104 ახალი სტატია

ვინ აკონტროლებს სანიტარულ ნორმებს სკოლებში და უსაფრთხოა თუ არა სწავლის დაწყება

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

15 თებერვლიდან მთელ საქართველოში სწავლა სკოლებში გაგრძელდება. პანდემიის ფონზე განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანდაცვის უწყებასთან ერთად, რეკომენდაციები და წესები შეიმუშავა, რომელთა დაცვითაც უნდა განახლდეს სწავლა სკოლებში. რეკომენდაციები, რასაკვირველია, პანდემიიდან გამომდინარეობს და გულისხმობს სოციალური დისტანციის დაცვას, მე-5 კლასიდან ზემოთ მოსწავლეთათვის პირბადის ტარების ვალდებულებას, ჰიგიენური წესების მკაცრად დაცვას და ა.შ. რადგანაც ჰიგიენის დაცვა კორონაპანდემიის დროს პრევენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, „ვერსია“ დაინტერესდა, როგორ და ვინ აკონტროლებს სკოლებში ჰიგიენის ნორმების დაცვას, საპირფარეშოებში წესრიგსა და სისუფთავეს. ამ საკითხზე კითხვებით განათლების სამინისტროს მივმართეთ:

არსებობს თუ არა რაიმე უწყება, რომელიც სკოლებში საპირფარეშოების სანიტარულ მდგომარეობას ამოწმებს?

- სკოლებში ადგილობრივი რესურსცენტრები სისტემატურად ატარებენ მონიტორინგს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მიმართულებით.

- თუ ასეა, რა პერიოდულობით ხდება შემოწმება და როგორია სტატისტიკა - რამდენ სკოლაშია მოწესრიგებული სველი წერტილები და რამდენშია პრობლემა ამ თვალსაზრისით?

- მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება თითოეულ სკოლაში, რაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხდება. აღნიშნულის შესახებ სკოლა წინასწარ არ არის ინფორმირებული.

- რამდენად მომზადებულია სკოლები პანდემიის ფონზე სწავლის სკოლებში გაგრძელებისთვის, არის თუ არა აღჭურვილი სკოლები საჭირო ინვენტარითა და სადეზინფექციო საშუალებებით, რათა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობა იყოს დაცული?

- სამინისტრომ, ქვეყნის მასშტაბით, სკოლები სრულად უზრუნველყო ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით: პირბადეებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო ხსნარებით, თერმოსკრინინგის აპარატებით,სპეციალური დისპენსერებით და ა.შ.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, ასევე, მოწყობილია საიზოლაციო ოთახები, ექიმის კაბინეტები და დაცულია მერხებს შორის 1-მეტრიანი დისტანცია.

ამასთან, სკოლებს მიეცა შესაბამისი რეკომენდაციები და თავად შეუძლიათ განსაზღვრონ: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე.

გარდა ამისა, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე:

https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია.