტური განცხადებები უკვე ისმის... 

_ ვისი მხრიდან _ ოპოზიციის, თუ ხელისუფლების? 

_ სხვათა შორის, ხელისუფლება ასეთ განცხადებებს ჯერჯერობით არ აკეთებს. რომ არ ჩამკითხვოდით, დაკონკრეტებას შეგნებულად არ ვაპირებდი, მაგრამ როცა პოლიტიკოსები არ გვაფასებენ და ამბობენ, მალე ცხინვალსა და სოხუმში დროშას ავაფრიალებთო, ეს ხომ ამომრჩევლის დაუფასებლობაა ანუ იმ დონეზე ბრბოდ უნდა თვლიდე საქართველოს მოსახლეობას, რომ მსგავსი დაპირება მისცე! 

ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმეს საქართველოს დროშის აფრიალება არ სურს, უბრალოდ, ეს მალე რომ არ მოხდება, ყველამ იცის და თვითონაც იციან. 

საერთოდ, მსგავსი ბევრი პოპულისტური განცხადება კეთდება, გვარებს არ დავასახელებ, უბრალოდ, ასეთ განცხადებებზე ვისაუბრებ. მაგალითად, ერთ-ერთია _ „შევქმნი 200 000 სამუშაო ადგილს“, მეორე ამბობს, 300 000-ს შევქმნიო... ტრამპი რომ მოვიდა, ხალხს დაპირდა, 10 წლის განმავლობაში, 25 მილიონ სამუშაო ადგილს შევქმნიო. ეს თითქოს დიდი ციფრია, მაგრამ ეს წელიწადში 2.5 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს, რაც აშშ-ის მოსახლეობის 0.6%-ია ანუ ეს რეალური დაპირებაა. 

როცა ჩვენთან პოლიტიკოსი ამბობს, 300 000 სამუშაო ადგილს შევქმნიო, ეს მოსახლეობის თითქმის 9%-ია, რაც არარეალურია... 

_ ისე, საქართველოში არარეალური დაპირებები ამომრჩეველს არ უკვირს _ ყველა ხელისუფლება ხომ ასეთი დაპირებებით მოვიდა! 

_ დიახ, მაგრამ ხომ უნდა გავიზარდოთ? მესმის, ჭარბი დაპირებებიდან რაღაც შეასრულეს და რაღაც _ ვერა, მაგრამ პოლიტიკოსებიც უნდა გაიზარდონ და მოსახლეობაც, თუმცა ეს პოლიტიკოსებს არ აწყობთ, რადგან პოპულიზმი და 400-ლარიანი პენსიის დაპირება ურჩევნიათ. 

რომ ამბობენ, ყველაფერი მკვდარია, გაჩერებულია და ჩვენ ავაყვავებთო, ამას ვერ მივიღებ იმიტომ, რომ ვხედავ, რაც კეთდება და ვაქვეყნებ ხოლმე, რადგან ყველამ დაინახოს, რა არის გაკეთებული. 

„ოცნება“ შეინარჩუნებს ხელისუფლებას, თუ ხელისუფლებაში სხვა ძალა მოვა, 2020-ში იქნება თუ 2028-ში, ყველა ახალმა ხელისუფლებამ ნულიდან კი არ უნდა დაიწყოს, არამედ, დაწყებული საქმე გააგრძელოს. დღეს კი იმაზე უნდა მელაპარაკონ, ამ რეალობას რას შემატებენ. 

მოკლედ, აპოკალიფსურ განწყობას ქმნიან, მთელი საქართველო უმუშევარიაო, ვადევნებთ თვალ-ყურს, რამდენად უმუშევარია მოსახლეობა _ გადაჭედილია კურორტები, იმის მიუხედავად, რომ ჩემს ახლობლებს უჭირთ... 

_ დიახ, სწორედ ამის თქმა მინდოდა, რომ ხალხს უჭირს... 

_ რა თქმა უნდა, აბსურდია, რომ ქუჩაში ხელგამოწვდილი ადამიანი ვერ დაინახო, მაგრამ გაცილებით უარესია ამ გაჭირვებულებისთვის დეპრესიული საინფორმაციო გარემოს და უიმედობის განწყობის შექმნა. ადამიანს იმედი უნდა მისცე, არარეალური კი არა, ნორმალური, რეალური სურათი უნდა დაუხატო და უთხრა, ხვალიდნელი დღე როგორი იქნება. 300 000 კი არა, თუ შესაძლებელია, 75 000 სამუშაო ადგილის შექმნა, ეს ციფრი უნდა მითხრა და ამის შესაბამისი პროგრამა წარმოადგინო ანუ უნდა დააფასო ამომრჩეველი და, პირველ რიგში, გაჭირვებული ხალხი. 

როგორც გაჭირვების დაუნახაობაა სიბრმავე, ანალოგიურად მავნეა, როცა ვერ ხედავ, თუ რა კეთდება ქვეყანაში. ადამიანს გათენება უნდა უხაროდეს, მაგრამ ჩვენთან, ხანდახან ისეთი საინფორმაციო ფონია, რომ... 

_ ესე იგი, თქვენც მედიას აკრიტიკებთ? 

