დაქალმა დაქალი ფეხსაცმლის ქუსლით მოკლა - რატომ ფიგურირებს საქმეში ნორვეგიის მოქალაქე და რა გახდა მკვლელობის მიზეზი

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 როცა მკვლელობა სპონტანურად ხდება, მნიშვნელობა აღარ აქვს მკვლელობის იარაღს. ყველა იმას იყენებს, რაც პირველად მოხვდება ხელში და ამიტომ, მკვლელობის იარაღების ჩამონათვალი იმდენად მრავალფეროვანია, თვლა არ აქვს. მერე მიდის ექსპერტიზა, რით მოკლეს, როგორ მოკლეს, რა კუთხით ჩაარტყეს ესა თუ ის საგანი და ა.შ. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ ასეთ უცნაურ მკვლელობაზეა. სამართალდამცავებმა არ იცოდნენ, რა იარაღი გამოიყენა მკვლელმა, სანამ უშუალოდ დამნაშავე არ დააკავეს.

 

მილიციის განყოფილებაში მამაკაცმა დარეკა და დამტვრეული რუსულით თქვა, რომ მისი საცოლე მოკლეს. იმის მიუხედავად, რომ შემთხვევა დასავლეთ საქართველოში მოხდა, ის სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებას სასწრაფო წესით გადმოსცეს, რადგან საქმეში ნორვეგიის მოქალაქე იყო გარეული. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს საზარელი სურათი დახვდათ - საქორწინო კაბაში გამოწყობილი ქალი იატაკზე გარდაცვლილი ეგდო. ერთადერთი ჭრილობა ჰქონდა, შუბლის ცოტა ზემოთ. თავიდან სამართალდამცავებს იარაღით მოკლული ეგონათ, მაგრამ ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ქალს რაღაც ჩაარჭვეს - ცოტა მომრგვალებული და ცოტა წახნაგოვანი. დაზუსტებით ვერ ამბობდნენ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ, რკინის მილზე, არმატურის გადანაჭრელზე შეჯერდნენ, თუმცა ესეც სამუშაო ვერსია იყო და გადაჭრით ვერავინ ვერაფერს ამბობდა.

რაც შეეხება ნორვეგიის მოქალაქეს, როგორც მან თქვა, საქართველოში, სამუშაო ვიზიტით, ექვსი თვის განმავლობაში იმყოფებოდა, ქალი გაიცნო, მოეწონა, შეუყვარდა და ცოლობა შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. უშიშროების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ნორვეგიის მოქალაქე ბოლომდე შეისწავლეს, შეისწავლეს ქალიც, საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს და თანხმობა გასცეს. მამაკაცის მონაყოლით გაირკვა, რომ იმ დღეს, ქალთან, შინ უნდა გაევლო და მმაჩის ბიუროში წასულიყვნენ ხელმოსაწერად, შემდეგ კი, ნორვეგიელის ორ მეგობარსა და გარდაცვლილის ორ დაქალთან ერთად, რესტორანში უნდა აღენიშნათ. ქალის სახლში მისულს კი ასეთი სურათი დახვდა და მაშინვე მილიციაში დარეკა.

„ეს იყო ერთ-ერთი ურთულესი საქმე, რადგან ვერსაიდან მივუდექით. ნორვეგიის მოქალაქე წინდასავით ჰყავდათ ამობრუნებული და შესწავლილი, რაც მისი მხრიდან, რაიმე დივერსიულ ქმედებას გამორიცხავდა. გარდაცვლილის უახლოესი გარემოცვა ამბობდა, რომ ის ძალიან მშვიდი, მორიდებული და უწესიერესი ქალი იყო, ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა და მოკრძალებულად, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა, თუმცა ერთ-ერთ პედაგოგს წამოსცდა, მაგ ქალს თავისი მეზობელი ეტრფოდა და ეგებ, ეგ კაცი მოიკითხოთო. ეს უკვე ვერსია იყო და ამიტომ, იმ კაცის ძებნა დავიწყეთ“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

კაცი მალე იპოვეს, თუმცა მისი პოვნა სამართალდამცავებს არ გახარებიათ. ის მივლინებით, დედაქალაქში იყო წასული და საყვარელი ქალის მკვლელობის შესახებ, სწორედ გამომძიებლებისგან გაიგო. ისეთი რეაქცია ჰქონდა, რომ ამას არაპროფესიონალი კი არა, რამაზ ჩხიკვაძე და ეროსი მანჯგალაძე ვერ შეასრულებდნენ. ალიბი ყოველი შემთხვევისთვის გადაამოწმეს, თუმცა გამოძიებამ უკვე იცოდა, რომ კაცი მკვლელი არ იყო - ხელი რომ არ შეეშალათ, თავსაც მოიკლავდა.

„ყველაზე მეტად იმან დამაინტერესა, თუ ასე უყვარდა უცოლო კაცს გაუთხოვარი ქალი, რატომ არ მოიყვანა ცოლად. ვერ ვუბედავდი, ისე მიყვარდაო, იმ უბედურმა და როცა გაიგო, რომ მისი სატრფო ნორვეგიელზე თხოვდებოდა, არ დაიჯერა, ბოლომდე სწამდა, რომ ქალი სწორედ მისი გახდებოდა და... არც არაფერი, მოკლეს“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა ლამის მთელი დასავლეთ საქართველო ამოატრიალეს. საქმრომ ისე, რომ მილიციასთან არ შეუთანხმებია, საკუთარი მივლინება კიდევ ორი კვირით გაიგრძელა, აქაოდა, სანამ საქმეს არ გახსნით, საქართველოდან ფეხის მომცვლელი არ ვარო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თუ ორ კვირაში საქმე არ გაიხსნებოდა, ნორვეგიელი საერთაშორისო სკანდალს ატეხდა და საბჭოთა მილიციის უნიათობაზე დაიწყებდა საუბარს. ამიტომ, გამომძიებლებმა ნორვეგიელი კიდევ ერთხელ, დეტალურად დაკითხეს და მან, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, მაგრამ გარდამტეხი მომენტი გაიხსენა. მისი მონაყოლიდან გაირკვა, რომ მკვლელობამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე, ის საცოლეს შინ ესტუმრა, სადაც მისი ორი დაქალი დახვდა. სწორედ ისინი, ქორწილის დღეს, მის გვერდით რომ უნდა ყოფილიყვნენ. ნორვეგიელს სამშობლოდან წამოღებული ვისკი ჰქონდა, მის გამოჩენას ქალები ისეთი ჟრიამულით შეხვდნენ, თავად წვეთი არ დაულევია და ეს აკრძალული, თუ იშვიათი სითხე, მთლიანად ქალებს დაანება. რა ძნელი მისახვედრია, რომ სამივე გვარიანად გამოთვრა. ნასვამი ქალების სახლებში დარიგება ნორვეგიელმა ითავა და ჯერ ერთი მიიყვანა, მერე - მეორე, თუმცა როცა მეორე დაქალი მიჰყავდა, მან მანქანის გაჩერება სთხოვა, მერე ავტომობილიდან გადმოვიდა, წელს ზემოთ გაშიშვლდა და კაცისკენ გაიწია. ნორვეგიელი გულწრფელად ამბობდა, ნასვამი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, თავს ვერ შევიკავებდი, ფიზიკურად ძალიან მაგარი ქალი იყო, მაგრამ მე ის კი არა, მისი მეგობარი მიყვარდაო.

ქალური შურის გამო, არაერთი დანაშაული მომხდარა და სამართალდამცავებს ეს ვერსია მისაღებად ეჩვენათ. სანამ თბილისიდან გამომძიებლები დასავლეთში ჩავიდოდნენ, შემთხვევის ადგილზე იქაური მილიციის თანამშრომლები მივიდნენ და სწორედ მათ გაიხსენეს, რომ მკვლელობის შემდეგ, იქ მხოლოდ ერთი დაქალი მივიდა, რადგან მას შინ არ გაუარეს და აინტერესებდა, რატომ აგვიანებდა ნეფე-პატარძალი. აი, მეორეს კი არც მოუკითხავს, მხოლოდ მოგვიანებით, რამდენიმე საათის შემდეგ გამოჩნდა ანუ გამოდიოდა, რომ მან იცოდა, დაქალი ცოცხალი აღარ იყო და ამიტომ, მშვიდად ელოდა მოვლენების განვითარებას.

