შეკვეთილი მკვლელობა იმერეთში - მოღალატე ცოლი და 5 წლის გოგონა, რომელსაც მამა თვალწინ მოუკლეს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ერთხელ, ერთ ბრძენს ჰკითხეს, ბავშვები გავანებივროთ თუ არაო, ბრძენმა უპასუხა - „აუცილებლად გაანებივრეთ. კაცმა არ იცის, რა განსაცდელს უმზადებს მათ ცხოვრება და მძიმე წუთებში, სწორედ ბავშვობის ბედნიერი მომენტები უნდა აძლევდეთ ძალას“. ყველამ საკუთარ თავს ჰკითხოს, რამდენი რამ ახსოვს ბავშვობიდან და გონებაში ცუდიც და კარგიც ნათლად რამდენჯერ წამოუტივტივდება ხოლმე. დღეს, ერთი შეხედვით, ბავშვთა უფლებები განსაკუთრებულად დაცულია, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. ასე იყო ადრეც: ოფიციალურად, ბავშვებისთვის სახელმწიფო მანქანა ზრუნავდა, მაგრამ გაზრდილი ბავშვი ხვდებოდა, რომ რაღაც აკლდა და ეს რაღაც თავისუფლება იყო.

 

სამაგიეროდ, საბჭოთა კავშირის უშიშროებას ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგების ინსტიტუტი ჰქონდა ძალიან დახვეწილი. ძირითადად, ლამაზი, სანდომიანი დეიდები, რომლებიც ბავშვებისგან ინფორმაციის მისაღებად, მათთან დღეებისა და კვირების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ნდობაში შედიოდნენ და ფრთხილად ეხებოდნენ თემას, რომლის გაგებაც სურდათ. ასე იყო მაშინაც, 1982 წელს, როცა ზემო იმერეთის ერთ-ერთ რაიონში, კაცი საკუთარი, 5 წლის გოგონას თვალწინ მოკლეს. პრინციპში, კი არ მოკლეს, დაკლეს, რადგან დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობის შემდეგ, ბასრი იარაღი ყელშიც გამოუსვეს. მკვლელმა კარი გაიხურა და შინ 5 წლის გოგონა გარდაცვლილ მამასთან ერთად დატოვა. როცა დედა სახლში დაბრუნდა, საზარელი სურათი გადაეშალა - ბავშვი გაფართოებული თვალებით მამის უსულო სხეულთან იჯდა და მხოლოდ ერთ სიტყვას ჩურჩულებდა - „მიშველეთ!“

საქმის გამოსაძიებლად თბილისიდან საუკეთესო მაძებრები გაუშვეს, თუმცა კრიმინალისტებმა საიმედო ვერაფერი თქვეს. მკვლელობის იარაღი, სავარაუდოდ, დანა იყო, თუმცა არც დანა გახლდათ ადგილზე, არც ანაბეჭდები და ზოგადად, ხელჩასაჭიდიც არაფერი იყო. ცხადი გახლდათ, პროფესიონალი მოქმედებდა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რა და როგორ უნდა ექნა.

„ჩვენი მთავარი იმედი სწორედ ის ბავშვი იყო, რომელმაც, სავარაუდოდ, მკვლელიც დაინახა, მკვლელობასაც შეესწრო, მაგრამ რად გინდა? ექიმებმა გასაგებად გვითხრეს, ბავშვი შოკიდან თუ გამოვა, შეიძლება, საერთოდ ვერ აღიდგინოს, რა ნახა, გონებამ ცუდ მოგონებას უარყოფითი რეაქცია მისცესო. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს და თბილისიდან ბავშვთა სპეციალური ფსიქოლოგიც ჩამოვიდა, ქალი, რომელიც უშიშროების მაიორი გახლდათ“, - ისტორიას თბილისიდან წარგზავნილი ჯგუფის ხელმძღვანელი, ბატონი თენგიზი გვიყვება.

ქალმა ბავშვს დახედა თუ არა, თავი გადააქნია და აღნიშნა, მინიმუმ, ორი კვირა მასთან საუბარს აზრი არ აქვს, კონტაქტზე ვერ გამოვა, ვერც ვერაფერს იტყვისო. ყოველი შემთხვევისთვის, ბავშვის პალატასთან ორი სამართალდამცავი დააყენეს, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელს, შეიძლება, მთავარი მოწმის მოკვლაც გადაეწყვიტა, რადგან მას არ უნდა სცოდნოდა, რომ საქმეში სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიები ჯგუფი ჩაერთვებოდა. არაერთ პრობლემას ისიც დაემატა, რომ დედამ ამდენ ნერვიულობას ვერ გაუძლო და ბავშვის პალატაში, მაშინ, როცა პატარას ეძინა, ვენები გადაიჭრა. საბედნიეროდ, დაცემის ხმა კართან მდგარმა სამართალდამცავებმა გაიგეს, ექიმებს უხმეს და მისი გადარჩენა მოახერხეს. ფსიქოლოგი ამჯერად დედასაც დასჭირდა და ისიც თბილისიდან ჩამოვიდა, ისიც უშიშროების თანამრომელი, თუმცა...

