ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული შვეიცარია გახდა - რა მოხდა წლევანდელ კონკურსზე

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.

საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა შვეიცარიას ერგო.

საქართველომ ჟიურის ქულები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 7 ქულა – აზერბაიჯანისგან, 2 ქულა – მალტისგან, 2 ქულა – ისრაელისგან, 1 ქულა – ნორვეგიისგან, 3 ქულა – სომხეთისგან, მაყურებლისგან კი – 19. საერთო ჯამში, 34 ქულით საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა.

ევროვიზია 2024-ის ფინალში 25 ქვეყანა წარდგა: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური არ მონაწილეობდა ხმის მიცემაში.

ფინალურ შოუზე კი, ხალხთან ერთად, ჟიურიც მონაწილეობდა ხმის მიცემაში. 

ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მომეცა საშუალება ჩვენი სიმღერა გაეცნო ამდენ ადამიანს, ყველას შეეყვარებინა. ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებდა და ჩვენი დროშა ამაყად ფრიალებდა ევროვიზიის ფინალში, ძალიან კარგი გამოსვლები გვქონდა და ამით მე ვარ ამაყი. ამაყი ვარ ასევე ჩემი გუნდით და ვფიქრობ რომ ჩვენი 100% გავაკეთეთ. ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა და მთავარია ზუსტად ეს არის. 

მე არასდროს ვაქცევ ყურადღებას ნომრებს და მხოლოდ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს და ეს ყველამ დაინახა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული მოვიპოვე და ჩემთვის მთავარია საქართველოს ფინალში დაბრუნება“, - აღნიშნა ბუზალაძემ.

პოლიტიკური სკანდალი ევროვიზიაზე - რა მოხდა კულისებში
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფავორიტი ჰოლანდიელი იოსტ კლაინი დისკვალიფიცირებულია "არასათანადო ქცევის" გამო. გავრცელებული ცნობით, „არასათანადო ქცევა“ კულისებში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

მომღერალი ამბობს, რომ გადაწყვეტილებით "შოკირებულია“, მან სასჯელს დანაშაულის არაპროპორციული უწოდა.

პარასკევს კულისებში მომხდარის დეტალებს შვედეთის პოლიცია ევროვიზიის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე აზუსტებს. ადგილობრივი პრესა წერდა, რომ კლეინს სატელევიზიო ჯგუფის წევრთან კამათი ჰქონდა.

ორგანიზატორების თქმით, დაპირისპირებაში სხვა შემსრულებლები ან დელეგაციის წევრები არ მონაწილეობდნენ.

ინციდენტის დროს კლეინთან ერთად კულისებში ისრაელელი მომღერალი ედენ გოლანი იმყოფებოდა კულისებში, სადაც რეპეტიციისთვის მზადება მიმდინარეობდა. როგორც პრესაში დაიწერა, ღაზაში ომის გამო მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.