მოსამართლე ქალის გვამი მტკვარში იპოვეს - ვინ დაგეგმა მკვლელობა და რატომ ვერ დასაჯეს დამნაშავე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მტკვრის ცოცხალი თევზი ყოველთვის ფასობდა და ბრაკონიერებიც ყოველთვის იყვნენ. სამწუხაროდ, ახლა ტექნიკა დახვეწეს და, დენთან ერთად, საქმეში ათასგვარი ბადე თუ მომწამვლელი ნივთიერებაც ჩართეს. არადა, ადრე მართლა მარტივი იყო - ბრაკონიერები, ძირითადად, ჩასაკიდებელ ბადეებს დებდნენ მტკვრის მდორე ადგილებში. ჩაკიდებულ ბადეებს ღამით ამოწმებდნენ ანუ მაშინ, როცა ვერავინ ხედავდა და უკვე დილით, მოხარშული და დაფასოებული მტკვრის ცოცხალი ბაზარში იყიდებოდა.

 

„გაზაფხულის მიწურული იყო, როცა განყოფილებაში ზარი გაისმა. კაცი ბოლო ხმაზე ყვიროდა, სასწრაფოდ მოდით, მტკვარში მანქანა გადავარდა და უშველეთო. ადგილზე, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, სასწრაფო დახმარებაც წავიდა. მანქანა წყლიდან მალე ამოიყვანეს, შიგნით, მგზავრის ადგილზე, ქალის გვამი იყო, მძღოლი კი არსად ჩანდა. ის, რომ მძღოლი მამაკაცი გახლდათ, სალონში, მძღოლის მხარეს ნაპოვნმა მამაკაცის ფეხსაცმელმა დაადასტურა. მოვიდნენ მყვინთავებიც, თუმცა ვერაფერი იპოვეს. მილიციაში ადგილობრივმა ბრაკონიერმა დარეკა, რომელიც ბადეების სანახავად იყო მისული, დაინახა, ავტომობილმა მართვა როგორ დაკარგა, როგორ ჩავარდა წყალში და მაშინვე დასარეკად წამოვიდა. ვიცი, დასაჭერი ვარ ბრაკონიერობაზე, მაგრამ გულმა არ მომითმინა და დავრეკეო, ისე გულწრფელად თქვა, ხელი ავუქნიეთ და სახლში გავუშვით, თუმცა მეორე საღამოს, მან კვლავ დარეკა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ბრაკონიერი კვლავ შემთხვევის ადგილზე მისვლას ითხოვდა. სამართალდამცავები დაუყოვნებლივ წავიდნენ, რადგან გარდაცვლილი ქალი მოსამართლე გახლდათ და ეს რიგითი შემთხვევა არ იყო. სავარაუდოდ, საჭეს მისი ქმარი მართავდა, რომელიც ვერც მყვინთავებმა იპოვეს და ზოგადად, მისი კვალი, უბრალოდ, გაქრა. ბრაკონიერმა, გამომძიებლებს, დაახლოებით, ერთმეტრიანი ფიცარი ანახა, რომელსაც ათობით ლურსმანი ჰქონდა ჩარჭობილი, ეს ჩემს ბადეში იყო გახვეული, სავარაუდოდ, ავტომობილს შეგნებულად დაუდესო. ისედაც ცხადი იყო, ასეთი ფიცარი შემთხვევის ადგილზე თავისით ვერ აღმოჩნდებოდა და ექსპერტებმაც დაადასტურეს, საბურავებით სწორედ ამ ფიცარზე გადაიარეს, რის შემდეგაც გასკდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადავარდაო.

ეს უბედური შემთხვევა აღარ იყო, ეს მკვლელობა გახლდათ და თან მოსამართლის მკვლელობა. ამიტომ, საქმე განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანეს.

