ექსკლუზივი: „ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, თუ ვინ ებრძვის და გმობს ამ ცოდვას!“- მეუფე პეტრე ცაავას პირველი კომენტარი 5 ივლისის მოვლენებზე

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

5-6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები პატრიარქისა და ქრისტიანობის დაცვის მოწოდებით დაიწყო,  „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციად დაანონსდა, თუმცა ჟურნალისტების, ტურისტების, რიგითი მოქალაქეების სადამსჯელო ოპერაციად იქცა. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ რადიკალური ჯგუფები, ფაშისტური მეთოდებით რომ უსწორდებოდნენ საზოგადოებას, ქრისტეს სახელითა და და საპატრიარქოს მხარდაჭერით მოქმედებდნენ. რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შესაფასებლად „ვერსია“ მეუფე პეტრე ცაავას ესაუბრა, რომელსაც მღვდელმსახურება და სასულიერო ხარისხი შეჩერებული აქვს თუმცა, ეკლესიიდან მისი განკვეთის გადაწყვეტილება წმინდა სინოდს ჯერ არ მიუღია...

- 5 ივლისის მოვლენები, სამწუხაროდ, გამოხატულებაა იმ რეალობისა, რომ საქართველოში სერიოზული რელიგიური და პოლიტიკური კრიზისია, ფეხქვეშაა სახარება გათელილი. სახარების სწავლებაა უარყოფილი, იგნორირებულია მაღალი იერარქიის მხრიდან. არანაირი ქრისტიანული სულისკვეთება არ ჩანს ამ საქციელში, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს კრიზისი გაგრძელებაა იმ მოვლენებისა, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლიდან ეკლესიაში სკანდალების სახით გამოიკვეთა და  საეკლესიო მმართველობამ დღემდე ვერ აღმოფხვრა. მეტიც, კიდევ უფრო ღრმავდება. დღევანდელი საპატრიარქო დაემსგავსა დესტრუქციულ რელიგიურ ორგანიზაციას, სექტას (სექტანტურია ეს დამოკიდებულება). არ არსებობს კანონის უზენაესობა საერო ან საეკლესიო ხელისუფლებაში. არ არის გარანტია რჯულის კანონის აღსრულებისა საეკლესიო მმართველობაში ისევე, როგორც ქვეყანაში არ გვყავს კონსტიტუციის დაცვის გარანტი. ფაქტობრივად, რაც ვიხილეთ 5 ივლისს ქაშუეთთან, იყო უფრო დიდი მასშტაბით გაგრძელება იმ ძალადობისა, რაც მიტროპოლიტმა სტეფანემ ბზობის დღესასწაულზე სალხინოში მოაწყო. სწორედ მაშინ მოაწყო მოძალადეების დაჯგუფებამ ერთგვარი რეპეტიცია რუსთაველზე მომხდარის დასაგეგმად.

ვინაიდან, არ არსებობს დღემდე დემოკრატიული შეგნება, მხოლოდ იმით განვსხვავდებით ტოტალიტარული, დიქტატორული რეჟიმებისგან, რომ ქვეყანაში, ღმერთის წყალობით, თითოეული თქვენგანის, ჟურნალისტების გამბედაობის, პირდაპირობისა და სახელმწიფოებრივი შეგნების დამსახურებით, არსებობს კრიტიკული მედია. ამიტომ მთავარი სამიზნე პოსტსაბჭოთა აზროვნების ეკლესიური მმართველობისთვისა და ხელისუფლებისთვისაც, რომელიც არადემოკრატიულია, გახდა მედია, ის ადამიანები, რომლებიც კითხვას სვამენ და ვინაიდან, არ აქვთ პასუხი, გადადიან ფიზიკურ ძალადობაზე. სულიერების არქონაა ის ყველაფერი, რაც ჩვენ ძალის დემონსტრაციის სახით რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ. 

- საპატრიარქომ განაცხადა, რომ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ლგბტ საზოგადოებას ეკისრება. როგორ აფასებთ ამას?

