თბილისში ცნობილი ექიმი საავადმყოფოში დაახრჩვეს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოტყუებული ქალის საშინელი შურისძიება

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

გამოძიებისას, ყველა დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტიც, სწორედ მცირე დეტალებზე ეწყობა ხოლმე ძიება საბოლოო შედეგის მისაღწევად. ამიტომ, აუცილებელია, რომ სამართალდამცავებს არაფერი გამორჩეთ და შედეგი აუცილებლად დადგება. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, მაშინ მოხდა, როცა ვიდეოთვალი ამა თუ იმ დაწესებულებაში არა სიტუაციის საკონტროლოდ, არამედ, პრესტიჟისთვის ეკიდა და ბევრი მათგანი არც კი მუშაობდა, მაგრამ სათვალთვალო კამერის დანახვა მოქალაქეებს უკვირდათ და ეს დაწესებულების მაღალ კვალიფიკაციაზეც მეტყველებდა.

 

ჰოდა, თბილისის ერთ-ერთი კერძო საავადმყოფოს შესასვლელში, ასეთი თვალი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, მუშაობდა კიდეც. ამიტომ, როცა ღამის მორიგეობის დროს, ერთ-ერთი ექიმი გარდაცვლილი იპოვეს, სამართალდამცავებმა სიხარულის ყიჟინა დასცეს, რადგან საავადმყოფოს მეორე შესასვლელი საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი, რაც მთავარია, მის უკან იმდენი ნაგავი ეყარა, ღია რომ ყოფილიყო, იქიდან მაინც ვერავინ გავიდოდა ანუ მკვლელი აუცილებლად გაივლიდა კამერის წინ და გამომძიებლებს არც მისი ამოცნობა გაუჭირდებოდათ. მით უმეტეს, რომ ღამის საათებში, ვიზიტორების ოდენობა მკაცრად შეზღუდული და განსაზღვრული იყო, ამიტომ, ეჭვმიტანილთა წრე ძალიან ვიწრო იქნებოდა.

„ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ბოლო და ძალიან საინტერესო საქმე. შეიძლება ითქვას, დამნაშავემ დაგვცინა და რომ არა ერთი, უმცირესი დეტალი, რომელიც მას გაეპარა, შესაძლოა, საქმე დღემდე გაუხსნელი ყოფილიყო“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ექსპერტიზის დასკვნით, ექიმი თოკით იყო გაგუდული. მას უკნიდან მიეპარნენ, ყელზე თოკი შემოუჭირეს და გაგუდეს. ექიმი სუსტი ნამდვილად არ გახლდათ, ამიტომ ის ან მის მსგავს ძლიერ მამაკაცს უნდა გაეგუდა ან იყო მეორე ვარიანტი - შესაძლოა, გაეგუდა ქალს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ქალს მარყუჟი უნდა გამოესკვნა ანუ ექიმს უფლება უნდა მიეცა, რომ მისთვის თოკი მოეჭირათ, შემდეგ კი ეს თოკი გაესკვნათ და მოეკლათ, რაც არარეალურად ჩანდა. მით უმეტეს, ვიდეოთვალის ჩანაწერში ნათლად გამოჩნდა, რომ ღამის იმ მონაკვეთში, როცა ექიმი მოკლეს, საავადმყოფოში მხოლოდ ორი მამაკაცი შევიდა - ერთი კლინიკის მეპატრონე და მეორე უცხო, ნერვიული კაცი, რომელიც იქიდან მალე წავიდა, თუმცა ეს დრო სავსებით საკმარისი იქნებოდა ექიმის მოსაკლავად. სამართალდამცავებმა ჯერ კლინიკის მეპატრონე დაკითხეს.

„პაციენტი გახდა ცუდად და სასწრაფოდ გამომიძახეს. როგორც ექთანმა თქვა, მას მოულოდნელად წნევამ აუწია და ვერ დაუგდეს. მე სახლიდან გამოვვარდი, გასულ კვირას, ოპერაციის დროს, პაციენტი ისედაც მოგვიკვდა და კიდევ ერთი გარდაცვლილი კლინიკის დასამარებას ნიშნავდა. საბედნიეროდ, შევძელი წნევის დაგდება და შინ ბედნიერი წავედი. მორიგე ექიმის კაბინეტში არც შემიხედავს“, -განაცხადა კლინიკის მეპატრონემ.

