„პუტინმა მოკლა“ - უცნობი და ნაცნობი ფაქტები ნავალნიზე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რაში სდებდა ბრალს კრემლის მოწინააღმდეგე ნავალნი საქართველოს

მთელი ცივილური საზოგადოება თანხმდება, რომ ალექსი ნავალნი, რომელიც პუტინის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი იყო, სწორედ კრემლმა „გაუშვა მარილზე“. ამ მოსაზრებას ისიც ადასტურებს, რომ კოლონიის ცნობით, სადაც პუტინის პოლიტიკური მტერი სასჯელს იხდიდა, ოპოზიციონერის გარდაცვალების მიზეზი „უეცარი სიკვდილის სინდრომი“ გახდა. უეცრად, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, ოპოზიციონერები რომ არ კვდებიან, ამას ბავშვიც კი ხვდება. ისე, კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ირწმუნება, რომ ნავალნის მოკვლა ოფიციალური მოსკოვის ინტერესში არ შედიოდა, რადგან ის ყველას უკვე დავიწყებული ჰყავდა. ახლა, სიკვდილისთვის, როგორც ამბობენ, ყველა ცოდოა, მაგრამ ნავალნისაც, როგორც რუსი პოლიტიკოსების უმეტესობას, საქართველო მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა. ყოველ შემთხვევაში, იგივე აგვისტოს ომის პროვოცირებაში ჩვენსკენ იშვერდა ხელს. ამის მიუხედავად, მისი „უეცარი სიკვდილი“ მაინც დამაფიქრებელია, რადგან ანალიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ამით, იგივე რუსეთში „რაღაც ახალი ბნელი თამაში“ დაიწყო. და მაინც, ვინ იყო ალექსეი ნავალნი და რატომ უშლიდა პუტინს ნერვებს? - „ვერსია“, ონლაინ მედიაზე დაყრდნობით, გარდაცვლილი რუსი პოლიტიკოსის X-ფაილს გთავაზობთ. 

ადრეული კარიერა

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ისტორიაში ნაციონალისტის სახელით დარჩება, პოლიტკარიერა წლების წინ დაიწყო. ის პროფესიით ეკონომისტ-იურისტი გახლდათ და სახელი ანტიკორუფციული ფონდის დაარსებით გაითქვა. როგორც თავად ამბობდა, მისი მთავარი მიზანი ვლადიმირ პუტინის შეცვლა და რუსეთში კორუფციის დამარცხება იყო. მართალია, მოსახლეობას მის მიმართ სხვადასხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ნავალნის რეიტინგი მაინც მუდმივად იზრდებოდა. ამის მიზეზი კი, ალბათ, ის გახლდათ, რომ მისი განცხადებები ხალხზე იყო მორგებული. ასე, მაგალითად,  მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზეც პოპულისტურ ანუ ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რომლებიც ნებბისმიერ, საშუალო სტატისტიკურ ნაციონალისტ რუსს მოეწონებოდა.

 

***

ალექსეი ნავალნი მოსკოვთან ახლოს, ბუტინში დაიბადა... რუსეთის ფედერაციაში დაამთავრა ორი უნივერსიტეტი. შემდეგ კი განათლება აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, იეილის უნივერსიტეტში მიიღო.

ნავალნის მშობლები რუსეთში ბიზნესს ფლობდნენ - წლების წინ, ქსოვილების ფაბრიკა დააარსეს, რაც მოგვიანებით, წარმატებულ ბიზნესად იქცა.

არცთუ დიდი ხნის წინ, ალექსეის ძმა, ოლეგ ნავალნი რუსეთის სასამართლომ ფინანსურ თაღლითობაში დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ამავე საქმეზე გაასამართლეს ალექსეი ნავალნიც, თუმცა მას პატიმრობა არ შეუფარდეს და პირობითი სასჯელი აკმარეს.

