ყველის ასოციაციის თავმჯდომარე სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს!

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რძის პროდუქტები, რომლებსაც ბაზარში, ან ბრენდირებულ მარკეტებში ვყიდულობთ, შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად საშიში და სახიფათო აღმოჩნდეს. „კურიერი PS“-ის ექსპერიმენტის შედეგად, ჩატარდა კვლევა სხვადასხვა ბაქტერიებისა და მცენარეული ცხიმების არსებობის დასადგენად. შედეგების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველა ჩატარებულ ნიმუშში სისუფთავესთან და უვნებლობასთან შეუსაბამობაა. რძის პროდუქტი, რაც ადამიანისთვის სუფთა და ჯანსაღ საკვებთან უნდა ასოცირდებოდეს, რეალურად, ნაწლავური ჩხირებით, ტრანსცხიმებითა და ბაქტერიებითაა სავსე. როგორ ხდება რძის პროდუქტებზე კონტროლი და რა სახის ღონისძიებებია საჭირო ასეთი მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად? როგორია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და რამდენად კონტროლირებადია რძის პროდუქტების გაყიდვა?  „ვერსია“ ყველის ასოციაციის თავჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს ესაუბრა.

 

- ქალბატონო ანა, რა სახის რეგულაციები უნდა გატარდეს, რომ საფრთხის შემცველი რძის პროდუქტები აღარ შევიძინოთ და როგორ ბინძურდება ეს პროდუქტები ასე მარტივად, საიდან იღებს ყველაფერი ეს სათავეს და როგორ ვითარდება? 

- მე ვარ ყველის ისტორიის მკვლევარი, ეთნოგრაფიის კუთხით, რეცეპტების შემგროვებელი, რადგან 17 წელია, ამ საქმეს ვემსახურები და ბუნებრივია,  პრობლემების მთელი ეს ნუსხა ჩემთვის ცნობილია. პირველი, რასაც აკეთებს ნებისმიერი, ადამიანის მოყვარე სახელმწიფო, ამკაცრებს რეგულაციებს, რადგან ძროხა, თხა, კამეჩი - ყველაფერი, რაც გვაძლევს რძეს, ბიოლოგიური არსებები არიან. ამიტომ, მინდა, ეს მტკივნეულად არ განიცადონ ფერმერებმა, არ მიიღონ პირად შეურაცხყოფად... ამ ბიოლოგიურ არსებას ყველა ის დაავადება ემართება, რაც უნდა დაემართოს. თუ ეს არსებები ჩვენ გვაძლევენ სარჩოს ანუ ვიკვებებით მათ მიერ მოცემული ნედლეულით, ბუნებრივია, ყურადღება გაათმაგებული უნდა იყოს, ჩასაფრებული უნდა იყო, რომ არაფერი გამოგეპაროს. პირველი, ვინც ამას აკონტროლებს, არის ადამიანი და რასაც აკეთებს საოჯახო მეურნეობაში, მიირთმევს თვითონ. პირველი რისკ-ჯგუფი, სწორედ ფერმერები და წვრილი მეურნეობები არიან, შემდეგ უკვე ის ადამიანები, რომლებიც იძენენ მათგან რძეს და იწყებენ წარმოებას, შემდეგი რგოლია მომხმარებელი ანუ მე და თქვენ, ყველაზე ბოლო რგოლი ვართ იმ ჯაჭვისა, რომელმაც გამოიარა რძის შეგროვება, მოვიდა ქარხანამდე, ქარხანამ გააკეთა პროდუქტი, მიაწოდა მაღაზიას, ან რესტორანს და შემდეგ ვიყიდეთ ჩვენ. ამას ჰქვია ზუსტად მიკვლევადობის სამსახური, ამიტომაა სახელწმიფო აუცილებელი ინსტრუმენტი მინდვრიდან - სუფრამდე. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ ტერმინებით ოპერირებს და გვეუბნება პრობლემაზე. მინდორში რომ დაავადება აიკიდა ბიოლოგიურმა არსებამ, ძროხამ, ბუნებრივია, თუ ვეტერინარი არ დახვდება მზად, ის დაავადება შევა ფერმაში, ფერმიდან წარმოებაში. შეიძლება მინდვრიდან ძროხა მივიდა კარგად ნაკვები, არაფერი დაავადება არ მიიტანა, ჩავთვალოთ, რომ ფერმაშიც იდეალური გარემოა და იქ დაბინძურების არანაირი კერა არ არის, რაც ძალიან მეეჭვება, ასევე, მწველავი იყო დაბანილი, დაქლორილი ხელებით და სუფთად გააკეთა, დავუშვათ ეს ოცნებასა და ილუზიაში, მაგრამ გზაში, როცა მოგვქონდა ქარხნიდან მაღაზიამდე, არ იყო სათანადოდ შეფუთული და დაბინძურდა, ეს არის ყველაზე იდეალური ვარიანტი, ამიტომ მიკვლევადობის სამსახური იმდენად უნდა იყოს ჯაჭვურად ერთმანეთზე გადაბმული, რომ არცერთი რგოლი არ ჩავარდეს, ამის მაკონტროლებელია სწორედ სახელმწიფო.