რაც შეეხება იმ გარდაცვლილს, რომელიც ახსენა - ახალგაზრდა ქალს ხორცმეტის მოკვეთის ოპერაციას უკეთებდნენ და რადგანაც მას ძალიან ეშინოდა, ადგილობრივი გაუტკივარების ნაცვლად, სრული ანესთეზია გაუკეთეს, სხეულმა რეაქცია მისცა, ექიმები დაიბნენ და სასუნთქი მილი ფილტვების ნაცვლად, კუჭში ჩაუდეს, რამაც საბოლოო ჯამში, სიკვდილი გამოიწვია. გარდაცვლილის ქმარმა სასამართლოში იჩივლა და ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ ქალს ოპერაცია სწორედ მოკლულმა ექიმმა გაუკეთა, მეორე მამაკაცი კი, ვინც ვიდეოთვალის არეში მოხვდა, სწორედ იმ ქალის ქმარი იყო. მას ჰქონდა მოტივი და რაც მთავარია, დრო იმისა, რომ ექიმი მოეკლა. გამომძიებლებმა ეჭვმიტანილს სამსახურში მიაკითხეს, მაგრამ გაირკვა, რომ მან მკვლელობის მეორე დილასვე შვებულება აიღო და სად იმყოფებოდა, არავინ იცოდა. მასზე ძებნის გამოცხადებას აპირებდნენ, თუმცა იმ სოფლიდან დარეკეს, საიდანაც მამაკაცი წარმოშობით იყო და თქვეს, რომ ის სოფელში დილით ჩავიდა, მთელი დღე ცოლის საფლავზე გაატარა და ახლაც იქ იყო. გამოძიებამ ჩათვალა, რომ შურისძიების შემდეგ, კაცი ცოლის საფლავზე იმ მოტივით მივიდა, მისთვის ეს ამბავი ეხარებინა და ეთქვა, რომ მკვლელი საიქიოს გაისტუმრა. ოპერმუშაკები მის დასაკავებლად წავიდნენ.

„ვაღიარებ, რომ იმ დღეს კლინიკაში ვიყავი, ექიმიც ვნახე, მაგრამ ეს მისი ინიციატივით მოხდა. მან დამირეკა, შეხვედრა მთხოვა და მთხრა, რომ გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოზე სრულ სიმართლეს იტყოდა, ბოდიში მომიხადა და თქვა, ექიმის ლიცენზიას ჩამომართმევენ, სავარაუდოდ, ციხეს არ მომისჯიან და შენ, როგორც კაცმა, კაცურად მაპატიეო. ვერ ვაპატიე, ვაგინე და წამოვედი. ცოლის საფლავზე კი იმიტომ მოვედი, რომ ის შემწყნარებელი იყო, ალბათ, არ მოეწონებოდა ჩემი საქციელი და სავარაუდოდ, აპატიებდა კიდეც“, - თქვა დაკავებულმა.

ექსპერტიზამ მამაკაცი ხელებზე შეამოწმა და დაზიანება არ ჰქონდა. არადა, თოკი ისეთი სიძლიერით იყო მოჭერილი, აუცილებლად დაუტოვებდა ხელის მტევნებზე მცირე სისხლჩაქცევებს მაინც. კაცი გაათავისუფლეს და დაბნეულმა სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს - სხვა ეჭვმიტანილი, უბრალოდ, არ ჰყავდათ.

გადაწყდა კლინიკის მეპატრონის ალიბის შემოწმება და გამომძიებლებმა ის გოგონა დაჰკითხეს, რომელიც ცუდად გახდა და რომელსაც თითქოს კლინიკის მეპატრონე თავზე ორი საათი დასტრიალებდა. გოგომ ყველაფერი დაადასტურა, მაგრამ ძალოვნები მიხვდნენ, რომ რაღაცას მალავდა, ამიტომ მკაცრად უთხრეს, თუ ცრუ ჩვენებას იძლევი, პასუხისგებაში მიგცემთო. გოგონამ ტირილი დაიწყო, კლინიკის მეპატრონე დამპირდა, თუ პოლიციას დაუდასტურებ, რომ მართლა შენ დაგტრიალებდი თავზე, მკურნალობის ფულს არ გადაგახდევინებო და ამიტომ ვიცრუეო. სამართალდამცავებმა ამჯერად კლინიკის მეპატრონე აიყვანეს.