ამ საქმის მასალების მიხედვით, ალექსეი ნავალნიმ კერძო გადამზიდავი კომპანია დააფუძნა და ძმასთან  ერთად, რომელიც იმხანად რუსულ ფოსტაში მუშაობდა, „ივ როშესა“ და კიდევ ერთ კომპანიას გზავნილებზე მაღალი ფასები დაუწესა, რითაც კომპანიას 800 ათასი დოლარის ზარალი მიაყენა. სხვათა შორის, თავად ნავალნი გამოძიებას არ ენდობოდა და ამბობდა, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

რაც შეეხება პოლიტიკურ კარიერას, ყველაფერი, დაახლოებით, 20-22 წლის წლის წინ დაიწყო, როცა ნავალნი პარტია „იაბლოკოში“ გაწევრიანდა, თუმცა ხისტი პოზიციებისა და ნაციონალისტური შეხედულებები გამო, პარტია მალევე დატოვა. მოგვიანებით, ე.წ. რუსული მარშის ორგანიზებასა და საქმიანობაში ჩერთო და ასევე, სათავეში განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგა.

ცნობისთვის: „რუსული მარში“ ყოველი წლის ნოემბერში, რუსეთის რამდენიმე ქალაქში ეროვნული ერთობის დღეს მართავდა. ათასობით ადამიანს ერთი ლოზუნგი აერთიანებდა - „ეს (რუსეთი) ჩვენი ქვეყანაა“. ყველაზე მასშტაბური მარში რუსეთში 2006 წელს გაიმართა - ათასობით ადამიანი უკანონო იმიგრაციას აპროტესტებდა. მარში მოსკოვის მაშინდელმა მერმა მალევე აკრძალა. ერთ-ერთი, ვინც, ლუჟკოვს ეწინაღმდეგებოდა, ალექსეი ნავალნი იყო, რომელიც აქციებზე ნებართვის გაცემას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე ითხოვდა.

ნავალნი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2011 წელს მოექცა და მას შემდეგ, მისი რეიტინგი იზრდებოდა. ამის მიზეზად კი კორუფციასთან ბრძოლა სახელდებოდა. პარალელურად, ნავალნი დასავლეთშიც გაიცნეს...

კორუფციასთან ბრძოლის გარდა, ნავალნი ქალებისა და სექსუალური უმცირესობების უფლებებზეც მუშაობდა. ამის გამო, ის განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდებში იყო.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდი

როგორც აღვნიშნეთ, ნავალნის ცნობადობა რუსეთში კორუფციასთან ბრძოლას უკავშირდებოდა - თავის დროზე, მან „კორუფციასთან ბრძოლის ფონდიც“ ჩამოაყალიბა.

„ყველა ამბობს, რომ კორუფციაა ყველგან, მაგრამ ჩემთვის უცნაურია: თუ ეს ვიცით და არ მოგვწონს, რატომ არ ვაგდებთ ამ ხელისუფლებასა და დამნაშავეებს“, - აღნიშნავდა ნავალნი, რომლის მთავარი სამიზნეც რუსეთის სახელმწიფო კომპანიები იყო. მან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და საზოგადოებას გაუზიარა მამხილებელი ინფორმაცია ისეთი მსხვილი კომპანიის შესახებ, როგორიცაა „როსნეფტი“.

სხვათა შორის, ნავალნიმ რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლითაც შეეცადა, ხალხისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ იყენებდნენ სახელმწიფო თანამდებოებებს მაღალჩინოსნები და როგორ იპარავდნენ ფულს საზოგადოების ხარჯზე. 

ამ მხრივ, განსაუთრებით აღსანიშნავია დიმიტრი მედვედევზე გადაღებული ფილმი, სადაც ნავალნიმ მედვედევის ქმედებები აღწერა და სხვადასხვა დანაშაულში ამხილა. ამ დროს რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი იყო და ფილმი „ჩაიკა“ მხოლოდ მედვედევის კი არა, არამედ, მასთან დაახლოებული პირებისა და რუსეთის მთავარი პროკურორის, იური ჩაიკას საქმიანობასაც უკავშირდებოდა.

ნავალნის „კორუფციული ფონდის“ საქმიანობა კრემლისთვის მიუღებელი იყო. ამიტომ პოლიტიკოსი არაერთხელ დააკავეს, კრემლის პროპაგანდისტული მანქანა კი ნავალნის წარდგენილ ფაქტებს მოგონილსა და ტყუილს უწოდებდა. ამასთან, კრემლმა ნავალნის მიერ დაფუძნებული „ანტიკორუფციული ფონდი“ „უცხოელ აგენტად“ შერაცხა და ფონდში არაერთი შემოწმება ჩაატარა. 