რძე ყველაზე მგრძნობიარე ნედლეულია და ძალიან მარტივად ბინძურდება. შესაძლოა, უამრავ ადგილას დაბინძურდეს, მხოლოდ ფერმერის ბრალი არ არის ეს, დიდი რგოლი და ჯაჭვია წარმოების, მათ შორის, ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები, სურსათის უვნებლობის სამსახური. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა ამ გუნდის მიმართ, ძალიან ცოტანი არიან და ეს არის ჩვენი უბედურება, თორემ სურსათის უვნებლობის უმაღლესი კლასის სამსახური გვყავს. ამ მაღალი კლასის პროფესიონალიზმს რომ არ ვიყენებთ - ხუთასი კაცის საქმეს ხუთი კაცი რომ ვერ გააკეთებს, ეს ხომ უფრო უკეთ უნდა იცოდეს უფრო ზემდგომმა სტრუქტურამ, პრემიერ-მინისტრმა. რატომ შეიძლება, ასეთი მცირერიცხოვანი არმია გვყავდეს მაშინ, როდესაც უზარმაზარი პრობლემები გვაქვს. არავინ იცის იმ ნახირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მინდორშია მიშვებული.

 

_________________________

_________________________

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ინტენსიური განათლებაა საჭირო. აქცენტი უნდა გაკეთდეს, რომ შესაძლოა, გლეხმა არ იცოდეს, რა დაავადება აიკიდა მისმა საქონელმა. თამამად შეიძლება, რძის ეს პროდუქტი, საკუთარ შვილებსა და ოჯახს მიართვას, ამიტომ 24-საათიან რეჟიმში, პრესის, ტელევიზიებისა და ექსპერტების საშუალებით, წერა-კითხის გამავრცელებელი საზოგადოების მსგავსად, უნდა დადიოდეს სოფელ-სოფელ და ეუბნებოდეს, რომ მწველავის ხელი და საქონლის ცური დასაბანია.

______________________

______________________

 

რძე ძალიან მგრძნობიარე ნედლეულია და ამაზეა საუბარი. შეიძლება, ხორბალმა, რომელიც მთელი წელი სახლში გვიდევს, იმდენი დაავადება არ აიკიდოს, რამდენიც რძემ ერთ საათში და ერთ წუთშიც კი. ამ ნედლეულს სჭირდება დიდი ყურადღება და მკაცრი რეგულაცია.

- როგორ და რა პერიოდულობით მოწმდება რძის პროდუქტი საქართველოში?

- ესტონეთში რომ ვიყავი, ორშაბათობით მოდიოდა მეწარმე და ორმოცი ფერმიდან რომ ყიდულობდა რძეს, თითოეული მათგანიდან თითო-თითო სინჯარა ჰქონდა მოტანილი და ამოწმებდა. მეყველე ვალდებულია, ყოველ ორშაბათს, სახელმწიფოს ჩააბაროს ანგარიში, ჩვენ კი სამ თვეში ერთხელ ვაბარებთ, ისიც ყველა ფერმის რძეს კი არა, შედარებით კარგი ფერმა ვისაც აქვს, იქიდან მოაქვთ 1 ლიტრი, ჩააბარებენ და  ვითომ ეს არის ნაერთი რძე. ამას ვაბარებთ და ვატყუებთ საკუთარ თავსაც და სახლმწიფოსაც. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კეთილსინდისიერ გლეხს, მეწარმეს და ზოგადად, ადამიანს. პასუხისმგებლობაა გადანაწილებული ფერმერს, მწარმოებელს, მომხმარებელსა და სახელმწიფოს შორის, ეს ოთხი მოთამაშე ინსტრუმენტი საერთო ინტერესს უნდა ემსახურებოდეს. თუ არცერთ მათგანს პასუხისმგებლობის გრძობა არ აქვს, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია, გაამკაცროს რეგულაცია და კვირაში ერთხელ მოითხოვოს შემოწმება. ამას მოყვება კითხვა, რომ თუ ჩემი ნედლეული ლაბორატორიაში უნდა მივიტანო კვირაში ერთხელ, მაშინ, კეთილი ინებე და გამიიაფე, 50-დან 70-ლარამდე მერყეობს მიკრობიოლოგიური შემოწმება, ეტიკეტებზე დასატანი მახასიათებლების ფასი, რაც ევროპაში, მხოლოდ  2-2.5 ევრო ჯდება.

