„ფაშინიანი პოლიტიკოსია და არა მოსე“: კომენტარი პრემიერის განცხადებაზე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ბოლო პრესკონფერენციაზე, მთიანი ყარაბაღის ბედზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ მთელი რიგი განცხადებები გააკეთა, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებასა და ექსპერტთა წრეებში. ის გააკრიტიკეს როგორც მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში, ისე ბევრმა პოლიტოლოგმა. ფაშინიანის განცხადებები აღიქვეს, როგორც საზოგადოების მომზადება ყარაბაღის საკითხზე მომავალი მტკივნეული დათმობებისთვის, კერძოდ, სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის, რომლის თანახმადაც ეს ტერიტორია აღიარებული იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში.

კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის, პოლიტოლოგის, ალექსანდრ ისკანდერიანის მოსაზრება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს და რა მიზანს ემსახურება ფაშინიანის განცხადებები.

ფაშინიანის განცხადებები, რომელთაც სომხეთში განიხილავენ

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი უნდა მოეწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, მაგრამ მანამდე დოკუმენტი უნდა ჩამოყალიბდეს მოლაპარაკებების შედეგად. მიგვაჩნია, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა შედგეს და სომხეთი ამისთვის მზად არის.

არსებობს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ნათქვამია, რომ სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ხელშეუხებლობას. ამ ხელშეკრულების რატიფიცირება ჯერ კიდევ 1992 წელს მოხდა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა მოახდინა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება. დე იურედ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ჯერ კიდევ 1992 წელს აღიარეს ერთმანეთის საზღვრების ხელშეუხებლობა და ტერიტორიული მთლიანობა დსთ-ში არსებული საზღვრებისა და ტერიტორიების ფარგლებში.

[ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატში განხილული დოკუმენტებიდან] გამოირიცხა 1988 წლის ეთნიკური პროპორციის შენარჩუნების დებულება [მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ რეფერენდუმის დროს].

 

ყაზანში გამართული შეხვედრების შემდეგ მოლაპარაკებების დოკუმენტიდან ამოიღეს წინადადება მადრიდის პრინციპების შესახებ, რომლის თანახმადაც, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ქვეშ მოიაზრებოდა ყველა ეროვნება, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში ცხოვრობდა, იმ ეთნიკური პროპორციით, რომელიც იყო 1988 წელს, კონფლიქტის დაწყებამდე [სომხური მოსახლეობა უმრავლესობას შეადგენდა]. 2016 წლის აგვისტოში, სომხურმა მხარემ შუამავლებს თხოვნით მიმართა, აღედგინათ ეს წინადადება.

აზერბაიჯანი ხშირად აკეთებს იმის სარკისებურ განცხადებებს, რაც ისმოდა სომხეთში 1994 წლის შემდეგ (ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ). კერძოდ, 1994 წლის შემდეგ, სომხეთიდან და არცახიდან ისმოდა ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა „არცახის საკითხი გადაწყვეტილია“, „ბაქო – სომხური ქალაქია“. ახლა აზერბაიჯანი აკეთებს იმავეს. მხედველობაში მაქვს, რომ ამ განცხადებებში არის შურისძიების ელემენტი, რომელიც, იმედი მაქვს, ემოციური გარემოებაა“.

ალექსანდრ ისკანდერიანის კომენტარი

ფაშინიანი საკუთარ ქმედებებს ამართლებს

„ფაშინიანი ისტორიკოსი არ არის, არც ტექსტების სპეციალისტია და არც სოციოლოგი. სომხურ პრესაში 1994 წლის შემდეგ გამოქვეყნებული ინფორმაციის უზარმაზარი მასის შეგროვება, მისი კონტენტ-ანალიზის გაკეთება, გაგება, რა გამონათქვამებს და როგორ იყენებდა იმდროინდელი სომხური პრესა და ან ოფიციალური პირები – ეს მისი საქმე არ არის.

ფაშინიანი პოლიტიკოსია და იმას, რასაც ის ამბობს, პოლიტიკური კონტექსტი გააჩნია, კონკრეტულად: 2020 წლის წაგებული ომის შედეგად სომხეთი უნდა წავიდეს ისეთ შეთანხმებაზე, რომლებიც ნაკარნახევია მისი შემცირებული თვითშეფასებით.

და ამ სიტუაციაში სომხეთის ხელისუფლების მოქმედებები რაღაცნაირად უნდა გაიყიდოს თვითონ ქვეყნის შიგნითაც. საგარეო პოლიტიკის გარდა, საშინაო პოლიტიკაც არსებობს.

