სამთავრობო ცვლილებები - ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ პოსტები გაცვალეს

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეიდან საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ეყოლება. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის მეთაურის პოსტზე, ირაკლი ღარიბაშვილს პარტია „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს, ხოლო ღარიბაშვილი პარტიაში - ირაკლი კობახიძეს. დიახ, ორმა ირაკლიმ ადგილები გაცვალა და უკვე დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმაც, რომ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

 ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას უკვე დაემშვიდობა და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა: 

„დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და ნება მომეცით მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და მე ვამაყობ შედეგებით, რომლებსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში ყველაზე მეტ ხანს - 5 წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი - გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა; მით უმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ - შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და ქართული ოცნება უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა, უფრო დიდი მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

სამთავრობო ცვლილებას წინ უძღვოდა კიდევ ერთი პოლიტიკური სიახლე, როდესაც წინასაახალწლოდ, მოულოდნელად გაირკვა, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა. მართალია, ჯერ მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა, მაგრამ მისი დაბრუნებისთანავე გავრცელდა ხმა, რომ ივანიშვილის მესამედ მოსვლას გარკეული საკადრო ცვლილებები მოჰყვებოდა.

1 თებერვალს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად წარადგინეს. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძე პარლამენტს უკვე გადაუგზავნა მთავრობის შემადგენლობა, სადაც მხოლოდ ერთადერთი ცვლილებაა - თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ჯუანშერ ბურჭულაძეს დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს.

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ბევრს ქილიკობენ ღარიბაშვილი-კობახიძის გადანაცვლებაზე. ზოგი ფიქრობს, რომ „შესაკრებ რიცხვთა გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება“, ზოგი უფრო შორს მიდის და ამ ცვლილებას ღარიბაშვილ-კობახიძის როქს უწოდებს (როქი საჭადრაკო ტერმინია, რაც მეფისა და ეტლის ერთობლივ სვლას ნიშნავს, - ავტ.), მაგრამ სინამდვილეში, ამ ცვლილებებით, ხელისუფლებამ ოპოზიცია ცუგცვანგში (ფიგურების ისეთი განლაგება ჭადრაკში, რომლის დროსაც აუცილებელია ისეთი მორიგი სვლის გაკეთება, რასაც მდგომარეობის გაუარესება და პარტიის წაგებაც კი მოსდევს, - ავტ.) ჩააგდო და აგიხსსნით, რატომ.

ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში გადანაცვლება კარგად მოფიქრებული წინასაარჩევნო სვლაა, რადგან 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიას, სწორედ „ქართუ ფონდის“ მაშინდელი თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა და ყველას კარგად გვახსოვს, რა შედეგით დასრულდა ეს ფაქტი იმავე წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე - მაშინდელი ხელისუფლების ანუ ნაციონალური მოძრაობის სრული კრახით.

ოპოზიციას საქმეს ისიც „ურთულებს“, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, დაერწმუნებინა საზოგადოება ხელისუფლების პრორუსულობაში, 2023 წლის დეკემბერში კრახით დასრულდა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პირობებში, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.

აქედან გამომდინარე, ოპოზიციას საღლიცინოდ საქმე არ აქვს. პირიქით, სერიოზული მუშაობა მოუწევს, თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული შედეგის მიღება სურს.

 

 

მაკა რუხაძე