99 ახალი სტატია

ალექსანდრე პაიკიძე: „როცა ხალხი ხმას ამოიღებს, ოდნავ მოხსნიან შეზღუდვებს“

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო - კორონაპანდემიით გამოწვეული შეზღუდვები პირველი თებერვლიდან ეტაპობრივად მოიხსნება. შეზღუდვების შემსუბუქება რამდენიმე ქალაქიდან დაიწყება და პირველი მარტიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება, სწავლა საკლასო  ოთახებში გაგრძელდება და ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათიც მოიხსნება, თუმცა მარტამდე შორია. შესაბამისად, კორონაპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გახანგრძლივებას საზოგადოება სამართლიანად აპროტესტებს. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ შეზღუდვების გამო ქვეყნის ეკონომიკა გამოუსწორებელ ზიანს იღებს, რაც ყველა ჩვენგანის ჯიბეზე მკვეთრად აისახება. მაგალითად, წინა წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველომ 83.4 პროცენტით ნაკლები შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან - ეს საგანგაშო სტატისტიკა კი კონკრეტული ადამიანებსა და მათ საქმიანობაზე კონკრეტული პრობლემების სახით ჩანს. ალექსანდრე პაიკიძე, რომელიც გიდია და ტურიზმის სფეროს კარგად იცნობს, „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში ტურიზმის სექტორი აბსოლუტურად განადგურებულია და ვითარება, მართლაც, საგანგაშოა:

- ხელისუფლება საზოგადოების პროტესტზე რეაგირებს - დაინახავენ, რომ ამოიღო ხალხმა ხმა, ოდნავ მოხსნიან შეზღუდვებს, თუ იქნება მეტი პროტესტი, არსებობის მეტი საშუალება იქნება. ამ წუთას ვართ ისეთ ვითარებაში, რომ საუბარი გადარჩენაზე, არსებობაზეა და ეს არაა მხოლოდ ტურიზმის პრობლემა. ცალკე სეგმენტებად დაყოფა ზუსტად ხელისუფლების ინტერესებშია, რომ ცალ-ცალკე ესაუბრონ ყველას და მოატყუოს, როგორც ეს ხდებოდა თვეების განმავლობაში, საერთო სახალხო პროტესტი რომ არ იყოს. ამიტომ ყველაფერი ეს უნდა დავინახოთ ერთ სიბრტყეში. ეს მცირე და საშუალო ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის უპრეცედენტო შემთხვევაა და საქართველოს კი არა, მგონი, მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით დიქტატორულ რეჟიმებს. ქვეყანაში ყველაფერი ერთ პოლუსიანია და ამას არაფერი საერთო არ აქვს არც პანდემიასთან და არც - ვირუსთან იმიტომ, რომ ამის მართვა შეიძლებოდა სხვანაირი ფორმებით. ამიტომ აქ გვაქვს ორი მხარე - ერთია სრული არაპროფესიონალიზმი და მეორეა სრული უგულებელყოფა ხალხის აზრის, რაც ჯამში, ქმნის არნახული მასშტაბის კორუფციას. ვინაიდიან, არის პრივილეგირებული ნაწილი საზოგადოებისა, დიდ ბიზნესზეა ძირითადად საუბარი, რომელიც მუშაობს ჩვეულებრივად. მარტივ მაგალითს გეტყვით, ფიტნესკლუბები და აუზები ხომ დახურულია ოფიციალურად? - დიდ სასტუმროებში კი მუშაობენ. ანუ პატარა ფიტნესკლუბი, თურმე, ვირუსს ავრცელებს, ხოლო დიდ სასტუმროში თუ მიხვალ, იქ ფიტნესკლუბში ეს არ ვრცელდება. ამაზეა საუბარი და არა იმ „საფრთხეებზე“, რაზეც საუბრობენ. ძირითადი საფრთხე არის ეკონომიკური. უფულობაზე დიდი საფრთხე არ არსებობს, ვერც წამალს იყიდი უფულოდ, ვერც საჭმელს და ვერაფერს. ჩვენ კი ვალს ვალზე ვიღებთ და ძალიან რთული მდგომარეობაა.

- ტურიზმის სფეროში 83%-იანი ვარდნაა  , რაც საგანგაშო, არა?