სამწუხაროდ, ჩვენთან ბევრი რამ არ კეთდება მიუხედავად იმისა, რომ დიდძალი ტექნიკა შემოვიდა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, არაჩვეულებრივი ლაბორატორიებიც გვაქვს. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ლაბორატორიების უმრავლესობა კი ისეა დაწკრიალებული, რომ გული გაგინათდება. მახსოვს, შვიდიოდე წლის წინ, საწარმოსთან თანამშრომლობის მცდელობა მქონდა, კიდევ კარგი, მცდელობა იყო და დიდხანს არ გაგრძელდა, ჩემი ხელით მივიტანე რძე და წავიღე ნაერთი ანუ რამდენიმე ფერმიდან აღებული ნიმუში. 14 დასახელების დაავადება იყო რძეში, ზევით-ქვევით დახტოდნენ ლაბორატორიის თანამშრომლები და იძულებულები გახდნენ, რომ ეს გაემჟღავნებინათ. მე მიწვევდნენ ტელევიზიებში, სტუდიებში და რასაკვირველია, ავიტანე უდიდესი ლანძღვა, რომ გლეხის ყველსა და რძეს „ვასამარებ“, რაც ტყუილია! ის საწარმო, სადაც დროებით ვმუშაობდი, როგორც პარტნიორი, ასევე ყიდულობდა იმ რძის პროდუქტს, რომელსაც მიირთმევს გლეხი. როგორ შეიძლება, გლეხი დაასამარო, თუ შენც იგივე ნედლეულზე ხარ დამოკიდებული. კონტროლი რომ გაიზრდება, თქვენი და ჩემი პასუხისმგებლობაც ეგ არის, ჩვენ ვართ ის არმია, რომელიც სახელმწიფოს პირდაპირი მოკავშირეა. მე და თქვენ თუ ვართ პრეტენზიულები და ამბიციურები, რომ არ გვინდა მივირთავთ, რაც ხელში მოგვხვდება, მაშინ სახელმწიფოც ვალოდებული ხდება აგვყვეს. ჩვენ და სახელმწიფო ერთ ნავშვი ვსხედვართ მაშინ, როდესაც საქმე ჩვენს ჯანმრთელობას ეხება. სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვას ტანდემში, ერთდროულად უნდა უწევდეთ მუშაობა და ერთიანად უნდა ადგენდნენ რეგულაციის ნორმებს, რეკომენდაციებს, კონტროლის მექანიზმებს. ძალიან უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, სხვა არაფერი გვეშველება.

ონკოლოგიური დაავადებების ფონდი იქმნება, რომელსაც არაჩვეულებრივი ქალბატონი აფუძნებს. თავად აქვს ეს პრობლემა და სიამოვნებით მივიღე ამ ფონდის შექმნაში მონაწილეობა, რადგან სწორედ კვება განაპირობებს ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, რძის პროდუქტები, რაც მაღალ რისკ-ჯგუფშია. ამიტომ, როდესაც დიდი რაოდენობით მოვიხმართ რძის პროდუქტებს, კეთილი უნდა ვინებოთ და ჩვენ, ადამიანებმა გამოვიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა. რეგულაციები არ არის ზეწოლა ბიზნესზე, ეს არის ჩემი და თქვენი ჯანმრთელობის წინაპირობა, ამიტომ შეიძლება, რეგულაცია სხვა რაღაცაში ზედმეტად მომეჩვენოს, მაგრამ როდესაც საკითხი ეხება საკვებს, იქ პირიქით, ჩვენ უნდა ვიყოთ იმდენად პრეტენზიულები, რომ ვეხვეწებოდეთ ხელისფულებებს, გაამკაცრონ შემოწმება.  