- საპატრიარქო არის უპასუხისმგებლო ორგანიზაცია. ისინი წარმოადგენენ ადამიანთა დაჯგუფებას, რომელთაც ღვთის შიში არა აქვთ, სინდისის და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ. ამიტომ იოლია, ხელები დაიბანო და ეს ემსგავსება პილატეს საქციელს, რომელმაც ხელები დაიბანა მაცხოვრის ჯვარცმაზე. თითოეული ჟურნალისტის სახით დაჩაგრული ადამიანი, იმ შემთხვევაში ქრისტეს წარმოადგენდა. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ცბიერების უფრო მაღალი ხარისხი აქვს საპატრიარქოს და ცდილობს, უფრო ადვილად მოატყუოს საზოგადოება. ათწლეულებია, საპატრიარქოს ეს გასდის - გაუვიდა 90-იან წლებში, ეროვნული ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობა და შემდეგ საზოგადოების ნაწილის მოტყუება. არადა, პასუხისმგებლობა „პუტჩისტებთან“ ერთად სრულად ეკისრებოდა საპატრიარქოს. მახსოვს, 2017 წელს, „ციანიდის სკანდალის“ დროს, ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა მითხრა, შენ რომ ყოფილიყავი ეკლესიაში და გენახა, ზვიადის დროს რა პრობლემები იყო და საიდან გამოვძვერით (ვციტირებ), ამას არ იტყოდიო. ეს იყო იმის პასუხი, როცა ვამბობდი - ამ კრიზისს ვერ დავძლევთ სიცრუითა და ცბიერებით, ერთადერთი გამოსავალია სიმართლისა და ეკლესიაში არსებული პრობლემების  აღიარება და საჭიროა გეგმის შემუშავება, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ პრობლემიდან-მეთქი.

საპატრიარქო ცდილობს, ძალით გადაფაროს, ჩაახშოს როგორც სასულიერო პირების და ასევე თეოლოგების გულშემატკივრობა. ყველა დაისაჯა, ფაქტობრივად, ზოგი უზიარებლობით, ზოგს კი ხარისხი შეუჩერდა. ეკლესია  სადამსჯელო ორგანიზაციად იქცა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოთქვამენ კრიტიკას და გამოღვიძებისაკენ მოუწოდებენ ერს. მათ რიცხვში შედის მასმედიის დიდი ნაწილი, რომელიც მთავარი თავისტკივილი გახდა როგორც საერო, ასევე საეკლესიო ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, ეს იყო შეთანხმებული სპეცოპერაცია, რომელსაც „დირიჟორი“ ჰყავდა ჩვენს დამპყრობელ ქვეყანაში, ოკუპანტ რუსეთში!

ხომ ვნახეთ, რომ თუ ვინმემ იხეირა, გაიხარა და აღფრთოვანებული იყო ამ მოვლენებით, ეს იყო რუსული მედია და კრემლი, რომელთაც ყველაზე მეტად „გათიშე და იბატონე“-ს პრინციპით უნდა მართოს საქართველო, როგორც არშემდგარი სახელმწიფო... თუმცა, იმედს გავუცრუებ ჩვენს მტრებს, რადგან ქართველი ერის ჯანსაღი ნაწილი, რომელიც არის მარილი და ნათელი ამა ქვეყნისა, აუცილებლად განაქარვებს ამ სიბნელეს და გააქარწყლებს.

- მეუფე პეტრე, გახლეჩილი საზოგადოება ვიხილეთ კიდევ ერთხელ რუსთაველზე და, როგორ ფიქრობთ, რამდენად სახიფათოა რუსეთის წამოწყებული ეს თამაში?

- ჩვენ სწორად უნდა გავაანალიზოთ და შევაფასოთ მოვლენები. ეკლესია ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელსაც ძალუძს ერის გამთლიანება, მაგრამ ვხედავთ, რომ დღეს ეკლესიას არის მხარე. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სირცხვილიც კია, ილია მეორე იწოდებოდეს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქად მაშინ, როცა ის 5 ივლისს, ისევე როგორც 1991-92 წლებში, 9 აპრილს და თუნდაც აფხაზეთის ომში, იყო ერთი დაჯგუფების, ძალმომრეობის მხარე და არა სრულიად საქართველოს მამა და პატრიარქი, საპატრიარქოს წარმომადგენლები, წმინდა სინოდის წევრების სახით, ასევე არ გმობდნენ ამ ძალადობას და არაფერი გააკეთეს, შუაში ჩადგომოდნენ მოძალადეებს, პირიქით მოძალადეების მხარეს დადგნენ. ეკლესია კარგავს გამაერთიანებლის ფუნქციას, მაგრამ ეკლესიაზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო პირებსაც ეკისრებათ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქრისტე დაბრუნდეს ეკლესიაში, ეკლესიამ დაიბრუნოს ერის გამაერთიანებლის ფუნქცია.

- სჯულის კანონი ახსენეთ და საპატრიარქო აცხადებს, რომ ლგბტ საზოგადოებას ებრძვის იმიტომ, რომ იდეოლოგიურად ეწინააღმდეგება ეს ჩვენს რწმენას. შეიძლება, მართლაც ჩვენი სარწმუნოების დაცვის მოტივით აკეთებენ ამ ყველაფერს...

- ერთი მარტივი ჭეშმარიტება უნდა ვაღიაროთ - ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ, ბოროტება უნდა დავამარცხოთ მხოლოდ სიკეთით. სიბნელე უნდა გაქარწყლდეს მხოლოდ სინათლით, ამიტომ, რა თქმა უნდა, ცოდვა არის ბოროტება, მაგრამ  მსგავსი მეთოდებით ბოროტების მიმართ ბრძოლა არ ყოფილა არც თავის დროზე სოდომსა და გომორში, სადაც მართალი ლოტი მკვიდრობდა და საიდანაც უფალმა გამოიყვანა და განარიდა, როცა მოთმინების ფიალა აივსო. რა თქმა უნდა, თუ ცოდვას არ აღვუდექით წინ, ერისთვის ეს იქნება უბედურების მომტანი და მათ იდეოლოგიას აქვს მოტივაცია, მოიპოვოს ძალაუფლება.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან საფრთხილო თემაა, ჩვენ უნდა დავგმოთ და ვებრძოლოთ ცოდვას, მაგრამ არა ძალადობით. ყველაზე მთავარი პრობლემა კი ისაა, თუ ვინ ებრძვის და გმობს ამ ცოდვას. მაშინ როცა არაერთგზის გვითქვამს, რომ ათწლეულებია ეკლესიის წიაღში თავად აქვს ამ სოდომურ ცოდვასა და გარყვნილებას ფესვი მყარად გადგმული... როცა თავად კათალიკოს-პატრიარქი არის მხილებული ამ ცოდვაში და დღემდე თავი არ უმართლებია და ვერც გაიმართლებს ვერასდროს (რადგან ეს მხილება არის ჭეშმარიტი), მიუღებელია ამ ეკლესიური მმართველობისგან ეკლესიის წიაღში არსებული ამ მძიმე ცოდვის გადაფარვის მცდელობა. მეტიც, ეს არის პოლიტიკა. ჩემთვის, პირადად, საპატრიარქოს საქციელი არის პოლიტიკა და ეს ცოდვასთან ბრძოლა ან სახელმწიფოებრივი მოქმედება არ არის. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება, ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილი და რუსული პროპაგანდის ე.წ. მეხუთე კოლონის მოქმედება საქართველოში.

- მეუფე პეტრე, შესაძლოა, საზოგადოებას აინტერესებს, როგორ ცხოვრობთ მას შემდეგ, რაც სასულიერო ხარისხი შეგიჩერდათ. რას საქმიანობთ ახლა?

- მეუფე პეტრე არის დევნილობაში უსამართლოდ დასჯილი და დევნილი ადამიანი. ისევე, როგორც პირველ საუკუნეებში ქრისტიანები იყვნენ დევნილები, სანამ რჯულის შემწყნარებლური აქტი გამოიცემოდა და სახელმწიფო რელიგია გახდებოდა ქრისტიანობა რომში, მაგრამ ღმერთი მათთან ყველაზე ახლოს იყო. ვფიქრობ, დღეს, ყველაზე ახლოს არის მეუფე პეტრესთან ღმერთი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ვსასოებ ყოვლადმოწყალე უფალს, რომელიც იტყვის ბოლო სიტყვას და ქართველ ერს გაამთლიანებს ეკლესიის, ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად ქრისტიანული სწავლებით და სამართლიანობა იზეიმებს.