თბილისის „ლოკომოტივი“... დაიშალა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის „ლოკომოტივმა“, რომელსაც სერიოზული მიზნები ჰქონდა, ეროვნული ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა და ევროთასებზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა. რკინიგზელებმა ბოლო ოთხი მატჩი ვერ მოიგეს, რამაც განაპირობა საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩენა. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობას გათვლა სწორედ ევროთასებსა და იქიდან მისაღებ ბონუსებზე ჰქონდა, რაც ვერ მოხერხდა და გუნდი ჯერ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა, შემდეგ კი მას პრაქტიკულად მთელი გუნდი მიჰყვა. დღევანდელი გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ლოკომოტივი“ უბრალოდ აღარ არსებობს და მომავალ სეზონში 17-18 წლის, გამოუცდელ ფეხბურთელთა იმედად იქნება. აი, რა განცხადება გაავრცელა კლუბმა მომხდარის შემდგომ:

„მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, „ლოკომოტივი“ იძულებული გახდა, უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში. ვწუხვართ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით. აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია შექმნილი გარემოება. ჩვენ ვადასტურებთ, რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე. აღნიშნული მოცემულობები ართულებს პასუხისმგებლობის აღებას ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ. თბილისის „ლოკომოტივი“ თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა“.

სამწუხაროდ, უნდა ვაღაროთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კლუბი სეზონის ბოლოს ასეთ მდგომარეობაში ვარდება და ვაი, რომ ეს არც ბოლო შემთხვევა იქნება.