დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღეა - ყველაფერი წმინდანის შესახებ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღეა.  ქართველი საეკლესიო მოღვაწე, არქიმანდრიტი, წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.

მამა გაბრიელი დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში, თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში, წმიდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად. ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე იყო. მამა ადრე დაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ. დედა - შემოდგომში მონაზონი ანა, გარდაიცვალა 2000 წლის 26 აპრილს, ვნების კვირაში. დაკრძალულია წმიდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში. ძმა ადრევე გარდაცვლილა. ჰყავს ორი და.

სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში 6 წელი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლება რამდენიმეჯერ ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე). 1954 წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს პეტრე-პავლეს ეკლესიაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს მოხდა მამა გაბრიელის დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა. ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. 1956 წელს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას, მის თხოვნას წინ უსწრებს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია, ამავე წლის მაისში იგი ინიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში. მამა გაბრიელი იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია.

მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III-ის კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაიკრძალა ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად — დღემდე უხრწნელია. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად, დღემდე შეუსწავლელია.