„ქალთან გასაუბრების შემდეგ, ფსიქოლოგი ჩემთან მოვიდა და ჩაფიქრებულმა მითხრა, ამ ქალს ნერვიულობის არაფერი ეტყობა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა და ეს აფექტი არ იყო ანუ ვენები შეგნებულად გადაიჭრაო. ამან ჩამაფიქრა და უკვე ჩემს კრიმინალისტებს მივეცი დავალება“, -გვიყვება ბატონი თენგიზი.

ჭრილობის მორიგ გადახვევას შს სამინისტროს კრიმინალისტიც დაესწრო, იარა დაათვალიერა და შემდეგ გამომძიებელს უთხრა, რომ ვენებს ასე არავინ იჭრის, უბრალოდ, კანი იყო გასერილი, თუმცა 4 ადგილზე, რამაც ძლიერი სისხლდენა გამოიწვია და ეფექტი, რომ თითქოს ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ შეიქმნა. პირველი ეჭვმიტანილიც ქალი გახდა და სამართალდამცავებმა მისი თვალთვალი დაიწყენს, მაგრამ ბევრი ვერაფერი გაიგეს. ქალი ან სახლში იყო, ან საავადმყოფოში, შვილის გვერდით. გოგონა ექიმებმა ათი დღის შემდეგ გაწერეს და ბატონმა თენგიზმა დაცვის მოხსნაც ბრძანა. ჯერ ერთი, ბავშვი კვლავ უიმედო იყო და მეორეც, ძნელად სავარაუდო გახლდათ, მკვლელს დღისით რაიმე გაებედა, ღამით კი ოპერჯგუფი სახლთან ახლოს, მანქანაში მორიგეობდა. ეს უდიდესი შეცდომა იყო - მეორე დღესვე, დღისით, მზისით, სახლიდან გამოსული დედა-შვილის ფეხებთან მანქანა გაჩერდა, იქიდან მძღოლის გვერდზე მჯდომი ნიღბიანი კაცი გადმოხტა, ქალს ყბაში ისეთი დაარტყა, ადგილზე გათიშა, ბავშვი უკანა სავარძელზე შეაგდო და გაიტაცა.

„ეს არ იყო ჩავარდნა, ეს იყო კატასტროფა. ვფიქრობდით, რომ ოჯახის განადგურება სურდა ვიღაცას, მაგრამ რატომ, რისთვის? მოკლულს ყველა უწესიერეს კაცად ახასიათებდა, მამამისი ყოფილი სამხედრო გახლდათ, ომის ვეტერანი, ბერლინამდე ფეხით იარა კაცმა, სწორედ მისი გაზრდილი გახლდათ შვილი და შესაბამისად, ნამდვილ კაცად, ვაჟკაცად გაზარდა. ოჯახს არც ეკონომიურად უჭირდა, ორივე მუშაობდა და იმ დროისთვის საკმაოდ შეძლებულადაც ითვლებოდნენ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავები გარდაცვლილის მშობლების სანახავად წავიდნენ. მანამდე მილიციასთან საუბარზე უარი თქვეს, ძალიან დათრგუნულები ვართო და ამიტომ, მათი ნახვა გამომძიებლებმა მხოლოდ გასვენებაში მოახერხეს, მაგრამ ახლოს არ მისულან. კაცი სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი და ყველას მკაცრად უყურებდა. გამომძიებლებს წინ მორიგი იმედგაცრუება ელოდათ - მოკლულის მშობლები შინ არ იყვნენ და მეზობლების თქმით, უკვე სამი დღის განმავლობაში, მათ ვერ ხედავდნენ. ბინა შესაბამისი ორდერის საფუძველზე გახსნეს, თუმცა საინტერესო ვერაფერი იპოვეს, სახლი დალაგებული იყო და ძალადობის კვალი არ ჩანდა.

კიდევ ერთი კვირა გავიდა და ბავშვის ბაბუა, შვილიშვილთან ერთად, მილიციაში გამოცხადდა.