„ეს ვერსია მძივივით კი აიკინძა, მაგრამ მთავარი მაკლდა - მტკიცებულება, რომელიც არ მქონდა და ვერსაიდან გამოვძერწავდი. იმასაც კი ვერ ვხვდებოდი, რაზე შეიძლებოდა წამომეკიდებინა ანუ რომ მქონოდა მკვლელობის სავარაუდო იარაღი, იმას მაინც ვეტყოდი, შენი თითის ანაბეჭდებია და აღიარე-მეთქი. ეგეც არ მქონდა, ექსპერტები ვერ მეუბნებოდნენ, რით იყო გაკეთებული შუბლში ის საბედისწერო ნახვრეტი და მართალია, ფოლადის მავთულისკენ ან არმატურის გადანაჭრელისკენ იხრებოდნენ, მაგრამ ვერ გავრისკავდი. უბრალოდ, ქალის თვალთვალი დავიწყეთ და მივხვდი, წყალს ვნაყავდი. ის ძალიან მშვიდად მიდიოდა სამსახურში, ასევე, მშვიდად ბრუნდებოდა, ჭორაობდა ეზოში, მეზობლებთან, სტუმრად თითქმის არ დადიოდა და არც არავის იღებდა. ჩვეულებრივი, შინაბერა ქალის ცხოვრებით ცხოვრობდა და ისიც გავარკვიეთ, რომ საყვარელი არასდროს ჰყოლია. ქალი, მართლაც, ეფექტური იყო, მიკვირდა, მანამდე რატომ ვერ გათხოვდა, ან იმ ნორვეგიელმა ეს რატომ არ აარჩია. ასე იყო თუ ისე, რამე უნდა მეღონა და ერთ დღესაც, ის დაკითხვაზე დავიბარე. ვფიქრობდი, საუბრის დროს, რამე შეცდომას დაუშვებდა და გამოვიჭერდი, მით უმეტეს, როცა უწყება, ჩემი მოთხოვნით, მხოლოდ ხელიდან ხელში გადასცეს, ის ძალიან ანერვიულდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

დაკითხვა თითქოს ნორმალურად მიმდინარეობდა, ქალი პასუხებს დაბნეულად იძლეოდა, მაგრამ მალევე მოვიდა აზრზე, დალაგდა და გამომძიებელი მიხვდა, რომ ხელიდან გაურბოდა. თუ პირველივე დაკითხვაზე ვერ გამოიჭერდა, მეორე დაკითხვას აზრი დაეკარგებოდა. დაკითხვის დროს, ოთახში ექსპერტი შევიდა, გამომძიებელთან სხვა საქმის დასკვნა შეიტანა, ლამაზი ქალის ჯიშიანი ფეხები ხარბად აათვალიერ-ჩაათვალიერა და გავიდა, თუმცა კართან დატრიალდა და ქალს ფეხებზე დააკვირდა. გამომძიებელმა შეუბღვირა, მაგრამ მიხვდა, ფეხების სილამაზეზე მეტად, ექსპერტი სხვა რამით დაინტერესდა. მორიგესთან ერთად, ქალი ოთახში დატოვა, თავად კი ექსპერტთან განმარტოვდა. ნახევარ საათში, მილიციას ქალის ბინის ჩხრეკის ორდერი ხელში ეჭირა.

„ბინის კარი გავაღეთ, ორი ნაბიჯი შევდგით და წინ აღარც წავსულვართ. ექსპერტმა ხელის ერთი მოსმით მოაგროვა ქალის ფეხსაცმელები და ლაბორატორიაში გაბრუნდა. ერთ საათში, ხელში მკვლელობის იარაღი - ქალის ქუსლიანი ფეხსაცმელი მეჭირა. სწორედ ეს ფეხსაცმელი შევიტანე დაკითხვის ოთახში და მაგიდაზე დავდე. ქალმა დახედა, ერთი ამოიხვნეშა და დაიწყო:

„თავადაც ხვდებით, რომ მეგობრებში ყველას ვჯობივარ. რჩევა-რჩევაში, გასათხოვარი დავრჩი და მაინც ჯიუტად ვარჩევდი მამაკაცებს. ეს ნორვეგიელი რომ დავინახე, ვიფიქრე, მეშველა-მეთქი, მაგრამ ის შტერი ჩემს დაქალზე გადაირია. ყველაფერს უსრულებდა, ნორვეგიაში უპირებდა წაყვანას. ვერ ავიტანე, ვერ მოვერიე თავს... ამან კიდევ, მეჯვარედ მინდიხარო. ქორწილის დღეს, დილით გავედი, ბრილიანტის უზარმაზარი ბეჭედი მაჩვენა, ეს მაჩუქაო და მანდ გადამეკეტა. ყველაფერი ეს, ჩემი უნდა ყოფილიყო. მოკვლას არ ვაპირებდი, ფეხზე ინსტიქტურად გავიხადე და ინსტიქტურადვე ჩავარტყი თავში. რკინის ქუსლი აქვს, ალბათ, ძალიან ძლიერად მომივიდა. ერთი დაიკვნესა და დაეცა. რას ვიზამდი? ამოვიცვი ფეხსაცმელი და შინ წავედი“, - დაასრულა ქალმა მოყოლა.

საბჭოთა სასამართლო ქალების მიმართ ყოველთვის ჰუმანური იყო. ასე განსაჯეთ, საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში, 15 რესპუბლიკის პირობებში, ოფიციალურად, მხოლოდ ოთხ ქალს მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.

დაქალის მკვლელს 12 წელი ერგო.