ექსკლუზივი: ნიკა კვააცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულები სასჯელის გასაჩივრებას აპირებენ

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უნდა გაიზარდოს თუ არა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის პატიმრობა - ყოფილი კრიმინალის მოსაზრება 

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ჩაცხრილეს. თითქმის ერთთვიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პიროვნება - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ კვარაცხელიას სწორედ ჭელიძემ ესროლა (რაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერებშიც ჩანს), მკვლელი კი ადგილზე კავილაძემ მიიყვანა. სასამართლოს მიმდინარეობისას, ბრალდებულები ამტკიცებდნენ, რომ ეს არ იყო ჯგუფური დანაშაული, როგორც მათ პროკურატურა ედავებოდა, არამედ, მკვლელობა ჭელიძემ ჩაიდინა (მიზეზი დღემდე არ დაუსახელებია), ხოლო კავილაძემ არც კი იცოდა, რომ მის მეგობარს იარაღი ჰქონდა და ვიღაცის მოკვლას აპირებდა. საბოლოოდ, სასამართლომ მათი ჩვენება არ გაითვალისწინა, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ სცნო ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში, ჯგუფურად იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაში. საქმეზე ცალკეა გამოყოფილი კიდევ ერთი დაკავებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რომელსაც პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. შედეგად, მოსამართლემ ჭელიძეს - 17, ხოლო კავილაძეს - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ ბევრი სამუდამო პატიმრობას ელოდა, მაგრამ 17 და 16 წელიც ცოტა ნამდვილად არ არის.

მართალია, სასამართლოს შემდეგ, ბრალდებულების ადვოკატებს ხმამაღლა არ უთქვამთ, განაჩენის გასაჩივრებას რომ აპირებენ, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, განაჩენი გასაჩივრდება და დაცვის მხარე შეეცდება დაამტკიცოს, რომ ბრალდებულები ჯგუფურად არ მოქმედებდნენ და კავილაძემ არაფერი იცოდა. ასეთ შემთხვევაში, ჭელიძეს 2-3 წელი ჩამოაკლდება, კავილაძეს - ათზე მეტი, თუმცა ძალიან, ძალიან საეჭვოა, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი შეცვალოს.

კრიმინალურ წრეებში (და არა მარტო), აქტიურად მიდის იმის განხილვა, რა გაგრძელება მოჰყვება ყველაფერ ამას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ბევრი ფიქრობს, რომ კავილაძე და ჭელიძე ნახევრად ღია დაწესებულებაში გადასვლას არ მოისურვებენ, თუმცა როგორი გასატარებელია სამარტოო საკანში ასეთი „სროკი“, თავად განსაჯეთ. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მოკლული ნიკა კვარაცხელია ცნობილი „კანონიერი ქურდის“, გია კვარაცხელიას შვილია და რაღა თქმა უნდა, არსებობს იმის ალბათობა, რომ შვილის სიცოცხლის გამო, მამამ შური იძიოს.

სამარტოო საკანში ყოფნის მაგალითი ქართული სინამდვილისთვის ახალი არაა - 2016 წლის 2 სექტემბერს, ვაკეში, სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის გასამართლებული ბადრი (იგივე ბადუკა) ნათობაძე, მეექვსე წელია, სამარტოო საკანშია და დუმილი მხოლოდ ერთხელ, შარშან დაარღვია. ეს მაშინ, როცა კიევში, კრიმინალური ავტორიტეტი, ირაკლი მალანია ჩაცხრილეს. ამ საქმეში ეჭვმიტანილი ნოდარ ნიშნიანიძეა, რომელიც ნათობაძის მეგობარია, ნათობაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ჩართვის დროს აღიარა, რომ ნიშნიანიძესთან მეგობრობს, თუმცა მალანიას ჩაცხრილვასთან მეგობრის კავშირი გამორიცხა. იმავე ჩართვაში, ნათობაძემ მუქარაც გააჟღერა - შეგვეშვით მე და ჩემს სამეგობროს, ვინც ასეთ ხმას ავრცელებთ, ერთი ადგილი დააყენეთო. მოკლული მალანია ჯოხაძის უახლოესი მეგობარი იყო.