- დიახ. თუ ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას გადავხედავთ, რომელიც მანამდე გვქონდა, ანუ რითი ხდებოდა ეკონომიკის სტიმულირება, ძირითადად, ეს იყო ტურიზმი, ან მისი მომიჯნავე სექტორები. ეს იყო ინვესტირების უწყვეტი წყარო, როცა ღია ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შემდეგ გადასახადების სახით ხდებოდა მისი აკუმულირება ბიუჯეტში. ახლა კი გადასახადებს ვეღარ ვიხდით იმიტომ, რომ არ შემოდის ეს თანხა და შესაბამისად, სახელმწიფო იძულებულია, აიღოს ვალი...

- ალექსანდრე, როგორც საქმეში უშუალოდ ჩახედულმა ადამიანმა, ამიხსენით, რა შეეძლო გაეკეთებინა ხელისუფლებას პანდემიის დროს იმისთვის, რომ ტურიზმის სფერო ნაკლებად დაზარალებულიყო?

- ჯერ ერთი, რაც ნაკლებად ჩაერევა ხელისუფლება კერძო სექტორის გადაწყვეტილებაში, მით უკეთესია. არ ვგულისხმობ, რომ საბიუჯეტო და კერძო სექტორი ცალ-ცალკე უნდა იდგნენ, მაგრამ რაც ნაკლებად ჩაერევა, კეთესია და ეს უკანასკნელმა თვეებმაც აჩვენა რეგულაციების ფონზე. ამასთან, ჩვენ ზაფხულში და შემოდგომაზე შეგვეძლო, გადაგვერჩინა რაღაც ნაწილი ბიზნესის, ვინაიდან ვიყავით მწვანე ზონა და მოთხოვნები იყო რეალურად ბევრი საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ფრენების შეზღუდვა და საკარანტინე პირობების არგაუქმება ამას ემსახურებოდა, ცხადია, კარანტინში ჩასვლა არავის უნდა. ტურისტს რატომ ენდომება 2 კვირა სასტუმროში ჯდომა, როცა დასასვენებლად მიდის? მეორე მხრივ, ეს იყო ძალიან კარგად აწყობილი სისტემა, სადაც ე.წ. ატკატები მუშაობდა მშვენივრად. ამიტომ რა უნდა გაკეთებულიყო და უნდა მიეცათ მუშაობის საშუალება რეგულაციებით. შეგიძლიათ, მარტივი რამ ნახოთ, უბრალოდ, დახედეთ ფრენების განრიგს ევროპის ცაზე და ნახავთ, ვინ სად დაფრინავს. ერთადერთი ქვეყანა ვართ იმ 42 ქვეყანაში, სადაც 1 თვითმფრინავი ჩანს 24 საათის განმავლობაში.

- და რატომ ხდება ეს?

- ჩაკეტილები ვართ და იმიტომ. ეს იყო ავიაკომპანიების მიმართ ძალიან უხეში და აგდებული დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან, თქვენ არაფერს წყვეტთო. ისიც გვახსოვს, ზაფხულში რა თანხმებს იხდიდა ხალხი, სახლში რომ დაბრუნებულიყო. ლამის 4000 ლარამდე ავიდა ბილეთების ფასი, კატასტროფულად ძვირი იყო და ამ ერთობლიობამ ჯამში მოგვცა ის, რომ გავაჩერეთ ყველაფერი და ბიზნესი ლიკვიდირებულია.

- რასაკვირველია, ტურისტს არ ენდომება ისეთ ქვეყანაში ჩამოსვლა, სადაც კომენტანტის საათი მოქმედებს, არა?

- რა თქმა უნდა, 9 საათის მერე რომ სახლში უნდა იჯდეს, ეს როგორ ენდომებათ.

- თუმცა, ზოგი პარალელს ევროპასთან ავლებს და არგუმენტად მოჰყავს , რომ ევროპაში არანაკლებ მკაცრი შეზღუდვებია...

- მოდით, გადავხედოთ საქართველოს და ევროპის ეკონომიკურ მდგომარეობას, შევაფასოთ, რა ტიპის და როგორი დახმარებებს იღებს ხალხი იქ და აქ და შემდეგ ვილაპარაკოთ შეზღუდვების სიმკაცრესა თუ სირბილეზე. როცა შენ ვერ უზრუნველყოფ შენს მოქალაქეს და რაღაც 200 ლარს აძლევ, რა 200 ლარზეა საუბარი, ხომ ხვდებით, რომ ეს სასაცილოც აღარაა. ამიტომ ის არგუმენტი, რომ ევროპაში რაღაც მკაცრადაა, საერთოდ არაა რელევანტური და სამარცხვინო არგუმენტია. ან არ იცნობ საერთო სურათს, რა ხდება, ან დაინტერესებული მხარე ხარ და მომხმარებელს, რომელსაც არ აქვს ინფორმაცია მონაცემებზე, მაპატიეთ ამ ტერმინისთვის, მაგრამ „აბოლებ“. ჯერ ერთი, ევროპაშიც ასე არაა, იქაცაა დიფერენცირება ქვეყნებს შორის, შეზღუდვებთან დაკავშირებითაც და რაც ყველაზე მთავარია, ვერ გავიგე, რა ხდება, მსოფლიოში ყველას ერთი ხელისუფალი გვყავს და ის იღებს გადაწყვეტილებას ყველას ნაცვლად?!