არჩევნები

სკანდალური გამოძიებების ფონზე, ნავალნის რეიტინგი, როგორც რუსეთში, ასევე, საზღვარგარეთ ეტაპობრივად გაიზარდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მოსკოვის მერობისთვის ბრძოლა წააგო. ნავალნიმ მაშინ თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, რუსეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართა, თუმცა კრემლმა წინააღმდეგობა ვერ აიტანა, აქცია არასანქცირებულად გამოაცხადა და ასობით ადამიანი დააკავა.

მოგვიანებით, ნავალნი იტყვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა კენჭისყრას, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იმ მიზეზით აუკრძალავენ, რომ „კრიმინალური წარსული“ ჰქონდა. ამის მიუხედავად, ნავალნი, თავის ასი ათასობით მხარდამჭერთან ერთად, დანებებას არ აპირებდა და ხაზგასმით აცხადებდა, რომ აქციები, რომლებსაც სათავეში ედგა, არაძალადობრივი იყო.

სიცოცხლის რისკი

საერთოდ, რუსეთში პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა უმეტესად სიკვდილით მთავრდება. ასე, მაგალითად, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები.

მოსკოვში მოკლეს ბორის ნემცოვი, ანა პოლიტიკოვსკაია, მოწამლეს იური ჩეკოჩიხინი, დიდ ბრიტანეთში მოწამლეს და შედეგად, მოკლეს ალექსანდრე ლიტვინენკო. საწამლავით სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ სერგეი და იულია სკრიპალები, დიდ ბრიტანეთში.

თავის დროზე, სიკვდილს ორჯერ გადაურჩა თავად ალექსეი ნავალნიც. ერთხელ, როგორც თავად ამბობდა, ციხეში მოწამლეს, თუმცა მალევე გამოჯანმრთელდა. მაშინ რუსმა ექიმებმა მწვავე ალერგიული რეაქციის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ რამ გამოიწვია ეს რეაქცია, დღემდე უცნობია.

მეორედ რომ მოწამლეს, კომაში ჩავარდა და გერმანიაში გადააფრინეს სამკურნალოდ. გერმანელმა ექიმებმა მაშინ დაადასტურეს, რომ ნავალნი ნამდვილად მოწამლული იყო. გერმანიის კანცლერმა და სხვა დასავლელმა ლიდერებმა კი რუსეთს დროული ქმედებისკენ, გამოძიების დაწყებისა და დამნაშავეების გასამართლებისკენ მოუწოდეს. კრემლმა უარყო, რომ ნავალნი მოწამლეს. მეტიც, ოფიციალურმა მოსკოვმა თქვა, რომ ნავალნის კომაში ჩავარდნა ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ განაპირობა. საბოლოოდ, ნავალნი სიკვდილს მაინც ვერ გადაურჩა....

საგარეო პოლიტიკა

ალექსეი ნავალნის მიზანი იყო დასავლეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რუსეთში რეფორმების გატარება და ევროპა-აშშ-სთან ახლო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება. ის, პრაქტიკულად, ერთადერთი გავლენიანი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა პუტინისა და კრემლის პოლიტიკას უკრაინაში, კერძოდ, პროპაგანდას ყირიმის ანექსიაზე, რომელსაც კრემლი ავრცელებდა.

დასავლეთთან ნავალნის თანასწორი და ახლო ურთიერთობა სურდა, თუმცა დასავლურ ღირებულებებსა და მის რამდენიმე განცხადებას შორის, ფუნდამენტური სხვაობა იყო ანუ ის ამბობდა, რომ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არიან რეგიონები, რომლებმაც დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოაცხადეს“.

ამასთან, ნავალნი ფიქრობდა, რომ რუსეთს უნდა ეღიარებინა დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მან ეს ასე გაამართლა - „რუსეთმა უნდა აღიაროს ჩვენი ისტორიული მოკავშირეების დამოუკიდებლობა“.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ალექსეი ნავალნი ქართველებს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ რუსეთს საქართველოზე ფრთოსანი რაკეტა უნდა დაეშინა. 2013 წელს, ალექსეი ნავალნიმ, კრიტიკის საპასუხოდ, „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს თქვა:

„ვწუხვარ ჩემი არასწორი განცხადებების გამო, როდესაც ქართველები მოვიხსენიე „გრიზუნებად“ (მღრღნელი), მე არასწორად მოვიქეცი და ეს იყო შეცდომა. პოლიტიკოსი ვარ და შეცდომის აღიარება შემიძლია, მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არ შეცვლილა. 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, საქართველოს მთავრობის ქმედებებს მოჰყვა. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დე ფაქტო რეგიონები იყო, წლებია. ისინი არ იმართებოდნენ წლების განმავლობაში თბილისის მიერ, მათი მთავარი დამფინანსებელი/ სპონსორი კი, წლებია, რუსეთია. მე თუ პრეზიდენტი გავხდები, რაღაც პერიოდის განმავლობაში, რუსული ბაზები შენარჩუნდება ამ ტერიტორიებზე, მაგრამ დარჩება თუ არა სულ, ამაზე ახლა მზად არ ვარ პასუხისთვის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამსჯელო და კომპლექსური საკითხებია. მაგრამ რუსეთმა ხვალ რომ შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაფინანსება, რა მოხდება, რა შეიცვლება? საქართველოს დაუბრუნდებიან?“

სხვათა შორს, თავიდან, როცა პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო და მარშებს უკეთებდა ორგანიზებას, ნავალნი წერდა: „დაგვღალეს უკვე ჩეჩნებმა. ხან რას ითხოვენ და ხან - რას. ხან მეტი ფული უნდათ, ხან ფილმები არ მოწონთ, ასე არ გამოვა... ეს კი იმ ფონზე, როცა თათრები არაფერს ამბობენ, არადა, მათ რეალურად აქვთ მოთხოვნების უფლება, თუმცა ნორმალურად იქცევიან“.

სიკვდილი

ნავალნი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ბოლო სამი წელი პატიმრობაში გაატარა. თითქმის ერთი წელი კი - სასტიკ პირობებში, საჯარიმო იზოლატორებში.

„სეირნობის შემდეგ, თავი ცუდად იგრძნო და გონება თითქმის მყისიერად დაკარგა“, - განაცხადა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა.

გამოცემა „ბაზას“ ინფორმაციით, ნავალნი გონების დაკარგვიდან, დაახლოებით, საათსა და ოც წუთში გარდაიცვალა. საპატიმროში გამოძახებულმა სასწრაფომ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა.

მალევე, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია „არტემ“ დაწერა, რომ ის თრომბის მოწყვეტის გამო მოკვდა. იგივე გაიმეორა პროკრემლისტურმა გამოცემა „იზვესტიამაც“.

ეს დასკვნა ძალიან ნაჩქარევი და საეჭვოა, - უთხრა გამოცემა „მედუზას“ ექიმმა ალექსანდრ პოლუპანმა, რომელიც ბოლო წლებში ნავალნის ჯანმრთელობას აკვირდებოდა.

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თრომბის მოწყვეტა სამედიცინო გაკვეთის გარეშე არ ჩანს; მერე მეორე - ალექსეი ნავალნის ნამდვილად ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ არ აწუხებდა ის, რაც თრომბოზის რისკს ზრდის ხოლმე, მაგალითად, ქვედა კიდურების ტრავმები და ონკოლოგიური დაავადებები.

„მათ შეუძლიათ გააკეთონ ნებისმიერი რამ, მაგალითად, გააყალბონ გაკვეთის პროტოკოლი. ვერავინ ვერაფერს ვერ შეამოწმებს“, - თქვა პოლუპანმა.

მსოფლიოს ლამის ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობა, ბოლო წლებში, მართლაც საგრძნობლად გაუარესდა, მაგრამ 15 თებერვალს, სასამართლო სხდომიდან გამოქვეყნებულ კადრებში, ალექსეი ნავალნი შედარებით ჯანმრთელად გამოიყურებოდა. იგივეს ადასტურებს მისი გარემოცვაც.

2020 წლის აგვისტოში, ნავალნი მომწამვლელი ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. იმავე ნივთიერებით, 2018 წელს მოწამლეს რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, სერგეი სკრიპალი.

ნავალნი ორი კვირით კომაში ჩავარდა. შემდეგ ის რამდენიმე კვირა ფეხზე ვერ იდგა და 15 კილოგრამი დაკარგა.

სამი გამოცემის - „ბელინგკეტის“, „შპიგელისა“ და „სი ენ ენ“-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მას რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. ერთ-ერთმა შემდეგ აღიარა კიდეც, რომ „ნოვიჩოკი“ ნავალნის საცვალს მოაცილა.