არსებულ ვითარებაში, ისევ და ისევ წაგებული ომის შედეგად, იმ შოკის შედეგად, რომელშიც სომხური საზოგადოება იმყოფება, საკმაოდ ძლიერი პროტესტის შედეგად, რომელიც საზოგადოებაში ჩნდება აზერბაიჯანსა და თურქეთთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაღაცნაირად უნდა მოხდეს იმის დასაბუთება, რასაც აკეთებ. ყოველ შემთხვევაში, ამას ასე აღიქვამს ხელისუფლება.

საერთოდ არაფერი უთხრა საზოგადოებას და უბრალოდ გააფორმო ხელშეკრულება, შიდა ტურბულენტობის ტოლფასია და ამას აჩვენებს სომხეთის წინა ხელისუფლებების გამოცდილება.

ამაზე მეტყველებს სომხეთში არსებული მუდმივი დისკურსიც იმის შესახებ, რომ ყველა შეთანხმება, თანამშრომლობა მოლაპარაკებების პროცესში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მოქმედი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოსვლამდე საუბრობდა იმაზე, რომ ყველაფერი მომხდარიყო ღიად და საჯაროდ.

ადამიანებს ეს ახსოვთ და ეს რაღაცნაირად უნდა განხორციელდეს, რასაც ფაშინიანი აკეთებს.

და ალიევის დღევანდელი რიტორიკის იმ რიტორიკასთან შედარება, რომელიც სომხეთის ხელისუფლებას ჰქონდა ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი საკმაოდ დიდი სამუშაო გასწიე იმ ტექსტების შესადარებლად, როგორ მუშაობდა ეს მაშინ და როგორ მუშაობს ახლა. და არ მეჩვენება, რომ ლევონ ტერ-პეტროსიანის (სომხეთის პირველი პრეზიდენტი, 1991-1998 წწ.) რიტორიკა, დაახლოებით, 1995 წელს ისეთივე იყო, როგორიც ალიევის რიტორიკა 2021 წელს.

სომხეთი დემოკრატიული ქვეყანაა, როგორი საუბრები არ ყოფილა, მაგრამ არ მახსოვს, რომ ქვეყნის ხელისუფლების დონეზე ეთქვათ, რომ „ბაქო ჩვენია“.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სპეციალური კვლევის საკითხია. ფაშინიანის პოლიტიკური რიტორიკა კი სრულიად გასაგებია: ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსმა უნდა ახსნას, რომ რასაც აკეთებს, სწორად აკეთებს“.

რიტორიკა პოლიტიკური მიზნებისთვის

„პოლიტიკოსი საერთოდ არ არის მოსე წინასწარმეტყველი, რასაც ის ამბობს, არ არის ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება და არ არის მცნება. ის კონკრეტულ რიტორიკას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. ასე იქცევიან ფაშინიანიც და ალიევიც.

მინსკის პროცესი 1992 წლიდან არსებობს (სამშვიდობო მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატში). ამ პროცესის მიზანია არცახის სტატუსის განსაზღვრა და ყარაბაღის პრობლემის გადაჭრა. კარგად მიდიოდა თუ ცუდად – სხვა საკითხია. რატომ მინსკის პროცესი? იმიტომ რომ, მინსკში უნდა შექმნილიყო კონფერენცია, სადაც გადაწყდებოდა ყარაბაღის კონფლიქტი, სადაც გაირკვეოდა არცახის სტატუსი.

მაშინ სომხეთს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა რომ ეღიარებინა, ეს მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდებოდა. რა იქნებოდა მაშინ სასაუბრო?

მოლაპარაკებების აზრი, მთელი მინსკის პროცესის აზრი არცახის სტატუსის განსაზღვრა იყო.

ამიტომ სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის არაღიარება, აღიქმებოდა, როგორც სომხური მხარის დათმობა.

მინსკის პროცესის საფუძველი იყო ის, რომ არცახის სტატუსის დადგენა ამ პროცესის შედეგი იქნებოდა და არა წინაპირობა. პროცესი მიდიოდა და იურიდიულად ის ამ დრომდე არ გარდაცვლილა. 

მინსკის ჯგუფი „მოლოდინის რეჟიმშია“, მაგრამ ის არსებობს და ის წინადადებები, რომლებიც მინსკის ჯგუფში განიხილებოდა, დაკავშირებული იყო არცახის სტატუსთან“.

სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების აუცილებლობა არ აქვს

„როდესაც დსთ-ის შემადგენლობაში შევდიოდით, სომხეთს არავის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება არ სჭირდებოდა. სომხეთის რესპუბლიკა დსთ-ში სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში შევიდა და ყარაბაღის პრობლემა არსებობდა არა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ეს პოლიტიკური რიტორიკაა, ეს არის საშუალება, რამენაირად დაასაბუთო საკუთარი პოზიცია.

საუბარია იმ პოზიციაზე, რომლის გატარებაც დღევანდელ ელიტას სურს წაგებული ომის შემდეგ, თანაც ის ცდილობს, ეს პოზიცია წარმოადგინოს არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, თურქეთთან ან რუსეთთან, არამედ შიდაპოლიტიკურ ბაზარზეც. რასაც აკეთებენ კიდეც.