_ თათია, მედიას კი არა, მის გარკვეულ ნაწილს ვაკრიტიკებ. ძალიან მიყვარს ეს პროფესია და ჟურნალისტები, მაგრამ ადამიანს, რომელიც მიზანმიმართულად მუდმივად იტყუება, ჟურნალისტად არ ვთვლი. მიზანმიმართულად საკუთარი მოსახლეობის დასტრესვა, ჩემი აზრით, ჟურნალისტიკა არაა. ებრძოლონ ხელისუფლებას, მაგრამ მოსახლეობას ნუ ებრძვიან! 

_ ბატონო ამირან, კარანტინის შემოღება საჭირო ისევ რომ გახდეს, ეს არჩევნებზე როგორ იმოქმედებს? 

_ მინდა, დავიჯერო ხელისუფლების დაპირება, რომ პანდემიას და საყოველთაო ჩაკეტვას არ გამოიყენებს არჩევნებისთვის. ამისთვის მოხდა საკანონმდებლო ცვლილება, რომ პარლამენტს არ დასჭირდეს განსაკუთრებული მდგომარეობის გამოყენება და პრემიერს მისცეს ინსტრუმენტები, თუ ლოკალურად იქნება ჩასაკეტი, გაატაროს ეს ზომები, რადგან არჩევნები შედგეს. 

ვხედავ, რომ ცუდი რეიტინგის გამო, არჩევნების ბოლომდე მიყვანა უფრო ოპოზიციას არ აწყობს, საკანონმდებლო ცვლილებების ბოიკოტირებაც ამას დავაბრალე და თუ ეს ასე არ არის, ჩაებან სააგიტაციო კამპანიაში, რათა მოსახლეობამ მოთხოვნები და ნორმები დაიცვას. 

ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებიც ახდენენ ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაციას, რა თქმა უნდა, ეს გარე ძალებისგანაცაა მართული და ქვეყანაშიც არიან ადამიანები, რომელთაც უყვართ შეთქმულების თეორიები. საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ადამიანები, რომელთაც არ სჯერათ კორონავირუსის. ახალგაზრდები, ასაკოვანი ხალხი წერს, კორონავირუსი აფერააო. უამრავი ადამიანი დებს ამ სულელურ პოსტებს. 

მინდა, მოსახლეობას მივმართო: ჯერ ერთი, ვირუსი არსებობს და ამის არდანახვა ძალიან დიდი უცოდინრობის გამომჟღავნებაა. თუ ადამიანს ვირუსის არსებობის არ სჯერა, მასთან საუბარი ძალიან რთულია და მას უნდა ვუთხრათ, რომ დაემორჩილოს კანონმდებლობას და საფრთხეს სხვას ნუ შეუქმნის! 

არ გჯერა? _ იყავი შენთვის სახლში და ნუ დაიჯერებ! როცა გადიხარ საჯარო სივრცეში, დაიცავი ის წესები, რომლითაც საზოგადოება ცხოვრობს. გიჭირს პირბადით სუნთქვა? _ მეც მიჭირს და არ მსიამოვნებს, მაგრამ ვატარებ, როცა საჭიროა. ვიღაცები წერენ, თუ გჯერა, რომ ერთი თვე მკლავზე ნამყოფი პირბადე გიცავს, ე.ი. უტვინო ხარო. ის ჭუჭყიანი პირბადე მას კი არა, მისგან მე მიცავს, როცა მის გვერდით ჩავივლი, ამიტომ როცა მომიახლოვდება, კეთილი ინებოს და პირბადე გაიკეთოს! 

რაც შეეხება მეორე ნაწილს, თუ ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა, განიხილონ ეს ვერსიები, ოღონდ წესები დაიცვან. ჩვენზეა დამოკიდებული, არჩევნები როგორ ჩატარდება, რეგიონებში მოსახლეობა მასობრივად არ იცავს წესებს და თბილისშიც ძალიან მოშვებულები ვართ, ამიტომ მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს, პირველ რიგში, ოპოზიციას, თუ ფიქრობს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, პანდემია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, უზარმაზარი ადამიანური და საინფორმაციო რესურსი გააჩნიათ, მათ შორის, სოციალურ ქსელში და ჩაებან აქტიურად კამპანიაში, რათა მოსახლეობამ დაიცვას წესები და არ მოხდეს თუნდაც ერთი სოფლის ჩაკეტვა. 

ხან ჯანდაცვის სისტემაზე მიდის შეტევა, ხან _ „სამ მუშკეტერზე“ და სხვა ექიმებზე, ამიტომ ამ მოწოდებით დავასრულდებდი საუბარს: მაქვს იმედი, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდება. არ მაქვს მოლოდინი, რომ მოხდება ეპიდვითარების აფეთქება,მოსახლეობას არჩევნებზე აქტიურობისკენ მოვუწოდებ, რათა ეს თემაც სალაპარაკო არ გახდეს. 4 წელიწადში ერთი დღეა და რამდენი ლოდინიც უნდა დაგვჭირდეს, უსაფრთხოდ შევიდეთ და ხმა მივცეთ, ეს უნდა გავაკეთოთ. მანამდე შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცია, ეს მნიშვნელოვანია.

თათია გოჩაძე