„თქვენ ხომ არ გადაირიეთ? რატომ უნდა მომეკლა ჩემი კლინიკის ექიმი? ისედაც, დედა ეტირა კლინიკას, მთელი ქალაქი იმას ამბობს, იქ ხან პაციენტებს კლავენ, ხან - ექიმებსო და არავინ მეკარება. იმ გოგოს რაც შეეხება, ფულს ისედაც არ გადავახდევინებდი, გარდაცვლილმა ექიმმა მითხრა, ჩემი ახლობელიაო და როცა ღამე მე გამომიძახეს, ჩავთვალე, რომ ის სამსახურში, უბრალოდ, არ იყო, ამიტომ, მის ოთახში არც შემიხედავს, თორემ როცა ახლობელი ცუდადაა, სხვას რატომ უნდა დაუძახო?“ - ყველაფერ ამას დაკავებული კი არ ამბობდა, არამედ, ბოლო ხმაზე გაჰკიოდა და ეს სიმართლეს ძალიან, ძალიან ჰგავდა.

„მისი ჩვენების მოსმენის შემდეგ, ექსპერტს ხელი მოვკიდე, მანქანაში ჩავსვი და პირდაპირ კლინიკაში წავედი. გოგონა უკვე გაწერილი იყო, ჩანთა მხარზე ჰქონდა მოგდებული და ეზოდან გასვლას აპირებდა, როცა გავაჩერე და ექსპერტს თავი დავუქნიე, დაიწყე-მეთქი. მან გოგონას ხელები დაუთვალიერა და ასევე უხმოდ დამიქნია თავი. ქალის მაჯებზე ხელბორკილმა გაიჩხაკუნა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

„ორი წელი მიმტკიცებდა ეგ ექიმი, ცოლად უნდა მოგიყვანოო. მერე მეგობარმა მითხრა, საავადმყოფოში, ღამის ცვლაში, ნამდვილ ორგიებს მართავს, უეჭველი ვიციო. ამიტომ, როცა ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, მაშინვე აქ წამოვედი და პირველივე მორიგეობაზე დავრწმუნდი, რომ ჩემი მეგობარი არ ტყუოდა. ვუთხარი, ამას რატომ აკეთებ-მეთქი და მე აქტიური მამაკაცი ვარ, ცოლად თუ მოგიყვან, მერეც ასე მოვიქცევიო. რას ნიშნავს, „თუ მოგიყვან“-მეთქი და აბა, შენ გარანტირებულად გგონია, რომ ვიქორწინებო? კი არ დამცინა და დამამცირა, არამედ, ფეხქვეშ გამთელა და გადამიარა. იმ ღამეს, ყველაფერში გასარკვევად შევედი, ვიღაცას ელაპარაკებოდა და იმას უთხრა, ახლა ერთი ძუკნა შემოვიდა, ნერვები უნდა მომიშალოსო, იქიდან კისკისი გავიგონე. სპორტული მეცვა, იმის თოკი გამოვაძრე, ზურგსუკან დავუდექი და ჩურჩულით ვკითხე, ასე რატომ მექცევი-მეთქი, თან თოკი შემოვახვიე, გავნასკვე და რაც ძალა მქონდა, მოვჭიმე. არ ელოდა, თავიდან წინააღმდეგობაც კი ვერ გამიწია, მერე კი უჟანგბადობამ თავისი ქნა და ძალიან მარტივად მოკვდა. შემდეგ დავლიე წნევის წმალი, გამოიძახეს კლინიკის მეპატრონე და მისი ალიბი რომ გამექარწყლებინა, მოვიფიქრე ის, რაც მოვიფიქრე“, - დაასრულა მოყოლა დაკავებულმა.

სასამართლომ დაკავებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აკმარა.