უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო „იმედის კლინიკა“ ₾20 000-ით დაჯარიმდა

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „იმედის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში 2 მცირეწლოვან პაციენტს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო კლინიკა 20 000 ლარით დაჯარიმდა.

„შპს „იმედის კლინიკას“ ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა. მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს გეგმური ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა, რაც უკანონო სამედიცინო საქმიანობას წარმოადგენს“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, სექტემბრიდან, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ძალაში შევიდა რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები. სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და ა.შ. მიმართულებით.