პოლიტიკოსმა გერმანიაში რამდენიმე თვე იმკურნალა. 2021 წლის იანვარში, მან თქვა, რომ „თითქმის ჯანმრთელია“ და რუსეთში დაბრუნდა. 17 იანვარს, ის მოსკოვის აეროპორტში დააპატიმრეს.

წამება ციხეში

2021 წლის მარტში, ნავალნი მოსკოვის სიახლოვეს, ვლადიმირის რეგიონის გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს... იქ არ აძინებდნენ.

ციხის ადმინისტრაცია აცხადებდა, შეიძლება, ნავალნიმ გაქცევა სცადოსო. ამიტომ ბადრაგი ღამ-ღამობით მის საკანში ყოველ ერთ საათში ერთხელ შედიოდა და სახეში ფანარს უნათებდა. მარტშივე ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო იმის გამო, რომ მასთან ექიმს არ უშვებდნენ.

ნავალნის მაშინ სტკიოდა ზურგი და უბუჟდებოდა ფეხი, უჭირდა სიარული. მისი ადვოკატი კი ამბობდა, რომ ციხის ადმინისტრაციამ ჩივილების საპასუხოდ, მხოლოდ ორი აბი „იბუპროფენი“ მიუტანა.

ნავალნიმ რამდენიმე კვირა იშიმშილა. ექიმები ამბობდნენ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გარდაცვლილიყო. აპრილში რუსეთში დიდი საპროტესტო აქციები გაიმართა და ბოლოს მასთან ექიმი შეუშვეს.

2023 წლის აგვისტოში, ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიესაჯა. ის დამნაშავედ სცნეს ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. მან ბრალეულობა უარყო.

2023 წლის დეკემბერში, ნავალნი გადაიყვანეს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, ციმბირში, იამალის ნახევარკუნძულზე. ის მოათავსეს განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში, რომელსაც რუსულად „პოლარულ მგელს“ ეძახიან.

ორივე ციხეში ნავალნის გამუდმებით აგზავნიდნენ ე.წ. საჯარიმო იზოლატორში, ერთკაციან საკანში, სადაც პირობები განსაკუთრებულად მკაცრია.

იქ არ არის გათბობა და არ შეიძლება პირადი ნივთების შეტანა. დღისით კი არ შეიძლება დაწოლა. ნავალნის ხშირად აწუხებდა გრიპი. თუმცა, საჯარიმო იზოლატორში სიცხიანსაც აგზავნიდნენ.

სულ, საჯარიმო იზოლატორში ნავალნი 27-ჯერ გაუშვეს. უკანასკნელად, ახლახან, 14 თებერვალს. მთლიანობაში, საჯარიმო იზოლატორებში ნავალნიმ 308 დღე გაატარა ანუ თავისი პატიმრობის მეოთხედზე მეტი, - დაითვალა „დოიჩე ველეს“ რუსულმა სამსახურმა.

„პუტინმა მოკლა“

შესაძლოა, ნავალნი, სწორედ საჯარიმო იზოლატორებმა შეიწირა, - თქვა ევა მერკაჩოვამ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრია.

საჯარიმო იზოლატორში „ადამიანი შიმშილობს და იყინება, ამიტომ მისი დაყოვნება გარკვეულ პერიოდზე დიდხანს არ შეიძლება. სამწუხაროდ, არ არის განსაზღვრული, თუ რამდენჯერ შეიძლება მასში ადამიანის მოთავსება“, - თქვა მან.

მერკაჩოვის კომენტარი მალევე წაიშალა.

მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო 16 თებერვალს, ციმბირის კოლონიაში, კრემლის მოწინააღმდეგეებისთვის ცალსახაა, რომ ნავალნი ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებამ მოკლა.

„ეს პოლიტიკური მკვლელობაა“, - დაწერა ჟურნალისტმა ალექსეი პარფიონოვმა.

„ფორმალური მიზეზისდა მიუხედავად, მისი სიკვდილისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ვლადიმირ პუტინს, რომელმაც ჯერ დაასანქცირა ალექსეის მოწამვლა, შემდეგ კი ის ციხეში ჩასვა“, - დაწერა რუსეთიდან დევნილმა ბიზნესმენმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ.

ავტორი: ნინო დოლიძე