გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია რუსთავისა და ბათუმის შუალედურ არჩევნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატების წინააღმდეგ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2022 წლის 2 აპრილს საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

 შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მაჟორიტარმა ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე კი გარდაიცვალა.

" ქართულმა ოცნებამ" შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები უკვე წარადგინა. 

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში ირაკლი შატაკიშვილი იქნება.

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ ოლქში რამაზ ჯინჭარაძე იქნება.

"ვერსია" ეცადა, გაერკვია, რა გეგმა აქვს ოპოზიციურ პარტიებს შუალედური არჩევნებისთვის? დააყენებენ საკუთარ კანდიდატურას თუ შეთანხმდებიან საერთო კანდიდატებზე რუსთავსა და ბათუმში? - ამ კითხვებით ოპოზიციურ პარტიებს მივმართეთ:

 "ვერსიას" პარტია „ლელოში“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

რაც შეეხება, „გირჩი- მეტი თავისუფლებას“, „ვერსია“ პარტიის რუსთავისა და ბათუმის წარმომადგენლებს ესაუბრა.

 რუსთავის პარტიული ხელმძღვანელის, ირაკლი კუკანიას თქმით, სავარაუდოდ, ისინი საკუთარ კანდიდატს წარმოაყენებენ. როგორც მან აღნიშნა „გირჩი- მეტი თავისუფლება“ არასტანდარტული პარტიაა და მათთან მხარდამჭერები წყვეტენ, ვინ იქნება კანდიდატი, რომელსაც პრაიმერის ჩატარების შემდეგ გამოავლენენ.

 ბათუმის პარტიულმა წარმომადგენელმა, თემურ გორგაძემ კი განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ოპოზიციასთან ითანამშრომლებენ:

 „ჯერ არ ვიცით, საბოლოო ჯამში რა იქნება. ვფიქრობ, ოპოზიციასთან თანამშრომლობა ჯობს, ცალკე კანდიდატის წამოყენებას.  საერთო ოპოზიციურ ფორმატში შეხვედრა ჯერჯერობით არ გამართულა.“ - განაცხადა თემურ გორგაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებელში" განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს პარტიებს შორის და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ერთიანი კანდიდატი უნდა ჰყავდეთ თუ  დამოუკიდებლად წარადგენენ, ამ საკითხზეც მიდის მსჯელობა და პარტიაში ამბობენ, რომ  ყველაფერი ეს ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

"ვერსიას" "ევროპული საქართველო"-ს ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძეც ესაუბრა:

"ზოგადად, ჩვენი პარტიის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ არც ერთი არჩევნები არ უნდა გამოვტოვოთ და არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას კომფორტულად არჩევნების ჩატარების საშუალება, როდესაც მას კონკურენტი არა ჰყავს. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვაპირებთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ ვთვლით, რომ წლევანდელი პარლამენტი არის არალეგიტიმური, ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნების შედეგს და პირიქით მიგვაჩნია, რომ ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებელობის გამო დღის წესრიგში კვლავ უნდა დააყენონ პარლამენტის დატოვების საკითხი. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად, რუსთავის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ ისევე როგორც ბათუმში, ჯერჯერობით ჩვენი დამოკიდებულება ესეთია."