- ესტონეთი ახსენეთ და საინტერესოა, რა გამოცდილებაა უცხოეთში, რას აკეთებენ სხვადასხვა ქვეყნები იმისთვის, რომ ისეთი სიტუაცია არ იყოს, როგორიც დღეს, საქართველოშია?

- ესტონეთში ძალიან ეშმაკური ხერხები აქვთ, თუ ყველის მწარმოებელმა მიიტანა ორმოცი სინჯარა და იქიდან ერთი მაინც აღმოჩნდა საეჭვო, დაავადებების თვალსაზრისით, ამ მეყველეს აქვს უფლება, იმ 4 ტონა რძის გამო, რაც იმ დღეს შეაგროვა, ფერმერს უჩივლოს და გადაახდევინოს ჯარიმა. იქ ისე არიან შეშინებულები, რომ არ დაეკისროთ გადასახადი, დაინტერესებულები არიან, სულ ზეპირად იცოდნენ ძროხის ჯანმრთელობის მდგომარეობა და არაფერი გამოეპაროთ. ეს ყველაფერი გამოწვეულია დასჯის მეთოდით, რეგულაციებით, პასუხისმგებლობის მაღალი დონით. პირუტყვი ბიოლოგიური არსებაა და ყველაფერი ემართება, სამ თვეში ერთხელ რომ მთხოვ საბუთს, იქნებ, გუშინ დაავადდა ჩემი ძროხა, თხა, ან კამეჩი, ამიტომ კვირაში ერთხელ და ეს არის ყველაზე მინიმალური ვადა, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, მაგრამ სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს და ეს შემოწმება გააიაფოს.

პრობლემების ჯადოსნური წრეა და ვფიქრობ, რომ ვინაიდან ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა სიუჟეტს, მგონია, ხელისუფლება რაღაც კარგს აპირებს. არავის არ უნდა ეწყინოს, რომ რეგულაციები გამკაცრდება. მე პირადად, ნაწლავის ჩხირები მაქვს ორგანიზმში მომატებული, ვხუმრობ ხოლმე, რომ მოსიარულე ლაბორატორია ვარ, მე რომ ყველს შევჭამ და მაწყენს, ესე იგი, ნაწლავის ჩხირებია მომატებულია იმ ყველში. მე ტყე-ტყე ვიარე და 17 წელია, ფერმერებთან ვცხოვრობ, ამიტომ ბევრ ასეთ კერას გადავყრივარ. ჩვენთან რძის პასტერიზაციაა პრობლემა, პასტერიზატორების ის აპარატები ტყუილად უდგათ, რომ არ დააჯარიმოს სახელმწიფომ. ვინ აკეთებს მარილიანი წყლის პასტერიზაციას, მეცინება, ამას რომ მეუბნებიან, მთელი მსოფლიო აკეთებს, რომ არ დაიბუდოს ბაქტერიამ. მარილწყალი არ კლავს ნაწლავის ჩხირებს. ის მარილწყალი წლობით უდევთ ხოლმე ქვის დიდ აბაზანებში, ის აბაზანები უნდა დაიცალოს, თუ მარილი ენანება, უნდა გაუკეთონ პასტერიზაცია იმ წყალს და გაკამკამებული, კარგად გაწურული და გადაწურული უნდა დააბრუნოს იმ აბაზანაში, ოღონდ, ქვის აბაზანა კარგად უნდა დაქლოროს, სანამ უკან ჩაუშვებს მარილწყალში. იმდენ საზიზღრობას შეიძლება გადააწყდე, რომ გული გაგისკდება. ეტყვი და მერე სწყინთ. მე, მაგალითად, ვამბობ ხოლმე, რომ სჯობს, ახლა შენ გეწყინოს, ვიდრე შენი გამოისობით, უამრავი ადამიანი გარდაიცვალოს. ყველის ქარხანა და საოპერაციო ოთახი ზუსტად ერთნაირად უნდა გამოიყურებოდეს, ასეთი მზაობა უნდა იყოს, კეთილი ინებონ, ისწავლონ და შემდეგ დაიწყონ წარმოება, ამოვიდა ყელში თავზე ხელის გაასმა! ყველაფერი უნდა ვთქვათ, სხვა შემთხვევაში, ევროპას რომ ვუკაკუნებთ, დაივიწყოს ყველამ, თუნდაც რძის წარმოებაში რა უბედურებებიც გვჭირს!

 

ავტორი: ანი სარდლიშვილი