ღამით, იმ მონაკვეთში, მანქანას სწრაფად რომ წაიყვანდა მძღოლი, ადვილი მისახვედრი გახლდათ. ისიც ადვილი მისახვედრი იყო, რომ ქმარი ვერ გარისკავდა ასეთ რამეს, ვერ მოკლავდა ცოლს იმის იმედად, რომ თავად გადარჩებოდა ანუ ვიღაცამ ცოლიცა და ქმარიც გაიმეტა, მაგრამ სად იყო კაცი, არავინ იცოდა.

სამართალდამცავებმა ივარაუდეს, რომ საფრთხე მოსამართლის ერთადერთ ქალიშვილს, სამედიცინო ინსტიტუტის 19 წლის სტუდენტსაც ემუქრებოდა და მის სახლთან, მორიგეობა დააწესეს. გოგონას დედა დაეღუპა, არ იცოდა, სად იყო მამა და შავებით გახლდათ შემოსილი. გამოძიებამ ისიც გაარკვია, რომ დაახლოებით, ერთი წლის წინ, ოჯახი გაზით მოიწამლა. მაშინ ყველაფერი უბედურ შემთხვევას დაბრალდა, მაგრამ მილიციას ეჭვი გაუჩნდა, რომ ოჯახის ამოწყვეტას ვიღაც ჯიუტად ცდილობდა. მართალია, გაზით მოწამვლა უბედურ შემთხვევას დაბრალდა, მაგრამ ახლა გამოძიებამ, ეს საქმე ახლიდან ამოსწია.

„არქივში პირადად წავედი და საქმეს ახლიდან გავეცანი. ყველაფერი თითქოს შემთხვევით მოხდა - ღამით ოჯახმა ჩაის დალევა გადაწყვიტა, ჩაიდანი გაზქურაზე დადგეს, შემდეგ, ტელევიზორს მიუსხდნენ, ჩაიდანი ადუღდა, წყალმა ანთებული ქურა ჩააქრო და ჯერ სამზარეულო, შემდეგ კი მისაღები გაზით გაივსო. გაზის სუნი მეზობელმა იგრძნო, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. დააკაკუნა და რადგან კარი არავინ გაუღო, მილიციაში დარეკა. სწორედ მილიციამ გადაარჩინა მაშინ მოსამართლეცა და მისი ქმარ-შვილიც. ცოლ-ქმარი უგონო მდგომარეობაში დივანზე, ჩართული ტელევიზორის წინ იპოვეს, გოგონა კი საძინებელში იყო და მართალია, თვალებს ახელდა, საუბარი არ შეეძლო და პირველი სიტყვა მხოლოდ სამი დღის შემდეგ თქვა. საბედნიეროდ, მაშინ ცოლ-ქმარიც გადარჩა. ერთადერთი, რაც ვერ გავიგე, ექსპერტიზის დასკვნა იყო, რომლის მიხედვითაც, ცოლ-ქმრის სისხლში მომწამვლელი გაზის დიდი ოდნეობა იყო, გოგონას სისხლში კი - იმდენად უმნიშვნელო, რომ ის შეიძლება, ნებისმიერს, ელემენტარულად, სამზარეულოში შესვლის შემდეგ ჰქონდეს. ამიტომ, ექსპერტის სანახავად წავედი“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ექსპერტმა იგივე გაიმეორა, გოგონას სისხლის სუფთა იყო და მიკვირდა, რატომ ვერ საუბრობს-მეთქი?  ყველაფერი ეს, შოკს დავაბრალე, მაგრამ იმას კი ვერ მივხვდი, როცა მილიცია კარს ამტვრევდა, რატომ არ ადგა და არ გაუღო? ალბათ, ეგეც შოკის ბრალი იყოო. გამომძიებელი გოგონას ესტუმრა და რბილად, თუმცა მაინც გამოჰკითხა ერთი წლის წინ მომხდარის დეტალები და მანაც ყველაფერი ისე მოუყვა, როგორც მილიციის პატაკში ეწერა, საკუთარ სისხლში გაზის არარსებობა კი ვერ ახსნა, შიშით ვერ ვინძრეოდი და ვერ ვსაუბრობდიო. რაც შეეხება ოჯახის მტრებს, მხრები აიჩეჩა, ეგებ, დედამ ვინმეს არასწორი განაჩენი გამოუტანაო. სამართალდამცავები ამ მიმართულებით ისედაც მუშაობდნენ. გარდაცვლილი მოსამართლის მიერ გასამართლებული პატიმრებიდან, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, მხოლოდ ორი იყო გათავისუფლებული, მაგრამ გარდა იმისა, რომ ორივეს რკინის ალიბი ჰქონდა, მკვლელობაზე წამსვლელი არცერთი ყოფილა. სხვები კი ან ხანგრძლივი ვადით იყვნენ გისოსებს მიღმა, ან დიდი ხნის წინ გათავისუფლდნენ.

სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილი კიდევ ერთხელ დაათვალიერეს და ავარიის ადგილიდან, დაახლოებით, 30 მეტრში, მეორე ფეხსაცმელი იპოვეს. გამოდის, კაცმა წყლიდან ამოსვლა მოახერხა, მაგრამ სად წავიდა და რატომ? ჯერჯერობით, ის გახდა ერთადერთი ეჭვმიტანილი და ქვეყნის მასშტაბით, მასზე ძიება გამოცხადდა. პარალელურად, გამომძიებელმა კიდევ არაერთ ექიმთან გაიარა კონსულტაცია და ყველამ დაუდასტურა, გოგონას გაზი აუცილებლად უნდა ჰქონოდა ნაყლაპი, ის ან გვიან მივიდა სახლში, ან როცა გაზი ჟონავდა, აივანზე იყოო. მის ოთახს აივანი არ ჰქონდა, ფანჯარაში დგომა კი... ბატონი თენგიზი მოსამართლის შვილის დასაკითხად კიდევ ერთხელ წავიდა, თუმცა ახალი ვერაფერი გაარკვია.

„შინ გაწბილებული დავბრუნდი, წინათგრძნობა მეუბნებოდა, რომ მოსამართლის ქმარს ტყუილად ვეძებდი და სიმართლე გოგოს უნდა სცოდნოდა. ამ ფიქრებით მივედი სადარბაზოსთან, როცა გვერდით ახალგაზრდა ბიჭი ამომიდგა და გვერდში დახვეული გაზეთი ძალუმად მატაკა. ცოტა მეტკინა და ბიჭს შევუბღვირე, ის კი გაიქცა. ანგარიშმიუცემლად გავეკიდე და დაახლოებით, 30 მეტრის შემდეგ, მხარში ჩავავლე ხელი. ის მოტრიალდა და ისევ გაზეთი მატაკა. ამჯერად უფრო მეტკინა და ჩავიკეცე, ბიჭი კი გაიქცა. სისხლით მივხვდი, ორივეჯერ, გაზეთში გახვეული დანა დამარტყა და მშველელი დროზე თუ არ გამოჩნდებოდა, მოვკვდებოდი. საბედნიეროდ, მეზობელმა დამინახა, სისხლის გუბეც შეამჩნია და სასწრაფოში დარეკვის ნაცვლად, სავადმყოფოში თავად გამაქანა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო - გადავრჩი“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, გამომძიებელმა ყველა იმ პირის სურათი შეისწავლა, რომელიც გარდაცვლილმა მოსამართლემ ციხეში გაუშვა, მაგრამ მისი დამჭრელი ვერ ამოიცნო, თანაც ექიმებმა უთხრეს, ვინც დანა დაგარტყა, ადამიანის ანატომიას კარგად იცნობს, პირველ ჯერზე, გულის მხარეს ეცადა, მაგრამ ნეკნმა შეაჩერა, მეორე ჯერზე - ღვიძლს დაუმიზნა, მაგრამ ძალა არ ეყოო. ახალი ხელჩასაჭიდი კვლავ არაფერი იყო და ამიტომ გამომძიებელი ისევ გარდაცვლილი მოსამართლის შვილის გარშემო ტრიალებდა. ბატონმა თენგიზმა გადაწყვიტა, სამედიცინო ინსტიტუტში მისულიყო და გოგონას მეგობრების შესახებ მისი კურსელებისგან თუ არა, ლექტორებისგან მოესმინა. ყველაზე დიდი სიურპრიზიც, სწორედ იქ ელოდა.