- ...რა მოლოდინი გაქვთ, პირველი მარტიდან გაუჭირდება ტურიზმის სექტორს ძალების აღდგენა?

- გაუჭირდება კი არა, თავიდან არის ყველაფერი დასაწყები, რა განცხადებაც უნდა გააკეთოს ტურიზმის ადმინისტრაციამ ან ეკონომიკის სამინისტრომ და ა.შ. ისევ და ისევ იქნება გათვლილი იმ მასაზე, რომელსაც წარმოდგენაც არ აქვს, რა ხდება სინამდვილეში. ეს ბიზნესი აბსოლუტურად თავიდან არის დასაწყები. ასე არ ხდება, რომ შენ 3 დღით ადრე ეუბნები ვიღაცას, ფრენებს განვაახლეებო. როცა დასასვენებლად მიდიხარ, ეს სხვანაირად იგეგმება და ქვეყნის შიგნით ინფრასტრუქტურა უნდა გვქონდეს გამართული, რომელიც გაჩერებულია. რად მინდა ისეთ ქვეყანაში ჩასვლა, სადაც ტრანსპორტს და სასტუმროს ვერ დამახვედრებენ, რესტორანში ვერ შევალ და მუზეუმს ვერ დავათვალიერებ?! შედარებისთვის ერთ მაგალითს გეტყვით, ავტოიმპორტიორებს, იდეაში, საზღვრები გაუხსნეს, რომ მანქანები შემოეყვანათ, მაგრამ ბაზრობა დაკეტილი აქვთ. იგივეს ამბობენ აქაც, ფრენებს გავხსნითო და მერე იტყვის არავინ ჩამოდისო ისევ იმ ხალხის გასაგონად, ვინც საერთოდ ვერ ერკვევა ამ სფეროში. ფრენების გახსნაზე მიბმული უნდა იყოს დანარჩენი ჯაჭვიც, ხომ ასეა?

- ისე, ზოგს ის არგუმენტიც ჰქონდა, რომ საქართველოში შიდატურიზმი გაძლიერდებოდა, გამართლდა ეს ვარაუდი?

- საქართველოში შიდატურიზმი არ არსებობს, ამას ზაფხულშიც ვამბობდი და მერე თვითონ მიხვდნენ და გაჩუმდნენ. შიდატურიზმი არის ევროპის მასშტაბით, როდესაც იტალიელი ჩადის საბერძნეთში ან გერმანელი ჩადის საფრანგეთში და ფრანგი ჩადის ესპანეთში. როცა ეკონომიკის სხვა მასტიმულირებელიც გაქვს და უშუალოდ ტურიმზიდან ნაშოვნ ფულს კი არ ხარჯავ, სხვა გზით ნაშოვნ ფულს ხარჯავ და მითხარით, ჩვენთან სხვა გზით ნაშოვნი ფული თუ არის? საბიუჯეტო ნაწილს შეეძლო საკუთარი თავისთვის მიეცა უფლება, რომ რამდენიმე დღით წასულიყო, დანარჩენი ვინ იღებს ამ ქვეყანაში ხელფასს? - ვერც ვერავინ.

- ან იმდენს იღებენ, რომ დასვენებისა და განტვირთვისთვის ნამდვილად არ ჰყოფნით!...

- დიახ, ბებიასთან რომ წახვალ დასასვენებლად სოფელში, ეგ არაა შიდატურიზმი.

- ალექსანდრე, ბოლოს როდის გაუწიეთ გიდობა ტურისტებს, გახსოვთ?

- არ მკითხოთ, მართლა აღარ მახსოვს, წელიწადია უკვე გასული.

- გასაგებია, რომ მძიმე მოლოდინი გაქვთ, მაგრამ წარმატებას გისურვებთ!

თათია გოჩაძე