ახლა არის მცდელობა, როგორმე კიდევ უფრო წინ წავიდეს აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობის პროცესი. აზერბაიჯანი და თურქეთი ამ პროცესს ყარაბაღთან ერთ მთლიანობაში აერთიანებენ“. 

სამხრეთ კავკასიაში ხმის მიცემა ყოველთვის ეთნიკურია

„მადრიდისა და ყაზანის წინადადებებში [დოკუმენტები, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდასთან განიხილებოდა) ნათქვამია, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს ყველა ეროვნების ადამიანის მონაწილეობით, რომლებიც 1988 წელს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში ცხოვრობდნენ იმ პროპორციით, რომელიც მაშინ იყო. რატომ ასე? იმიტომ, რომ რეფერენდუმის შედეგები სამხრეთ კავკასიის შემთხვევაში წინასწარ ცნობილია. ხმის მიცემა ყოველთვის ეთნიკურია. ადამიანები თავიანთი ეთნიკური კუთვნილების მიხედვით აძლევენ ხმას.

რთული წარმოსადგენია ყარაბაღელი სომხების რაიმე მნიშვნელოვანი რაოდენობის წარმოდგენა, რომლებიც ხმას მისცემდნენ აზერბაიჯანის შემადგენლობაში შესვლას, ან აზერბაიჯანელთა რაიმე მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ დამოუკიდებელ არცახში ცხოვრებას. მაგრამ მსოფლიოში ეს ყოველთვის ასე არ არის.

მაგალითად, კვებეკში, ფრანკო-კანადური საზოგადოების წარმომადგენლებმა ხმა მისცეს კვებეკის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. იქ სადაც რეალური იურიდიული მექანიზმი არსებობს, შესაძლებელია თვითგამორკვევა დარბევის, განადგურებისა და ეთნიკური წმენდის გარეშე.

სამხრეთ კავკასიაში, თუკი შენთვის ცნობილია ეთნიკური თანაფარდობა, მაშინ ადრევე იცი კენჭისყრის შედეგები.

ამიტომ ეუთოს მინსკის ჯგუფის პროექტის ამოცანა იყო არა ის, რომ ენახათ, რა შედეგს მისცემდათ რეფერენდუმი, იმიტომ რომ, ნათელი იყო, რა მოხდებოდა. ამოცანა იყო, რომ რეფერენდუმი ჩატარებულიყო შესაბამისი ეთნიკური თანაფარდობით. და ეს ეთნიკური თანაფარდობა სომხების სასარგებლოდ იყო 1988 წელს.

ამიტომ რეფერენდუმი – ეს არის ინსტრუმენტი და ეს კარგად ესმოდა როგორც სომხურ, ისე აზერბაიჯანულ მხარეს. ამიტომაც იყო შეუთანხმებლობა ამ საკითხზე. აზერბაიჯანს ესმოდა, რომ იმ მომენტში, როდესაც თანხმობას განაცხადებდა, ყველაფერი რეფერენდუმის გზით ანუ ტექნიკურად განხორციელდებოდა ცხოვრებაში“.

პოზიციები ქრება და ჩნდება

„მთელი მოლაპარაკებების პროცესის განმავლობაში, რაღაც პოზიციები სხვადასხვა მომენტში ყოველთვის ქრებოდა და ისევ ჩნდებოდა. სწორედ ამიტომ ეს პროფესიონალური სფეროები ძალიან ცუდად შეეფერება საჯარო განხილვას. და სწორედ ამიტომ ამით დაკავებულები არიან დიპლომატები და არა ქუჩიდან მოსული ადამიანები. სწორედ ამიტომ არ შეიძლება, ასეთი ტიპის შეთანხმებები მოედნებზე გადაწყდეს.

ყარაბაღის კონფლიქტი – რთული, მრავალმხრივი, კომპლექსური პრობლემაა, კომბოსტოს მსგავსი – იურიდიული, გეოგრაფიული, ეკონომიკური დანაშრევებით, სხვადასხვა ტიპის ლობირებებით, რომელიც პროფესიულ ცოდნასა და ათასობით და ათობით ათასობითგვერდიან პროფესიონალურ მიდგომებს საჭიროებს.

არსებობს პროცესის ისტორია. ეს საკმაოდ რთული კომპლექსია, რომელზე მუშაობაც არც ისე ადვილია. ადამიანები წლობით მუშაობდნენ, ამ პროცესს აქვს გარკვეული ტრადიცია, დამუშავებული მექანიზმები. ომის გამო ეს მექანიზმები დაირღვა.

