საიდუმლო ლაბორატორია: ახალი ტიპის ზეწოლა აზერბაიჯანზე? კომენტარი ბაქოდან

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა „Россия-24“-მა დოკუმენტური ფილმი აჩვენა, რომელშიც ამტკიცებენ, თითქოს აზერბაიჯანში ნატოს საიდუმლო ლაბორატორია არსებობს. ამ დრომდე არავის არასოდეს უთქვამს მსგავსი რამ. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის აზრით, ეს მტკიცება უნდა განვიხილოთ, როგორც მოსკოვისგან ბაქოზე ზეწოლის ახალი ტიპი.

22 იანვარს, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო ტელეარხ „Россия-24“-ზე ცნობილი რუსი ჟურნალისტის, არკადი მამონტოვის საგამოძიებო ფილმი აჩვენეს, სახელწოდებით, „ანდრომედას შტამი“. ფილმში ამტკიცებენ, თითქოს, ბოლო წლებში, რუსეთის პერიმეტრზე ფუნქციონირება დაიწყო ბიოლოგიურმა ლაბორატორიებმა, რომელთაც აშშ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ხსნის. ავტორი აცხადებს, რომ პენტაგონი მილიონობით დოლარს ხარჯავს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურაში, ტექნოლოგიებსა და სახიფათო ბაქტერიებისა და ვირუსების შესწავლაში.

„რა საიდუმლო სამუშაოები მიმდინარეობს ამ ლაბორატორიებში? რა საფრთხეს უქმნის იმ ქვეყნების მოსახლეობას, რომლებშიც ისინია განთავსებული? და რატომ ადარებენ ამ ობიექტებს უფრო ხშირად მიკრობიოლოგები ნატოს ბლოკის სამხედრო ბაზებთან, რომელიც რუსეთის საზღვრებისკენ მიიწევს? პასუხები ამ კითხვებზე – არკადი მამონტოვის დოკუმენტურ გამოძიებაში“, – ნათქვამია ფილმის ანოტაციაში.

გამოძიების ავტორები იმყოფებოდნენ სომხეთში, ყაზახეთში, საქართველოსა და უკრაინაში, გაესაუბრნენ ადგილობრივ ექსპერტებს, კადრებში აჩვენეს თვითონ ამ ბიოლოგიური ლაბორატორიების კადრები.

აზერბაიჯანი პირველად არის მითითებული იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ასეთი „ამერიკული ლაბორატორიები“ არსებობს.

კომენტარი

„არკადი მამონტოვი იმ ჟურნალისტთა კოჰორტას განეკუთვნება, რომელიც კრემლის შეკვეთებს ასრულებს. როგორც კი კრემლი მიზანში იღებს ამა თუ იმ ქვეყანას ან მოვლენას, ამის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებზე მორიგ „ჟურნალისტურ გამოძიებებს“ აჩვენებენ.

ამჯერად მამონტოვმა მიზანში აზერბაიჯანი ამოიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოდან წამოვიდა ასეთი დაკვეთა. 22 იანვარს, ტელარხ „Россия-24“-ის ეთერში ნაჩვენებ არკადი მამონტოვის ფილმში საუბარია აშშ-ის ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე, რომლებიც განთავსებულია პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში. და ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანშიც არსებობს ანალოგიური ლაბორატორიები.

დიახ, ამ ლაბორატორიების შესახებ ბევრი ვარაუდი არსებობს. მაგალითად, ამტკიცებენ მათ არსებობას საქართველოსა და უკრაინაში. მაგრამ ასევე არსებობს ინფორმაცია ანალოგიური ლაბორატორიების რუსეთის მეგობარი სახელმწიფოების ტერიტორიაზე განთავსების შესახებ – ყაზახეთში, უზბეკეთსა და სომხეთშიც კი. სომხეთმა ამ ლაბორატორიის კარი რუსი სპეციალისტებისთვის გახსნა.

მართალია, ვაშინგტონი და მისი პარტნიორები ხაზს უსვამენ, რომ ეს ლაბორატორიები დაკავებული არიან სამეცნიერო კვლევებით, კრემლი კვლავინდებურად სერიოზული საფრთხის შესახებ საუბრობს დაბეჯითებით, რომელიც ამ ქვეყნისთვის აღნიშნული დაწესებულებებიდან მოდის. თუკი სერიოზულად ვიტყვით, რუსეთს მისთვის სახიფათოდ მიაჩნია ყველაფერი, რასაც აშშ-სთან ერთობლივი საწყისი აქვს და განთავსებულია ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკების ტერიტორიაზე. რასთან დაკავშირებითაც გზავნის „გამაფრთხილებელ შეტყობინებებს“.

ახლა ამ სიას დაემატა აზერბაიჯანი. აზერბაიჯანში ასეთი ბიოლოგიური ლაბორატორიების არსებობის არცერთი ფაქტი არ არსებობს, ასეთი რამის დამალვა შეუძლებელია.

მაგრამ, ამ შემთხვევაში რა მიზეზით ავრცელებს ასეთ ყალბ ინფორმაციას კრემლის რუპორი? ალბათ, ეს მოსკოვის მხრიდან ბაქოზე ზეწოლის ახალი ტიპია“, – ასეთი კომენტარი გააკეთა არკადი მამონტოვის მტკიცებულებებზე აზერბაიჯანული ანალიტიკური ცენტრის, „ატლასის“ ხელმძღვანელმა ელხან შაჰინოღლუმ.

 

წყარო: JAM news