რა განსხვავებაა დასავლური და რუსული განათლების სტანდარტებს შორის და რა საფრთხეს შეიცავს ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნა

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში, ე.წ. პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში, ქართულ-რუსული უნივერსიტეტი გაიხსნება: „ამჟამად, კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი. ამ ეტაპზე, ვეძებთ შესაფერის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულებისთვის. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება - დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ. ვვარაუდობ, რომ სექტემბრის ბოლომდე გვექნება უფრო ნათელი სურათი“.

„რადიო თავისიფლება“ კი იუწყება, რომ ასეთი უნივერსიტეტები აფართოებენ რუსული პოლიტიკის გავლენას საქართველოში. განათლების ექსპერტების აზრით, რუსეთის იმპერია განათლებას იდეოლოგიურ მექანიზმად იყენებს და ექსპერტები შიშობენ, რომ სასწავლებელი დაკავებული იქნება ისტორიის დამახინჯებითა და სტდენტების ღირებულებების შეცვლით.

რა საფრთხეს შექმნის საქართველოში რუსული უნივერსიტეტის გახსნა; რა განსხვავებაა დასავლური და რუსული განათლების სტანდარტებს შორის და რა შემთხვევაში იყენებს ჰიბრიდული ომის დროს, რუსეთი განათლების სფეროს გავლენის ინსტრუმენტად - „ვერსია“ განათლების ექსპერტ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა:

 

- ასეთი უნივერსიტეტები რუსეთს აქვს გახსნილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ეს უნივერსიტეტებია რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი. დასავლური უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, რუსული უნივერსიტეტები დაქვემდებარებულია სახელმწიფოზე. რუსეთში სახელმწიფო პირდაპირ აკონტროლებს უნივერსიტეტების ავტონომიას, შეზღუდულია პროფესორების აკადემიური თავისუფლება და იქ უნივერსიტეტები სახელმწიფოს ერთგვარი დანამატია. ასე რომ, ძალიან საშიში იქნება ასეთი უნივერსიტეტის საქართველოში გახსნა.

წარმოიდგინეთ, როგორ მოქმედებენ ასეთი პროექტები -  ასეთ უნივერსიტეტში დასაქმებული ხალხი დამოკიდებული ხდება, რადგან მათ ხელფასს გადაუხდის რუსეთი და ჩვენ შემთხვევაში, ეს არის მტრული სახელმწიფო ანუ საქართველოს მოქალაქეები, პროფესურა და სტუდენტები გახდებიან დამოკიდებულნი მტრულ სახელმწიფოზე.

იქ რომც არ ისწავლებიდეს რამე იდეოლოგიური შინაარსის მქონე მასალა, პროფესორები მაინც ხდებიან მათი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი და მეორე მხრივ, სტუდენტები ასეთი უნივერსიტეტებიდან, აგრძელებენ ხოლმე მსახურებას ისეთ ორგანიზაციებში, სადაც ასევე, რუსეთი იხდის ფულს. 

მაგალითად, მსგავსია სოხუმის უნივერსიტეტი აფხაზეთში. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებს უნდათ, ეს მათი დამოუკიდებელი უნივერსიტეტი იყოს, რეალურად, ის დაქვემდებარებულია რუსეთის სახელმწიფოზე. ამ უნივერსიტეტის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ, როგორ ზღუდავს სახლმწიფო პროგრამების განვითარებას, როგორ აკონტროლებს უნივერსიტეტის პერსონალს და ა.შ.

ეჭვი მეპარება, ჩვენთან ასეთი უნივერსიტეტი გაიხსნას, რადგან საქართველოში მხოლოდ სახელმწიფო მოხელეები არ წყვეტენ ამ საკითხს, არამედ, ავტორიზაციის საბჭოც იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც არიან პროფესიონალები და მეეჭვება, დათანხმდნენ ასეთი უნივერსიტეტის ავტორიზაციას. თუმცა, თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, ერთი პრობლემაც ჩნდება - რუსეთი გამოდის ბოლონიის პროცესიდან, რაც ნიშნავს, რომ დიპლომის აღიარება გართულდება ევროპაში და თუ საქართველოში სტუდენტები ასეთ უნივერსიტეტში მიიღებენ განათლებას, შეიძლება, მათი დიპლომებიც ეჭვქვეშ დადგეს ანუ შესაძლოა, გამოვიდეს ისე, რომ საქართველოს მოქალაქეები განათლებას მიიღებენ ისეთ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც პერსპექტივით არ სარგებლობს.

- ბატონო სიმონ, ჰიბრიდულ ომში რა როლს თამაშობს საგანმანათლებლო სექტორი ანუ რა შემთხვევაში იყენებს ინსტრუმენტად რუსეთი განათლების სფეროს გავლენის გასავრცელებლად?

- ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდნენ უნივერსიტეტები, რომლებიც გულისხმობდნენ საბჭოთა კავშირის მიმართ ლოიალური კადრების აღზრდას. ერთი ასეთი იყო „პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი“, სადაც მოსკოვში მოჰყავდათ ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და მეორე ასეთივე იყო „საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მგიმო)“, რომელიც ზრდიდა საკადრო დიპლომატებს, უშიშროების სამსახურის წევრებს და ა.შ. ამ უნივერსიტეტების პროგრამები და პერსონალი კონტროლდებოდა სახელმწიფოს მიერ და ის კადრები, რომლებსაც ამზადებდნენ, იყვნენ სისტემის დასაყრდენნი.

ჩვენთან რაზეცაა საუბარი, ეს ცოტა განსხვავებული შემთხვევაა, რადგან უცხო ქვეყანაში ხსნიან ასეთ უნივერსიტეტს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მიზანი იგივეა - მათთვის სასურველი კადრები აღზარდონ.

რუსეთის იმპერია საქართველოში რომ შემოვიდა, ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ დაიწყო სკოლების გახსნა, რათა საკუთარი ბიუროკრატიისთვის მაღალჩინოსნები აღეზარდა. არა მხოლოდ სკოლებში ახერხებდა ამას, მაგალითად, ჰქონდა ობოლთა თავშესაფარი, სადაც ბავშვები იღებდნენ განათლებას...

ასე რომ, რა თქმა უნდა, განათლება არის მნიშვნელოვანი იარაღი რუსეთის სხვადასხვა ეპოქაში - იმპერიის დროს, საბჭოთა კავშირის დროს და ახლაც. ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამ პროექტს... მგონი, დიმიტრი ლორთქიფანიძე არც მალავს, რომ ემსახურება რუსეთის ინტერესებს საქართველოში.

- რა სეგმენტზეც აქვთ გათვლა ამ პროექტის ავტორებს ანუ ახალგაზრდობაზე, ვნახეთ ივლისის აქციების დროს, როგორი შეუვალი პროტესტი დაანახეს ყველას რუსულ კანონთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, მოინდომებს ეს ახალგაზრდობა რუსულ უნივერსიტეტში სწავლას?

- რთული წარმოსადგენია, ამ უნივერსიტეტმა მოწონება მოიპოვოს მასობრივად, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი რომ ამთავრებს სკოლას, მიდის რუსეთში სასწავლებლად. ასეთი ხალხიცაა და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ეს ხალხი, რა თქმა უნდა, ცოტაა...

- იმ თაობას, რომელსაც ისევ „ემგეუ“ ჰგონია განათლების უმაღლესი სტანდარტი, იქნებ აუხსნათ, რა პრინციპული განსხვავებაა დასავლეთის განათლების სტანდარტსა და რუსულ განათლების სტანდარტს შორის?

- მთავარი განსხვავება დასავლურ და რუსულ განათლებას შორის ისაა, რომ უნივერსიტეტებს ნორმალურ ვითარებაში აქვთ ავტონომია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ თავისუფლება, იკვლიონ და ასწავლონ ის, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. ეს ავტონომია არა მხოლოდ შინაარსობრივია, არამედ, ფინანსური და რაც მთავარია, პოლიტიკური. ევროპაში ერთი უნივერსიტეტიც არ არის დამოკიდებული რომელიმე პარტიაზე და არ არის შეზღუდული პროგრამების შემუშავებაში და ა.შ. რუსეთში კი სახელმწიფო აკონტროლებს უნივერსიტეტების შინაარსს.  

მაგალითად, უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის უნივერსიტეტების რექტორებმა სახელმწიფოს მხარდამჭერი წერილი დაწერეს, რაც პირდაპირ აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოსა და უნივერსიტეტებს.

მსგავსი რამ წარმოუდგენელია ევროპაში მოხდეს, რომ უნივერსიტეტის რექტორმა გამოუცხადოს მხარდაჭერა სახელმწიფო პოლიტიკას, პირიქით, ყოველთვის ცდილობენ დისტანცირებას.

რუსეთში არის პროფესორების ჯგუფი, რომელიც დაჭერილია, დაპატიმრებულია იმის გამო, რომ მაგალითად, კონფერენციაზე წარადგინა ისეთი კვლევები, რომელიც უშოშროებამ ჩათვალა, რომ იყო ქვეყნის ღალატის ტოლფასი. ეს პროცესი მიდიოდა ასე - პროფესორებს ჯერ უწევდათ საკუთარი საკონფერენციო თემის დამტკიცება უნივერსიტეტში, შემდეგ ეს უნდა წარედგინათ უშიშროებაში და მხოლოდ შემდეგ ჰქონდათ უფლება, რომ წარედგინათ საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს არის წარმოუდგენელი კონტროლი ანუ ეს არის ის, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში.

არის რამდენიმე უნივერსიტეტი, რომელიც ცდილობს, იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ იქაც იგივე კანონი, რომლის შემოღებასაც აქ ცდილობდა მთავრობა (უცხოელი აგენტების შესახებ) ზღუდავს პროფესურას, მიიღონ დაფინანსება ევროპული ფონდებისგან, რაც მისცემდა მათ საშუალებას, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ეწარმოებინათ კვლევები, რაც მათ სწორად მიაჩნიათ. ეს რომ გააკეთონ, იმ კანონის მიხედვით, იქნებიან უცხო ქვეყნის აგენტები და როცა წიგნებს გამოსცემენ, იტყვიან, რომ აგენტის დაწერილია...

- რუსეთში სწავლების ხარისხზე რა ინფორმაცია არსებობს? განათლების პოლიტიზირებას რომ თავი დავანებოთ, პროფესიული თვალსაზრისით სწავლება რა დონეზე მიდის?

- სწავლების ხარისხი ხშირად იზომება ხოლმე საუნივერსიტეტო რეიტინგებით, რაც ძირითადად, ეფუძნება პროფესორების ურთიერთშეფასებებს და პუბლიკაციების რაოდენობას, ამასთან, ჯილდოების რაოდენობას. ძალიან ჩამორჩება რუსული უნივერსიტეტები დასავლურ, ამერიკულ უნივერსიტეტებს. ფაქტია, რომ რუსეთში ვისაც შესაძლებლობა აქვს, ცდილობს, შვილები დასავლეთში გაუშვას სასწავლებლად, რაც ნათლად აჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ საკუთარი განათლების სისტემის მიმართ.

ავტორი: თათია გოჩაძე