„როცა ინსტიტუტში მივედი, შესასვლელშივე წარჩინებული სტუდენტების სურათები დამხვდა. დაკვირვებით შევათვალიერე, მაინტერესებდა, მოსამართლის შვილი იყო თუ არა მათ შორის და გავშეშდი - ერთ-ერთი ფოტოდან ის ბიჭი მიყურებდა, რომელმაც დანა გამიყარა. რექტორის კაბინეტისკენ გავეშურე და ბიჭის ვინაობა ვიკითხე. იმ დღეს ინსტიტუტში არ იყო, თუმცა სახლის მისამართი მომცეს და მეც, ოპერმუშაკებთან ერთად, მაშინვე შინ დავადექი. როგორც კი გაიგო, რომ მილიცია ეძებდა, მესამე სართულიდან გადახტა. ეს არ იყო გაქცევის მცდელობა, ეს თვითმკვლელობის მცდელობა გახლდათ“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

სტუდენტი მძიმედ დაშავდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს და სამ დღეში, სამართალდამცავებს დაკითხვის შესაძლებლობაც მისცეს.

„მოსამართლის შვილი სიგიჟემდე მიყვარს. რეალურად, ის კაცი მისი მამინაცვალი იყო, არ ვიცი, რა და როგორ მოხდა, მაგრამ მამინაცვალია, რა. ჰოდა, ჩემმა შეყვარებულმა მითხრა, მამინაცვალი მავიწროვებს, ჩემთან სიახლოვე უნდა, დედაჩემი კი იმდენადაა მისი სიყვარულით დაბრმავებული, ჩემი არ სჯერა და რომც ვუჩივლო, დედა მოსამართლეა, ციხეში არ გაუშვებსო. ამიტომ მოვიფიქრეთ ლურსმნიანი დაფის დადება. იმ დღეს, ისინი აგარაკზე იყვნენ, მაგრამ ღამით გოგომ დაურეკა, ცუდად ვარო და ისინიც გიჟებივით გამოვარდნენ, გზაში კი მე ველოდი. კაცი გადარჩა, დავინახე, როგორ ამოყვინთა და გაცურა, სხვა კაციც დავინახე, რომელიც დასარეკად გაიქცა და ჩემი საცოლის მამინაცვალს დანა დავარტყი. მთელი ღამე ვათრიე ზურგით და, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მოშორებით დავმარხე“, - ეს არის ჩვენების ფრაგმენტი, რომელიც სტუდენტმა მისცა.

როგორც გაირკვა, არანაირ შევიწროვებას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ, მოსამართლე დედა, შვილს მკაცრად ზრდიდა და მას კიდევ მეტი თავისუფლება სურდა. ამიტომ მოიფიქრა გეგმა, რომლითაც, მისი აზრით, დედას მოიშორებდა, მამინაცვალი კი თუ გადარჩებოდა, მარტივად მიუთითებდა კარისკენ. საბოლოო ჯამში, ვერავის გასამართლება ვერ მოხერხდა. სტუდენტი ჩვენების მიცემიდან ორ დღეში, შინაგანი სისხლდენით, მოულოდნელად გარდაიცვალა, გამოძიებამ კი ძვირფასი მოწმე დაკარგა და გოგონას რეალურად ვერაფერი დაუმტკიცეს. ბატონმა თენგიზმა ვერც ის დაამტკიცა, რომ ერთი წლით ადრე, გოგონამ შეგნებულად სცადა მშობლების გაზით გაგუდვა და არ გამოუვიდა. როცა ბატონ თენგიზს ვკითხეთ, ის გოგო დღეს თუ მუშაობს ექიმად-თქო, თავი დაგვიქნია, დაახლოებით, ორი წლის წინ, ტელევიზორში ვნახე, რაღაც თემაზე კომენტარს აკეთებდა, სახელითა და გვარით ვიცანიო.