სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 100 ათასზე მეტ ფერმერს აგროქულები დაერიცხა - ფერმერების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ავტორი - მაკა რუხაძე

უკვე ხუთ თვეზე მეტია, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. ოკუპანტი რუსეთიცა და უკრაინაც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან და რეგიონში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაზეც დომინოს პრინციპით მოქმედებს. იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა სახის პროდუქტები ძვირდება, ბუნებრივია, აქცენტი ისეთ პროგრამებზე კეთდება, რომელთა საშუალებითაც, მსხვილ ბიზნესთან ერთად, სახელმწიფო საშუალო და მცირე ბიზნესს ეხმარება. ბოლო დროს, რამდენიმე ასეთი პროგრამა ხორციელდება კიდეც, მაგრამ ვინაიდან სოფლის მეურნეობის აღორძინება ქართული ოცნების პრიორიტეტია, ამჯერად ამ დარგში განხორციელებული ორი, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა განვიხილოთ. სხვათა შორის, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილში, სწორედ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო რამდენიმე, ძალიან სერიოზულ პროგრამას ახორციელებს. ეტაპობრივად, თითოეულ მათგანს გაგაცნობთ, დღეს კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობისადა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამებს გავეცნოთ.

 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები

დავიწყოთ იმით, რომ ეს პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2022 წლის 10 მაისიდან დაიწყო და მისი ბიუჯეტი 35 000 000 ლარით განისაზღვრა. პროგრამის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების სტიმულირების გზით.

პროგრამის დანიშნულებაა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით, აგროპროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა. რაც მთავარია, პროგრამაში მონაწილეობას არ მიიღებს მიწის ნაკვეთი, თუ საჯარო რეესტრის ამონაწერში უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს სათიბი ან/და საძოვრის კატეგორია.

პროგრამას ახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო, ხოლო კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 სუბსიდიის მოცულობა

თუ ბენეფიციარს საკუთრებაში  ჯამურად გააჩნია 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა, ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადაანგარიშებით,  განისაზღვრება 300 ლარით (ქულით).

თუ მიწის ნაკვეთები ბენეფიციარების თანასაკუთრებაშია 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით, თითეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 300 ლარით(ქულით) ყოველ 1 ჰა გადაანგარიშებით.

იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარ(ებ)ს მიწის ნაკვეთები გააჩნია, როგორც  საკუთრებაში, ასევე თანასაკუთრებაში, სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული  საკუთრებაში და თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობების ჯამი და ასეთი ბენეფიციარები სუბსიდიის თანხას მიიღებენ ცალკ-ცალკე.

თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის შემთხვევაში, სუბსიდია გაიცემა ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე, რომელიც ბანკში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობის დოკუმენტს წარადგენს, რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია ან ყველა თანამესაკუთრის მიერ ხელმოწერილი თანხმობის დოკუმენტი, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე და რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია.

 

ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები

სახელმწიფო სუბსიდიის მისაღებად, პოტენციურ ბენეფიციარს, 2022 წლის 20 აპრილისთვის, საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში უნდა გააჩნდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ჯამური ფართით არანაკლებ 0.25 ჰა, არაუმეტეს 1.25 ჰა ან/და არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, განახორციელოს მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაცია ან ინფორმაციის იმ სახით დაზუსტება, რომლითაც იდენტიფიცირებადი გახდება,  აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს.

ბენეფიციარებზე წინა წელს გაცემული აგრობარათები კვლავაც აქტიურია, თუმცა ქულების დასარიცხად და ახალი ბარათების ასაღებად, უნდა მიმართონ სს ლიბერთი ბანკს. რაც მთავარია, ახალ ბარათებს ბანკი ფერმერს უსასყიდლოდ დაუმზადებს და გადასცემს.

სსლიბერთი ბანკის მიერ ქულები დაირიცხება ეტაპობრივად. დარიცხული ქულების შესამოწმებლად, ფერმერი უნდა დაუკავშირდეს ბანკის ცხელ ხაზს ან გადაამოწმოს ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების შეყვანით.

ბარათზე დარიცხული ქულებით, 0.25 ჰა და 1.25 ჰა-მდე მიწის ფართობის მფლობელებს/თანამესაკუთრეებს, სპეციალიზებულ მაღაზიებში შეეძლებათ შეისყიდონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონელი.პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

ბარათზე  დარიცხული  ქულების(თანხის) გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

 

აგროქულები 100 ათასზე მეტ ფერმერს დაერიცხა

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები უკვე 100 ათასზე მეტ ფერმერს დაერიცხა. აქედან, 1200-ზე მეტმა ფერმერმა აგრობარათი გაააქტიურა, ხოლო 340-მა - სახელმწიფო დახმარება გამოიყენა და სპეციალურ მაღაზიებში აგროქულები გაანაღდა.პროგრამის ბენეფიციარებს აგრობარათებზე თანხა ეტაპობრივად ერიცხება.

სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს აფრთხილებს, რომ აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ინფორმაცია ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ, ლიბერთი ბანკის ვებ-გვერდზე გადაამოწმონ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდნენ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

ამავე პროგრამის ფარგლებში, 1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის აგროტექნიკური (ხვნის) სამუშაოების მომსახურების შესაძენად.

ხვნის მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ შპს „სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების“ კომპანიის” (ყოფილი შპს „მექანიზატორი“) სერვის-ცენტრებში, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოს ყველა რეგიონში (სულ 12 სერვის-ცენტრი). 1 ჰა-ზე ხვნის საფასურია 150 ლარი (150 ქულა).

 

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა

თუ უკვე ფლობთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, თამამად შეგიძლიათ, კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამით - აგროდაზღვევით ისარგებლოთ. ამისთვის საჭიროა, რომ თქვენს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე გაშენებული გქონდეთ ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი კულტურები.ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო გთავაზობთ აგროდაზღვევას სტიქიური მოვლენებისგან, რაც დაგეხმარებათ შეამციროთ სავარაუდო რისკები და შეინარჩუნოთ შემოსავალი.

თქვენ შეგიძლიათ, დროულად დაიჭიროთ თადარიგი და დააზღვიოთ მოსავალი ისეთი სტიქიური მოვლენებისგან, როგორებიცაა:სეტყვა; წყალდიდობა; ქარიშხალი; საშემოდგომო ყინვები(მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის) - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.

ფერმერი ან სოფლად მცხოვრებიპირი სადაზღვევო პოლისს შეიძენენსაქართველოში მოქმედ რვა სადაზღვევო კომპანიაში:ალდაგში; სადაზღვევო კომპანიაპრაიმში; არდიში; თიბისი დაზღვევაში; ნიუ ვიჟენ დაზღვევაში; საქართველოს სადაზღვევოჯგუფში.

პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში - 50 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის). თითოეული დამზღვევი 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე - 50%-ს (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს). ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს, როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. პროგრამის მიხედვით, ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი განისაზღვრება.

დასაზღვევად მიიღება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.დამზღვევი ან/და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი, რეგისტრირებული უნდა იყოს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

ერთწლიანი კულტურების დაზღვევისას, დაზღვევა დაფარავს მხოლოდ ერთ მოსავალს. თუ ფერმერს მოჰყავს მრავალწლიანი კულტურის ნერგები/ჯიშები, მაშინ ყველაზე გრძელვადიანი დაზღვევა იქნება არაუმეტეს სამი წელი. დაზღვევის მისაღებად ფერმერს მხოლოდ ოთხი დღით მოცდა მოუწევს.

პროგრამის ფარგლებში გაცემული სადაზღვევო პოლისის ვადა იქნება არანაკლებ ერთი თვე და არ გადაცდება მოსავლიანობის პერიოდს. დაზღვევა ამოქმედდება მომდევნო წლის მოსავლიანობისას, როგორც კი მიმდინარე წლის მოსავლის აღების დრო ამოიწურება.

მრავალწლიანი კულტურების დაზღვევა ძალაში შევა მაშინ, როდესაც ფერმერი საკუთარი სადაზღვევო თანხის პირველ შენატანს გადაიხდის. ამასთან, ფერმერმა მომავალი წლის მოსავლის სადაზღვევო თანხა უნდა გადაიხადოს იმ დროს, როდესაც მიმდინარე წლის (კონკრეტული კულტურის)  მოსავლის აღება უკვე დასრულებულია, მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა.

 

სადაზღვევო პოლისისპირობები

ერთწლიანი კულტურები - თუ სადაზღვევო რისკი მომხდარია მას შემდეგ, რაც ნაკვეთზე ჩატარებულია შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურის აგროწესებითა და აგროვადებით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება, სასოფლო-სამეურნეო კულტურის 90% თანაბრად აღმოცენებულია და სავეგეტაციო პერიოდშია. მიწისზედა ორგანოები (მინიმუმ 10 სმ) განვითარების ფაზაშია და მოქმედებს მოსავლის აღებამდე.

სანერგე მასალის (ჩითილი) დარგვა- სადაზღვევო პოლისი ამოქმედდება სანერგე მასალის (ჩითილის) ღია გრუნტში გადარგვიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა. დაზღვევა ეხება მარცვლეულ კულტურებს; პარკოსან კულტურებს; ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურებს.

მრავალწლიანი კულტურები, ხილი -თუ დაზღვეულ ტერიტორიაზე, ხეებზე ნაყოფის 50% მიაღწევს 0.8 სმ-ის დიამეტრს, გარდა ბლისა, ალუბლისა და თხილისა, რომელთა შემთხვევაშიც დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი მიაღწევს 0.4 სმ-ის დიამეტრს.

კენკროვანი კულტურები -თუ მცენარეს გავლილი აქვს ყვავილობის ფაზა, ნაყოფი ხდება მკვეთრად გარჩევადი და ფორმირებულია ბუჩქზე.

ვაზი -დაზღვევა ძალაში შედის, თუ გამოტანილია მტევანი (როდესაც მტევანი გაშლილი და ვიზუალურად გარჩევადია).

კაკლოვანი კულტურები - დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი მიაღწევს 0.4 სმ-ის დიამეტრს.

სუბტროპიკული კულტურები - დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50% მიაღწევს 0.8 სმ-ის დიამეტრს.

ციტრუსი - დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50% მიაღწევს 0.8 სმ-ის დიამეტრს.