„შვილიშვილს მე და ჩემი მეუღლე ვზრდიდით. მისი ყველაფერი ვიცი, ხასიათის ყველა შტრიხი, რა უჭირს, რა უხარია, ამიტომ მე გავიტაცე ბავშვი. ჩემი შვილი ცოლთან დაშორებას აპირებდა, ბავშვმა უთხრა ერთხელ, ვიღაც ძია მოვიდა, ბევრი კანფეტი მომიტანა, მომეფერა, მერე კი დედიკოს აკოცა და მოეფერაო. ღალატში მხილებულ ცოლთან დარჩენა ჩემს შვილს აღარ სურდა, გაყრის პროცედურები დაიწყო და... მოკლეს. აგერ, ბავშვი, ჯანმრთელი, საღ-სალამათი, საუბრისთვის მზად არის. ფსიქოლოგიურად დედამისი ბოლომდე მოსპობდა, ახლა კი საუბრობს და თუ რამეს გეტყვით, კარგი იქნება, მისი მონაყოლით მე ვერაფერს მივხვდი...“

საქმეში კვლავ ბავშვთა ფსიქოლოგი ჩაერთო, მაგრამ ამაოდ. გოგონა მკვლელის აღწერილობას კი ამბობდა, მაგრამ ბავშვებს ფანტაზიის დიდი უნარი აქვთ და ამიტომ, შეუძლებელი იყო იმის მიხვედრა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელი. პარალელურად, მეორე ოთახში გარდაცვლილის ცოლს ჰკითხავდნენ. ქალი გამოტყდა, რომ ქმართან გაშორებას აპირებდა, თუმცა არ მოუკლავს. მან საყვარელის სახელიც თქვა და კაცი მილიციაში მიაბრძანეს. საჭირო იყო, ეს კაცი გოგონას ენახა და ფრთხილად შეაპარეს კიდეც, ხომ შეხედავო. ბავშვმა თავი დააქნია, მაგრამ როცა დედის საყვარელს დააკვირდა, მხოლოდ ის თქვა, ეს ძია კანფეტებს მაძლევდა ხოლმე, როცა მამიკო სახლში არ იყოო ანუ საყვარელი მკვლელი არ იყო და საყვარლობის გამო, ნამდვილად ვერ დასჯიდნენ.

ბავშვი კვლავ ბაბუამ წაიყვანა, როცა მილიციის ეზოში გავიდნენ, მოულოდნელად, გოგონამ ერთ-ერთი თანამშრომლისკენ გაიშვირა ხელი და ჩუმად თქვა - „ამან ატკინა მამიკოს!“ სანამ ბაბუა და დანარჩენი სამართალდამცავები პირდაღებული იყურებოდნენ, მილიციის თანამშრომელი მანქანაში ჩახტა და ადგილიდან გაიქცა.

„მისი ძებნა დიდხანს არ გაგრძელებულა, ორ საათში დავაკავეთ. დაკავებისას, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა მაინც ავიყვანეთ. როგორც გვითხრა, ფინანსური პრობლემები ჰქონდა, როცა გარდაცვლილის მეუღლე მივიდა, მას ბავშვობიდან იცნობდა და სთხოვა, ეგებ, ჩემი ქმარი დაიჭირო, 5 ათას მანეთს გადაგიხდიო. მილიციის თანამშრომელმა ფული გამოართვა, მაგრამ ზუსტად იცოდა, ვერანაირ საბაბს ვერ გამოძებნიდა, კაცს რაიონშიც ავტორიტეტი ჰქონდა და მამამისიც დიდი პატივისცემით სარგებლობდა, ამიტომ მოკლა, მაგრამ ვერ მოკლა გოგონა, რომელიც იმ დროს, ბაღში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მამამ დროზე ადრე გამოიყვანა და სახლში არასასურველი მოწმე დახვდა. უფრო მეტიც, გოგონა თავის ოთახში იყო, როცა ხმაური გაიგონა და გამოვიდა. სწორედ მაშინ დაინახა მკვლელის სახე“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

დააკავეს გარდაცვლილის მეუღლეც. სასამართლომ მილიციის თანამშრომელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ქალს მხოლოდ რვა წელი აკმარა. სანამ ის საჯელს იხდიდა, ბაბუამ იმდენი მოახერხა, რომ შვილიშვილზე მეურვეობის უფლება მოიპოვა და ბავშვი თავად გაზარდა.

 

ავრტორი - ბათო ჯაფარიძე