„ჩათვალეთ, რომ ამ დელეგაციაში პარლამენტი სრულად იქნება წარმოდგენილი - ყველა, მინუს „ნაცები“ ... უკრაინაში კვირის ბოლომდე გავემგზავრებით“- ინტერვიუ ლევან იოსელიანთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე გაემგზავრება. თავდაპირველად, მმართველი ძალა და ოპოზიცია ვერ თანხმდებოდა დელეგაციის შემადგენლობის დაკომპლექტებაზე, თუმცა დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას შესთავაზა, დელეგაციაში ჩართული იყოს ყველა პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი. დღესვე გაირკვა, რომ საპარლამენტო დელეგაციას არ შეუერთდება „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განმარტებით, ენმ-ის წარმომადგენლობა უკრაინაში დამოუკიდებლად გამეგზავრება.

 „ვერსია“ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიან ესაუბრა, რომელიც აღნიშნული დელეგაციის ჩამოყალიბებისდა უკრაინაში გამგზავრების ინიციატორი იყო, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი. გთავაზობთ ინტერვიუს:

 _საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში წარმოდგენილი ვართ ყველა პოლიტიკური ჯგუფი, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“. მათ უარი თქვეს, მონაწილეობა მიიღონ ამ დელეგაციაში და წამოვიდნენ ჩვენთან ერთად უკრაინაში.

_ ენმ-ის ამ გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ?

_ უარყოფითად. ეს არ არის ის საკითხი, რაშიც შიდა პოლიტიკური დაპირისპირება უნდა შემოვიტანოთ. ლოგიკა რაში მდგომარეობს? - „თვითმფრინავში არ ჩავჯდები „ქართულ ოცნებასთან“ ერთად?“, თუ „სამძიმარს არ ვეტყვი გარდაცვლილი უკრაინეების ოჯახებს და სისხლში მყოფ ქვეყანას მათთან ერთად?“ - რა ლოგიკაა ამაში?! თუ ასეა, მაშინ პარლამენტში რატომ არიან? - მართლა არ მესმის...

_ ბატონო ლევან, უკრაინის მხარისთვის როგორი აღსაქმელი იქნება ის, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში არ იქნება ყველა პოლიტიკური ჯგუფი წარმოდგენილი და ოპოზიციის ნაწილი დამოუკიდებლად ჩავა? ერთიანობას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა?

_ ჩათვალეთ, რომ პარლამენტი სრულად იქნება წარმოდგენილი - ყველა, მინუს „ნაცები“ და ამ შემთხვევაში დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი ბევრად აღემატება „ნაციონალურ მოძრაობას“.

_ შეგიძლიათ, დელეგაციის შემადგენლობა გაგვაცნოთ? გასაგებია, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა, მაგრამ ამ ეტაპზე, ვინ შედის ამ ჯგუფში?

_  დაახლოებით მაქვს წარმოდგენა და გეტყვით - მე მივდივარ, ასევე „ქართული ოცნებიდან“ არიან შალვა პაპუაშვილი, დავით სერგეენკო და არჩილ თალაკვაძე; „გირჩი“-დან ვახო მეგრელიშვილი; „რეფორმების ჯგუფი“-დან ხათუნა სამნიძე; „ლელო“-დან ანა ნაცვლიშვილი, პარტიიდან  „საქართველოსთვის“ - გიგი ხოჯევანიშვილი.

_ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფიდან არც ერთი მოდის?

_ მათ უარი თქვეს ამ ფორმატში მონაწილეობაზე. ყოველშემთხვევაში, სურვილი არ გამოუთქვამთ, არ მიუღიათ კონსულტაციებში მონაწილეობა. ყველასთვის იყო შეთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან, მაგრამ მათ არ გამოუთქვამთ სურვილი და ეს ნიშნავს, რომ არ უნდათ.

_ როდის მიემგზავრებით?

_ ზუსტი დღე არ ვიცი, მაგრამ კვირამდე აუცილებლად წავალთ.

_ ომიდან გამომდინარე, ოფიციალური შეხვედრები, ალბათ, განსაკუთრებულ რეჟიმში წარიმართება, არა?

_ რა თქმა უნდა, შეზღუდული რეჟიმი იქნება, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე შეხვედრები იქნება.

_ რამდენიმე დღის წინ, სანამ პაპუაშვილი უკრაინაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ირაკლი კობახიძემ ერთვარი ულტიმატუმი წაუყენა უკრაინის ხელისუფლებას, შემდეგ კი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყველანაირი გაუგებრობის მოგვარების პერსპექტივას ხედავს. როგორ ფიქრობთ, ასეთ რთულ ვითარებაში ხელისუფლებებს შორის მსგავსი ულტიმატუმებით საუბარი მიზანშეწონილია?

_ როდესაც ეს განცხადებები კეთდებოდა, ძალიან უარყოფითად ვაფასებდი, რადგან მიმაჩნდა, რომ ასეთ სიტუაციაში მსგავსი რიტორიკა არაფერს აძლევდა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი უკვე აღარ მინდა, რადგან ჩავლილი ამბავია და ეს ფურცელი გადაშლილია. პერსპექტივა ჩანს, რომ მნიშვნელოვნად გამოსწორდეს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები ამ ვიზიტის შემდეგ. ამიტომ ახლა ძველი ამბების გაქექავა ამ პროცესს მხოლოდ დააზიანებს და ამის მომხრე არ ვარ.

_ თავად პარლამენტის თავმჯდომარე რომ უხელმძღვანელებს თქვენს დელეგაციას, ალბათ, დადებითად აფასებთ...

_ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს ჩვენს დელეგაციას.  

_ ბატონო ლევან, უკრაინაში, ალბათ, შეხვდებით ალეკო ელისაშვილს. რა განცდაა, როცა ჩადიხართ ქვეყანაში, სადაც თქვენი თანაგუნდელი უკვე დიდი ხანია, საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული?

_ თვეზე მეტია, იქ არის და აუცილებლად ვნახავ, შევხვდებით ერთმანეთს, ჩვენთან ერთად იქნება. რაც შეეხება განცდას, თავისთავად, ძალიან მომენატრა, კი ვესაუბრები ხოლმე, მაგრამ ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ალეკოს და ძველებურად გადავეხვევით ერთმანეთს.

_ ხომ არ აპირებს დაბრუნებას საქართველოში?

_ მისი გეგმების შესახებ არ ვიცი, რადგან ტელეფონით ამაზე არ საუბრობს და რომ ჩავალ, უფრო მეტი მეცოდინება, რასაკვირველია.