ფიროსმანის ქუჩაზე „გოპნიკებმა“ 6 შვილის დედა გააუპატიურეს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

 როგორ „ჩაუშვა“ საშიში ბანდის ყველაზე პატარა წევრმა ბანდის მეთაური 

 

 „გოპ სტოპი“, ქართულად - „შეყენება“, რუსეთში, ომის შემდგომ პერიოდში შევიდა, საქართველოში კი - ბევრად გვიან. ეს იმდენად უკონტროლო დანაშაული იყო, რომ საქართველოში, „კანონიერმა ქურდებმა“ „ბეზპრიდელად“ მონათლეს და „გოპნიკებს“ თუ მოიხელთებდნენ, მკაცრადაც სჯიდნენ. მიზეზი მარტივი გახლდათ - ისინი საქმეზე ყოველგვარი „ნაკოლის“ გარეშე მიდიოდნენ, ასე ვთქვათ, სანადიროდ და მსხვერპლი, შესაძლოა, „კაი ბიჭის“ და, ან სულაც დედა აღმოჩენილიყო, თუმცა როგორც ყველა სფეროში, სრული კონტროლი, რაღა თქმა უნდა, წარმოუდგენელი გახლდათ და „გოპნიკები“ თავის საქმეს მაინც აკეთებდნენ.

 

80-იანი წლების მიწურულს ანუ მაშინ, როცა ძაღლი პატრონს სცნობდა, მაგრამ ადამიანი ადამიანს - ვეღარ, „გოპნიკები“ მომრავლდნენ და იმის გამო, რომ „კანონიერ ქურდთა“ რისხვა არ დაემსახურებინათ, ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობდნენ, 2-3 საქმეს „მოარტყამდნენ“ და ქრებოდნენ. შესაბამისად, ადგილობრივმა „ბლატატამ“ არაფერი იცოდა და ვერც იგებდა.

„ინფორმაცია შემოვიდა, ნახალოვკაში, საღამოს, ქალი შინ ბრუნდებოდა, მას პირველი სართულის ფანჯრიდან შვილი, 19 წლის ბიჭი უმზერდა და ამ დროს, სამი ნიღბიანი გადაეღობა. ნიღბად ქალის წინდები ჰქონდათ თავზე წამოცმული. მათ ქალს ფული მოსთხოვეს. შვილი დაუფიქრებლად გავიდა გარეთ და, დაახლოებით, ერთ წუთში, დანაგაყრილი მიწაზე ფართხალებდა“, - გვიყვება ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბანდის შესახებ, პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დედამ კი ჩვენება მხოლოდ მეორე დღეს მისცა. მისი თქმით, თავდამსხმელებს გადაჭრილი სანადირო თოფი, ე.წ. აბრეზიც ჰქონდათ. როცა შვილი დედის დასახმარებლად გავიდა, თავდამსხმელებს შორის ფიზიკურად და სავარაუდოდ, ასაკითაც ყველაზე დიდმა, „აბრეზი“ მეორეს მიაწოდა და უბრძანა, ესროლეო, თუმცა მან სროლა ვერ გაბედა. ამის შემდეგ ამოიღო დანა ბანდის სავარაუდო მეთაურმა და ბიჭს მუცელში დაუფიქრებლად გაუყარა. იმხანად ნახალოვკაში, ორ ათეულ „კანონიერ ქურდზე“ მეტი ცხოვრობდა და ეს თავდასხმა მათაც არ მოეწონათ. „გოპნიკებს“ ეძებდა ყველა - სამართალდამცავები, რიგითი ადამიანები, ქურდები, მაგრამ მათი კვალს ვერ მიაგნეს.

მომხდარიდან სამი დღის შემდეგ, უკვე ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა დანაშაული. ისევ სამი თავდამსხმელი, ისევ თავზე ქალის წინდები, ისევ დიდი დანა და „აბრეზი“. საბედნიეროდ, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ 6 შვილის დედა დანგრეულ შენობაში შეათრიეს და გააუპატიურეს. უფრო ზუსტად, ის ბანდის მეთაურმა გააუპატიურა და რადგან დაზარალებულმა ვერცერთის სახის აღწერილობა ვერ მისცა, სამართალდამცავებს ხელში არაფერი შერჩათ.

