არასწორი ვარჯიშით მიღებული ტრამვები - რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ ფიტნეს ინსტრუქტორი არ გვყავს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო რამდენიმე წელია სპორტდარბაზები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავი მომხმარებელიც ჰყავს.  ჯანსაღი ცხოვრების აქტიური პოპულარიზაციის შემდეგ ბევრისთვის ცნობილი გახდა, რომ ფიტნესი ხელს უწყობს ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, რეგულარულ ვარჯიშს შეუძლია შეამციროს ქრონიკული დაავადებების რისკიის ასევე ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასაც, სტრესისა და შფოთვის დონის შემცირებით. თუმცა, სპორტდარბაზის ვიზიტორების ნაწილმა სულაც არ იცის, რომ არასწორი ტექნიკით შესრულებულმა ნებისმიერმა ვარჯიშმა შესაძლოა, სხეულს და ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიაყენოს. „ვერსიასთანსაუბრისას, ფიტნეს ინსტრუქტორი, თორნიკე ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმა, სავარაუდოა, რომ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს, რაც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუშლის  ხელს.

_დარბაზში შესრულებული ვარჯიშების უმრავლესობაში გამოიყენება წონები, როგორც თავისუფალი (ჰანტელები, ძელი, ბლინები) ისე, იზოლირებული (ტრენაჟორები ფიქსირებული მოძრაობით ან კაბელებით) სახით. შესაბამისად, არასწორად შერჩეულმა წონამ, ან თუნდაც არც ისე დიდმა წონამ, მაგრამ არასწორმა ტექნიკამ შესაძლოა, გამოიწვიოს ხერხემლის თუ კიდურების სხვადასხვა სახსრის სერიოზული ტრავმა, რაც საბოლოოდ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემაში შეიძლება გადაიზარდოს. ეს არა თუ ვარჯიშში, არამედ უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუშლის ადამიანს ხელს და შეუქმნის დისკომფორტს.

_თორნიკე, რა უნდა გავითვალისწინოთ, იმ ვარჯიშების შესრულებისას, რომლის  დროსაც ხერხემალს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს?

_ისევ და ისევ, მოძრაობის სწორი შესრულება,  სწორი ტექნიკა და სწორად შერჩეული სავარჯიშო წონა. ეს უკანასკნელი, არ უნდა იყოს იმდენად მძიმე, რომ შეუძლებელი ხდებოდეს სწორი ტექნიკის შენარჩუნება და მეორე მხრივ, არც იმდენად მსუბუქი, რომ კუნთს ფაქტობრივად დატვირთვა არ ჰქონდეს.

_რა როლს თამაშობს ფიტნეს ინსტრუქტორი ჩვენთვის სასურველი სხეულის ფორმების ჩამოყალიბებაში და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი ზედამხედველობის ქვეშ ვარჯიში?

_გარდა ზემოხსენებული ვარჯიშებისა და წონის სისწორისა, მან  უნდა გაითვალისწინოს თქვენი ყოვრლდღიური ცხოვრების სტილი, სამსახურის სპეციფიკა, აქტიურობა, ამაზე დაყრდნობით კი უნდა შეგიდგინოთ კვების, ძილის და დარბაზს გარეთ აქტიურობის რეჟიმი, რაც მიგაღწევინებთ სასურველ შედეგს. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოს თქვენი ჯანმრთელობის აქტუალური მდგომარეობა, პოტენციური ტრავმები, რაც უკვე გაქვთ მიღებული, გადატანილი და რეაბილიტირებული, უფრო კარგ შემთხვევაში კი გაითვალისწინოს და გადააკონტროლოს  თქვენი ორგანიზმის ჰორმონალური მდგომარეობა და საერთო ანალიზების სპექტრი, რასაც გაითვალისწინებს როგორც დარბაზში ვარჯიშისას, ისე თქვენი დღის რეჟიმის შედგენის დროს. და ბოლოს, ალბათ უშუალო და ნაკლებ სტრესული გარემო უნდა შეგიქმნათ. რათა ამ გზის ერთად გავლა თქვენთვის, როგორც მომხმარებლისთვის, უფრო სასიამოვნო იყოს.

_რა უნდა გაითვალისწონონ პირებმა, რომლებიც დამოუკიდებლად ვარჯიშობენ, რათა რაიმე არ დაიზიანონ?

_კარგი იქნება, თუ დიდ თეორიულ ინფორმაციას მიიღებენ სხვადასხვა წყაროებიდან, სასურველია ეს წყაროები იყოს უცხოური, კვლევებზე დაფუძნებული და არა მხოლოდ ვინმეს სუბიექტური ლაპარაკი რომელიმე პლატფორმაზე. თუ არჩევანს მაინც ამ ბოლოზე შეაჩერებენ, საჭიროა მოისმინონ განსხვავებული აზრები და არგუმენტები, გამოსცადონ თავის თავზე, ბოლოს კი იმას მიემხრონ, რაც კონკრეტულად მათზე უკეთ მუშაობს, ვინაიდან ჩვენი ორგანიზმის ინდივიდუალიზმის გამო ერთი შეხედვით აბსურდული მიდგომა შესაძლოა, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს.

_ხშირად გქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც პირი დამოუკიდებლად ვარჯიშობდა, ვერ მიიღო სასურველი შედეგი და საბოლოოდ მაინც თქვენ მოგმართათ დასახმარებლად?

_12 წლიდან ჩემი ცხოვრება სავარჯიშო დარბაზს უკავშირდება, ბოლო 6 წელი კი პერსონალური ინსტრუქტორი ვარ, ამ პერიოდში უამრავმა ადამიანმა გაიარა ჩემთან ერთად გზა საკუთარი შედეგისკენ და მინდა გითხრათ, რომ უმეტესობას ჩემთან მოსვლამდე თავისით ერთხელ მაინც უცდია ვარჯიშის დაწყება, რადგან ეს ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია, თუმცა, ბოლოს ყველა მათგანი ხვდება, რომ მიზნის მიღწევისთვის ვარჯიში ძალიან დიდ ცოდნას მოითხოვს, რის გამოც არჩევანი ორიდან ერთზე უნდა გაკეთდეს: ადამიანმა ან ძალიან დიდი დროის რესურსი უნდა ჩადოს ზემოხსენებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებაში, ან უნდა დაუკავშირდეს იმ ადამიანს, რომელმაც ეს უკვე მოახერხა და მიღებული ცოდნა მოახმარა როგორც საკუთარ თავს, ისე მრავალ სხვას.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი