მაკლერმა საიდუმლო ლაბორატორიის მეცნიერი პორტვეინით მოწამლა - მამა-შვილის ტრაგიკული ისტორიის დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

საბჭოთა კავშირის დროს, იმ ლაბორატორიების თანამშრომლებს, რომლებსაც საიდუმლო სტატუსი ჰქონდათ, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. ყველაფერთან ერთად, მათ ეკრძალებოდათ ქვეყნიდან გასვლა და ნებისმიერი კავშირი უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუმცა ჰქონდათ განსაკუთრებული პრივილეგიებიც - ნებისმიერ კურორტზე საგზური ურიგოდ, დასვენების განსაკუთრებული გრაფიკი, საცხოვრებელი ბინა და ავტომობილი ურიგოდ. რაღა თქმა უნდა, მათი ჯამაგირიც განსხვავებული იყო. როცა ისინი ცუდად ხდებოდნენ, სასწრაფოს ნაცვლად, უშიშროების კომიტეტში რეკავდნენ და მათთან სხვა ექიმებს გზავნიდნენ. წესითა და რიგით, ასე უნდა მომხდარიყო 1986 წელსაც, როცა ერთ-ერთი საიდუმლო ლაბორატორიის თანამშრომელი მოულოდნელად ცუდად გახდა, თუმცა უშიშროების კომიტეტის ნაცვლად, დაბნეულმა მეუღლემ სასწრაფოში დარეკა. ისე ჩანს, ეს საკითხი ყველა დონეზე დალაგებული იყო, ამიტომ სასწრაფო დახმარების ექიმები ორი წუთის მისულებიც არ იყვნენ, როცა კარი უშიშროების თანამშრომლებმა შეაღეს და სასწრაფოს ექიმებს იქვე ჩამოართვეს ხელწერილი, რომ აღნიშნული გამოძახების შესახებ, კრინტს არავისთან დაძრავდნენ.

 

„იმ ექიმებიდან ერთ-ერთი, ჩემი ცოლი იყო და იმის მიუხედავად, რომ ხელწერილი ჰქონდა დაწერილი, შინ მოსულმა ყველაფერი მიამბო. მითხრა, კაცი ცუდად იმიტომ გახდა, რომ აშკარად მოწამლული იყო და სპეციფიური გამონაყარიც ჰქონდაო. მოყოლა ძლივს მოასწრო, სამსახურიდან დამირეკეს, საგანგებო საქმეა და მოდიო. სწორედ იმ ავადმყოფის გამო მიბარებდნენ, რომელზეც ჩემმა ცოლმა მიამბო, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი, დეტალები ვიცი-მეთქი, ორივეს დაგვიჭერდნენ. ამიტომ, მშვიდად მოვისმინე ის, რაც უკვე ვიცოდი და ისიც გავიგე, რომ ეს კაცი საიდუმლო პროექტზე მუშაობდა, შესაბამისად, შესაძლებელი იყო, ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს მოეწამლათ. მე მილიციის მიმართულებით უნდა მემუშავა ანუ ჩვეულებრივი ძიება მეწარმოებინა, უშიშროება კი თავისი ძალებით იმუშავებდა. კი გამიკვირდა, მკვლელობა არ არის და მე რატომ მეძახით-მეთქი, მაგრამ ამიხსნეს, ისეთი საწამლავითაა მოწამლული, 2-3 დღეში აუცილებლად მოკვდება და მაინც შენ გადმოგეცემა საქმე, ამიტომ აჯობებს, თავიდანვე შენ იყოო“, - იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ექიმები მაქსიმალურად ცდილობდნენ, კაცი ისე არ მომკვდარიყო, აზრზე არ მოსულიყო და სიტყვა მაინც არ ეთქვა, თუმცა ამის იმედი მინიმალური გახლდათ. გამომძიებლებმა, პირველ რიგში, ოჯახის წევრები დაკითხეს, თუმცა რაღა წევრები, მას მხოლოდ მეუღლე ჰყავდა, შვილი - არა და ამიტომ, ცოლის დაკითხვა უშიშროებამ და მილიციამ ერთდროულად გადაწყვიტეს.

„ვიცი, ვინც მოწამლა ჩემი ქმარი. იმ ახალგაზრდა კახპამ, ამას წინათ რომ დავინახე მასთან ერთად“, - თქვა ცოლმა და ისიც დააყოლა, ის „კახპა“ 20 წლისაც ვერ იქნება, ჩემი ქმარი რამ გააგიჟა, არ ვიციო.

თანამშრომლების დაკითხვამ გამოძიებას ახალი არაფერი მისცა. ახალგაზრდა გოგონას შესახებ დასმულ კითხვაზე მათ პირი დააღეს, გამორიცხულია, ვინმე ჰყოლოდა, მისი ცოლიც, შვილიც, ოჯახიცა და საერთოდ ყველაფერი, საქმე იყო და ლაბორატორიაში ცხოვრობდაო, თუმცა ფაქტია, ცოლმა ვიღაც გოგო ნახა და ის ვიღაც აუცილებლად უნდა ეპოვათ.

„უშიშროებამ ივარაუდა, რომ ის, ვინც ლაბორატორიის თანამშრომელი მოწამლა, აუცილებლად შეეცდებოდა საქმის ბოლომდე მიყვანას. ამიტომ, საავადმყოფოში ოთხი ოპერმუშაკი დატოვეს, ოღონდ ისე, რომ ეჭვი არავის აეღო, თეთრ ხალათებში გამოაწყვეს. მეორე საღამოს, ამან შედეგი გამოიღო - პალატაში შესვლის მცდელობისას, 20 წლამდე ასაკის გოგონა დააკავეს და დარეკეს. ადგილზე მეც წავედი და უშიშროების გამომძიებელიც“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გზაშივე გადაწყდა, რომ განყოფილებაში მისვლამდე, გოგონას საავადმყოფოში დაკითხავდნენ და მთავარი ექიმის კაბინეტში შეიყვანეს. იქ გოგომ თქვა, რომ მამამისის საძებნელად იყო მოსული, რომ ის მოწამლული კაცის უკანონო შვილია, რომელიც სულ რაღაც, ოთხი კვირის წინ იპოვა და აგერ, ვიღაცამ მოუწამლა. ამას რომ ამბობდა, მოულოდნელად, გოგონამ ფერი დაკარგა, სკამიდან ჩაცურდა და უგონოდ დაეცა. ექიმებმა ის მაშინვე საოპერაციოში გააქანეს, თუმცა ოპერაცია არ დასჭირვებია - გამოცდილმა ექიმებმა დაასკვნეს, ესეც მოწამლულიაო, თუმცა მამისა და შვილის საწამლავის შემადგენლობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. თუ კაცი საწამლავის კოქტეილით იყო მოწამლული, გოგონას აორთქლებული ვერცხლისწყალი ჰქონდა ნასუნთქი. ის აზრზე მალე მოიყვანეს, საავადმყოფოდანაც მალე გაუშვეს... გოგონამ სამართალდამცავებს დედისა და მამის ერთად გადაღებული ფოტოები ანახა, მამას მოუთხოვია, ბავშვი არ გააჩინო, არ მეცლება, ჩემი თავი მეცნიერებას უნდა მივუძღვნაო, ქალმა არ დაუჯერა, მაინც გააჩინა შვილი, კაცი კი გაქრა და ცოლად ისეთი ქალი მოიყვანა, რომელიც თანახმა იყო, შვილი არ ჰყოლოდა.

„გოგონა ბევრს გვესაუბრებოდა. 12 წლის იყო, როცა დედა მოუკვდა და მისგან მხოლოდ სურათები დარჩა. მამის მარტო სახელი იცოდა და ასე ვერ იპოვიდა. ამიტომ, ის ბავშვთა სახლში გაუშვეს, სრულწლოვან ასაკამდე მიღწევის შემდეგ კი, საერთო საცხოვრებლის მაგვარ სახლში შეუშვეს, ერთი ოთახი გამოუყვეს და სამკერვალოში მუშაობაც დააწყებინეს. პარალელურად, სამკერვალო ტექნიკუმშიც სწავლობდა. მამა შემთხვევით, ტელევიზორში დაინახა, რაღაც მეცნიერულ ფორუმზე იყო, სახელი რომ დაემთხვა, გაუხარდა, გვარიც გაიგო და სამსახურში სურათებით მიადგა. კაცი ატირდა, ძალიან გაუხარდა, შვილი რომ ჰყავდა, მერე კი, როცა მისი საცხოვრებელი პირობები გაიგო, გადაწყვიტა, იატაკქვეშა მაკლერის მეშვეობით, შვილისთვის ერთოთახიანი ბინა ეყიდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

გოგოს თქმით, მაკლერს მამამ ექვსი ათასი მანეთი გადაუხადა. რომ არ ტყუოდა, იქიდანაც ჩანდა, რომ მეცნიერს ანგარიშიდან მართლაც ჰქონდა მოხსნილი ექვსი ათასი. გოგონასთან რაღაც იყო დასაზუსტებელი და მასთან სახლში, გამომძიებლებმა ოპერმუშაკი გაუშვეს. ახალგაზრდებმა ჩაი დალიეს, შემდეგ ცოტა იჭორავეს და... მოულოდნელად, გოგონამ გონება ისევ დაკარგა, ოპერმუშაკს გული აერია. ცხადი გახდა, ორივე მოწამლული იყო, ორივემ ვერცხლისწყალი ისუნთქა. უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა, სპეციალური ხელსაწყოებით, გოგოს ოთახი დაათვალიერეს და ვერცხლისწყლის საბადოსაც მიაგნეს - მეზობელი ოთახიდან კედელი იყო გახვრეტილი და მეზობლები ვერცხლისწყალს თერმომეტრიდან პირდაპირ გოგონას ოთახში ასხამდნენ. მიზეზი ბანალური - მათ იმედი ჰქონდათ, რომ თუ გოგო მოკვდებოდა, ის ოთახი მათ ერგებოდათ და გაფართოვდებოდნენ. ცოლ-ქმარი დააკავეს და მოგვიანებით, მკვლელობის მცდელობისთვის, 5-5 წელი მისცეს.

ახლა მთავარი იყო, მაკლერი მოეძებნათ. სამართალდამცავებს გოგო იმ ადგილებში დაჰყავდათ, სადაც მაკლერები ხშირად იკრიბებოდნენ. მართალია, მან ვერავინ ამოიცნო, მაგრამ მერე გაირკვა - თავად მაკლერმა შენიშნა გოგონა და სამართალდამცავები, მიხვდა, რომ სწორედ მას ეძებდნენ და ადგილიდან ჩუმად გაიპარა. მან არასასურველი მოწმის მოშორება გადაწყვიტა და ეს საქმე არ გადადო, მეორე დღესვე, მის ოთახში მივიდა.

„როცა კარზე დააკაკუნეს, წვნიანს ვაკეთებდი. კარი გავაღე და კარში მაკლერი დავინახე, რომელსაც ხელში დანა ეკავა. მივხვდი, ჩემს მოსაკლავად მოვიდა. ანგარიშმიუცემლად ქვაბისკენ გავიქეცი, გამომეკიდა და სანამ დანას მომიქნევდა, ქვაბი ავიღე და მდუღარე წვნიანი სახეში შევასხი“, - ეს არის ამონარიდი გოგონას ჩვენებიდან. მკვლელმა მიმალვა შეძლო, თუმცა ორი დღის შემდეგ, თავად გამოცხადდა საავადმყოფოში, რადგან სახეზე საშინელ დამწვრობას ვერ მკურნალობდა. რაღა თქმა უნდა, მაკლერი დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მეცნიერი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

„ვალები მქონდა და როცა ეს საქმე გამოჩნდა, მივხვდი, ამ კაცსა და მის ქალიშვილს თუ მოვიშორებდი, ფული დამრჩებოდა. როცა თანხა გადმომცეს, პორტვეინი დავუტოვე, რომელშიც საწამლავი იყო გარეული და ვუთხარი, წარმატებული გარიგება აღნიშნეთ, ორ დღეში, ახალი ბინა გექნებათ-მეთქი. თურმე, მხოლოდ კაცს დაულევია და ამას მაშინ მივხვდი, როცა გოგონა თქვენთან ერთად დავინახე“, - აღიარა მკვლელმა.

ბევრის გასაოცრად, განზრახ მკვლელობისთვის, მას მხოლოდ 15 წელი მისცეს, მაგრამ როცა რვა თვის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, არც არავის გაჰკვირვებია.

რაც შეეხება გოგონას, როგორც კი მეცნიერის ცოლმა გაიგო, რომ ის მისი ქმრის შვილი იყო, მასთან საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა და პირდაპირ უთხრა, მამაშენის ნაშრომ-ნაჯაფი, ბინაც, მანქანაცა და აგარაკიც შენ დაგრჩებაო, მაგრამ გოგონამ უარი თქვა და კვლავ თავის ერთოთახიან ბინაში დარჩა. მეცნიერის ცოლი, ამ ამბიდან ორ წელიწადში, გულის შეტევით გარდაიცვალა, მისი ქონება კი ნათესავებმა გაინაწილეს და მეცნიერის შვილი არავის გახსენებია.