პოლიტიკოსის ამოცანა კი არის ამ რთული სლოგანის რეალიზება, უბრალო გამონათქვამად გარდაქმნა და ამას მეცნიერებაში პროვაიდერობა ჰქვია. შენ უნდა აიღო საკმაოდ რთული არათუ ტექსტი, არამედ უზარმაზარი კონტექსტი და ის ისე გადაიყვანო, რომ ადამიანებმა მოედნებზე თქვა: „დიან, ის მართალია“. თქვენი ამოცანა წინასწარ არის დასახული და თქვენი მიზანი საერთოდ არ არის სიმართლის გარკვევა. შენ ისტორიკოსი კი არა, პოლიტიკოსი ხარ.

პოზიციები ქრება, შემდეგ ჩნდება, შემდეგ ჩნდება სხვები. ზუსტად ასევე იყო, თავდაპირველად პაკეტური გეგმა (ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების), შემდეგ ეტაპობრივი, შემდეგ მიერთება, დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ა.შ. პოლიტიკოსი გარკვეულ ეპიზოდს იღებს და მისით მანიპულირებს. ასეთი სამუშაო აქვს“.

იქნება თუ არა მთიანი ყარაბაღი დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ?

„არცახის საკითხი იარსებებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც ფაშინიანმა ხვალვე მოაწეროს ხელი რაიმე დოკუმენტს. პრობლემა არსად გაქრება. მაგრამ, ამავდროულად, არ ვიცი, რას მოაწერს და საერთოდ მოაწერს თუ არა.   

ყარაბაღის კონფლიქტს ყველა ეტაპზე თავისი განსაკუთრებული სირთულეები აქვს. აზერბაიჯანის მიზანი ნათელია. დერეფანსა (აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მის ანკლავთან, ნახიჭევანთან სომხეთის ტერიტორიის გავლით) და საზღვრების კონფიგურაციასთან ერთად, მას სურს მიიღოს ერთგვარი ფურცელი, რომელსაც წარადგენს აზერბაიჯანის შიგნით როგორც სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მთიან ყარაბაღთან ერთად. სწორედ ეს არის სხვადასხვა ფორმატში სომხეთზე ზეწოლის მიზეზი – დისკურსულში, დიპლომატიურსა და სამხედროში.

წარმოდგენები იმის შესახებ, რომ ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ სომხეთზე ზეწოლა დასრულდება, მცდარია.

წარმოდგენები იმის შესახებ, რომ ნაკლები რესურსების პირობებში, როდესაც რაღაცას გართმევენ და შენ აძლევ, მომავალში თავს აღარ დაგესხმებიან, მცდარია. უფრო მეტი უსაფრთხოება გაქვს, როდესაც მეტი რესურსი გაქვს და არა ნაკლები, როდესაც ძლიერი ხარ და არა სუსტი.

გქონდეს საზღვარი არაქსის ნაპირას და გქონდეს საზღვარი კაპანში (ქალაქი სომხეთის სამხრეთით) – ძალიან განსხვავებული რამ არის. გყავდეს არმია, რომელიც რეგიონში ყველაზე ძლიერ არმიად მიიჩნევა და გყავდეს არმია, რომელსაც მეზობლებიდან არც ერთი არმიად არ მიიჩნევს, ეს  სრულიად სხვადასხვა რამ არის. გქონდეს საზღვარი, სადაც რაღაცნაირად შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა და გქონდეს საზღვარი, რომელზეც შეიარაღებული ადამიანები გადადიან და მათ მწყემსები, თემის ხელმძღვანელები ან ჩვეულებრივი გამვლელები ხვდებიან, ეს სხვადასხვა რამ არის.

არა, არ ვფიქრობ, რომ ზეწოლა დასრულდება იმ მომენტში, როდესაც აზერბაიჯანი მიიღებს იმას, რაც ახლა სურს.

არსებობს პროგრამა მინიმუმი, არსებობს პროგრამა მაქსიმუმი და არსებობს შუალედური პროგრამები.

ჯერჯერობით რთული სათქმელია, კონკრეტულად რას მოაწერს ხელს ფაშინიანი, თუკი მოაწერს. იმიტომ რომ დოკუმენტი, რომელიც აზერბაიჯანმა შეიძლება საკუთარ ქვეყანაში წარმოადგინოს, როგორც სომხეთის მიერ მისი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება არცახთან ერთად და დოკუმენტი სომხეთის მიერ არცახის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების შესახებ – ესენიც სრულიად სხვადასხვა რამ არის.

ჩვენ ხომ ვაღიარებთ რუსეთის ფედერაციას? მაგრამ ვაღიარებთ ყირიმს მის შემადგენლობაში? ღმერთმა უწყის. იაპონია ხომ აღიარებს რუსეთის ფედერაციას, მათ დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ, მაგრამ აღიარებს იაპონია კურილიას რუსეთის ნაწილად? მსოფლიოში უამრავი ასეთი მაგალითია“. 

წყარო: JAM news