ეს საქმე შემთხვევით არ გაგვიხსენებია - მაშინაც, როგორც ახლა, კვარაცხელიას შემთხვევაში, საზოგადოებამ სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები იხილა და ორივე შემთხვევაში, შედეგი ერთი იყო - ახალგაზრდა კაცი ქუჩაში ჩაცხრილეს. ნათობაძის საქმეზე მოსამართლემ ბრალდებულს 19-წლიანი სასჯელი შეუფარდა, კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებულს - 17 წელი.

ზოგადად, ახალი წლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საქართველოში ათზე მეტი პირი დააკავეს, რომელთაც ბრალად „ქურდული სამყაროს“ წევრობა ედებოდათ. სამწუხაროდ, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი კვლავ ფიქრობს, რომ უფლება აქვს, ბიზნესმენები დაატეროროს, „ქურდული საერთოსთვის“ ფული შეაწეროს და ურჩებს კვლავ ემუქრებიან ოჯახის წევრთა მოკვლით, გატაცებით...

რასაც ახლა გეტყვით, გაგიკვირდებათ და... ზუსტად ვიცით მიზეზი, რატომ მომრავლდა ახალგაზრდებში ამ დანაშაულისკენ მიდრეკილება. მოდით, ჯერ სასჯელის სახეობას გავეცნოთ და ვნახოთ, რა წერია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-1-ე მუხლში.

„მუხლი 223-1: ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“:

  1. „ქურდული სამყაროს“ წევრობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ;
  2. „კანონიერი ქურდობა“ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუკი მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო“.

„სასამართლოს გადაწყვეტილებებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ მოსამართლეები, ძირითადად, შვიდწლიან სასჯელს უფარდებენ ამ მუხლით ბრალდებულებს, რაც ძალიან ბევრს აწყობს. ამ მუხლით გასამართლებული აუცილებლად ცდილობს მომავალში „კანონიერი ქურდი“ გახდეს და რისკავს. თუ არ დაიჭერენ, სათქმელი ექნება, „ქურდულად ცხოვრობდა, ძმაო“ და თუ დაიჭერენ, 7 წლის შემდეგ, ლამის, გარანტირებულაად აქვს სტატუსი, რამეთუ „ქურდულს დასჭირდა და ციხეში იჯდა, ძმაო“... 19-20 წლის ბიჭები ამ მუხლით სიხარულით მიდიან ზონაზე, იქიდან 26-27 წლის ასაკში გამოდიან, მაშინვე ტოვებენ ქვეყანას და ევროპაში ცდილობენ, „საქმე მოაგვარონ“. გამოსავალი კონკრეტულად ამ მუხლზე სასჯელის გაზრდაა ანუ „ქურდული სამყაროს წევრობა“, ყველაზე ცოტა, 10 წლით უნდა დაისაჯოს და მერწმუნეთ, ენთუზიაზმიც მოკვდება“, - ეს განცხადება ჩვენთან, ევროპაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ყოფილმა კრიმინალმა გააკეთა. ყოფილმა იმიტომ, რომ ევროპაში „საქმის მოსაგვარებლად“ წასული მიხვდა, სამყაროს წინაშე სხვა გამოწვევები იყო და 27 წლის კაცს, „კანონიერ ქურდობაზე“ ბევრად დიდი ოცნებები უნდა ჰქონოდა.

რამდენად უშველის სასჯელის გაზრდა დანაშაულის შემცირებას, ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი პერიოდი, ზედმეტად გაზრდლმა სასჯელებმა (ხშირ შემთხვევაში, არარეალურადაც კი) შედეგი მოიტანა და დანაშაულმა იკლო. დიდი სასჯელის შიშით, ბევრი ვერ ბედავდა დანაშაულის ჩადენას და ეგებ, ამ მეთოდმა ახლაც გაამართლოს, კონკრეტულად ამ მუხლთან მიმართებაში.

 

ბათო ჯაფარიძე