„ორი დღე გავიდა და ეს ქალი მოვიდა ჩემთან, მორალურად განადგურებული, თავი დახარა და ჩუმად თქვა, იმას, ვინც გამაუპატიურა, ჭიპთან დიდი ხალი აქვს, მარჯვენა მხარეს, დაახლოებით, სამი სანტიმეტრის დიაგონალის, თუმცა ამას სასამართლოზე ვერ გავიმეორებო. მისი კარგად მესმოდა, ის ორი დღეც იფიქრა, ეთქვა თუ არა და ბოლოს, მაინც გაბედა. ეს არ იყო ისეთი მინიშნება, სიხარულით მეცხრე ცას ვწეოდი, მაგრამ ასეთი ზომის ხალები ყოფილი პატიმრების პირად საქმეებში აუცილებლად აღინიშნებოდა ხოლმე და ამიტომ, კარტოთეკების შესწავლა დავიწყეთ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სანამ მილიცია ხალიან ყოფილ მსჯავრდებულს ეძებდა, მორიგი დანაშაული მოხდა. ამჯერად, სტუდენტი გოგონა გაძარცვეს და... სამწუხაროდ, ისიც გააუპატიურეს. სტუდენტმა, პრაქტიკულად, ყველაფერი გაიხსენა და თქვა ისიც, რომ ბანდის მეთაური იმ ორსაც აიძულებდა გოგოს გაუპატიურებას, თუმცა ერთმა კატეგორიული უარი თქვა, მეორემ - ვერ შეძლო. გამოძიებამ ერთი რამ ზუსტად იცოდა - ძებნილები თბილისელები არ იყვნენ, რადგან სამართალდამცავთა გარდა, ქალაქი ქურდებმაც ფეხზე დააყენეს და ვერაფერი გააწყვეს.

გამომძიებლები იმასაც მიხვდნენ, რომ ბანდაში ერთ-ერთი ახალბედა და გამოუცდელი იყო. პრაქტიკულად, ყველა დაზარალებული ამბობდა, რომ ბანდის მეთაური ცდილობდა, სწორედ იმ ახალბედას ჩაედინა ისეთი რამ, რაც სითამამეს შემატებდა, ბოლომდე გასვრიდა, თუმცა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოახერხა. გაჩნდა ვერსია, რომ დამნაშავეები, შესაძლოა, მატარებლის თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც სახეს იმიტომ მალავდნენ, შემთხვევით რომელიმე მგზავრს არ ეცნო. დაიწყო გამცილებლების შემოწმება, რაც მთავარია, გამოძიებამ იცოდა, რომ ბანდის მეთაური საკმაოდ მაღალი, ჯანიანი კაცი იყო, რომელსაც მუცელზე დიდი ზომის ხალი ჰქონდა. დიდი და ჯანიანი ვერავინ ნახეს და სამაგიეროდ, ნახეს კიდევ ერთი გაძარცვული კაცი, რომელსაც თავში რაღაც მძიმე ჩაარტყეს და... 30 მანეთი წაართვეს.

მერე იტყვიან სამართალდამცავები, გაუხარდათ, რომ დაზარალებული კაცი იყო და ძარცვას გაუპატიურება არ დაემატა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მათ მოდუნების უფლება ჰქონდათ. ვაგზლის მიმდებარე ქუჩებზე, სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა ოპერმუშაკებმა პატრულირება დაიწყეს, მაგრამ ამაოდ. სამი საეჭვო კაცი ვერსად ნახეს. სამაგიეროდ, ხმა გავარდა მომხდარის შესახებ და ქუჩის მაცხოვრებლები ძალიან ფრთხილობდნენ. სწორედ ამ სიფრთხილის გამო, საღამოს ლექციებიდან დაბრუნებულ ქალიშვილს დედ-მამა დახვდა და შინ ერთად მიდიოდნენ. დამნაშავეები არც სამეულს მოერიდნენ, გაძარცვეს და გოგოს გაუპატიურება იქვე, ჩიხში სცადეს, თუმცა სამივე ერთად აყვირდა, აკივლდა და თავდამსხმელები გაიქცნენ. სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სამართალდამცავების გარდა, „პატრულირება“ უკვე „კაი ბიჭებმაც“ დაიწყეს, თუმცა მათაც ხელი მოეცარათ. მძარცველები თითქოს მიწიდან ჩნდებოდნენ, შემდეგ კი ისე ქრებოდნენ, კვალს ვერავინ პოულობდა.

„ერთ დილით, სამსახურში მისულს, მორიგე გამომეგება, წერილია თქვენს სახელზეო. ჩვეულებრივ კონვერტს, მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი ეწერა. რა თქმა უნდა, მორიგემ უჩემოდ ვერ და არ გახსნა. როგორც მორიგემ მითხრა, დილით მოსაწევად გამოვიდა და წერილი პირდაპირ კართან ეგდო ანუ ის არც ფოსტალიონს მოუტანია და არც ისეთ ვინმეს, იდენტიფიცირება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, უბრალოდ, დააგდეს და წავიდნენ. კაბინეტში შევედი და წერილი ინტერესით გავხსენი. იქ მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა - ძარცვებს ესა და ეს პიროვნება სჩადისო. გადავამოწმე, ადრე ნასამართლევი პირი იყო, ოღონდ წვრილმანი ქურდობისთვის, მისი პირადი საქმე წამოვწიე და დამახასიათებელ ნიშნებს შორის, მუცელზე დიდი ხალიც ეწერა. გორში ცხოვრობდა ანუ ვარაუდი, რომ დედაქალაქიდან არ იყო, გამართლდა. აყვანის ოპერაციაზე პირადად გავედი და დაკავებულმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოასწრო, ბორკილები ლოგინში დავადეთ. სახლის ჩხრეკისას, ქურთუკის ჯიბეში ქალის წინდა ვიპოვეთ, რომელიც ნიღბის როლს ასრულებდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავები ზეიმობდნენ, გაუპატიურებულების ანალიზმა აჩვენა, რომ მოძალადე სწორედ დაკავებული გახლდათ, მაგრამ რად გინდა, ის ჩუმად იჯდა, ხმას არ იღებდა და თანამზრახველთა დასახელებას არც აპირებდა. ასე გავიდა ორი თვე. საქმე, პრაქტიკულად, მზად იყო სასამართლოში გადასაგზავნად, თუმცა გამოძიებას თანამზრახველები სურდა. მილიცია ვა-ბანკზე წავიდა.

ერთ დღეს, დაკავებული მორიგ დაკითხვაზე დაიბარეს და გამომძიებელმა მაგიდაზე ის წერილი დაუდო, რომლის საფუძველზეც დააკავეს. მან წერილი ყურადღებით ჩაიკითხა, შემდეგ თავი გადააქნია და სახელი და გვარი თქვა, თუმცა მხოლოდ ერთის. 18 წლის ბიჭი გორიდან მალე ჩამოიყვანეს.

„ამ ბავშვის მამა სასჯელს იხდიდა და ციხეში მოკვდა ტუბერკულოზით. სწორედ ამ კაცს დაუბარა, რომ გახვალ, შვილს მიმიხედეო. ესეც გამოვიდა, ბიჭს ესტუმრა და „გზაზე“ დააყენა, საქმეებზე დაჰყავდა და ეს, იმის მიუხედავად, რომ მას კრიმინალისკენ მიდრეკილება აშკარად არ ჰქონდა. ბანდის მესამე წევრი ამ ბიჭმა დაასახელა, ისიც გორელი, 24 წლის, ადრე წვრილმან ხულიგნობაზე ნასამართლევი. ისე გამოვიდა, რომ ამ ბიჭებს ბანდის მეთაურის ეშინოდათ. წერილის დაწერა ყველაზე პატარა წევრმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სახლში მისულმა დაინახა, როგორ აუპატიურებდა დედამისს მამას მეგობარი, რომელსაც წესით, მათთვის, უბრალოდ, ყურადღება უნდა მიექცია“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სასამართლომ ბანდის მეთაურს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დანარჩენ წევრებს - 12-12 წელი. ციხიდან მხოლოდ ყველაზე პატარა გამოვიდა, ბანდის მეთაური, „ზონაზე“ გადაყვანიდან ორ დღეში, ჩხუბში მოკლეს, სავარაუდოდ, მაშინ, როცა „საქათმეში“ წასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მეორე ოთხი წლის შემდეგ გარდაიცვალა, ისიც - გაურკვეველ ვითარებაში, პატარა კი გამოვიდა და...

„ამ საქმიდან ორი წელი იყო გასული, როცა მორიგი წერილი მივიღე. ისევ ის ბიჭი წერდა, საქმე რომ გამახსნევინა, ამჯერად, ციხიდან. მადლობას მიხდიდა დაკავებისთვის და იმისთვის, რომ მორიგი დანაშაულები აღვკვეთეთ. პირობას მაძლევდა, ციხიდან რომ გამოვალ, ჩემზე პატიოსანი არავინ იქნებაო. მისი გათავისუფლების შემდეგ, რამდენჯერმე მოვიკითხე გორელ სამართალდამცავებთან. სიტყვა შეასრულა, დაოჯახდა, მიწას ამუშავებს და მართლაც, ძალიან პატიოსნად ცხოვრობს“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.- 

 ავტორი - ბათო ჯაფარიძე